ახალი თაობის განმანათლებელი

ახალი თაობის განმანათლებელი

მათემატიკოსის განათლებისა და პროგრამისტის არაერთწლიანი გამოცდილების მქონე ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ „ლაპარაკი უკეთ გამოსდიოდა“ და მენეჯერული კარიერა დაიწყო. მოგვიანებით განმანათლებლის ფუნქციებიც შეითავსა, საკმაოდ წარმატებულადაც და დაწინაურდა კიდეც, „აგერ განათლების მინისტრობამდე“.

ახალი განმანათლებელი აპირებს “მიირთვას განათლების სისტემაში არსებული ყველა გომბეშო”. ასეთი “გომბეშოები” (ანუ ყველაზე რთულად გასამკლავებელი საქმეები) მრავლადაა როგორც სკოლებში, ისე პროფესიული განათლების სფეროში. 

რაც მინისტრი გახდით, პრობლემებს სხვა პერსპექტივიდან შეხედეთ? რამდენად შეიცვალა თქვენი მიდგომები?

რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შემეცვალა, მაგრამ ფუნდამენტურად არა. მგონია, რომ საკმარისად დიდ ხანს თუ გაჩერდები სისტემაში, თვალებზე ბინდი გადაგეკვრება, ამიტომ ახლა ჩემი ამოცანაა, სანამ ნათლად ვხედავ, ისეთი საქმეები წამოვიწყო, რომ მერე, როცა ჩემი დრო აღარ იქნება, მათ მაინც იარსებონ. თანაც, ჩემი საჯარო გამოსვლების “უბედურება” ის არის, რომ კრიტიკა უკვე გაჟღერებული მაქვს და ძალიანაც რომ მინდოდეს, საპირისპიროს ვეღარ ვიტყვი. ჯერჯერობით არც შემცვლია შეხედულებები, უბრალოდ, გარკვეული ტექნიკური სირთულეები დავინახე, რომლებსაც მანამდე შესაძლოა ვერ ვამჩნევდი და ისინი მოსაგვარებელია. 

რისი შეცვლა მიგაჩნიათ განათლების სისტემაში პირველი რიგის გარდაუვალ აუცილებლობად?

ამ კითხვაზე მოკლე, ერთწინადადებიანი პასუხი არის ის, რომ ქართული საზოგადოების საჭიროება 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე მოასწრო შეცვლა განათლების სისტემამ. ერთი განსაკუთრებული ჩავარდნა, მაგალითად, ეხება ჩვენს ზღაპრებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას.

ანუ ზღაპრები უნდა შევცვალოთ?

ყოველ შემთხვევაში, დოგმატური არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. ზოგიერთმა მშობელმა შეცვალა “წითელქუდა” და ისე უყვება ბავშვს, რომ იქ ნაკლები ძალადობაა. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე არ მომწონს, მაგალითად, ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და Маша и Медведь-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდი გავლენას ახდენს  მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე.

როგორ აპირებთ დააბრუნოთ “რეალობას მოწყვეტილი სკოლა” რეალობაში?

სუგატა მიტრა თავის საჯარო გამოსვლაში – SCHOOL IN THE CLOUDS – ამბობს, რომ სკოლის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ბრიტანეთში ოთხი-ხუთი საუკუნის წინ შეიქმნა. ანუ ხუთასი წლისაა ეს სისტემა და მას მერე პრინციპი დიდად არ შეცვლილა: “წელში გასწორდი”, “ნუ ხმაურობ”, “ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით” – კვლავაც აქტუალურია. ეს ადამიანი კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრიტანეთმა თავის დროზე ასეთი სკოლა იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა. მაშ, რატომ სწავლობენ ქართველი ბავშვები 21-ე საუკუნეში იმავე პრინციპებით? სტატია მაქვს დაწერილი – რისთვის ამზადებს ჩვენი სკოლა ბავშვებს და ერთ-ერთი პასუხია – ზარი. სად გვხვდება ზარი, გარდა სკოლისა? ქარხანაში. ე.ი. სკოლა ზარს იმიტომ გირეკავს პერიოდულად, რომ მიგაჩვიოს ქარხნის ზარს, ვინაიდან ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ქარხნის ზარზე რეფლექსი გქონოდა. კიდევ ერთი შეკითხვა: ადამიანების ასაკის მიხედვით დაჯგუფება სხვაგან სად გვხვდება? რატომ არის მეექვსე კლასის ქიმია ყველა ბავშვისთვის ერთი დონის განურჩევლად იმისა, გიჟდება ეს ბავშვი ქიმიაზე, თუ ვერ იტანს მას? გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში მეცნიერები და პრაქტიკოსები აღიარებენ, რომ მას მერე, რაც ინტერნეტი გაჩნდა, თვითგანათლება სულ უფრო მზარდი ინსტრუმენტია და სკოლა, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, უკვე ავტომატურად აცდენილია რეალობას. რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არც რატომ. მოკლედ, რაღაცებს, რასაც ჩვენ ვასწავლით, აზრი საერთოდ დაეკარგა.  

როგორ წარმოგიდგენიათ არსებულ სიტუაციაში უკვე მყარად ფესვგადგმული სისტემის რადიკალურად შეცვლა?

ინტერნეტის გაჩენასთან ერთად, განმანათლებლებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ბავშვს შეუქმნი მოტივს, რაღაც იცოდეს და მერე ამისთვის დროს მისცემ, ის აუცილებლად ისწავლის. ეს არ ნიშნავს, რომ ძველი მეთოდები უნდა მოვსპოთ. ისინი რჩება, უბრალოდ, ემატება ახალი მეთოდები, საგნობრივი წრეები, რომლებიც უკვე არსებობს, მაგრამ მათზე ხელი  ჩვენი მოსწავლეების მხოლოდ 10%-ს მიუწვდება. ეს წრეები უნდა გახდეს მასობრივი და ისინი იყოს არა მხოლოდ ქიმიისა და ფიზიკის, არამედ საზოგადოებრივ საკითხებზეც და თან აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუნდაც მაღალმთიან აჭარაში არის სუპერმასწავლებელი, მას ჰქვია ინტერნეტი და ასევე არის პირობითად ნინა ბებია, რომელიც არის სუპერმოტივატორი. ჩვენ ვამბობთ რომ სუპერბებია ნინას  + სუპერმასწავლებელი ინტერნეტი + აჭარის რეგიონის სუპერნიჭიერი ბავშვები = ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ეს დავამტკიცოთ: შევისწავლოთ და დავდოთ სტატისტიკა, რომ ვისაც უვლია წრეებზე და ჰქონდა ამის საშუალება, უკეთესი აკადემიური შედეგები აქვთ. 

საკმაოდ მწვავედ დგას მასწავლებლების პრობლემაც. წელიწადში ერთხელ ვხდებით ხოლმე მოწმე იმ აღშფოთების ტალღისა, რასაც მასწავლებლების მიერ სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიღებული შედეგები იწვევს. რას აპირებთ?

ეს არის დანაშაული და ამ ხალხის დემონიზაცია. სტრატეგიული ამოცანა რომ ჰქონდეს ვინმეს ქვეყნის დაქცევის, უნდა შეაძულოს ამ ქვეყნის ბავშვებს მასწავლებლები და მერე ის ქვეყანა თავისით დაიქცევა. სამწუხაროდ, არ ვიცი, უნდოდა ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხეს და მასწავლებლებზე ასეთი პიარი ააგორეს. ერთი ცენტრალური და ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც მე მაქვს, არის ის, რომ მასწავლებლის სტატუსი საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყოს. შესაძლოა, საქმეს ბანკშიც ცუდად  აკეთებდნენ,  მაგრამ ამის გამო ბანკირის პროფესიის შებღალვა არ შეიძლება. 

მაშ, რა არის პრობლემა, თავად სასერტიფიკაციო გამოცდა?

სასერტიფიკაციო გამოცდაშიც არის პრობლემა და დამოკიდებულებაშიც. როცა მასწავლებლებს ეუბნებიან, რომ გამოცდისთვის ბევრი უნდა იმეცადინონ, მაგრამ ბოლოს პასუხად მაინც იმას მიიღებენ, რომ არაფრად არ ვარგანან, საერთოდ აღარ მოუნდებათ ამ გამოცდის ჩაბარება. მე ვხვდები მასწავლებლებს და ვაპირებ, რომ ამას მომავალშიც ბევრი დრო დავუთმო. მათ დააკარგვინეს რწმენა, რომ ოდესმე ვინმე ადამიანურად შეხედავს. ოქროსმედალოსან მოსწავლეებს, მაგალითად, ლეპტოპებს აჩუქებენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მასწავლებლებს არაფერი? ეს რანაირი არითმეტიკაა. მოკლედ, ჩვენ – მე, სამინისტროსა და ფართო საზოგადოებას – მიგვიძღვის დანაშაული მასწავლებლის წინაშე, მაგრამ ჩვენ რა სტანდარტსაც დავაწესებთ, იმას აჰყვება საზოგადოება და ეს სტანდარტი არის შემდეგი: მასწავლებელი არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ემსახუროს საზოგადოებას და ამის გამო, მინიმუმ პირველად დაშვებას იმსახურებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია. ასე უნდა დავიწყოთ და მერე თუ ვინმე ცუდად გააკეთებს თავის საქმეს, კი ბატონო, ვუსაყვედუროთ. 

მიგაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი წარმატებულად იმუშავებს ქართულ რეალობაში?

ჩვენთვის ამ მოდელში მთავარი არის ის, რომ მუშაობა და პროფესიული განათლების მიღება ერთმანეთისგან ცალკე მდგომი პროცესები არ იყოს. სახელმწიფო აპირებს, რომ სტუდენტს აუცილებლად მოუნახოს ადგილი, სადაც ის სწავლის პარალელურად მივა და იმუშავებს. შესაბამისად, მას შეფასებას დაუწერს დამსაქმებელიც და სასწავლებელიც. საქმე ისაა, რომ, თუ სტუდენტი კარგად არ იმუშავებს, მარტო სწავლით ფონს ვერ გავა და პირიქით, თუ კარგად იმუშავებს, მაგრამ არ ისწავლის, არც ეს გამოადგება. ამ მოდელში დაფინანსების სქემა შეიძლება ბევრნაირი იყოს და, რა თქმა უნდა, აქაც პირდაპირ კოპირებას არ ვაპირებთ, ამიტომ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომ ჩვენ მოვძებნოთ კომპანიები, რომლებსაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი გაუჩნდებათ.  ფაქტია, რომ დუალური სისტემა როგორც ინსტიტუტს, ისე დამსაქმებელს ძალიან კარგ გარანტიებს აძლევს.

პროფესიონალი კადრების დეფიციტის შესახებ არაერთი ბიზნესმენისგან გვსმენია, თუმცა ფაქტია, რომ პროფესიული განათლების პროგრამები დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა და მათზე მოთხოვნა დაბალია. გამოდის, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია. რატომ?

პროფესიაც არის მარკეტინგული პროდუქტი, რომელიც აგებულია წინასწარგანწყობებზე. მე თუ “დავაჯოჯოხეთებ” ელექტრიკოსის პროფესიას და პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარებას ტრაგედიად ვაქცევ, იქ არავინ ჩააბარებს. ასე მოხდა საბჭოთა პროფესიული განათლების სისტემაში. შესაბამისად, რადგან ეს “დაჯოჯოხეთდა” და იურისტი  ”გასამოთხევდა”, ჩვენი ქვეყანა წავიდა იქითკენ, რომ მოთხოვნა გაიზარდა იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და ა.შ. ბაზარზე გაჩნდა ამ პროფესიის ხალხის მიწოდება, მაგრამ – მხოლოდ დიპლომების, რადგან შრომის ბაზარს არ მოუთხოვია ისინი და ამიტომ სამსახურებიც არ გაჩნდა. დუალური მოდელი კი გულისხმობს იმას, რომ მივდივართ ბიზნესთან და ვეკითხებით, რა სჭირდება. თუ გვეტყვის, რომ ელექტრიკოსები, ვეტყვით, ერთი წელი გვაცადოს, გავვარდებით, შევიჭრებით სკოლებში, გავამარკეტინგებთ ელექტრიკოსობას, მოვიყვანთ ხალხს პროფესიულ სასწავლებელში და მივუყვანთ ბიზნესს, ოღონდ ის უნდა დაგვეხმაროს, ისე ვასწავლოთ ეს ელექტრობა, როგორც თავად სჭირდება. მეორეა, რომ სამუშაო ძალა უნდა გავხადოთ მობილური, ანუ გამოვიყენოთ მეზობელი ქვეყნები – თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი. სამომავლოდ, იმედია, რუსეთიც – ჩვენი მცირე სამუშაო ძალის ექსპორტისთვის, როცა ადგილზე მოთხოვნა არ არის. 

თუმცა აქ ენის ბარიერი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისი მოგვარების გეგმა თუ გაქვთ? 

დიახ, ინგლისური და რუსული უნდა ვასწავლოთ აუცილებლად. ამისთვის სპეციალური პროგრამები გვექნება და მასობრივ გადამზადებასაც შევუდგებით, მათ შორის – ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებითაც. 

მინისტრობისას ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთეთ, შეხვდით აუდიტორია 115-ის წევრებს. სად ხედავთ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზას? რა ფორმით უნდა შენარჩუნდეს თვითმმართველობა?

უნივერსიტეტს უშველის იგივე, რაც ქვეყანას და ამას ჰქვია ერთობა. ერთობა აზრის კი არა, ერთობა ურთიერთობის. მთავარი პრობლემა, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ჩვენთან ძალიან უყვართ მხარეებად დაყოფა და მტყუან-მართლის გამოკვლევა. ყველა ცდილობს უნივერსიტეტის სიტუაციაში გაარკვიოს, ვინ არის ბოროტი და ვინ – კეთილი, მე კი იმის თქმას ვცდილობ, რომ ორივე მხარე კეთილია, უბრალოდ, მათ განსხვავებული ფორმით სურთ ეს სიკეთე. ამიტომ ამ პრობლემის მუდმივი დიალოგის ფორმატში გადაყვანას ვაპირებთ, ვინაიდან სიტუაცია სწორედ იმიტომ გამწვავდა, რომ ვიღაცებმა უარი თქვეს ლაპარაკზე. თვითმმართველობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ვინაიდან ბოლონიის პროცესი ამბობს, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. საქმე მისი ფორმა გახლავთ. ამიტომაც უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. ამჟამად მხარეები ლაპარაკობენ, არ იზოლირდებიან პროცესისგან და ნელ-ნელა წინ მივდივართ.  თუ ვინმე პროცესს შეაფერხებს, მივხვდებით, რომ მისი მიზანი ეს იყო და მოვაგვარებთ.

“ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას უშველის, არის მცირე და საშუალო ბიზნესი”. ეს ამონარიდია თქვენი ერთ-ერთი საჯარო ლექციიდან. როგორ უნდა განვავითაროთ ე.წ. სამეწარმეო სული ადამიანებში განათლების სისტემის მეშვეობით?

ამის გასაღები დევს, ვერაფრით ვერ გამოიცნობთ და,ზღაპრებში. ამერიკაში რომ ჩავედი და ჩემი პატარა დისშვილი დავიტოვე ცოტა ხნით, ვკითხე, რა ვითამაშოთ-მეთქი და მითხრა, მაღაზიობანა ვითამაშოთო: მე ვიქნები გამყიდველი, შენ იქნები კლიენტი და მე შენ ზედ უნდა გადაგყვეო. აი, აქ ვთქვი, რომ გაიმარჯვა ამერიკამ, ვინაიდან  სამი წლის ქართველმა ბავშვმა ეს ყველაფერი ბაღში თამაშ-თამაშით ისწავლა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი გავხადოთ მოდური, და ეს უნდა დავიწყოთ ბავშვობიდან: სკოლაში ბავშვებს უნდა მივცეთ თუნდაც სათამაშო ფული, რათა ისწავლონ ყიდვა-გაყიდვის პრინციპები, ბიზნესი. მთავარია, ამ პროცესში ბიზნესეთიკის სწავლებაც არ დაგვავიწყდეს, თორემ ის ბავშვები მილიონერები რომ გახდებიან, მერე უკვე გვიან იქნება.

ბოლო დროს ქვეყანაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტექნოლოგიებზე, ინოვაციური სტარტაპების განვითარებაზე. როგორც პროფესიით მათემატიკოსი, ახალგაზრდებში ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მისწრაფებებს თუ ხედავთ?

საუბარი მქონდა ერთ ლატვიელ სპეციალისტთან, რომელიც თავის ქვეყანაში სწორედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში იყო ჩაბმული და მან თქვა, რომ ლატვიამ ათი წლის განმავლობაში ამ პროცესში $150 მილიონი დახარჯა, ანუ ტექნოპარკებში ყოველწლიურად დებდა $15 მილიონს. მერე, ერთმა კომპანიამ, რომელმაც შეძლო და წარმატებას მიაღწია, გადასახადების სახით 800 მილიონი დოლარი გადაიხადა. მორჩა, დამთავრდა თამაში. ერთმა კომპანიამ ათი წლის განმავლობაში დაარსებული უამრავიდან, ამოიღო სახელმწიფოს მთელი ინვესტიცია ინოვაციებში და ლატვია შემდეგი 30 წლის განმავლობაში აქეთ დაპატიჟა. მეცნიერებასა და ინოვაციებს (სხვათა შორის, ესენი ბიძაშვილები არიან) აქვთ პოტენციალი, მოიტანონ არანორმალური უკუგება, ოღონდ ძალიან ბევრი მცდელობის შედეგად. შეიძლება ათი ათასიდან ერთმა სტარტაპმა გაარტყას, მაგრამ მერე ის ერთი დაგვპატიჟებს ყველას. მე მგონია, რომ ჩვენ გვყავს ასეთი პოტენციალის მქონე გამომგონებლები და მჯერა, რომ ამ ნაწილში ჩვენი შანსები მაღალია. ბევრი მუშაობა გვიწევს ბავშვებთან, რომ განიხილონ ვარიანტი, გახდნენ მეცნიერები. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის მეგაამოცანა არის ის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს და ის ვერ იქნება ბედნიერი, თუ საყვარელ საქმეს არ გააკეთებს. შესაბამისად, ვინმე თუ იმიტომ მუშაობს ბანკში, რომ არავინ გაასინჯა მეცნიერება, თორემ გაბედნიერდებოდა და პირიქით, მავანი მეცნიერი იმიტომ არის, რომ ბანკში მუშაობის საშუალება არ მიეცა, ჩვენ დავმარცხდით, როგორც სახელმწიფო. პროფესიულ სასწავლებლებში რომ დავდივარ და ვხვდები სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესში სწავლობენ ისტორიას, მაგრამ პარალელურად გატაცებულნი არიან კულინარიით, ეს არის ჩემი ახდენილი ოცნება.   

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *