რა ღირს ერთი შეცდომა?

რა ღირს ერთი შეცდომა?

“გამოცდილება არის სახელი, რომლითაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს იხსენიებენ”, – ოსკარ უაილდი.

ცხოვრების განვლილ გზას თუ გადავხედავთ და სწორად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ყოველი შემადგენელი მონაკვეთი იმ ქმედებათა ჯამს წარმოადგენს, რითაც ჩვენ ვიზრდებით და ვძლიერდებით. კარგად თუ დავაკვირდებით, წარმატება და მარცხი გვერდიგვერდ მოემართებიან, არც ერთი მათგანი არ არის ე.წ. თანამდევი მოვლენ(ებ) ის გარეშე. უბრალოდ უნდა გვეყოს ნიჭი და დაშვებული შეცდომ(ებ)იდან საჭირო გაკვეთილი ვისწავლოთ, ხოლო წარმატებულ ნაბიჯ(ებ)ში დავინახოთ ის უნარი, რამაც უკეთესი შედეგი მიგვაღებინა. სწორედ ასე იქმნება საუკეთესო ცხოვრებისეული მოდელი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ჩვენგანი გაცილებით მეტს აღწევს, ვიდრე გვგონია.

თუ ბიზნესს მეცნიერული კუთხით მივუდგებით, მთლიანობაში ის ერთი დიდი ექსპერიმენტია, რაც ან გაამართლებს, ან არა… განსხვავება იმით გამოიხატება, რომ მეცნიერებაში არასახარბიელო შედეგიც შედეგიანია, რადგან დაასკვნი, რა გზით არ უნდა წახვიდე, ბიზნესში კი ასეთი “შეცდომა” შესაძლოა სავალალო შედეგებით დასრულდეს. საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც დროის ფაქტორს აქვს და კიდევ ერთ გარემოებას – კრახის განცდამ ფარხმალი არ დაგაყრევინოს, პირიქით, გამოგაფხიზლოს, ცოტა “შეგაჯანჯღაროს” და მიგახვედროს, რომ საჭიროა მცდარი გზიდან დროული გადახვევა, რათა სწრაფად იპოვო “შემობრუნების” მომენტი. ჩემი პირადი გამოცდილებითაც დავრწმუნდი – ასეთ შემთხვევაში მყისიერი რეაგირება ერთადერთი გამოსავალია, რაც ძალების მობილიზებისა და გონების კონცენტრაციისკენ მოგიწოდებს.

სტატიის დაწერის პროცესში გადავხედე წარმატების სტრატეგიებზე ცნობილ გამონათქვამებს, უცხოურ პრაქტიკას სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რჩევებიც მოვიძიე და არსებითი დასკვნებიც გამოვიტანე. მასალებზე მუშაობისას ერთ საინტერესო ინტერვიუს გადავაწყდი, სადაც ახალგაზრდა დამწყები მეწარმე, “ჩირიფრუტის” დამფუძნებელი სოფო ჯიქია, რომელმაც დაუღალავი შრომითა და ენთუზიაზმით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავის საქმიანობაში, აღნიშნავს: “შესაძლოა და ფაქტია, რომ შეცდომებს ყველა უშვებს. მაგრამ მჯერა, რომ ყველა შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია თუ არ დავნებდებით. ხშირად წაქცევას არ ვისურვებდი, მაგრამ რამდენჯერაც წავიქცევი, იმდენჯერ მინდა წამოვდგე და გავაგრძელო საქმე. მინდა, მაგალითი ვუჩვენო შვილებს, თუ როგორ შეიძლება სიყვარულით და შრომით მიაღწიო დასახულ მიზანს”.

შესაბამისი გაკვეთილი ასეთია: მიზანდასახულობა და საქმის სიყვარული ყველა ბარიერს დაგაძლევინებს. მთავარია მონდომება! ყოველი ქმედების ზუსტი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დაფიქრებით, აწონ-დაწონით გავთვალოთ შემდეგი ნაბიჯი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, პერიოდულად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა შეცდომები დავუშვით ან/და რა გამოგვრჩა მხედველობიდან, რაოდენობაზე მეტად საინტერესოა, რომელი იყო უფრო “მტკივნეული” და რა ზეგავლენა მოახდინა ასეთმა მწარე “გაკვეთილმა” ჩვენს პიროვნულ თუ პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

ნაპოლეონ ჰილი თავის ერთ-ერთ ბესტსელერში წერს: “დაიწყეთ ექსპერიმენტი იმის რწმენით, რომ ის გაგიხსნით წარმატების მიღწევის ყველაზე მთავარ კანონს და გაწბილებული არ დარჩებით”. ერთი პატარა საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის შეგვეძლოს ფაქტებისთვის თვალის გასწორება, რეალობის ობიექტური შეფასება და გულწრფელი აღიარება, რომ ცხოვრება დაბრკოლებათა გრძელი ჯაჭვია, რომელთა გადალახვა მხოლოდ პრაქტიკით არის შესაძლებელი.

ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა, რაც არავის არ გვეპატიება, არის უმოქმედობა. სხვა დანარჩენი, ჩემი აზრით, ე.წ. ჭკუის სასწავლი გაკვეთილებია, რასაც ნებით თუ უნებლიეთ ვიღებთ. იმის მიხედვით, რამდენად ფხიზლად ვდგავართ გონების სადარაჯოზე, რაოდენ ვაკვირდებით ჩვენ გარშემო მიმდინარე სიტუაციებს და რამდენად სწორი დასკვნები გამოგვაქვს, ან “ვტკეპნით” ერთ ადგილს უკეთესობის მოლოდინში, ან მივიწევთ წინ.

პირველი გაკვეთილი, რაც დიდად გვეხმარება, ნებისმიერ გამოწვევას მედგრად შევხვდეთ, არის ენთუზიაზმის შენარჩუნება. მის გარეშე მიზანიც უფერულდება და ის გზაც, რომელიც ჩვენი სურვილისამებრ ავირჩიეთ.

მეორე გაკვეთილი, რაც ჩემთვისაც “შემობრუნების” მომენტად იქცა, ფაქტებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა. ასე გამოვასწორე ხასიათის ერთ-ერთი სისუსტე და მივეჩვიე ზუსტ აზროვნებას.

გაი კავასაკის წიგნში “გზა იდეიდან პირველ მილიონამდე” ამოვიკითხე – თუკი რაიმეს განხორციელება გინდათ, თავდადებით უნდა იბრძოლოთ მიზნის მისაღწევად. ასე მაგალითად, გაგზავნილ წინადადებაზე მეორე მხარისგან საპასუხო ზარს ან წერილს ელოდებით. შეცდომაა დროის დაკარგვა მის მოლოდინში. სწორია: თავად შეეხმიანოთ და გაარკვიოთ რეალური ვითარება. ამის მიხედვით დროულად მიიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას და არც გაურკვევლობა დაგაკარგვინებთ მოთმინებას.

საკუთარი საქმის დაწყებისას ერთ-ერთი ძვირად ღირებული შეცდომაა არასწორი გუნდის შერჩევა. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით “დისციპლინარული მეწარმეობის” ავტორი, ბილ აულეტი: “დამწყები მეწარმის გადაწყვეტილება, ვინ დაიქირაოს და ვისთან ერთად იმუშაოს, ძალიან ჰგავს სკოლის ეზოში კალათბურთის თამაშს. თუ თქვენ უბრალოდ გინდათ, რომ მეგობრებთან ერთად გაერთოთ, ცხადია, შეგიძლიათ “ითამაშოთ” მათ წრეში, მაგრამ თუ გსურთ, რომ ნამდვილი რეკორდსმენი გახდეთ, გულდასმით უნდა შეარჩიოთ გუნდის მოთამაშეები”. ძალიან მნიშვნელოვანია თანაგუნდელების უნარები, რადგან ისევე როგორც დიდ სპორტში, ბიზნესშიც აქტუალურია ზუსტად ჩაწოდებული საგოლე “პასი”, ზუსტი ამოცნობა, რა სვლას აკეთებს შენივე გუნდელი და, რაც მთავარია, იმ საერთო ფასეულობათა გაზიარება, რამაც ერთ “მუშტად” შეკრულ გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემა და ნდობა უნდა გააღრმაოს.

შესაბამისი გაკვეთილი: ყოველთვის მოვძებნოთ ის გარემოცვა, ვისაც სჯერა ჩვენი იდეების, ჩვენი შემართების და განუხრელად მოგვყვება საქმის კეთებაში. პარტნიორად ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, ვისთვისაც საერთო საქმე მხოლოდ პირადი ინტერესის დაკმაყოფილება როდია, არამედ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ერთად უკეთესი შედეგის მიღწევა.

ხშირად დაშვებული შეცდომა: მკაფიოდ არ ჩამოაყალიბო საკუთარი დანიშნულება, გამორჩეულობის ნიშანი და უფრო მეტიც – კონკურენტუნარიანობა. რაც უნდა კარგ პროდუქტს ან მომსახურებას ქმნიდე, ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვისაც უკეთესის პრეტენზია აქვს.

შესაბამისი გაკვეთილი: წინასწარ განვსაზღვროთ, რას ვთავაზობთ დაინტერესებულ აუდიტორიას, დავაკონკრეტოთ, რატომ უნდა შეაჩეროს ჩვენზე არჩევანი და საქმით დავუსაბუთოთ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე.

არანაკლებ იშვიათად გამოვლენილი შეცდომა: შეთავაზების არაადეკვატური ფასი. ზოგჯერ დამკვეთს ჰგონია, რომ იმაზე მეტს იხდის პროდუქტსა თუ მომსახურებაში, ვიდრე სინამდვილეში ღირს. ან/და პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმაზე ნაკლებად შევთავაზეთ, ვიდრე რეალურად იყიდდა შექმნილ პროდუქტს.

შესაბამისი გაკვეთილი: წინასწარ განვსაზღვროთ ანალოგიური პროდუქტის ფასი ბაზარზე, ასევე დავადგინოთ, ჩვენ რა რესურსს ვხარჯავთ მის შექმნაში და იმის გათვალისწინებით, რა სარგებელს მივიღებთ მისგან, მოვითხოვოთ შესაბამისი ღირებულება. თუ იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე შეთავაზებით წარვადგინეთ, ეს არის კეთილი ნების გამოხატვა უკეთ მომსახურებისთვის.

რაც არ უნდა იყოს, დაშვებული შეცდომების რაოდენობა ნუ შეგაშინებთ, უფრო მეტად იმას უფრთხოდეთ, რა არ ისწავლეთ მათ შედეგად. აქვე დავამატებ ჩერჩილის ერთ ცნობილ ციტატას: “წარმატება არ არის ფინალი და არც მარცხია საბედისწერო შეცდომა. ეს არის სიმამაცე, განაგრძო გზა დასახული მიზნისკენ”. მართლაც, გამბედაობაა საჭირო, რომ “მოგზაურობა” იყოს შინაარსიანი და, რაც მთავარია, შედეგიანი. თუ ჩავთვლით, რომ მოპოვებული წარმატება მუდმივია, თუ არ ვიზრუნებთ მის განვითარებაზე, უმალ დავკარგავთ, რასაც მივაღწევთ. თუ მივიჩნევთ, რომ დამარცხება განვითარების შემაჩერებელია, ვერასდროს მივიღებთ სასურველ შედეგს. ცხოვრებისეული გაკვეთილები ჩვენი გზის მანათობელია, რომლებიც მუდამ გვახსენებს, რომ დამარცხება ან გამარჯვება კი არაა ამოსავალი წერტილი, არამედ ის გარემოებები, რაც მარცხის შემდეგ ფეხზე უკეთ წამოდგომის ჟინს გვიძლიერებს და ის თვისებები, რომელთა გავარჯიშება ყოველთვის წინსვლის სურვილით გვავსებს. ეს არის განვითარებისთვის ფასდაუდებელი სწავლება, რასაც გამოცდილებით ვიღებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *