საკუთარი ჯიბის მართვიდან ეკონომიკის ზრდამდე

საკუთარი ჯიბის მართვიდან ეკონომიკის ზრდამდე

ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ექსკლუზიურად FORBES Georgia-ს ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელი, ალეხო ტორესი, ესაუბრა.

“ფინანსურ განათლებას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდით და მივაქცევთ მომავალშიც, რადგან გვჯერა, რომ თუ ცალკეულ ინდივიდებსა და ოჯახებს საკუთარი ფინანსების სწორად მართვაში – დაბანდებაში, ხარჯვასა და დაგროვებაში – დავეხმარებით, ამით მთლიან ეკონომიკას გავუწევთ დახმარებას”, – ასე იწყებს ჩემთან საუბარს ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო სისტემის ერთ- ერთი ხელმძღვანელი ალეხო ტორესი.

მასთან გასაუბრების შესაძლებლობა ფინანსური განათლების სამიტზე მეძლევა, რომელსაც ჩიკაგოს ცენტრალური ბანკი ყოველ წელს VISA-სთან პარტნიორობით ატარებს. წელს სამიტი საკმაოდ წარმომადგენლობითია: ბიზნესი, საერთაშორისო დონის ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები. ყველას მხოლოდ ერთი თემა აერთიანებს – ფინანსური განათლება.

“კონკრეტული სტატისტიკის მოყვანა რთულია, თუმცა საღად თუ შევაფასებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც ინდივიდები არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ ინვესტორებიც არიან – ქმნიან სამუშაო ადგილებს და ინვესტირებას ახდენენ საკუთარ მომავალში – ამას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ინვესტორი, თუკი ის სწორად გაანაწილებს იმ თანხებს, რომლებიც მას აქვს. ჩვენ გვინდა, მათ ამ შესაძლებლობების დანახვაში დავეხმაროთ”, – ამბობს ალეხო ტორესი.

რა თქმა უნდა, ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარი ფინანსების მართვაზე – დასვენება თუ ბინის რემონტი; შვილის განათლებისთვის თანხის დაზოგვა თუ უძრავი ქონების შეძენა და ასე შემდეგ – და ამაში ახალი არაფერია, თუმცა ერთგვარ აქსიომადაც კი ჩამოყალიბდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ფინანსების მართვის ამდენი ახალი შესაძლებლობა ჩნდება და იხვეწება, საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მეტი ცოდნა და განათლებაა საჭირო.

ფინანსურ გაუნათლებლობას სერიოზული ხარჯი ახლავს. მაგალითად, მომხმარებლებს, რომელთაც არ ესმით, როგორ მუშაობს საპროცენტო განაკვეთი, უფრო მეტის დახარჯვა უწევთ, უფრო მეტ ვალს აგროვებენ და სესხს უფრო ძვირად იღებენ. ამასთან, ისინი გაცილებით უფრო მეტს სესხულობენ, ვიდრე ზოგავენ.

ამის საპირისპიროდ, ფინანსურ განათლებას ბევრი პოტენციური ბენეფიტი ახლავს. ძლიერი ფინანსური უნარების მქონე ინდივიდები გაცილებით მეტს ზოგავენ, თავიანთი დანაზოგის უკეთ დაბანდებას ახერხებენ და რისკებს სწორად ანაწილებენ, რაც საბოლოოდ მათ კეთილდღეობას ბევრად უკეთ უზრუნველყოფს.

ამდენად, საღი აზრი ნამდვილად უჭერს მხარს იმ ჰიპოთეზას, რომ ინდივიდებს მათ ხელთ არსებული ფინანსური რესურსების სწორად დაზოგვა ან დაბანდება გაუჭირდებათ, და მეტიც – შეიძლება უაზრო რისკის ან თაღლითობის მსხვერპლიც გახდნენ, თუკი მათ არა აქვთ სათანადო ფინანსური განათლება. მეორე მხრივ, თუ ინდივიდები ფინანსურად განათლებულები იქნებიან, ისინი უკეთ დაზოგავენ თანხებს და სერვისის მიმწოდებლებს აიძულებენ, თანხების დასაბანდებლად ისეთი პროდუქტები შექმნან, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს მათ მოთხოვნილებებს, რასაც დადებითი გავლენა ექნება როგორც ინვესტიციებზე, ისე ეკონომიკურ ზრდაზეც.

ალეხო ტორესი, როგორც ფინანსურად ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი, ამბობს, რომ მოქალაქეთა მაღალმა ფინანსურმა განათლებამ შეიძლება დღის წესრიგიდან მოხსნას ბევრი ისეთი რეგულაცია, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ტვირთად აწევს ბიზნესს და ურთულებს მას ახალი სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზებას.

“აუცილებელია ჯანსაღი ბალანსი: რეგულირება vs. თავისუფალი ბაზარი; განათლება vs. პროვაიდერის ნდობა. ეს არ არის ადვილი მიზანი. რა თქმა უნდა, მომხმარებლის მოტყუებას ყველა ბანკი არ ცდილობს, მაგრამ ისინი მოგებაზე არიან ორიენტირებულები და ეს კარგია – ამის წყალობით, ახალი პროდუქტები და სერვისები იქმნება, რასაც ფული მოაქვს – მაგრამ ამ ახალმა პროდუქტებმა და სერვისებმა შეიძლება მომხმარებლის წინააღმდეგ იმუშაოს, თუკი მომხმარებელს არ ეცოდინება, როგორ მოიხმაროს სიახლე სწორად”, – ამბობს ალეხო ტორესი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ვერავითარი მომხმარებელთა დაცვის ბიუროები და სხვა ორგანიზაციული სტრუქტურები ვერ დადებენ შედეგს, თუკი მომხმარებელი თავად არ იქნება ფინანსურად განათლებული: “რეგულაცია საღი აზრისგან მოშორებული არ უნდა იყოს, თორემ სერიოზულად შეაფერხებს ეკონომიკას”.

ფინანსური განათლების თემით ისინიც ინტერესდებიან, ვინც საქართველოს და კიდევ მთელი მსოფლიოს საკრედიტო რეიტინგს ადგენს. Standard & Poor’s-ს მაგალითად, გლობალური ფინანსური განათლების ცალკე კვლევა აქვს – S&P Ratings Services Global Financial Literacy Survey, რომელსაც ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან ერთად ატარებს, როგორიცაა McGraw Hill Financial-ი (MHFI) და Gallup-ი.

S&P ფინანსურად განათლებულად მიიჩნევს მოზრდილს, თუკი ის ოთხ ფუნდამენტურ ცნებაზე დაყრდნობით შემუშავებული კითხვებიდან, სამს მაინც სწორად გასცემს პასუხს. ეს ცნებებია: საბაზისო არითმეტიკის ცოდნა (საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა), საპროცენტო განაკვეთის რთული პროცენტი, ინფლაცია და რისკების დივერსიფიკაცია.

უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც 144 ქვეყნის მონაცემებსა და ამ ქვეყნებში მცხოვრებ 150 ათასზე მეტი ზრდასრულის გამოკითხვას დაეყრდნო, საქართველოში ფინანსურად განათლებულია მოზრდილთა 30%. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოს უშუალო მეზობლებიდან საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს (36%) და რუსეთის ფედერაციას (38%). ფინანსური განათლების მაჩვენებლით საქართველოს ჩამორჩება სომხეთი (14%) და თურქეთი (24%).

ფინანსური განათლების მიხედვით ლიდერთა ათეული, სადაც ზრდასრულთა ნახევარზე მეტს ესმის ფინანსური თემები, S&P-ის კვლევაში შემდეგი ქვეყნებით არის წარმოდგენილი: ნორვეგია (71%), შვედეთი (71%), გაერთიანებული სამეფო (67%), ნიდერლანდები (66%), ახალი ზელანდია (61%), შეერთებული შტატები (57%), შვეიცარია (57%), ლუქსემბურგი (53%) და მიანმარი (52%).

კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ გლობალურად სამიდან მხოლოდ ერთი ზრდასრული ერკვევა ძირითად ფინანსურ ცნებებში. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური განათლება უფრო მაღალია ისეთ ინდივიდებს შორის, ვინც არის მდიდარი, მაღალი ზოგადი განათლების მქონე და ვინც ხშირად იყენებს ფინანსურ სერვისებს, კვლევიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ მილიარდობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის მზად, მოერგოს ფინანსური ლანდშაფტის სწრაფ ცვლილებებს, მაშინ როცა მაღალი რისკისა და რთული პირობების შემცველი საკრედიტო პროდუქტები სულ უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება თანამედროვე ფინანსურ ბაზარზე.

ფინანსური განათლების განმსაზღვრელი ოთხი ცნებიდან – საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა, რთული პროცენტის განსაზღვრა, ინფლაცია და რისკების დივერსიფიკაცია – ზრდასრული ადამიანები ყველაზე უკეთ ერკვევიან ინფლაციაში და შეუძლიათ საპროცენტო განაკვეთების გამოთვლა. მსოფლიოს მასშტაბით, ზრდასრულთა ნახევარს ესმის ეს ცნებები. ყველაზე რთული ცნება რისკების დივერსიფიკაციაა. 144 ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული 150 ათასი ზრდასრულის მხოლოდ 35%-მა გასცა სწორი პასუხი კითხვას, რომელიც ამოწმებდა ამ ცნების ცოდნას. რისკების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, ძალიან დიდია სხვაობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორისაც. განვითარებულ ქვეყნებში თუ მაჩვენებელი 64%-ია, განვითარებად ქვეყნებში ის 28%-ს უტოლდება. სხვა ცნებების გაგებას შორის ასეთი დრამატული განსხვავებები არ დგინდება.

თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, როგორი სურათი იკვეთება ფინანსური განათლების მხრივ კონკრეტულად საქართველოში, განახლებული ინფორმაციის მიღებას ორ წელიწადში ერთხელ შეძლებთ. ამას თიბისი ბანკისა და აისეტის ერთობლივი კვლევა უზრუნველყოფს. პირველი შედეგები უკვე ხელმისაწვდომია. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52%-ს დაბალი ფინანსური განათლება აქვს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 85% აკონტროლებს საკუთარ შემოსავლებს, 15% კი – არა. მაღალშემოსავლიან სეგმენტში, რაც 2000-დან 3000 ლარამდე თვიურ შემოსავალს გულისხმობს, ბანკების მიმართ ნდობა 29%-ით მაღალია, ვიდრე დაბალშემოსავლიან (0-500) პირებში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნდობა ბანკების მიმართ მაღალია, მათი 45% დანაზოგის ნაღდი ფულის სახით შენახვას ამჯობინებს. ანაბრებს თანხის შესანახად გამოკითხულთა 31% მიმართავს. ამასთან, გასულ წელს, გამოკითხულთა 65%-მა ფულის დაზოგვა ვერ მოახერხა. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს მაღალი ფინანსური განათლება, საშუალო ფინანსური განათლება კი – 42%-ს.

ერთი საინტერესო ტენდენცია, რაც საქართველოსთან მიმართებით დასტურდება როგორც S&P Ratings Services Global Financial Literacy Survey-ს, ისე თიბისი ბანკისა და აისეტის ერთობლივი კვლევით ის არის, რომ საქართველოში განსაკუთრებით კარგად ესმით ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. S&P Ratings Services Global Financial Literacy Survey ამ მონაცემის ანალიზისას სწორედ 90-იანი წლების ჰიპერინფლაციას იშველიებს.

ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელს, ალეხო ტორესს, არა აქვს იმის ილუზია, რომ ჩიკაგოს ცენტრალური ბანკის ძალისხმევა, აამაღლოს მოსახლეობის ფინანსური განათლება, შედეგს მალე გამოიღებს. “ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ დახმარება, რომ ახალ ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებში გაერკვნენ, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტად რთულდება და იხვეწება. ვფიქრობ, ფინანსური განათლების საჭიროება ყოველთვის იქნება”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *