კეტრინ ბიგელოუ - ჯერჯერობით ერთადერთი

კეტრინ ბიგელოუ - ჯერჯერობით ერთადერთი

კეტრინ ბიგელოუ – ჯერჯერობით ერთადერთი ქალი რეჟისორი, რომელმაც საუკეთესო რეჟისურისთვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – “ოსკარი” მიიღო და მეოთხე იმ ქალთაგან, რომლებიც ამ ნომინაციაში ოდესმე მოხვედრილან. გამარჯვებული ფილმი „ქარიშხლის მბრძანებელი” ასევე “წლის საუკეთესო ფილმის” პრეტენდენტი გახლდათ. ამ საკმაოდ მძიმე ფილმმა, რომელიც ერაყის ომის დროს აშშ-ის სამხედრო ძალების გამნაღმელთა საქმიანობას ასახავს, ბიგელოუს BAFTA-ს პრიზი და Critics’ Choise Award-ის აღიარება მოუტანა, რამაც, საკმაოდ მკაცრი ჟიურის გადაწყვეტილებით, ამ მეტად პრესტიჟული ჯილდოების მფლობელ ასევე პირველ ქალ რეჟისორად აქცია.

კანადელი რეჟისორის, ასევე “ოსკარის” მფლობელ ჯეიმს კემერონის მეუღლე (1989-1991 წლებში), ზემოჩამოთვლილ რეგალიებთან ერთად, “ოქროს გლობუსის” ორგზის ნომინანტი კეტრინ ბიგელოუ კინოსამყაროში მოხვედრამდე მხატვრის სტატუსით ნიუ-იორკის უიტნის მუზეუმში კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში კინოს თეორიას შეისწავლიდა ისეთი მენტორის ხელმძღვანელობით, როგორიც სიუზენ ზონტაგი გახლდათ და შემდგომ თავადვე ასწავლიდა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში.

ცხრა ფილმის რეჟისორი, 64 წლის კეტრინ ბიგელოუ დაუჯერებლად ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურება, რაც არცთუ მოულოდნელი სარკაზმის საბაბიც გახდა: ერთ-ერთმა „კეთილისმყოფელმა” ისიც კი განაცხადა, ბიგელოუს გარშემო ასეთი ხმაური არასდროს ატყდებოდა, ასეთი Hot girl რომ არ ყოფილიყოო, თუმცა მეეჭვება, გესლის მფრქვეველს ბიგელოუს იმ გამბედაობის მეათედი მაინც ჰქონდეს, რაც მისი ოსკაროსანი ფილმის ლეიტმოტივად ქცეული მძიმე სცენების გადაღებას სჭირდება.

მართალია, 2009 წლის ტრიუმფის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ კეტრინ ბიგელოუ ჯერჯერობით ინარჩუნებს „ერთადერთის” სტატუსს, თუმცა კონკურენტების გამოჩენის შემთხვევაშიც კი პირველი ოსკაროსანი ქალი რეჟისორის ტიტული მუდმივად მის სახელთან იქნება დაკავშირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *