ცნობილი სახეების მოდის მიმართულება

ცნობილი სახეების მოდის მიმართულება

მადონა მუდმივად სიახლეებისკენ სწრაფვითა და ახალი იმიჯების მორგებითაა ცნობილი, მაგრამ მისი ბოლო რეინკარნაცია – დიზაინერობა – შესაძლოა ყველაზე სარისკო გახდეს. 22 ივნისს მუსიკოსმა, თავის ქალიშვილთან ერთად, დებიუტი წარმოადგინა: გლამურული 80-იანელების ბავშვის ტანისამოსი სახელწოდებით „Material Girl”, რომელიც უკვე აგვისტოში გაიყიდება Macy-ს ქსელში. მაგრამ ცნობილი ადამიანების დიზაინერულ ხაზს (როგორც მრავალი პოპულარული ადამიანის მუსიკალურ ჩანაწერებს) ხშირად პეპელასავით ხანმოკლე არსებობა უწერია იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად კარგად არის შესრულებული დიზაინი ან თავად პროდუქცია გაპიარებული.

ცნობილი ადამიანების მიერ შერჩეული ტანსაცმლის ბრენდები, როგორც წესი, სწრაფად ცვალებადია, რადგან მათი წარმატება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან, რომლის პოპულარობა შესაძლოა ძლიერ მერყეობდეს. „უამრავი რამ მოდის და მიდის, რადგან როდესაც მათი პოპულარობის დონე ეცემა, ეს დომინოს პრინციპით ზემოქმედებს სხვა დანარჩენზეც”, – ამბობს დამოუკიდებელი ბრენდის კონსულტანტი ალისია დე-მესა – „ზოგჯერ ეს, უბრალოდ, წუთიერი გაელვებაა”.

„მედიცინისა და კოსმეტიკის ინდუსტრიაში იშვიათად ნახავთ ორ ან სამ წელზე მეტი ვადით დადებულ კონტრაქტს”, – ამბობს Dunaj Agency LLC-ის დამფუძნებელი რიკ დუნაი, რომელიც აგვარებს გარიგებებს ვარსკვლავებსა და მოდის ინდუსტრიას შორის.- „პოპულარობას გაუფერულებისა და გაქრობის თვისება გააჩნია. ჩვენ ვიცით, როგორია ცნობილ სახესთან ურთიერთობა და მერწმუნეთ, უმეტეს შემთხვევაში ის ძალზე ხანმოკლე გამოდგება ხოლმე”, – დასძენს დუნაი.

თუმცა ზოგიერთმა ჰოლივუდურმა ბრენდმა წლების გამოცდას გაუძლო, მაგალითად, შონ დიდიმ ( Sean Diddy Combs ჯინსის ბრენდი 1998 წლიდან არსებობს და 500 მილიონი დოლარის წლიური გაყიდვები აქვს), ჯესიკა სიმპსონის თავისივე სახელობის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზიც (რომელიც 500 მილიონი დოლარის წლიური გაყიდვების ნიშნულს სცილდება). წარმატების გასაღები ნაპოვნია: ექსპერტების თქმით, „ცნობილი სახეებით” თამაში და ამავე დროს ბრენდისთვის დამოუკიდებლად „სუნთქვისა” და განვითარების შესაძლებლობის მინიჭება.

„ზოგიერთმა ბრენდმა წარმატების მიღწევა მფლობელების მხრიდან დახმარების ხარჯზე მოახერხა და არა პირიქით”, – ამბობს ალისია დე-მესა. მოკლედ რომ ვთქვათ, Rocawear ჯეი-ზის ბრენდია, მაგრამ ბიზნესი მომღერლისგან დამოუკიდებლად ვითარდება. პირველად ბრენდი 1999 წელს გამოჩნდა და დღეს მისი წლიური ბრუნვა უკვე 700 მილიონ დოლარს აღწევს.

ცნობილი ადამიანების ყველაზე წარმატებული ბრენდები არც ისე ძვირია და ისეთ ქსელურ მაღაზიებში იყიდება, როგორიცაა Kohl’s-ი, Target-ი და Macy’s-ი. მაღალი მოდის ტანისამოსი ექსკლუზიურად მხოლოდ ბუტიკებსა და Bloomingdale’s-ის მსგავს მაღაზიებშია.

თუმცა დაბალი ფასი არ არის წარმატების გარანტი. მაგალითად, სარა ჯესიკა პარკერის ბრენდი Bitten-ი წარმოდგენილი იყო ისეთ ყოველდღიური ტანისამოსის მაღაზიათა ქსელში, როგორიცაა Steve&Barry’s-ი, 20 დოლარის მაქსიმალური ღირებულებით, მაგრამ 2008 წელს ბრენდი გაკოტრდა და წარმოება შეწყდა.
„თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ინდუსტრიაში, ჩვენ თქვენს ფულს მოვიხმართ თქვენი პირადი ბრენდის განსავითარებლად”, – ამბობს ბრუს როსსი, მარკეტინგისა და ბრენდინგის კომპანიის Celebrity Fashion Group-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. – პრობლემა ისაა, რომ ცნობილ ადამიანებს ეშინიათ რისკის და სურთ არაფრისგან დაუყოვნებლივ მიიღონ სარგებელი”.
MTV-ის ვარსკვლავის ლოურენ კონრადის კარიერა მოდის სფეროში კრახის პირას იყო ძვირად ღირებული Bloomingdale’s-ის მაღაზიაში, მაგრამ რებრენდინგისა და Kohl’s-ში შედარებით იაფი ხაზის გაშვებით მისი პოპულარობაც გაიზარდა.

„ლოურენისათვის ზედგამოჭრილია Kohl’s-ის ტიპის მაღაზია, რომლის მომხმარებლებიც ლოურენის თაყვანისმცემლების ასაკის ახალგაზრდა გოგონებია, ამდენად Kohl’s-ი სწორი გათვლაა”, – ამბობს როსი, რომლის კომპანია კონრადთან მუშაობდა.
მოკლედ, თუ ცნობილ ადამიანებს საკუთარი ბრენდის წარმატება სურთ, მათ აუცილებლად უნდა მიხედონ პირად იმიჯს: ვარსკვლავის შესახებ ნეგატიური პრესა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მისი ბრენდის გაყიდვებზე. ჰეიდი მონტაგის Heidiwood-ის ხაზმა Anchor Blue-ის თაროებზე ერთი წლის გატარების შემდეგ შეწყვიტა არსებობა.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ თქვენ პოპულარული ადამიანი ხართ, არ ნიშნავს, რომ უნდა ფლობდეთ ბრენდის ხაზს. მაგრამ, თუ ბიზნესის სწორ მოდელს შესაბამის პიროვნებას მოვარგებთ – წარმატება გარანტირებულია!” – ამბობს როსი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *