პატიმართა გაუპატიურების სკანდალი და „მორალზე დაფუძნებული“ საგარეო პოლიტიკის საშიშროება

პატიმართა გაუპატიურების სკანდალი და „მორალზე დაფუძნებული“ საგარეო პოლიტიკის საშიშროება

საქართველო, ქვეყანა, რომელიც უკვე ერთიანადაა მოცული საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელებით, ამა თუ იმ პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერებითა და სასტიკი კონკურენციით, თითქმის ქაოსში ჩააგდო იმ შემზარავი ვიდეომასალის გამოქვეყნებამ, რომელზეც ასახულია, როგორ სცემენ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ციხის თანამშრომლები პატიმრებს და როგორ აუპატიურებენ მათ პოლიციის ხელკეტებითა და ცოცხის ტარებით. მათ საყურადღებოდ, ვისაც ძლიერი ნერვები აქვს: Atlantic-ში გამოქვეყნებულ ჩარლზ ფერბენკსის (Charles Fairbanks) სტატიაში მოცემულია ამ ვიდეომასალის ბმულები. ქართველები, გასაგები მიზეზების გამო, უკიდურესად გაამწარა ამ კადრებმა და მოსახლეობამ უკვე ჩაატარა რამდენიმე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო მიტინგი მინისტრების გადადგომის მოთხოვნით.

სააკაშვილის რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც მისგან ველოდით: მან სამსახურიდან დაითხოვა რამდენიმე დაბალი რანგის განტევების ვაცი და იქვე პირქუშად გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ვიდეოები სინამდვილეში ნაწილია იმ რუსული გეგმისა, რომლის მიზანიც საქართველოს წარმატებული რეფორმების განადგურებაა (საინტერესოა, რა ილეთი უნდა ჩაეტარებინა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) ან მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ), რომ ასე ღრმად შეეღწიათ საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში). ვფიქრობ, სამართლიანი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ბრალის მხოლოდ რამდენიმე ჩინოსანზე დაკისრება და გაურკვეველი „უცხო ქვეყნის აგენტებისათვის” სკანდალის ფაბრიკაციის დაბრალება ნაკლებად ჰგავს მამაცი დემოკრატი რეფორმატორის ქცევას.

ეს სკანდალი არც ისე მოულოდნელი ყოფილა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია ყურადღებით აკვირდებიან ამ რეგიონს; სააკაშვილის „უხეში წახნაგები” (ანუ ავტოკრატიული მიდრეკილებები) თავიდანვე ნათლად ჩანდა. მაგრამ დასავლური მედიის უდიდესი ნაწილი ადვილად წამოეგო სააკაშვილის სატყუარაზე, რომელიც თავს მამაც, უკომპრომისო, დემოკრატ, ლიბერალ და მკვეთრად პროამერიკელ რეფორმატორად წარმოაჩენდა. მედიის ამ ნაწილისათვის ციხის გაუპატიურებების სკანდალი თავგზის ამბნევი და თითქმის დაუჯერებელი აღმოჩნდა.

Daily Beast-ში გამოქვეყნებული სტატიის შესავალში მელიქ კაილანი წარმოგვიდგენს პროსააკაშვილისეული სტანდარტული სურათის მოკლე აღწერას:
„საქართველოს დედაქალაქში, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან განახლებისა და მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, ეს ახალგაზრდა სახეების, ძველი ქუჩების, მოდური კაფეებისა და მოკლე კაბების ქალაქია. აქ ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მუშაობს”.

რა თქმა უნდა, მოსკოვშიც ჭარბადაა მშენებლობა და „მოკლე კაბები”, მაგრამ ეს რეალურად არ ასახავს ძირითადი პოლიტიკური სტრუქტურების ან მისი წარმომადგენლების ჭეშმარიტ ბუნებას. როგორც ჩანს, კაილანს საკმაოდ უცნაური წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის საერთოდ ავტოკრატული სახელმწიფო. სტატიაში მან ისიც კი განაცხადა, რომ დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეების გათავისუფლება სააკაშვილის დემოკრატიულობის მაჩვენებელია (შესაბამისად, გამოდის, რომ პუტინიც დემოკრატი მმართველია!).

მაგრამ თემას გადავუხვიეთ. მე მინდა ვთქვა – და, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს საკამათო – რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში ნასწავლი და ინგლისურად თავისუფლად მოსაუბრე სააკაშვილი უსაზღვროდ პოპულარულია ამერიკულ პრესაში, განსაკუთრებით კი მის კოსერვატიულ სეგმენტში. როდესაც ჯეი ნორდლინგერი ვინმეს პირდაპირ ადარებს როლანდ რეიგანს, ესე იგი, ეს „ვინმე” კონსერვატიული პანთეონის ნაწილია.

საქართველო ძალიან პოპულარულია კონსერვატიულ წრეებში, ძირითადად იმიტომ, რომ მისი საგარეო პოლიტიკა მკვეთრად ანტირუსულია და კიდევ იმიტომ, რომ ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს ამერიკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, გაგზავნოს რამდენიმე ათასი სამხედრო ერაყში. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა მოვალეა მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და „დაიცვას ერთგული მოკავშირეები”, საქართველო უაღრესად მოსახერხებელი ლაკმუსის ქაღალდია: იგი არა მხოლოდ ერთგულ მოკავშირედ დარჩა მაშინ, როდესაც სხვა მოკავშირეები გარბოდნენ, არამედ ჩაერთო გრძელვადიან და ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში ავტოკრატულ და ანტიამერიკულ კრემლთან (რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი „უმთავრესი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა”).

საქართველოს დეფინიციამ „მეგობრად”,რომელიც თავგანწირვით ებრძვის საერთო „მტერს”, რუსეთს, სიტუაციის უიმედო პოლიტიზება გამოიწვია. ნებისმიერი ვარაუდი, რომ შესაძლოა სააკაშვილი სულაც არ არის ისეთი დიდი დემოკრატი, როგორადაც თავს წარმოაჩენს, წარსულში მყისიერი გაკიცხვის საგანი ხდებოდა და განიხილებოდა როგორც პუტინისა და რუსეთისათვის ხელსაყრელი იდიოტიზმი. Washington Post-ის ჯენიფერ რაბინი სააკაშვილისა და მისი საქმიანობის განსაკუთრებით აშკარა და აგრესიული დამცველია, მაგრამ იგი ტიპური წარმომადგენელია ამ საკითხთან დაკავშირებული კონსერვატიული კონსენსუსისა: საქართველო დემოკრატიული მეგობარია, რუსეთი – ავტოკრატიული მტერი. ან ჩვენთან ხართ, ან მათთან.

მეც,როგორც ნებისმიერ ადამიანს, მაქვს ჩემი მორალური ორიენტირი და შეძრწუნებული ვარ ციხეში გადაღებული კადრებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაწუხებს საქართველოს შიდა პოლიტიკური მოწყობა და რეალობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თავად საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს. და რადგან ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი საბოლოო ჯამში აირჩევს დემოკრატიულ, კანონიერ და სტაბილურ ხელისუფლებას, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ივანიშვილი, მთავარია არჩევნები თავისუფალი იყოს გაყალბებისა და ზეწოლისაგან. მაგრამ, როგორც ეს ნათლად დაგვანახვა ციხის სკანდალმა, ჩვენ ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როცა ასე ვუახლოვდებით ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისა, რომელთაც თაღლითობის, კორუფციისა და ძალადობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. სააკაშვილის ასეთი ყოვლისმომცველი მხარდაჭერით და მისი, როგორც უშიშარი დემოკრატი რეფორმატორის, მუდმივი რეკლამირებით, ჩვენ, სულ მცირე, თანამონაწილე ვართ მისი მთავრობის შეცდომებისა და მე, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ციხის გაუპატიურებების ეს დიდი სკანდალიც აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ასეთ „შეცდომად”.

ბევრი ფიქრობდა, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით ვიცავდით „დემოკრატიას” საშინელი ვლადიმირ პუტინის აგრესიისაგან. თუმცა, როგორც ფაქტებმა და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახვა, რეალობა ბევრად უფრო რთული და მორალურად საეჭვო აღმოჩნდა და საქართველოს ხელისუფლება, სარგებლობდა რა ჩვენი მხარდაჭერით, კულუარებში საზარელ საქმეებს სჩადიოდა. ამ დროს კი ჩვენ მიღებული გვაქვს კანონები და სადამსჯელო ზომები ნაკლებად მეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ, სწორედ ასეთ საძრახისი ქმედებების გამო.

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ გაკვეთილიდან? მე არ ვარ ექსპერტი საქართველოს საკითხებში და, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ თბილისთან ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის კონკრეტული და დეტალური რეკომენდაციებისა მზა სია გამაჩნია. მე, რა თქმა უნდა, ვიტოვებ იმედს, რომ ამიერიდან სააკაშვილს მეტი სკეპსისითა და ნაკლები პირმოთნეობით მოეპყრობიან, თუმცა ამის ბოლომდე არ მჯერა. ვფიქრობ, ამ ეპიზოდიდან უფრო ზოგადი გაკვეთილი უნდა მივიღოთ: უცხო ქვეყანასთან ურთიერთობის აწყობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და უნდა დავეყრდნოთ არა ზედაპირულ და აბსტრაქტულ კონცეფციებს, არამედ კონკრეტულ და თემატურ საკითხებს. სურს საქართველოს დაგვეხმაროს ავღანეთში? – შესანიშნავია. სჭირდება საქართველოს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ? – მშვენიერია. მაგრამ, ამავე დროს, სურს საქართველოს სრული დიპლომატიური საფარველი და კარტ-ბლანში იმის გამო, რომ იგი „მეგობარი დემოკრატი” და „ერთგული მოკავშირეა”? – როგორც უკანასკნელმა ვიდეოსკანდალმა ნათლად დაგვანახვა, ეს ნამდვილად ცუდი იდეაა ორივე ქვეყნისათვის. არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუახლოვდეთ სხვა ქვეყანას იმდენად, რომ მისი კრიტიკა ღალატად აღიქმებოდეს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *