მსოფლიოს ყველაზე რესპექტაბელური უნივერსიტეტები

მსოფლიოს ყველაზე რესპექტაბელური უნივერსიტეტები

Ipsos-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, ტომპსონ როიტერის მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჰარვარდი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და რესპექტაბელური უნივერსიტეტია. წელს გამოკითხვაში მონაწილეობა 17 544 უმაღლესი რანგისა და სამეცნიერო პუბლიკაციებით განთქმულმა აკადემიკოსმა მიიღო.

„რეპუტაცია სუბიექტური, ორაზროვანი და რთული ცნებაა. იგი განსაზღვრავს როგორც წარმატებას, ისე გზას წარმატებისკენ”, – ამბობს ჟურნალ Times Higher Education Ranking-ის რედაქტორი ფილ ბატი.

საუკეთესო რეპუტაციისა და სახელის მქონე უნივერსიტეტები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ აირჩიონ საუკეთესო სტუდენტები, მიიზიდონ აკადემიური წრეების საუკეთესო წარმომადგენლები და დაამყარონ ახალი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა მსგავს ინსტიტუტებსა და წარმატებულ ბიზნესპარტნიორებთან. „ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მსხვილი დონორები სიამოვნებით აფინანსებენ საუკეთესო ინსტიტუტებს. არსებობს აგრეთვე კვლევა, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ მსოფლიო მასშტაბით სამუშაოს არჩევის დროს აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის უმაღლესი სასწავლებლის რეპუტაცია უპირველესი პრიორიტეტია – ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შრომის ანაზღაურება. სტუდენტებისათვის კი დიპლომზე არსებული „ბრენდის” ნიშანი შეუფასებელი ღირებულებაა, რადგან სწორმა სახელმა შესაძლოა მათ მთელი მომავალი ცხოვრება აუწყოს “, – დასძენს ბატი.

ჰარვარდი, რვა უძველესი პრივილეგირებული უმაღლესი სასწავლებლის ლიგის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ კემბრიჯის შუაგულში მდებარეობს. უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია მსოფლიოს 100 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირველობას ინარჩუნებს.

„ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ, თუ რატომ ასახელებს სულ უფრო მეტი აკადემიკოსი ჰარვარდს მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტად საკუთარ სფეროში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ბოლოდროინდელი კრიზისის მიუხედავად, ჰარვარდი განებივრებულია უმსხვილესი დაფინანსებით, რასაც უნივერსიტეტის საუკუნოვანი საამაყო ისტორია, შესანიშნავი ადგილმდებარეობა, სრული ავტონომია და აკადემიური თავისუფლება განაპირობებს”, – განმარტავს ბატი.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი შესაბამისად მეორე და მესამე ადგილს ინაწილებს. თუმცა, ბატის თქმით, ეს ორი უმაღლესი სასწავლებელი არაფრით განსხვავდება ჰარვარდისაგან.
პირველ ხუთეულს ასრულებს სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

ასეულში მოხვედრილი 44 უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებშია, რის გამოც ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა განათლების სფეროში. აშშ-ს მოსდევს დიდი ბრიტანეთი, 10 საუკეთესო უნივერსიტეტით. სიას აგრძელებს იაპონია და ჰოლანდია, ხუთ-ხუთი უმსხვილესი უნივერსიტეტით.

„აშშ-ის უნივერსიტეტები ტრადიციულად ძალიან მაღალი დონის დაფინანსებითა და მხარდაჭერით სარგებლობენ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული. სწორედ ასეთი მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი კონკურენტუნარიანი ანაზღაურების მქონე საუკეთესო ფაკულტეტების ჩამოყალიბება და განვითარება. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დიდ ყურადღებას იჩენს მეცნიერებისადმი, უდიდესი კვლევები ტარდება სტუდენტებისა და მეცნიერების ერთობლივად მუშაობის პროცესში, იქმნება ერთიანი სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც უდიდესი მხარდაჭერითა და ამავე დროს სრული დამოუკიდებლობითა და ინსტიტუციური ავტონომიით სარგებლობს”, – დასძენს ბატი.

სხვა ქვეყნებში სკოლები სულ უფრო ხშირად იწყებენ შეერთებული შტატების მოდელის გამოყენებას, და ამდენად, მომავალში შესაძლოა წარმოდგენილ სიაში ამერიკა ნაკლებად დომინირებდეს.

10 ყველაზე რესპექტაბელური უნივერსიტეტი:

1.  ჰარვარდის უნივერსიტეტი
ქვეყანა: აშშ

2.  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ქვეყანა: აშშ

3.  კემბრიჯის უნივერსიტეტი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

4. სტენფორდის უნივერსიტეტი
ქვეყანა: აშშ

5. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი
ქვეყანა: აშშ

6. ოქსფორდის უნივერსიტეტი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

7. პრინსტონის უნივერსიტეტი
ქვეყანა: აშშ

8. ტოკიოს უნივერსიტეტი
ქვეყანა: იაპონია

9. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი
ქვეყანა: აშშ

10. იელის უნივერსიტეტი
ქვეყანა: აშშ

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *