პანელური ომები

პანელური ომები

რა გირჩევნიათ, ჭკვიანი ტელეფონი შეაერთოთ ავტომობილში თუ თავად ავტომობილი იყოს ჭკვიანი ტელეფონი? Harman-ი მეორეზე დებს მილიარდებს.

BMW 328i-ის ფასი $38,350-იდან იწყება, მაგრამ დამატებითი პრემიუმ-ფუნქციები – მაგალითად, უფრო მდიდრული ბორბლები, გამთბარი სავარძლები და მძღოლის დამხმარე სისტემები – არაერთი ათასით მეტი დაგიჯდებათ. თუ რეალურ დროში ტრანსპორტის მოძრაობაზე გათვლილი ნავიგაციის სისტემა გსურთ, შეგიძლიათ, ტექნოლოგიური პაკეტი $2,750-ად შეიძინოთ, ან ბოლო-ბოლო შეგიძლიათ, iPhone-ი ჭიქის ჩასადებში მოათავსოთ, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს.

ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მძღოლებს სურთ ინტერნეტი – ყველაფრისთვის, ნავიგაციით დაწყებული, გართობით დამთავრებული. HIS Automotive-ის პროგნოზით, 2022 წლისთვის, ახალი ავტომობილების 94% Cloud-თან იქნება დაკავშირებული, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34% იყო. მაგრამ როგორ დაუკავშირდებიან? ავტომობილში ჩამონტაჟებული მოდემით? მძღოლის ისეთი ჭკვიანი ტელეფონების სისტემებით, როგორიცაა Apple CarPlay და Google-ის Android Auto?

დებატი, „ჩამონტაჟებული შემოტანილის წინააღმდეგ“, სერიოზული დაფიქრების საგანია ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც გახლავთ ჩაშენებული ტექნოლოგიების ლიდერი, Harman International Insudtries-ი. ფისკალურ წელს, რომელიც 2015 წლის 30 ივნისს დამთავრდა, ფირმამ ავტომწარმოებლებს $3.1 მილიარდის ტოლფასი გასართობი აუდიოვიდეოსისტემები მიჰყიდა და ამ გზით თავისი მთლიანი შემოსავლის – $6.2 მილიარდის – ნახევარიც მოაგროვა (ბალანსი დათვლილია სამომხმარებლო და პროფესიონალური აუდიომოწყობილობის გაყიდვებიდან ისეთი ბრენდების მიერ, როგორიცაა JBL-ი და Harman Kardon-ი).

28 იანვარს აღმასრულებელმა დირექტორმა, დინეშ პალივალმა, განაცხადა, რომ Harman-ი 2016 წლის ფინანსურ გეგმას წარმატებით მისდევდა. მაგრამ ინვესტორები იმ ფაქტმა დააფრთხო, რომ კომპანიის ინტერნეტთან დაკავშირებული ავტომობილების განყოფილების ზრდა 9%-მდე შენელდა (წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი 19% იყო), რამაც აქციათა ფასი 13%-ით დასწია. „სახლში რომ დავბრუნდი, პირველი, ვინც ქოქოლა დამაყარა, ჩემი ცოლი იყო“, – იხსენებს პალივალი.

Harman-ი უკვე შეეჩვია: ზედიზედ 11 კვარტალის განმავლობაში, შემოსავლების მდგრადი ზრდის მიუხედავად, ფირმას მეტად ცვალებადი კარდიოგრამა აქვს უოლ-სტრიტზე. აქციების ფასი 2013 წლის დასაწყისში $40 იყო, გასულ წელს $150-მდე ავარდა, ხოლო ახლა $85-მდეა დაცემული. „საკმაოდ მერყევი აქციებია, მხოლოდ Tesla-ს თუ ჩამორჩება“, – ამბობს JPMorgan-ის რაიან ბრინკმანი.

პალივალი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს. „მათემატიკა არ მესმის, – ამბობს ის, – მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, საღი გონება მაქვს“.

58 წლის აღმასრულებელი დირექტორი იმდენად დარწმუნებულია, რომ ჩამონტაჟებული სისტემები ბაზარზე დარჩება (ძირითადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების გამო), რომ Harman-ის დასაწინაურებლად $1 მილიარდზე მეტის სანაძლეოს ჩამოვიდა. 2015 წლიდან კომპანიამ სამი სტრატეგიული სვლა განახორციელა, რათა ინტერნეტთან დაკავშირებული ავტომობილების ეპოქისთვის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგია შეეძინა. კალიფორნიული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, Symphony Teleca, მისი გამოთვლითი Cloud-ისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გამო, $780 მილიონად იყიდა. ისრაელურ ტექნოლოგიურ ფირმაში, Red Bend-ში, რომლის პროგრამაც ავტომობილის ინფორმაციის უკაბელო განახლების საშუალებას იძლევა, $170 მილიონი გადაიხადა. ორი თვის წინ კი ისრაელური კიბერუსაფრთხოების ფირმა, TowerSec-ი, ანტიჰაკერული პროგრამის გამო იყიდა. გარიგების პირობები არ გაუსაჯაროებიათ.

პალივალის გათვლებით, მომავლის სამყაროში, სადაც თვითმავალი ავტომობილები იმოძრავებენ, Harman-ი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ გასართობი ტექნოლოგიის მწარმოებელი. ის ინტერნეტთან დაკავშირებული მომავლის ავტომობილებისთვის ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გახდება; მისი წყალობით, ავტომობილები თავადვე და უსაფრთხოდ მართავენ საკუთარ თავს, ხოლო მგზავრები სახლებსა და ოფისებთან უწყვეტ კავშირს შეინარჩუნებენ.

ეს ხედვა პალივალის მიდგომის ერთ-ერთი ნაწილია, მიდგომა კი იმაში მდგომარეობს, რომ Harman-ში მოსვლის დღიდან ის კომპანიის მეთოდურ ტრანსფორმაციას ახდენს. Harman-ის მართვის სადავეები მან კომპანიის დამაარსებლისგან 2007 წელს გადაიბარა. სიდნი ჰარმენი და მისი პარტნიორი, ბერნარ კარდონი აუდიოპიონერები იყვნენ, რომელთაც კარიერა 1950-იანებში, ხმის აპარატურის წარმოებით დაიწყეს. 1956 წელს, ჰარმენმა თავისი პარტნიორის წილი შეიძინა და კომპანიის საკონტროლო აქციების მფლობელიც გახდა, ხოლო მოგვიანებით, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მან ორჯერ გაყიდა და კვლავ იყიდა Harman Kardon-ი, ბოლოს კი კომპანიას Harman International Industries-ი დაარქვა. 1986 წლიდან კომპანიის აქციები საჯაროდ იყიდება.

2007 წლის აპრილში 88 წლის ჰარმენი კომპანიის კიდევ ერთხელ გასაყიდად იყო მზად. ამჯერად, $8 მილიარდად, Goldman Sachs-ისა და Kohlberg Kravis Roberts-ის ერთობლივი ფირმისთვის უნდა მიეყიდა, სადაც დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორის ჩასანაცვლებლად პალიველი მოეწვიათ. გარიგება ვერ შედგა: KKR-მა და Sachs-მა ხუთი თვის შემდეგ უკან დაიხიეს, მიზეზად Harman-ის ფინანსური მდგომარეობა დაასახელეს, პალივალი კი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.

Indian Institute of Technology-სა და Miami of Ohio-ს ინჟინერიისა და ბიზნესის მაგისტრმა, წარმოშობით ინდოელმა პალივალმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ABB Group-ში, ციურიხში დაფუძნებულ გლობალურ ენერგო- და ინდუსტრიულ კომპანიაში, გაატარა და მის პრეზიდენტადაც დაწინაურდა. Harman-ი სასიკეთო ცვლილების საშუალებად ესახებოდა და წარუმატებელი გარიგების მიუხედავად, კომპანიაში დარჩენა გადაწყვიტა.

„Harman-ს კარგი ბრენდები ჰქონდა, მაგრამ პროცესები დაშლის პირას იყო, – ამბობს ის. –  ხარჯები კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, ინოვაცია უკანა პლანზე იწევდა და არ ხდებოდა გლობალიზაცია“. მისი აზრით, სიტუაცია იმ გამოწვევას ჰგავდა, რომლის წინაშეც ლუ გერსტნერი აღმოჩნდა, როცა IBM-ის მართვის სადავეები გადაიბარა. „გადამწყვეტი მომენტი იდგა. კომპანიის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველი იყო“.

მაგრამ პალივალის მხრიდან ეს რთულ გადაწყვეტილებებსაც გულისხმობდა. პირველ წელს, $500 მილიონის წაგების შემდეგ, ნახევარი მილიარდის ხარჯები ამა თუ იმ ფუფუნების (მაგალითად, კორპორაციული ვერტმფრენის) აღმოფხვრითა და წარმოების ისეთ ქვეყნებში გადატანით შეამცირა, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, ანუ, ქვეყნებში, სადაც ავტომწარმოებლებს სურდათ, რომ მათი მომმარაგებლები ყოფილიყვნენ. „ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ვერ გადავრჩებოდით“, – ამბობს ის.

კომპანიის საბჭოს დირექტორთან, ენ კოროლოგოსთან თანამშრომლობით, რომელიც რეიგანის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრი გახლდათ, პალივალმა Harman-ის საბჭოშიც განახორციელა ცვლილებები: კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, დამფუძნებელი, მისი ქალიშვილი და ახლო მოკავშირე დამოუკიდებელი წევრებით ჩაანაცვლა.

პალივალმა Harman-ის ინოვაცაციის კულტურის გადახალისებაც სცადა, რისთვისაც ისეთი მომავლის ტრენდების იდენტიფიცირება მოახდინა, როგორიცაა, მაგალითად, მზარდი მოთხოვნა ინტერნეტკავშირზე. მან დეტალურად განიხილა კომპანიის კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ძალისხმევები და შეიმუშავა გეგმა, რათა ამ ტრენდების კაპიტალიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგია განევითარებინა და შეესყიდა. ექვს წელიწადში კომპანიამ გააორმაგა პატენტების რაოდენობა და მათი რიცხვი 5,700-მდე აიყვანა, 2013 წლიდან კი კომპანიის ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე წელიწადში საშუალოდ 15%-ით იზრდება.

პალივალის თაოსნობით, Harman-მა 16,000-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა (მათ შორის, შესყიდვების შედეგად დამატებული პერსონალი). 2010 წლის შემდეგ შემოსავლები თითქმის გაორმაგდა, დასაბეგრი მოგება კი თითქმის გასამმაგდა და $700 მილიონს მიაღწია.

პალივალმა იცის, რომ ინტერნეტთან დაკავშირებულ ავტომობილებს ინვესტორები თვალ-ყურს ადევნებენ. დღეს ახალი ავტომობილების 25% – ძირითადად, პრესტიჟული მოდელები – თავს Harman-ის პროდუქციის მსგავსი ჩამონტაჟებული სისტემებით იწონებენ, თუმცა საკმაოდ მაღალი ფასი აქვთ. ჩატვირთული ინფორმაცია, მაგალითად, რუკები, მალე ძველდება. ავტომობილების სხვა 25%-ს უფრო იაფი, ჭკვიან ტელეფონთან დაკავშირებული აუდიოვიდეოსისტემები აქვს. დანარჩენებს კი არც ერთი და არც მეორე, მხოლოდ ტრადიციული AM/FM რადიო.

ერთი რამ ცხადია: რადიოთი აღჭურვილმა ავტომობილებმა თავისი დრო მოჭამა. სინამდვილეში, პალივალს მიაჩნია, რომ ჭკვიან ტელეფონზე დაფუძნებული სისტემები ახლო მომავალში უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს. ადამიანებს მობილურის გამოყენება სიამოვნებთ და მანქანაშიც იმავე გამოცდილების მიღება სურთ. სწორედ ამიტომ, Harman-მა მარტივი ავტომობილებისთვის ჭკვიან ტელეფონზე მიბმული ეკრანიანი აუდიოსისტემაც გამოუშვა.

პალივალი მაინც დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელიწადში „ჩამონტაჟებული შემოტანილის წინააღმდეგ“ დებატი გაქრება. „ჩვენი კიბერუსაფრთხოებისა და უკაბელო განახლების ფუნქციის მქონე ავტომობილები ბაზარზე რომ გამოჩნდება, საკითხიც გადაწყდება: ადამიანები მიხვდებიან, რომ ჩვენი ტექნოლოგია უფრო უსაფრთხოა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *