საქართველოს პოზიცია გლობალურ ენერგოთამაშში

საქართველოს პოზიცია გლობალურ ენერგოთამაშში

ბლიც-ინტერვიუ “შევრონის” ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელთან, ედვარდ ჩოუსთან, საქართველოს პოტენციალზე, ევროპისთვის საქართველოს მიმზიდველობასა და “გაზპრომზე” – როგორც ალტერნატივაზე.

ენერგეტიკა 2016 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი დარგების ტოპ-სამეულს დაუბრუნდა. ამ საპატიო ადგილის დროებით დაკარგვას მთავრობა ორი მიზეზით ხსნიდა: ნაკლოვანი მეთოდოლოგია, რომელიც, მაგალითად, შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციებს არა ენერგეტიკის, არამედ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგს ათვლის და გააქტიურებული შიდა ინვესტიციები, რომელთა ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

21-ე საუკუნეში, როცა ენერგეტიკასთან დაკავშირებით ორი ყველაზე ხშირი სიტყვა ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოებაა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ასეთია ედვარდ ჩოუს დამოკიდებულება ამ კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მიმართ. შევრონის ერთ- ერთი ყოფილი ხელმძღვანელი დღეს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ექსპერტია. მისი სპეციალიზაცია ნავთობი და გაზია. საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მოწვევით ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ჩამოვიდა და ორივეჯერ – საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მისი სასაუბრო თემა სწორედ ენერგეტიკა, ბოლო დროს შეცვლილი გლობალური ენერგეტიკული ლანდშაფტი და ის პოტენციალია, რაც საქართველოს გააჩნია.

მოდერაციის თუ სიტყვით გამოსვლის გადატვირთული გრაფიკის შუალედში, ედვარდ ჩოუმ დრო FORBES Georgia-სთვის მაინც გამონახა. რესპონდენტი მოკლე ბლიც-ინტერვიუსთვის პირდაპირ სცენაზე გამოვიჭირეთ.

ხშირად გვესმის, რომ რეგიონში საქართველო ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ენერგეტიკის თვალსაზრისით. როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში რა განაპირობებს ამ მიმზიდველობას? 

სატრანზიტო ფუნქცია, რომელსაც გეოპოლიტიკური მდებარეობა განსაზღვრავს. მაგრამ ეს ქვეყანა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი მაგალითი დანარჩენი რეგიონისთვის. და როცა მაგალითზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ წარმატებულ რეფორმებს, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა გატარდეს ეს რეფორმები და როგორ უნდა მოხდეს დაგეგმილი პროგრესის იმპლემენტაცია. დღეს ამ გამოცდილებით შეუძლია სარგებლობა, მაგალითად, იმავე უკრაინას, რომელსაც ძალიან სჭირდება ამ დარგის რეფორმირება და სწორად ამუშავება.

ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველო ენერგოპოტენციალს სწორად ითვისებს? 

კონფერენციაზე ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა: საერთო სტრატეგიაზე არავინ დავობს. ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი ტაქტიკურ მიდგომებზე ამახვილებენ ყურადღებას – როგორ შეიძლება უფრო ეფექტიანად და უფრო მოკლე დროში უფრო მეტი შედეგის მიღწევა. თუმცა ფუნდამენტური განსხვავებები მე აქ ვერ მოვისმინე. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ენერგოპოლიტიკა დასავლურ მიდგომებთან თავსებადია და ამ კუთხით ფუნდამენტური განსხვავებები არ იკვეთება.

ალბათ შეგვიძლია ვიკამათოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფუნდამენტური იყო განსხვავება მაშინ, როცა მთავრობას “გაზპრომთან” ურთიერთობების გაღრმავების მცდელობისთვის აკრიტიკებდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭირო იყო მოლაპარაკებები “გაზპრომთან”? 

ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ჩემთვის, დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე, უცნაური იყო ის, რომ ენერგეტიკის მინისტრი კომპანიის ხელმძღვანელთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. მე არ ვფიქრობ, რომ მინისტრები კომპანიების ხელმძღვანელებს უნდა ელაპარაკებოდნენ – მე მგონია, რომ მინისტრები უნდა ელაპარაკებოდნენ მინისტრებს. ვერ ვიგებ, რატომ უნდა აამაღლო ალექსეი მილერი მინისტრის დონემდე. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ამ მოლაპარაკებების იდეა ის იყო, რომ მთავრობას გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები ეძებნა და კომერციულად მისთვის უფრო მოგებიანი წინადადებისთვის მიეგნო – ამის გაგება შემიძლია. მთავრობის მიზანი შეიძლება არსებულ მიმწოდებელთან, “სოკართან”, სავაჭრო პოზიციების გამყარება ყოფილიყო – და ეს სრულიად მისაღებია.

ცალკე თემაა, ბუნებრივია, რამდენად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი, როგორ შეიძლებოდა მისი უკეთ მართვა – ეს სხვა საკითხია და ეს დეტალები თქვენ უკეთ იცით, თუმცა თავისთავად ფაქტში, რომ მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებაზე იყოს აქცენტი, მე პრობლემას ვერ ვხედავ.

იმ შემთხვევაშიც, თუ “გაზპრომთან” გვაქვს საქმე? რუსეთის სახელმწიფო მანქანასთან, რომელმაც საქართველო ერთხელ უკვე დატოვა ცივ ზამთარში გაზის გარეშე?

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის უფრო მისაღები იქნებოდა, კომპანიას ელაპარაკა ამ პირობებზე კომპანიასთან და ყველაფერი კომერციულ ჩარჩოებში დარჩენილიყო.

მაგრამ ეს თავის მოტყუება არ იქნებოდა? ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არის ალექსეი მილერი და რა კავშირი აქვს მას ვლადიმირ პუტინთან. შეიძლება ამ შემთხვევაში კომერციის, როგორც თქვენ ამბობთ, და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა?

ზუსტად ამას ვამბობ: ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მილერი პუტინის სახეა. საქართველოს არ “ვკბენ” ამ შემთხვევაში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, ბულგარეთის მინისტრი როგორ ხვდება ალექსეი მილერს. ამ ხაფანგში თავის გაყოფა არ ღირს: როდესაც მოლაპარაკებას მინისტრსა და “გაზპრომის” აღმასრულებელს შორის იწყებ, შემდეგ დონეზე როგორღა აგყავს? პრემიერ-მინისტრი შეხვდება ენერგეტიკის მინისტრს?

თუმცა შედეგობრივად თუ შევხედავთ, მთავრობის მიდგომამ, გამოდის, გაამართლა: “გაზპრომისგან” საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობები არ შეუსყიდია, “სოკარმა” კი პირობები შეარბილა. მთავრობამ “სოკარზე” გავლენა მოახდინა იმით, რომ რუსული გაზის მიმართ ინტერესი გამოამჟღავნა.

ამდენად, პირადად მე, როგორც “შევრონში” მუშაობის გამოცდილების მქონეს, რომელიც სწორედ კომერციულ მოლაპარაკებებში ვიყავი ხოლმე ჩართული – ამ მიდგომის მიმართ პრობლემა არ მაქვს.

ჩვენი საუბარი იმით დავიწყეთ, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, განსაკუთრებით ევროპისთვის, რადგან მსოფლიოს ამ ნაწილში მეტად მწვავედ დგას რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პრობლემა. რატომ იქნება საქართველო მიმზიდველი ევროპისთვის, თუკი აქაც მეტი დოზით “გაზპრომი” დახვდება?

საინტერესო კითხვაა. ამ კუთხით არ დავფიქრებულვარ. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ორ ფაქტორს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა: რუსული გაზის პროპორციას და ხელშეკრულების ხანგრძლივობას “გაზპრომთან”. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ იმის დამტკიცება შეძლო, რომ სანდო სატრანზიტო ქვეყანაა. იმ პირობებშიც კი ინარჩუნებდა ამ სტატუსს, როცა ბევრად უფრო მეტად იყო დამოკიდებული “გაზპრომზე”. ბოლო წლებში ეს დამოკიდებულება მკვეთრად შემცირდა. და ეს კარგია, თუმცა “გაზპრომის” გაზის მოცულობის მცირე დოზით გაზრდა, ამ შემთხვევაში, თვალსაჩინო არ იქნება.

ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვნად გაწევრიანებაზე – როგორ ფიქრობთ, სჭირდება ეს დღეს საქართველოს და იქნება ეს დამატებითი მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება გაიზარდოს?

ამ მიმართულებით ექსპერტი არ ვარ, თუმცა ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ინვესტორების ნდობა გაიზრდება, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ საქართველო ოფიციალურადაც იზიარებს საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს დამატებითი კომპენსაცია თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

თუმცა თქვენს ძირითად კითხვას რომ დავუბრუნდე, გახდება ამით საქართველო უფრო დაცული? პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ.

საქართველო უფრო დაცული იქნება, თუ გაზრდის თავის მიმზიდველობას. ლიბერალიზებული ბაზარი; ტარიფები, რომლებიც ბაზრის რეალობას ასახავს; სატრანზიტო პოტენციალის უკეთ ათვისება და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – ეს პირობები განსაზღვრავს, სხვათა შორის, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.

რაც უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება საქართველოთი, აქ დააბანდებს თავის კაპიტალს, მით უფრო დაცულები იქნებით, რადგან თქვენს პოტენციურ მტერს, ვინც უნდა იყოს ის, მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა ნამდვილად გაუჭირდება.

პერსპექტივაც რომ შეგვიფასოთ: როგორ ფიქრობთ, აქვს საქართველოს რეალისტური შანსი, რომ “გაზპრომზე” დამოკიდებულების გაზრდის გარეშე მოახდინოს ენერგოწყაროების დივერსიფიცირება?

მე უფრო აქტიურად შევხედავდი ირანს. თურქმენეთის მიმართულებაც საინტერესოა. ზოგადად, ყველა შესაძლო მხარესთან ვისაუბრებდი, რადგან არ მომინდებოდა, რომ აზერბაიჯანსა და “სოკარს” შეჰქმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ამ ბაზარზე ერთადერთი მოთამაშეები არიან.

თუმცა აქვე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფორმას აქვს მნიშვნელობა: როგორ წარმართავ მოლაპარაკების პროცესს, რადგან სიმბოლურ გზავნილებს დიდი დატვირთვა აქვს – არ არის სასურველი იმდენად ილტვოდეთ მიწოდების ალტერნატიული წყაროებისკენ, რომ ისე გამოჩნდეთ, თითქოს მზად ხართ, დათმოთ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *