ტურიზმის ტრანსფორმაცია

ტურიზმის ტრანსფორმაცია

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. 2015 წელს მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 6.7% იყო, ხოლო ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამავე წელს ტურიზმმა 1.9 მილიარდი დოლარი შემოიტანა საქართველოში.

ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის სფერო ყოველწლიურად იზრდებოდა. იყო პერიოდი, როდესაც ზრდის რეკორდულად მაღალი ტემპი შეინიშნებოდა – ეს არის 2010, 2011 და 2012 წლები. ამ პერიოდში, ყოველ წინა წელთან შედარებით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 35%, 39% და 57%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რთულია იმის თქმა, ზუსტად რამდენი ადამიანია დღეს დასაქმებული ტურიზმის სექტორში, ერთი კი ცალსახად ცხადია: მოგზაურთა მიერ საქართველოში შემოტანილი და დახარჯული ფული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გახლავთ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებზე ნაწილდება, და სეზონურად ასაქმებს საქართველოს მოსახლეობის თვითდასაქმებულთა ძალიან დიდ სეგმენტს.

2013 წლიდან ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. დღევანდელი გადმოსახედით, ამ ცვლილებებიდან თითქმის ოთხი წელია გასული, რაც განვითარების ტემპების გრძელვადიან ჭრილში განხილვისა და მისი ეფექტის უკვე 12-წლიან დინამიკაში შეფასების საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, თუ შევადარებთ სტრატეგიულ მიმართულებებს, აქამდე ძირითადი აქცენტი საერთაშორისო მედიაკამპანიაზე კეთდებოდა. საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ასამაღლებლად, რეაბილიტაცია უტარდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ამ ობიექტების გარშემო ეწყობოდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი საკურორტო ცენტრები. 2012 წლის ბოლოდან მმართველი გუნდის ერთიანი პოზიციის მიხედვით, საერთაშორისო საინფორმაციო კამპანია არამიზნობრივი ხარჯია და ასეთი ძვირად ღირებული კამპანიები აღარ დაფინანსდება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოსათვის პერსპექტიული ბაზარი რუსეთი და დსთ-ის ქვეყნებია, იგნორირებულია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, და ამ დროისათვის მზარდი მოთხოვნაა აზიის მიმართულებებიდან – სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან. ყველა მიმდინარე რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩერდება და საუბარია მათ გადახედვაზე.

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში ძირითად როლს ყოველთვის სახელმწიფო ასრულებდა. დღესაც კერძო სექტორს მხოლოდ ოპერატორის ფუნქცია აქვს, მისი როლი და მისი ფინანსური რესურსი ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისათვის საკმაოდ მწირი და შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, განვითარებად ქვეყნებში ტურიზმის ყველა საკვანძო მიმართულებას სახელმწიფო ხელმძღვანელობს.

ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაა შესაძლებელი. შერჩეული ბაზრების მიხედვით ვითარდება პრიორიტეტული ტურისტული პროდუქტები, ხოლო ამ პროდუქტების მიხედვით სახელმწიფო იწყებს საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებს კონკრეტულ რეგიონებსა და საკურორტო ზონებში, ამ განვითარებულ ინფრასტრუქტურას კი მოჰყვება კერძო სექტორის აქტივობა, რიც შედეგადაც იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს სარგებელს ტურიზმის განვითარებიდან.

ჩვენს შემთხვევაში 2012 წლის ბოლოდან ახალი ეკონომიკური გუნდი ფასეულობების გადაფასებას იწყებს. საუბარია ტურიზმის განვითარების ახალ სტრატეგიაზე. დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და მისი პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 2015 წლის დეკემბერში შეძლო.

სანამ სტრატეგიაზე საუბარს გავაგრძელებდე, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პარალელურად საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, კარგავს თავის პოზიციებს დასავლეთის ბაზარზე; რამდენიმე სეზონის განმავლობაში გართულებული სავიზო რეგულაციების შედეგად ხელოვნურად იზღუდებიან ჩინელი და ირანელი მოგზაურები, სახელმწიფო აქტიურობს მხოლოდ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე. როგორც აღმოჩნდა, მარკეტინგული აქტივობა ამ ბაზრებზეც ვერ გამოდგა ეფექტიანი, ვინაიდან ქვეყანამ ვერ შეძლო შედეგების მკვეთრი გაუმჯობესება. თორმეტწლიანი დინამიკის ჭრილშიც კი კარგად ჩანს, რომ ვიზიტორთა მატება რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან თითქმის ერთსა და იმავე ზრდის ნიშნულზე რჩება.

სამწუხაროდ, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით მივაღწიეთ შედეგს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან აქტიური კომუნიკაციის მიუხედავად, ვერ შევძელით კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შექმნა. ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სტატისტიკური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მეთოდოლოგიის უფრო ეფექტიანი სისტემის დანერგვა. საუბარია რეფორმაზე, რომლის გატარების შემდეგ საქართველო შეძლებს ე.წ. ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემაზე გადასვლას.

საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის არასწორი პოზიციონირების გარდა, ასევე შეფერხებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. განახლებული ქალაქების, ახალი კურორტებისა და ტურისტული ცენტრების ფონზე, 2013 წლიდან თითქმის არც ერთი დიდი პროექტი არ განხორციელებულა.

შედარებითი პროგრესი იკვეთება სამთო- სათხილამურო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუმცა აქაც ჩამორჩენა გვაქვს. პროექტების საწყისი ფაზები სამი წლის დაგვიანებით სრულდება. ახალ საკურორტო ზონებში შენდება საბაგიროები, მაგრამ ვერ ხერხდება საავტომობილო გზების რეაბილიტაცია თეთნულდისა და გოდერძის სათხილამურო ცენტრებამდე – საჯარო ინფრასტრუქტურა ამ ზონებში აბსოლუტურად მოუმზადებელია.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მცირდება ტურიზმის სფეროში ინვესტორთა აქტივობა. მართალია, თბილისში ახალი სასტუმროების მშენებლობა იწყება, მაგრამ რეგიონებში პროგრესი თითქმის აღარ გვაქვს. ტურისტული ნაკადების მკვეთრი კლებით ვასრულებთ 2014 და 2015 წლებს, ზრდა მხოლოდ 2% და 7%-ია.

ზრდის ტემპების შეფერხება ცვლის კერძო სექტორის განწყობებს. პროექტი “check-in georgia”-ს ფარგლებში დაფინანსებული კონცერტების დროს ბათუმის სერვისსექტორი აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდა იქ ჩასულ სტუმრებს, რის შედეგადაც ბევრი ნეგატიური კომენტარი გავრცელდა საქართველოს შესახებ.

არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ და წინა წლებში საკონცერტო პროგრამების გაუქმებამ ამ სპეციფიკური ბიზნესის პროგრესის წყვეტა გამოიწვია.

რაც შეეხება სტრატეგიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი ათწლიანი განვითარების გეგმაა, მომდევნო ეკონომიკურ გუნდს აუცილებლად მოუწევს მისი შეცვლა. დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორთა ყოველწლიური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ია, რაც საქართველოს მდგომარეობაში მყოფი განვითარებადი ქვეყნისათვის ძალიან ცუდი შედეგია.

საქართველოს არა აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ტურიზმის ერთნიშნა ზრდის ტემპს დასჯერდეს. თუ ჩვენ კონკურენტუნარიან ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა გვსურს – როგორც მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში – ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ზრდის მაჩვენებელი. მხოლოდ ასეთი შედეგებით შეიძლება მივუახლოვდეთ რეგიონის სხვა ქვეყნებს.

მომდევნო ეკონომიკური გუნდი უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება, ვიდრე მისი წინამორბედი 2012 წლის მიწურულს იდგა. მისი მთავარი ამოცანა ტურიზმის განვითარების ტემპის გაზრდა და 2012 წლამდე არსებულ საშუალო მაჩვენებელზე დაბრუნება, ასევე შეჩერებული ინფრა- სტრუქტურული პროექტების განხორციელების დაწყება და, კერძო სექტორის აქტივობის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ახალი ინიციატივების გენერირება იქნება.

საკმარისია, ტურიზმის დინამიკას თორმეტწლიან ჭრილში შევხედოთ, დავინახავთ, რომ მენეჯმენტის სტილის მკვეთრი ცვლილებით სწრაფი შედეგები ვერ მიიღება.

ნებისმიერ აქტივობას ამ მიმართულებით გრძელვადიანი ეფექტი აქვს. თვალსაჩინოა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება ძირითადად თვითდინებით მიმდინარეობს. მიუხედავად საბიუჯეტო დაფინანსების ზრდისა, სახელმწიფოს როლი არაეფექტიანი ხდება და ტვირთი კერძო სექტორზე გადადის.

აუცილებელია, რომ განვითარების სტრატეგიული ვექტორი კვლავ დასავლური ბიზნესისკენ მობრუნდეს. ზრდის ტემპები უნდა ავიდეს ორნიშნა მაჩვენებელზე და გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა მიზანმიმართული ეტაპობრივი პოლიტიკის გატარების შედეგად შესაძლებელია, საქართველო ტურისტულად განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *