კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

ძალიან ხშირად ადამიანებს არაჩვეულებრივი იდეები მოსდით თავში, თუმცა ცხოვრებაში ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ იმისთვის, რომ ეს იდეები რეალობად იქციონ. ხშირად ამის მიზეზი ისიცაა, რომ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, როგორ დაიწყონ ბიზნესი და არაჩვეულებრივი იდეა არაჩვეულებრივ წამოწყებად აქციონ, ან საწყისი კაპიტალის არქონა აფრთხობთ.

მაშ ასე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ საკუთარი ბიზნესის დაწყება, გახსოვდეთ, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ, იმიტომ რომ ბიზნესი სწორედ სურვილით იწყება, მაგრამ გაითვალისწინეთ: საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი გჭირდებათ.

პირველი წესი: რომელიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, შემდეგია: სიმდიდრესა და საკუთარ ბიზნესს შორის ტოლობის ნიშანი არ დგას და ერთი მეორეს ყოველთვის არ უდრის: არსებობს მკაცრი სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიების ორი მესამედი საქმიანობის პირველივე წელს იხურება, დარჩენილთაგან ორი მესამედი კი – მომდევნო წელს. ანუ გადარჩენის შანსი ორი წლის შემდეგ კომპანიების მხოლოდ 10%-ს აქვს. კიდევ ერთი სტატისტიკა: სანამ მოგებიან საქმეს იპოვით, ცდა საშუალოდ ხუთჯერ ან შეიძლება შვიდჯერაც მოგიწიოთ, იყავით მზად არაერთგზის დამარცხებისთვის. თანაც ყველაზე მოგებიანი პროექტები, როგორც წესი, დიდ რისკებთანაცაა დაკავშირებული, მცირე რისკს მცირე მოგება მოაქვს. თუმცა ბევრჯერ დამარცხებამაც არ შეგაშინოთ: ეს ზოგჯერ დიდი წარმატების სტიმულად იქცევა ხოლმე!

მეორე წესი: საკუთარი საქმე ყოველთვის გულისხმობს რისკს, თუმცა არა ყოველთვის – წარმატებას. თუ ბიზნესის დასაწყებად რისკის არ გეშინიათ, მაშინ დროა პროექტიც განსაზღვროთ, იმიტომ რომ პროექტში მთავარი იდეაა. ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი ყოველთვის დგას იმ იდეაზე, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. თუ თქვენ ხედავთ და ამჩნევთ ინოვაციას, რომელმაც შესაძლოა ორიგინალობასთან ერთად ფულადი შემოსავალიც მოგიტანოთ, მაშინ კარგად ჩაებღაუჭეთ მას და ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ. შეისწავლეთ და გამოიკვლიეთ ის. დეტალურად გადახედეთ ბიზნესის სფეროებს სხვა ქვეყნებში, განაკუთრებით იმ მიმართულებებს, რომლებიც თქვენს ქალაქში არაა. თუ იდეა საინტერესო არ იქნება, საქმიანობაც არ დაიწყოთ, იმიტომ რომ კონკურენტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ორიგინალური იდეები აქვთ, უბრალოდ არ მოგცემენ წარმატების მიღწევის საშუალებას.

მესამე წესი: წარმატებული ბიზნესი ყოველთვის ინოვაციას უკავშირდება და არა ფულს. არსებობს აზრი, რომ საკუთარი საქმის დასაწყებად სოლიდური საწყისი კაპიტალია აუცილებელი, თუმცა ეს შეხედულება მცდარია: მსოფლიოში ცნობილი ბიზნესების უმეტესობა მხოლოდ ცენტებით დაიწყო, მათ შორის ისეთი გიგანტების, როგორიცაა Facebook-ი, Microsoft-ი, Macintosh-ი, Coca-Cola, Kodak-ი, Google-ი და სხვები.

მეოთხე წესი: მართალია, ბიზნესის სტარტისთვის მინიმალური თანხაა საჭირო, თუმცა სამაგიეროდ მაქსიმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ.თუ გიღირთ და მაინც გსურთ ბიზნესის დაწყება, მაშინ იმ რამდენიმე საფეხურსაც გაეცანით, რომელთა გავლაც წარმატებულ სტარტში დაგეხმარებათ:

• მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნესიდეა! თუ კონკრეტული იდეა არ გაქვთ, მაშინ სხვა მინიშნებას მოგცემთ: გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და თავადვე დაინახავთ, რამდენი საინტერესო საქმიანობის დაწყებაა შესაძლებელი.

• გამოიკვლიეთ თქვენი ნიში და დეტალურად გაარკვიეთ, რამდენად მაღალია საზოგადოებაში მოთხოვნა თქვენ მიერ შექმნილ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

• ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიზნესის საწყის ეტაპზე დიდ ინვესტიციებს ფლობდეთ. არადა, ბუნებრივია, იურიდიული, ფინანსური და მარკეტინგული საკითხები მოსაგვარებელი გექნებათ და შესაბამის სფეროებში კონსულტაციებიც დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაშიც ირგვლივ მიმოიხედეთ, ოღონდ ამჯერად მეგობრებს, ნათესავებსა და ახლობლებს დააკვირდით. შესაძლოა, მათ შორის ბევრი პროფესიონალი იურისტი, ფინანსისტი ან მარკეტოლოგი იყოს და დახმარებაზეც უყოყმანოდ დაგთანხმდეთ.

• კომპანიას (პროდუქტს ან სერვისს) დარეგისტრირებისას ეფექტური და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი მოუძებნეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამომავლოდ ამ პუნქტმა შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს კომპანიის წინსვლაზე, გადაამოწმეთ, ხომ არ არის უკვე ამ სახელით დარეგისტრირებული რომელიმე ბიზნესი და გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა უცხოურ ენებზე, რათა თავიდან აირიდოთ უხერხული სიტუაციები. თუ აღმოაჩენთ, რომ სახელი ამ ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაშინვე დააპატენტეთ, რათა თქვენი სიზარმაცის გამო ის სხვის ხელში არ აღმოჩნდეს.

• კადრები! კადრები! კადრები! ეს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი შერჩევისას ყოველთვის გამოიჩინეთ სიფრთხილე.

გახსოვდეთ, რომ მთავარი სწორად მოქმედება და სიზარმაცეზე უარის თქმაა. ბიზნესი აზარტული საქმიანობაა, რომელსაც თუ ერთხელ მაინც გაუგებ გემოს, შემდეგ ვერასდროს დაივიწყებ, ამიტომ მუდმივად განვითარებასა და წინსვლაზე იქნები ორიენტირებული.

თუ ამ სტატიამ დაგაინტერესათ, ე.ი. უკვე გაქვთ ბიზნესისადმი სწრაფვა, ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი მიზნისკენ თქვენ ნამდვილად გადადგით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *