ბურის ბორდო

ამბავი იმისა, თუ როგორ იქცა ოჯახური ტრაგედია იოჰან რუპერტისთვის – ფუფუნების საგნების კომპანიის, Richemont-ის მილიარდერი დამფუძნებლისთვის – შთაგონებად, შეექმნა სამხრეთაფრიკული ღვინის ერთ-ერთი მარგალიტი.

სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ კეიპის პროვინციასთან ახლო, სოფელ ფრანჩშოკში მე-17 საუკუნის შარმი და დრაკენშტაინის მთების ისეთი პეიზაჟებია, თითქოს პირდაპირ ღია ბარათებს უცქერდეთ. აქ მდებარეობს L’Ormarins-ი – 3,200 აკრზე გაჭიმული მამული, რომელიც იოჰან რუპერტს ეკუთვნის. ეს სამხრეთაფრიკელი მილიარდერის ღვინის იმპერიის, Anthonij Rupert Wyne-ის, ყველაზე დიდი ნაწილია. თებერვლის ერთ დილას რუპერტი მამულში ადრიანად მიდის, მხიარულ განწყობაზეა (მოსავლის აღების პერიოდი დგას), გზად კი ბაღში როდენის სკულპტურას გამოივლის. მისი კომფორტულად მოწყობილი კაბინეტი მამულის ერთ-ერთ შედარებით ახალ შენობაშია განთავსებული, რომლის წითელი ღვინის მარანი ისეა შექმნილი, რომ საათის მექანიზმი მოგაგონოთ (ეს რუპერტის შემთხვევაში სიმბოლურია: მან ქონება Richemont-ის თავმჯდომარის რანგში დააგროვა – შვეიცარიული ფუფუნების საგნების კომპანიისა, რომელიც ისეთი ბრენდებისგან შედგება, როგორიცაა Cartier, Van Cleef & Arpels-ი და Piaget).

65 წლის რუპერტი იმ სტრატოსფერულად მდიდართა რიცხვს განეკუთვნება, რომელთათვისაც დუმილი პლატინად არის მიჩნეული. ის იშვიათად იძლევა ინტერვიუებს, თუმცა როცა საქმე ღვინოზე მიდგება, უდავოდ სიტყვაუხვი ხდება. მისი კაბინეტის ფანჯრებიდან Chenin Blanc-ი მწკრივებად მოჩანს. ეს სამხრეთ აფრიკაში ყურძნის პოპულარული ჯიშია, რომელიც Loire Valley-ს უწევს კონკურენციას.

 “Chenin Blanc-ი ისეთი ღვინოა, რომ სწორად თუ მოუარე, ძალიან სასიამოვნო დასალევი გამოდის, – ამბობს კარგად გარუჯული რუპერტი და სიგარეტის კოლოფით შეიარაღებული, გზადაგზა ეწევა. დაახლოებით $6 მილიარდის მფლობელმა, მან კარგად იცის ნამდვილი კლიენტის ფასი. – ვუყურებ ადამიანებს და ვხვდები, ღვინის წრუპვა უყვართ თუ სმა. ისინი, ვინც ცოტაოდენ სალათასთან ერთად ცოტაოდენ Sauvignon Blanc-ს მოწრუპავს, ალბათ ის ხალხია, ვინც ადრე სპრიტცერებს სვამდა. ეს ხალხი ღვინის მსმელი არაა, და არაა ეს ჩემი ბიზნესი. მე მჭირდება ადამიანები, ვისაც უყვარს ღვინო”.

როგორც Richemont-ის, ისე ღვინის საწარმოს ხელმძღვანელობის შედეგად, რუპერტს ლამის თანდაყოლილი უნარი აქვს, შეჯიბრს ფეხი აუწყოს და მგრძნობიარე კლიენტები მოიზიდოს. ცნობილია, რომ ბევრი მდიდარი კაცი ღვინის საწარმოს ყიდულობს ხოლმე – ეს წარმატების ერთგვარი სიმბოლოა, დაახლოებით ისე, როგორც სპორტული გუნდებისა თუ კინოსტუდიების შეძენა. ის, რაც “ნადავლ” ვენახებს აკლიათ, აქვს რუპერტს. ეს არის ახლო კავშირი თავის ყურძენთან: მისთვის ღვინის წარმოება ბევრად მეტია, ვიდრე ძვირად ღირებული ჰობი... მისთვის ეს ძალიან პირადულია. საქმე ის გახლავთ, რომ Anthonij Rupert Wyne-ის თავდაპირველი მფლობელი მისი უმცროსი ძმა, ანთონიჯი იყო, რომელიც 2001 წელს, 50 წლის ასაკში, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. “ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, – ამბობს რუპერტი, – მისი ოცნების აღსრულება მინდოდა”.

რუპერტი მართლაც მეტად მოწადინებული იყო, ძმის ხედვისთვის ხორცი შეესხა, ჰოდა, ღვინის წარმოების ოპერაციები საგრძნობლად გააფართოვა: ვენახებს ჩრდილოეთით და დასავლეთი ასობით აკრი შემატა, ხოლო გრეემ ბეკისგან მიწის შეძენის შედეგად, მამული ახლომახლო მდებარე აკრებითაც გაამდიდრა; ეს ის გრეემ ბეკია, რომლის შუშხუნა ღვინო, როგორც ცნობილია, ნელსონ მანდელასა და ბარაკ ობამას ინაუგურაციებს ამშვენებდა. L’Ormarins-ისა და სხვა ახლომდებარე ღვინის საწარმოთა სტუმრები, როგორც წესი, ფრანჩშოკში რომელიმე სოფლის სასტუმროში რჩებიან; მდიდრული La Residence-ი, სადაც ღამე $530-დან იწყება, ამ სასტუმროთაგან საუკეთესოა. L’Ormarins-თან ახლო, მეზობელ სტელენბოსში, ალმასის მილიარდერის, ლორენს გრაფის ღვინის საწარმო, Delaire Graff Estate-ი ათ ჩინებულ სადგომს იტევს, რომელთა ფასი ღამეში $800-დან იწყება. მეზობლად მილიარდერ კუს ბეკერის Babylonstoren-საც ნახავთ, რომელიც გაცილებით იაფი ღირს ($250- დან იწყება), თუმცა არანაკლებ მდიდრულია.

ფართო საერთაშორისო კლიენტურის მოსაზიდად, რუპერტის დაჟინებული მოთხოვნით, მისი საქონელი კლიმატ- გაკონტროლებული კონტეინერებით გადის ექსპორტზე. ეს ტრანსპორტირების გავრცელებული მეთოდისგან განსხვავდება, რომლის შემთხვევაშიც პროდუქტი ხანგრძლივად და განსხვავებული ტემპერატურის პირობებში მოგზაურობს, რამაც შეიძლება, ღვინის ხარისხი შეცვალოს. ასევე, რუპერტის ღვინის საწარმოს ახალ შეთავაზებათა რიცხვშია იტალიური ვაზისგან დამზადებული ღვინის ხაზი, სახელად Terra Del Capo – ანთონიჯის მიერ ამ ქვეყნის ღვინოების გატაცების პატივისცემის ნიშნად. დროთა განმავლობაში, რუპერტი შეეჩვია იმ აზრს, რომ ღვინის წარმოება ისეთივე პროგნოზირებადი ვერ იქნება, როგორიც, ვთქვათ, მისი საათების ბიზნესი. “თუ საქმეს სათანადოდ ვაკეთებთ, – ამბობს ის Richemont-ის შესახებ, – მერე აღარ გვიწევს გვალვაზე, სეტყვასა თუ რაღაც მწერზე ნერვიულობა, რომლის შესახებაც ცხოვრებაში არაფერი მსმენია. თუ ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, ღვინის ინდუსტრია მალე არაქათს გაგაცლის”.

რუპერტის მამულის ყველაზე დიდი წარმატება მისი ძმის სახელს ღირსეულად ატარებს: Anthonij Rupert 2007. ეს არის Cabernet Sauvignon-ის, Cabernet Franc-ის, Merlot-სა და Petit Verdot-ს ნაზავი Bordeaux-ს სტილში (Bordeaux-ს მსგავსი ფასიც აქვს: $100-პლუს). 2012 წელს ეს ვინტაჟური ღვინო ინდუსტრიის ბიბლიამ, Wine Spectator-მა, 95 ქულით შეაფასა, რითაც ასეთი წარმატების მქონე მეხუთე სამხრეთაფრიკულ ღვინოდ იქცა, და დღეს მისი შოვნა, ბუნებრივია, ჭირს.

მოულოდნელი პოპულარობა 2005 წლის Petit Verdot-საც ხვდა წილად, რომელიც თავდაპირველად ღვინის ერთ-ერთი შესაზავებლის სახით გამოუშვეს (Bordeaux-ს ადათებთან თანხვდენაში). ადრეულ ეტაპზე ძალიან ტანინიანი იყო, მაგრამ დაძველების საშუალება რომ მისცეს, საოცრად გაკეთილშობილდა. რუპერტის ხალხმა მისი ბოთლში მოქცევა და გაყიდვა გადაწყვიტა, როგორც დამოუკიდებელი ღვინისა, მაგრამ ბოსთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ამ უკანასკნელსაც არ გასცრუებია იმედები. “ხალხი ჭკუას კარგავდა მასზე, – ამბობს ის. – ნამდვილმა ღვინის მოყვარულებმა აღმოაჩინეს”. ერთ ფრანგ ნაცნობს გაუსინჯავს, მერე კი მთელი ყუთი საფრანგეთში წაუღია, ინდუსტრიაში მყოფი მეგობრებისთვისაც რომ გაეზიარებინა შთაბეჭდილება. “თქვეს, წარმოუდგენელიაო! ვერ იჯერებდნენ. და თუ გამოიცნობთ, რა მოხდა? წელს კიდევ ვაპირებთ გამოშვებას, და კიდევ უფრო მეტიც უნდა მოვაშენოთ”.

რუპერტი, აგრეთვე, ბარონ ბენჯამინ დე როტშილდთან ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობითაც იღებს სიამოვნებას, რასაც თავიდან ანთონიჯმა ჩაუყარა საფუძველი. Rupert & Rothschild-ის ღვინოთა რიცხვშია საუცხოოდ შეფასებული Baroness Nadine Chardonnay. რაც შეეხება ბოთლის შეფუთვას, რუპერტი იხსენებს, რომ ბარონს უთქვამს: ასე “გაცილებით უკეთ ჟღერს, ვიდრე Rothschild & Rupert-ი”.

რასაც რუპერტის წარმოებაში ბევრს ვერ ნახავთ, ეს Pinotage-ია – სამხრეთ აფრიკის საფირმო სორტი, რომელიც პირველად ალბათ საუკუნის წინ შეიქმნა. არაერთი ღვინის მწარმოებლისათვის, Pinot Noir-ისა და Cinsaut-ს (ასევე ცნობილი, როგორც Hermitage-ი) გადაკვეთის შედეგი უგემური, მდაბიური ღვინოა. “Pinotage-ისადმი თბილი გრძნობები ნამდვილად არ მაქვს, – ამბობს რუპერტი. – ჩემს კოლეგებს ვუთხარი, ის ღვინო უნდა გავაკეთოთ, რაც მე მომწონს- მეთქი, რადგან თუ ვერ გავყიდი, დავლევ მაინც”.

წინა სტატია

რა ჭარბობს ბიზნესის კეთებისას – ემოცია თუ ლოგიკა?
30 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახდო შემოსავლები შემცირდა
01 ივლისი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker