როგორ ქმნიდა სტივ ჯობსი სამუშაო ადგილებს

როგორ ქმნიდა სტივ ჯობსი სამუშაო ადგილებს

Apple Campus 2 – კომპანია Apple-ის მიერ შემოთავაზებული ახალი კამპუსი მის მშობლიურ ქალაქ კუპერტინოში (კალიფორნია) გიგანტური ოთხსართულიანი წრეა, რომელიც 13 000 თანამშრომელს დაიტევს.

სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში სტივ ჯობსმა გამონახა დრო და დაესწრო Apple-ის მშობლიური ქ. კუპერტინოს ქალაქის საბჭოს სხდომას, სადაც გაიტანა თავისი იდეა 175 აკრის ფართობზე კამპუსის მშენებლობის შესახებ. კომპანია Apple-ის ყოფილი ხელმძღვანელი თავდაჯერებით საუბრობდა ამ 2,8 მლნ კვ. ფუტზე გაშლილ შენობასთან დაკავშირებულ გეგმებზე, მან განაცვიფრა იქ შეკრებილი საზოგადოება, როდესაც დეტალურად აღწერა როგორი იქნებოდა ეს გიგანტური წრე, თავისი უზარმაზარი შიდა ეზოთი, მას შემდეგ, რაც 2015 წელს დასრულებულ სახეს მიიღებდა.

„ის გვაგონებს დედამიწაზე ჩამოფრენილ კოსმოსურ ხომალდს. ამ შენობაში მინის ერთ ნატეხსაც კი არ აქვს სწორი ფორმა, ყველაფერი მომრგვალებულია” – განაცხადა ჯობსმა 2011 წელს, თავის ბოლო საჯარო გამოსვლისას – 20 წუთიან პრეზენტაციაზე, რომლის ნახვაც YouTube-ზეა შესაძლებელი.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჯობსმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განთავსდება Apple Campus 2-ში, რომელსაც კომპანიის მკვლევარებმა „დედახომალდი” (the mothership) შეარქვეს, კომპანიის 12 000-13 000 თანამშრომელი. „ისინი ამჟამად სილიკონის ველის ამ მდიდრულ უბანში განლაგებულ რამდენიმე შენობაში არიან მიმოფანტული. ჩვენ შევქმენით ისეთი პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს 12 000 ადამიანს ერთ შენობაში მოვუყაროთ თავი, – თქვა ჯობსმა, – დაფიქრდით ამაზე”.

დიახ, დაფიქრდით ამაზე. ჯობსის დაჟინებული მცდელობა მთელი თავისი გუნდი ერთ ადგილას შეეკრიბა, სულაც არ არის გასაკვირი. იგი ყოველთვის პირისპირ ურთიერთობების თავგადაკლული მომხრე იყო.

როდესაც დღის წესრიგში კომპანია Pixar-ის (ანიმაციური სტუდია, რომელიც მან 1986 წელს შეიძინა) ახალი „საცხოვრებლის” საკითხი დადგა, ჯობსს უნდოდა, რომ ეს ყოფილიყო უზარმაზარი შენობა, რათა თანამშრომლები ერთმანეთს „პირისპირ შეჯახებოდნენ”.

ყოველ ორშაბათ დილას, კომპანია Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ხელმძღვანელობის ზედა რგოლის დანარჩენ ცხრა წარმომადგენელს ხვდება – როგორც ამას მანამდე ჯობსი აკეთებდა – რათა ერთად განიხილონ კომპანიის საქმეები, არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებული მდგომარეობა, წამოწყებული ახალი პროექტების განვითარების დინამიკა, აგრეთვე ისაუბრონ კომპანიის ირგვლივ არსებული ყველა საკითხისა და პრობლემის შესახებ.

„კრეატივის წყარო სწორედ სპონტანური შეხვედრები და შემთხვევითი განხილვებია, – უთხრა ჯობსმა თავის ბიოგრაფს, უოლტერ ისაქსონს, – შემთხვევით გადაეყრები ვინმეს, ეკითხები, რას აკეთებს, პასუხობ – ‘ვაუ’ და ძალიან მალე უკვე უამრავი ახალი იდეა გიჩნდება”.

Mothership-თან დაკავშირებით, ყველაზე უცნაური ის არის, რომ იგი ბევრად ცდება ნორმის ფარგლებს. Apple-ის მაღალტექნოლოგიური მეტოქეები, Google-ი, ¬Microsoft-ი, Intel-ი, Adobe Systems-ი და Hewlett-Packard-ი, იმით ამაყობენ, რომ მათი ინჟინრები კვლევით სამუშაოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებენ. ამის საპირისპიროდ, Apple-მა ყველა ტექნიკური, კრეატიული და მარკეტინგული ლიდერი აშშ-ში შეინარჩუნა და ისინი გვერდიგვერდ შრომობენ კუპერტინოში.

iPad-ზე, iPhone-სა და Mac-ზე პასუხისმგებელი ყველა სამუშაო ჯგუფი აქ არის თავმოყრილი. ყველა პროგრამული უზრუნველყოფა – მათ შორის,iOS-ის მობილური საოპერაციო სისტემა და Mac OS-ი – სწორედ აქ იქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ინჟინერთა რამდენიმე მცირე ჯგუფი კალიფორნიის ფარგლებს გარეთ მუშაობს (პიცბურგში, სიეტლში და ერთიც ისრაელში), კუპერტინო მაინც რჩება საკოორდინაციო ცენტრად. „თუ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, უფლებამოსილი პირი სწორედ კუპერტინოშია” – ამბობს კომპანიის ყოფილი თანამშრომელი.

ყოფილი თანამშრომლების, ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების აზრით, სწორედ ამის გამოა, რომ Apple-ი, მისი კონკურენტებისაგან განსხვავებით, ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებებს ქმნის, რომლებიც ერთობლიობაში ასე კარგად მუშაობს. (Apple-ი ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კომენტარს არ აკეთებს). „გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღება, მენეჯმენტიც უფრო მეტად არის ჩართული და საბოლოოდ უფრო ინტეგრირებულ პროდუქციას იღებ, – ამბობს Apple-ის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, – ეს ახალი კამპუსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება”.

კიდევ ერთი შედეგი საოცარი ეფექტიანობაა. Apple-ის მიერ კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯები გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 2%-ია. შეადარეთ ეს მაჩვენებელი Google-ის ანალოგიურ მაჩვენებელს, რომელიც გაყიდვების 13,6%-ს შეადგენს, ხოლო Microsoft-ის შემთხვევაში – 13%-ს.

კომპანია Apple-ს ხშირად აკრიტიკებდნენ ათასობით საწარმოო სამუშაო ადგილის ჩინეთში ექსპორტირების გამო, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთა აზრითაც ჯეროვნად არ არის დაფასებული Apple-ის დამსახურება ნოვაციათა აშშ-ში შენარჩუნების კუთხით, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივი ეკონომიკისათვის.

კომპანიის მიერ დაფინანსებულ კვლევაზე დაყრდნობით, Apple-მა განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მეშვეობით 500 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. აქ შედის Apple-ის 47 000 თანამშრომელი აშშ-ში (მსოფლიო მასშტაბით კომპანიის პერსონალი 70 000 ადამიანს ითვლის), აქედან ინჟინრის 13 000 ადგილი უშუალოდ კუპერტინოში, საცალო გაყიდვების სფეროში დასაქმებული 27 350 ადამიანი და დიდი მხარდამჭერი გუნდი ოსტინში (ტეხასი). კვლევამ ასევე აღრიცხა 210 000 სამუშაო ადგილი, რომლებსაც უზრუნველყოფენ iPhone-ისა და iPad-ისათვის iOS-ის შემქმნელი კომპანიები. დამატებით არსებობს 257 000 სამუშაო ადგილი იმ ცხრა მთავარ მომწოდებელ კომპანიაში, რომლებიც აშშ-ში ფუნქციონირებენ მათ შორისაა: Corning-ი, Texas Instruments-ი, Samsung-ი, Fairchild Semiconductor-ი და RF Micro Devices-ი; გარდა ამისა, UPS-ისა და FedEx-ის მძღოლები, რომლებიც Apple-ის პროდუქციას მომხმარებლებს აწვდიან.

მართალია ზოგს სასაცილოდ მოეჩვენა Apple-ის კვლევის შედეგებში სატვირთო ავტომობილების მძღოლების ჩართვა და კომპანიას ხშირად დებდნენ ბრალს მაჩვენებლების გასაზრდელად „სამუშაო ადგილების მულტიპლიკატორის” გამოყენებაში, მაგრამ ენრიკო მორეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამტკიცებს, რომ Apple-ის წვლილი სამუშაო ადგილების შექმნაში მნიშვნელოვანია. „ხვალ რომ Apple-მა თავისი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოების ,ანგალორში ან შანხაიში გადატანა გადაწყვიტოს, კუპერტინო და ზოგადად კალიფორნია საგრძნობლად დაზარალდება, – ამბობს მორეტი – ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ 13 000 საინჟინრო სამუშაო ადგილს, არამედ ათასობით იმ ადგილსაც, რომელთა არსებობასაც ისინი განაპირობებენ.
ნოვაციური სამუშაო ადგილი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი სამუშაო ადგილი”.

თავის ახალ წიგნში „ჯობსის ახალი გეოგრაფია” (The New Geography of Jobs), მორეტი აცხადებს, აშშ-ის მეტროპოლიებში შექმნილი თითოეული მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი უდრის ხუთ ახალ დამატებით სამუშაო ადგილს მომსახურების სფეროში – იურისტები, ტაქსის მძღოლები, სტილისტები, იოგას ინსტრუქტორები. შედარებისათვის, წარმოების ტრადიციულ დარგებში შექმნილი ერთი დამატებითი სამუშაო ადგილი უდრის მხოლოდ 1,6 ახალ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მომსახურების სფეროში.

მისი გამოთვლებით, კომპანია Apple-ის ინჟინრები ხელს უწყობენ კუპერტინოში 65 000 დამატებითი სამუშაო ადგილის არსებობას ადგილობრივი მომსახურების სფეროში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა იმ ასიათასობით მუშასთან შედარებით, რომლებიც Apple-ის ჩინურ საწარმოებში არიან დასაქმებულნი, მაგრამ, მორეტის აზრით, იმის მაგივრად, ამ დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს გაეტიროს, აშშ-მ ინოვაციური სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი (მაგალითად, მუდმივი კვლევა-განვითარების წახალისებით), რაც, თავის მხრივ, განაპირობებს კარგად ანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მომსახურების სფეროში.

„მე არ ვაცხადებ, რომ Apple-ი მსოფლიოში საუკეთესო კომპანიაა – ამბობს მორეტი – კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი პროდუქცია და სულაც არ მსურს, რომ ისინი სხვა რამით დაკავდნენ; ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ, აშშ-ს სამუშაო ძალის 65-70% არ საქმიანობს ინოვაციების ან წარმოების სფეროში. ადამიანთა უმეტესობა ჩართულია მომსახურების სფეროში, ამ სფეროს სამუშაო ადგილები კი არ იწვევს დასაქმების ზრდას ან ამ ზრდის ხელშეწყობას. დასაქმების ზრდა არსებითად ინოვაციური სამუშაო ადგილების შექმნას მოსდევს”.

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორი გარი პისანოც აცხადებს, რომ აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით Apple-ის დამსახურება ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, თუმცა იგი ამბობს, რომ ამ სამუშაო ადგილების დათვლა საკმაოდ რთულია. „მე ნაკლებად მაინტერესებს, კომპანია UPS-ის რამდენი თანამშრომელია დაკავებული Apple-ის პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანით, – ამბობს იგი, – ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ ადამიანებმა [კომპანია Apple-მა] შეცვალეს ბიზნესის ტრაექტორია, განსაკუთრებით კი – მობილური ტელეფონების ბიზნესი”.

სანამ მსოფლიო iPhone-ს გაიცნობდა, „ყველა აცხადებდა, რომ მეტი ინოვაცია უკვე აღარ იქნებოდა და ყველაფერი პროდუქციის თვითღირებულების შემცირებით შემოიფარგლებოდა, – ამბობს პისანო, – თუ ერთი წუთით მაინც დაფიქრდებით სამუშაო ადგილების იმ უზარმაზარ რიცხვზე, რომელიც დაკავშირებულია მობილურების ეკოსისტემასთან – აპლიკაციების შემქმნელები, მიმწოდებლები, მომსახურება – მიხვდებით, რომ მართლაც ძალიან დიდ რაოდენობაზეა საუბარი”.

იგი Apple-ის ღირსებად მიიჩნევს გადაწყვეტილებას ერთ ადგილას, მჭიდროდ ინტეგრირებულად შეინარჩუნოს კვლევა, განვითარება და პროექტირება, რის შედეგადაც კომპანია ყოველთვის გვთავაზობს რაღაც ახალსა და ნოვატორულს. „Apple-ი ცდილობს სხვადასხვა სახის საქმიანობის ერთ გეოგრაფიულ არეალში მოქცევით და მჭიდრო ურთიერთკავშირით უკეთესი შედეგები მიიღოს პროექტირებისა და დიზაინის მიმართულებით, – ამბობს პისანო, – სხვებმა შესაძლოა სხვაგვარად იმოქმედონ, მაგრამ რთულია არ დაეთანხმო Apple-ის მიდგომას”.

ოთხსართულიან Apple Campus 2-ში განთავსებული იქნება რესტორანი, სპორტული დარბაზი და მომსახურების სხვა ობიექტები თანამშრომლებისათვის, ვკითხულობთ Apple-ის ბროშურაში, რომელიც კომპანიამ კუპერტინოს მცხოვრებლებს მაისში დაურიგა. თანამშრომელთა ტრანსპორტირება მათ ძველ მისამართზე – ინფინიტ ლუპი – სადაც კომპანიის კიდევ 2 800 თანამშრომელი მუშაობს, სპეციალური ავტობუსებით მოხდება. შარშან ჯობსმა ქალაქის საბჭოს განუცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით, „ეს კამპუსი იქნება მსოფლიოში საუკეთესო საოფისე შენობა. დარწმუნებული ვარ, რომ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები მოვლენ, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს შენობა”. და ისინი არ იქნებიან ერთადერთნი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *