როცა გჯერა, რომ გამოგივა

როცა გჯერა, რომ გამოგივა

სახლიდან მიტანილი ავეჯით, მეორეული კომპიუტერებითა და 1000 დოლარის ოდენობის სასტარტო კაპიტალით დაწყებული ბიზნესიდან რეგიონულ მოთამაშემდე – თიკა რუხაძე საკუთარ და თავისი კომპანიების ბიზნესმომავალს გლობალურ ასპარეზზე ხედავს.

თიკა რუხაძე, რაც თავი ახსოვს, სულ ბიზნესშია: თუ საქმით, თუ გონებით. სახლიდან მიტანილი ავეჯით, მეორეული კომპიუტერებით და 1000 დოლარის ოდენობის სასტარტო კაპიტალით დაწყებული კომპანია დღეს საქართველოს ბაზარზე უპირობო ლიდერია. ახალი ბიზნესებიც ვითარდება – ერთი საქართველოს რეალობისთვის სრულიად ახალი და ინოვაციური; მეორე კი – მათზე მორგებული, ვისაც შეიძლება უკვე წარმატებული ბიზნესმენის გამოცდილება გამოადგეს გზად და ხიდად.

თიკა რუხაძეს დღეს ამის უფლება აქვს: “ეისითი” (ACT – Analysis & Consulting Team) მარკეტინგული კვლევისა და კონსალტინგის კომპანია, რომლითაც ყველაფერი დაიწყო, დღეს უკვე უწყვეტი საქმიანობის 14 წელს, ოფისებს სამ ქვეყანაში და 6-მილიონიან ბრუნვას ითვლის. მისი ახალი კომპანია Growin’ საქართველოში წვრთნის, ე.წ. ქოუჩინგის კულტურას ნერგავს, ასოციაცია “ქალები მომავლისთვის” (Women for Tomorrow) კი იმისთვის მუშაობს, რომ მალე უბრალოდ ასოციაციად გადაკეთდეს და სქესი მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მთავარ საზომად აღარ დარჩეს.

თიკა რუხაძეს საუბრის დროს თავდაჯერება ეტყობა. ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ მიაღწია დღევანდელ შედეგს, და ისიც იცის, უახლოეს მომავალში რას აპირებს. მისი პასუხები ზუსტი და გაბედულია. საუბრის დროს ჟესტებს იშველიებს, თითქოს სურს, კიდევ უფრო მეტად დაგვანახოს, რა საფასური გადაიხადა იმისთვის, რაც დღეს აქვს: თავისუფლება, აკეთოს საქმე და საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს: “თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით და კარგი მენეჯმენტით 19:00 საათზე სამუშაოს დასრულება შესაძლებელი რეალობაა”.

აქამდე მოსასვლელი გზა ადვილი არ ყოფილა. მის ბიოგრაფიაში ამოიკითხავთ ყველაფერს, რაც მის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს: ორი ბავშვით ხელში, მარტოდ დარჩენილმა პურის ფულის საშოვნელად სხვადასხვა ორგანიზაციაში ინტერვიუერობით დაიწყო, თუმცა ყველაზე მარტივი, რუტინული და დამღლელი სამუშაოს შესრულების დროსაც არ ტოვებდა შეგრძნება, რომ როდისმე აუცილებლად საკუთარი ბიზნესი ექნებოდა.

პირველი კომპანიის დაფუძნების მცდელობა 22 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. არ ერიდება და პირდაპირ ამბობს, რომ “ლოგოსი” მისი პირველი წარუმატებელი ბიზნესწამოწყება იყო. ამას ხელი არ შეუშლია, დღეს უკვე კონკურენტად ქცეული კომპანიის თანამშრომლად ემუშავა და თან, განუწყვეტლივ, ისევ საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ეფიქრა. ეს პერიოდი კარგი ინსპირაციის წყარო გამოდგა – თიკა რუხაძე მიხვდა, რომ კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობა მონაცემების შეგროვების დონეზე არ უნდა დარჩენილიყო და ამაში მას პირადი წვლილის შეტანა შეეძლო – უნდა დაემტკიცებინა, რომ ანალიტიკა უფრო მნიშვნელოვანია; რომ მონაცემების სწორ ინტერპრეტაციას შესაძლოა მათთვის, ვინც რჩევას ითხოვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ასე მოხდა “ეისითის” პოზიციონირება ბაზარზე. სწორედ აქედან იწყება თიკა რუხაძის, როგორც ბიზნესვუმენის, ისტორია.

საკუთარ შეცდომებზე ყველაზე კარგად შეიძლება სწავლა?

შეცდომების გარეშე საქმეს ვერ გააკეთებ. ჩემი და ჩემი კომპანიების მნიშვნელოვანი კულტურული გარღვევა, ვფიქრობ, სწორედ ეს არის – შეცდომის უფლება.

პერფექციონიზმი კარგია, მაგრამ მეორე მხარეც აქვს. განვითარების გარკვეულ ეტაპზე მუდმივად იდეალისკენ სწრაფვამ შეიძლება დაგამუხრუჭოს. თუკი საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ უტოვებ ან ქმნი გარემოს, სადაც შეცდომა უპირობოდ ისჯება, იქ განვითარება აუცილებლად შეფერხდება: სანამ იდეალურამდე დახვეწ, იდეამ შეიძლება აქტუალობა დაკარგოს, აღარავის დასჭირდეს, ამიტომ ზოგჯერ ჯობს, ხმამაღლა თქვა, რასაც ფიქრობ, მიიღო შენიშვნები და ეტაპობრივად დახვეწო იდეა. აი, მაგალითად, დელეგირების პრაქტიკას რომ შევხედოთ, ძალაუფლების გადაცემისას, ადამიანებს ეშინიათ, რომ სხვა ისე ვერ გააკეთებს საქმეს, როგორც თავად აკეთებენ.

პირადად თქვენთვის ნაცნობია ეს გრძნობა?

მეც მქონდა ეს მომენტი, თუმცა გავიაზრე, რომ სულაც არ მინდა ჩემი კომპანიის დირექტორი ისეთი იყოს, როგორიც მე ვარ. მე – მე ვარ. ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი როლი და ფუნქცია. სხვა იმიტომ მჭირდება, რომ სხვა თვალით დაინახოს მოვლენები და კონკრეტულ საკითხებზე აიღოს პასუხისმგებლობა. თუ მაქვს ადამიანის მიმართ ნდობა, რომ ამას შეძლებს და მისი შეცდომები ფატალური შედეგით არ დასრულდება, მაშინ უნდა მისცე კიდეც მას შეცდომების დაშვების უფლება. განვითარება სხვანაირად არ ხდება.

განვითარებაზე რადგან ვსაუბრობთ, 2002 წელს, როცა ACT-დააარსეთ, ალბათ რთული იყო მომხმარებლის იმაში დარწმუნება, რომ ანალიტიკა და სტატისტიკა მნიშვნელოვანია…

დიახ. იდეა, რომლის განხორციელებაც მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მაშინ ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა. 2002 წელს ბაზრის გადანაწილება სუფრაზე ხელის ჩამორთმევით ხდებოდა და მარკეტინგი არავის აინტერესებდა, არათუ კვლევა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ბაზარზე კონკურენცია გაჩნდა. ამან კი ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. მოგებული რჩებოდა ის, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია და მისი სწორად გამოყენების უნარებიც. ამ მხრივ, დრომ ჩვენზე იმუშავა. ბაზარზე პოზიციონირებისთვის განსხვავებული კონცეფცია და ხედვა შევიმუშავეთ და ამის ხაზგასმა დავიწყეთ კომპანიის სახელწოდებიდანვე – Analysis and Consulting Team ( ACT) – ანუ ჩვენ ვამბობდით, რომ ვართ ანალიტიკოსები, ის ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ მონაცემებს ვაგროვებთ, არამედ შეგვიძლია ამ მონაცემებს პრაქტიკული დანიშნულება მოვუძებნოთ და ზუსტად მოვარგოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს. რადგან კომპანიას ჯერ რეპუტაცია არ ჰქონდა, ჩვენი სახელების გამოყენება დავიწყეთ, თუმცა ყველა შეკვეთა კომპანიის სახელზე იყო და არა ცალკეული ადამიანის.

კონკურენცია დიდი იყო?

იმ სექტორებში შესვლა არც გვიცდია, სადაც კონკურენტებს მეტ-ნაკლებად უკვე მოკიდებული ჰქონდათ ფეხი. თავიდანვე ვიცოდით, რომ 10-წლიანი გამოცდილების მქონე არსებულ კომპანიებთან კონკურენციას ვერ შევძლებდით. არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის რესურსი გვქონდა: მათ მთავარ კრიტერიუმს – მინიმუმ 2-წლიან გამოცდილებას უბრალოდ ვერ ვაკმაყოფილებდით, ამიტომ ე.წ. blue ocean strategy ავირჩიეთ – არ შევედით ომში და მთლიანად ბიზნესზე მოვახდინეთ კონცენტრაცია. დღესაც, ამ გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა ამასაც, რა თქმა უნდა, თან ახლდა თავისი გამოწვევები და შესაძლებლობები: ბიზნესი ძალიან მომთხოვნია, სამაგიეროდ, არ არის ბიუროკრატიული.

პირველი კლიენტი გახსოვთ?

პირველი კლიენტი ბიზნესიდან “თბილუნივერსალბანკი” იყო. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვიცოდით, რომ ბაზარს არ ესმოდა, რას ვთავაზობდით. ჩვენს კლიენტებს მოთმინებით ვუხსნიდით, რას და რატომ ვაკეთებთ. კითხვარიც შევქმენით, კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენი საქმიანობის დეტალური შეფასება იყო შესაძლებელი. ამ მიდგომამ გაამართლა. შესაძლოა, ძალიან ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ მარკეტინგული კვლევის მოხმარების კულტურა ჩვენ დავამკვიდრეთ. კვლევების მიმართ უნდობლობის მთავარი მიზეზი არაინფორმირებულობა იყო: როცა რაღაც არ იცი, თავისთავად ცხადია, ვერც ენდობი. საგანმანათლებლო კუთხითაც გავაქტიურდით: თითქმის ყველა უნივერსიტეტში, სადაც მარკეტინგი დამოუკიდებელ საგნად ისწავლებოდა, ჩემი თანამშრომლები და პარტნიორებიც კითხულობდნენ ლექციებს – ამისთვის სპეციალური სამუშაო საათებიც კი გვქონდა გამოყოფილი. მეორე მხრივ, კლიენტი ჩვენ გვზრდიდა: გვისვამდა ამოცანას, რომელიც ჩვენთვის სულ ახალი იყო და რომლის შესასრულებლადაც საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობდით. თანდათანობით ზრდის ტენდენციაც გამოიკვეთა.

2008 წელს აღმოვაჩინეთ, რომ ლიდერები ვართ და მას შემდეგ ვინარჩუნებთ ლიდერობას. ორჯერ დიდი ვართ ჩვენს შემდგომ კონკურენტზე. რაღაც ეტაპზე ახალ ბაზრებზე გასვლის დრო დადგა. ასეც მოხდა. ამან რესურსების ახლებურად განაწილება მოითხოვა. რუსუდან თელია, რომელიც დაარსების დღიდან არის ACT-ში და კომპანიის 29%-ს ფლობს, დღეს ამ კომპანიის დირექტორია.

ერთმანეთისგან ასხვავებთ ლიდერშიპს და მენეჯმენტს?

ხედვა – ლიდერშიპის ნაწილია, აღსრულება – მენეჯმენტის. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ლიდერიც იყოს და მენეჯერიც. ორივე საჭიროა ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ხედვა, რაც უნდა კარგი იყოს, შეიძლება ჰაერში დარჩეს, თუკი იმ პროცესების მართვა არ მოხდება სწორად, რამაც ამ ხედვის რეალობად ქცევისკენ უნდა მიგვიყვანოს.

თქვენი ხედვა საქმედ იქცა. რომელ ბაზარს შეეჭიდეთ პირველად?

პირველი გასვლა აზერბაიჯანში იყო, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ყოფნა-არყოფნის საკითხიც დამდგარა, მაგრამ ღრმად მწამდა – პირველი მცდელობა წარუმატებელი რომ ყოფილიყო, ჩვენი გეოგრაფიული ექსპანსიის იდეა ძალიან დიდი ხნით გადაიდებოდა, ან არ არის გამორიცხული, საერთოდაც ჩამკვდარიყო. ეს ეტაპი გადავლახეთ. ახლა ყველაფერი კარგადაა. საბოლოოდ ამან მოგვცა ბიძგი, ყაზახეთში მესამე ოფისი გაგვეხსნა.

რა განსხვავებაა ბიზნესის წარმოების კუთხით აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის?

აზერბაიჯანული ბაზარი მიმზიდველია: ნავთობის ქვეყანაა, გრძნობ, რომ ბაზარი და შესაძლებლობები დიდია, მაგრამ არ არის ისეთი გახსნილი, როგორიც საქართველო. პირიქით, ძალიან ჩაკეტილია, ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობით. იქაც ისევე დავიწყეთ მათი განათლება მარკეტინგული კვლევის მიმართულებით, როგორც საქართველოში 15 წლის წინ. მთავარი შეცდომა აზერბაიჯანთან მიმართებით ის იყო, რომ ვერ გავთვალე – ჩვენ აქ ვიყავით ადამიანები, რომლებსაც გვიცნობდნენ და გვენდობოდნენ, უცხო ქვეყანაში ჩასულებს კი მეტი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა ამ ნდობის მოსაპოვებლად.

ყაზახეთის შემთხვევაში, არასწორი მოლოდინი შევიქმენით. ბაზარი ძალიან დიდი და მიმზიდველია. მარკეტინგში ბევრი იხარჯება, თუმცა კონკრეტულად კვლევაში ფულს რთულად იხდიან. იქაც დაგვჭირდა პოტენციური კლიენტების დარწმუნება, რომ სტანდარტული მონაცემის გარდა, საჭიროა ანალიზი. მონაცემი სინამდვილეში ძალიან იაფია, კომპანიები ამას უკვე თავად აგენერირებენ. ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად ინტერვიუს ჩატარება სრულად კარგავს ღირებულებას, ახალ ერაში მნიშვნელოვანი გახდება ანალიტიკა და კონსალტინგი. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. დაშვებული შეცდომებისა თუ გავლილი სირთულეების მიუხედავად, ჩვენი მთავარი გამარჯვება ისაა, რომ აზერბაიჯანშიც და ყაზახეთშიც ჩვენი კომპანიები შედგა. და დღეს ჩვენი ოფისები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას.

აზერბაიჯანსა და ყაზახეთზე საუბრისას, საქართველოც ახსენეთ გაკვრით. მოდი, გვითხარით, საქართველო კარგი ბაზარი აღმოჩნდა ტრამპლინისთვის?

საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ბაზრით, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს. მუშაობისას გამოცდილება ბიზნესის ყველა სფეროში დავაგროვეთ. რაც გვადგება, მათ შორის – ყაზახეთშიც: ნებისმიერ შეხვედრაზე შეგვიძლია საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტული ქეისებით ვიხელმძღვანელოთ. საქართველოში არასამთავრობო სექტორისა და დონორების აქტივობა მაღალია და, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მოვახერხეთ გამოცდილების მიღება. ყაზახეთში დონორები ძალიან პასიურები არიან.

რატომ აკეთებთ აქცენტს გლობალურ განვითარებაზე?

ბიზნესი და თავად ჩვენი კლიენტი ხდება გლობალური. არ გამოვრიცხავ, მომავალში გლობალურმა კომპანიამ გვიყიდოს, მაგრამ უმოქმედოდ ლოდინს არ ვაპირებ. ვმუშაობთ ფრანჩაიზზე. ამ ნაწილში ჩვენი სტანდარტები გვაქვს შესამუშავებელი. მარტივი არ არის. ძალიან სკრუპულოზული სამუშაოა. ბრენდის განვითარებასა და ფრანჩაიზის წინადადების მომზადებაში ამერიკელი კონსულტანტი გვეხმარება. გვყავს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც გველოდებიან. ვფიქრობ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე და აღმოსავლეთი ევროპა ჩვენი მიმართულებაა. ამ ნაწილში, სხვა გლობალურ ორგანიზაციებთან შედარებით, დიდი უპირატესობა გვაქვს: ჩვენ გვესმის ადგილობრივი კულტურა, კონტექსტი და ეს გვხდის კონკურენტუნარიანად, მაგალითად, იმავე ყაზახეთში. მაქვს ამბიცია, რომ ჩვენი კომპანია გახდეს პირველი ქართული გლობალური ბრენდი. ვფიქრობ, ინტელექტუალურ სფეროში ასეთი წარმატება საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

რა არის ამისთვის საჭირო პირველ რიგში?

საზღვრები გვაქვს თავში, საზღვრები აღარ არსებობს: ცოდნა ონლაინ- რესურსებით ყველგან ხელმისაწვდომია. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ კომპანია შეიძლება გახდეს გლობალური და ბევრ ქვეყანაში ერთდროულად იმუშაოს. რეალურად, ათზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი ჩვენი ბიზნესით. არ არის აუცილებელი, ყველგან ოფისი გვქონდეს. ოფისები და წარმომადგენლობები საჭიროა იქ, სადაც ადგილზე გაყიდვებს აწარმოებ და ბიზნესი ამის საშუალებას გაძლევს. ცოტა ხნის წინ ბოსნიაში გავაკეთეთ პროექტი, ახლა მაროკოში ვაკეთებთ. ჩვენ ბიზნესით დავიწყეთ, მაგრამ 2-3 წელიწადში განვითარება სოციალური მიმართულებითაც გავაგრძელეთ: დღეს ჩვენი პორტფოლიოს ნახევარი ბიზნესია, ნახევარი – სოციალური კვლევები. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის – მაგალითად, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი – და მათი ქვეკონტრაქტორებისთვის გვაქვს სამუშაოები ჩატარებული. კომპანიის ბრუნვამ მხოლოდ საქართველოში 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ვფიქრობ, ზუსტად ამ ორი მიმართულების განვითარება იყო ჩვენი წინსვლის ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი და მომავალი ზრდის წინაპირობა.

ACT-ის რომ გავცდეთ და ზრდასა და მომავალზე განვაგრძოთ საუბარი: ორი ახალი ორგანიზაცია დააფუძნეთ სულ ცოტა ხნის წინ – Growin’ და ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის” – რამ გიბიძგათ?

წლების განმავლობაში სულ მესმოდა, როგორი მნიშვნელოვანია ქოუჩინგი. ყაზახეთში ACT-ის ოფისის გახსნის პარალელურად, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ქოუჩინგის კურსები გავიარე და პროფესიონალი ქოუჩის ოქროს სერტიფიკატი მივიღე. მალევე გადავწყვიტე, რომ ეს ინსტრუმენტი საქართველოშიც შემომეტანა. პარტნიორებთან ერთად დავაფუძნეთ ქოუჩინგის პირველი კომპანია საქართველოში “გროუინი” (GROWIN), რომელიც ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და აზერბაიჯანში. საყოველთაო დიგიტალიზაციის ერაში, აჩქარებულ ცხოვრების რიტმში და უამრავი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც თუნდაც მხოლოდ ფეისბუკის საშუალებით ვიღებთ, სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება საკუთარი სურვილებისა და პრიორიტეტების გარკვევისთვის. ქოუჩინგი ადამიანს ამ ინფორმაციის სისტემატიზებაში ეხმარება. დღეს ქოუჩინგი მენეჯმენტის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიან ინსტრუმენტადაცაა მიჩნეული, რადგან ის გეხმარება მიზნების სწორად განსაზღვრასა და მათ მიღწევაში. მენეჯმენტის ეფექტიანობის ნაკლებობა კი ბიზნესშიც შეიმჩნევა და მთავრობაშიც. ქოუჩინგი – ეს არის მიზნის დასახვის და მისი მიღწევისთვის მისასვლელი რესურსების მობილიზებისა და სისტემური ნაბიჯების გადადგმის ხელოვნება. ეს პროგრამა გაძლევს უნარებს, გააუმჯობესო დიალოგი საკუთარ თავთან და გარემოსთან. ფიქრს იწყებ სხვანაირად – პოზიტიურად. ორიენტირი ხდება, რა გინდა და არა ის, რა არ გინდა. ეს განიჭებს სტიმულსა და მოტივაციას. Growin-ში სასერტიფიკაციო პროგრამა ჩამოვიტანეთ და შევქმენი ჩემი სასერტიფიკაციო პროგრამაც. ეს კომპანიაც უკვე აზერბაიჯანშია გასული. როცა ბიზნესს ვიწყებ, გეგმები მხოლოდ საქართველოთი აღარ შემოიფარგლება.

ქალთა ასოციაციაზე რას გვეტყვით – სჭირდება ბიზნესასოციაციას სქესი?

ხუთი წლის წინ რომ გეთქვათ, რომ რაღაც ისეთ საქმეს წამოვიწყებდი, რომელშიც სიტყვა “ქალთა” ურევია, დიდი ალბათობით, დაგცინებდით. საერთოდ არ მესმოდა, რატომ უნდა გააკეთო რამე ცალკე “ქალთა”. არასდროს მიფიქრია, რომ რადგან ქალი ვარ, რაღაც არ შემიძლია. მაგრამ პრობლემა რეალურად არსებობს. ეს პრობლემა საზოგადოებაშია და პირველ რიგში – თვითონ ქალებში. ქალებს თვითონ არ სჯერათ საკუთარი პოტენციალის. გარდა ამისა, არ აფასებენ საკუთარ მიღწევებს. მნიშვნელოვანია თუნდაც მცირე წარმატების აღიარება.

ადამიანების ნაწილი ქველმოქმედებისთვის ირჩევს ბავშვებს, ვიღაც – სხვა გზას, მე ეს ფორმატი ვიპოვე. მინდა დავეხმარო ქალებს ბიზნესში. სწორედ ამიტომ თანამოაზრეებთან ერთად 2014 წელს დავაფუძნე ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის” (Women for Tomorrow). უკვე ორი წელია, ამ ასოციაციაში ვარ ჩართული და რადგან მე არ შემეძლო ჩემი დროის 100%-ით ამ საქმისთვის დათმობა, ამიტომაც ასოციაციას ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, მე კი ამ ბიზნესასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე ვარ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მჯერა, რომ საქმე, რომელსაც თუნდაც ერთი ადამიანი არ დაუთმობს თავისი დროისა და რესურსის 100%‑ს, გამოვა. ჩემი მხრიდან ორგანიზაციას ჩემს გამოცდილებას, კონტაქტებს, რეპუტაციას, ნდობას ვახმარ. აქტიურად ვნერგავ ბიზნესმიდგომებს უკვე არასამთავრობო სექტორში: ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რაში იხდიან საწევროს, მათთვის მნიშვნელოვანია, რას მიიღებენ სანაცვლოდ. ხედვა და მიდგომა აქაც უნიკალურია: ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რა ცუდად ვართ და რა დაჩაგრულები ვართ. პირიქით, ხაზს ვუსვამთ, რა მაგრები ვართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა გვჭირდება, რომ უფრო გავძლიერდეთ.

რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ ასოციაციამ წარმატებას მიაღწია?

იმედი მაქვს, 10-15 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, რომ ცალკე ქალთა ასოციაცია აღარ იარსებებს. იქნება ერთი ბიზნესასოციაცია, სადაც ქალიც და კაციც ერთად დაიწყებს თუ განავითარებს ბიზნესს.

დღეს უკვე რამდენიმე ბიზნესს ფლობთ: საქართველოში ხშირია პრაქტიკა, როდესაც რამდენიმე ბიზნესი პირამიდის პრინციპით იმართება და საბოლოო ჯამში, მოგების ნაცვლად, მხოლოდ პრობლემები მოაქვს. ამის არაერთი მაგალითი გვქონია საქართველოს უახლეს ისტორიაში. თქვენი ხედვა როგორია – სამივე კომპანია დამოუკიდებელი და მოგებიანი უნდა იყოს?

აუცილებლად. ჩვენ ჩვენივე კომპანიებთან გვაქვს ბიზნესურთიერთობა. მაგალითად, როცა ყაზახეთის ოფისი საქართველოს ოფისისგან ანალიტიკურ სერვისს ყიდულობს, იხდის ფულს. ამავე დროს, როცა ყაზახეთის ოფისს საქართველოს ოფისი სჭირდება, რომელიც მყარად დგას – მას სესხს აძლევს. აღრიცხვიანობა და შეფასება, რომელი ბიზნესი სად არის მოგებიანი და სად – პრობლემური, ცალ-ცალკე ხდება. უნდა ვხედავდე, რომელი ვერ ვითარდება კარგად, ვიცოდე, სად არის მუშაობა გასაძლიერებელი. მეტიც – ACT-ის შიგნით გუნდებისა და მიმართულებების მოგებიანობას ცალ- ცალკე ვაკვირდებით. გუნდი, რომელიც მოგებას ვერ წერს, სხვა გუნდმა არ უნდა აფინანსოს. ყველა გუნდში უნდა იყოს შედეგების ანალიზი, რა არის ფულის მაგენერირებელი, რა არის პრობლემური და ის, რაც გამოსასწორებელია, უნდა გამოსწორდეს.

შეჯამებისკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი: ბიზნესის დაწყებისა და განვითარების დიდი გამოცდილება გაქვთ. საერთაშორისო რეიტინგებს თუ შევხედავთ, საქართველოსთვის ერთი ტენდენცია აშკარად იკვეთება – აქ ბიზნესის დაწყება მარტივია, შენარჩუნება – რთული. რეცეპტის გამოწერა ალბათ ადვილი არ იქნება, მაგრამ რას უნდა მიაქციოს ბიზნესმა ყურადღება იმისთვის, რომ კომპანიის შენარჩუნება და განვითარება შეძლოს?

ბიზნესს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა ურტყამს. მაგალითად – დევალვაცია: ყაზახეთში ინვესტიცია უბრალოდ გვეყო – ვალუტის კურსის რადიკალურმა ცვლილებამ ჩვენი ფინანსების ყველა გათვლა თავდაყირა დააყენა. თუმცა აქაც მიდგომაა მთავარი: არსებობს გარემოებები, რომლებზეც უნდა თქვა, რომ ამას ვერ შეცვლი. სირთულე შესაძლებლობად უნდა აქციო: ჩვენი ქცევა დევალვაციისას სწორედ ამან განაპირობა – კონტრაქტები ვალუტაზე გადავაწყვეთ და პრობლემურ დროს მოგებაზე გავედით.

დაბოლოს, როგორია ბიზნესვუმენ თიკა რუხაძის – არა როგორც ცალკეული კომპანიის მფლობელის, არამედ როგორც ბიზნესის გაფართოების გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის ავტორის – გეგმები?

მინდა ჩვენს ბიზნესგაერთიანებაზეც გითხრათ. დღეს ასოციაცია “ქალები მომავლისთვის” 70-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ხოლო წლის ბოლომდე წევრების რაოდენობის 150-მდე გაზრდას ვგეგმავთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნა. უახლოეს ორ თვეში კი საქართველოში ყველაზე დიდი ქალთა “ბიზნესფორუმის” ჩატარება გვაქვს დაგეგმილი, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

რაღა თქმა უნდა, ყოველთვის ღია ვარ ახალი ბიზნესისთვის, იდეებისა და საინტერესო საინვესტიციო შემოთავაზებებისთვის.

მოქმედი ბიზნესებიდან აუცილებლად გაგრძელდება ACT-ის განვითარება. მალე ახალი ოფისი გვექნება, რაც დიდი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია ფრანჩაიზის განვითარება: უახლოეს ხუთ წელიწადში ათი ქვეყანა უნდა ჩავრთო. დასაწყისში ყოველთვის რთულია, ამიტომ სულ მცირე ათი ქვეყანა – ეს მინიმუმია. ამასთან ერთად აქცენტი გვაქვს ტექნოლოგიურ განვითარებასა და სერვისების დამატებაზეც, კომპანიის ჰორიზონტალური განვითარების გზაც უახლოესი მომავლის გეგმაა.

GROWIN-ში ერიქსონის სასერტიფიკაციო კურსებისა და უცხოელი ტრენერებისა და პროექტების მიღმა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტრენერების წინ წამოწევა, მათი საავტორო პროგრამების შემუშავება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ- პროდუქტების შემუშავება. სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც და ბიზნესის ნაწილშიც, მინდა, ტრენინგები უფრო ხელმისაწვდომი გავხადო: ბევრმა უნდა შეძლოს სწავლა იმისთვის, რომ მოჯადოებული წრე გაირღვეს. ამის შესაძლებლობას კი მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში გასვლა იძლევა.

საბოლოო ჯამში, მთავარია მოქმედება და არა “უკეთესი დროის” ლოდინი. არ არსებობს ბიზნესისთვის კარგი და ცუდი დრო (მათ შორის, არც ჩვენზე სტაბილურ ქვეყნებში).

დროს შენ აძლევ მნიშვნელობას – შენი გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *