დინჯი მრბოლელი

დინჯი მრბოლელი

არცთუ მრავალსართულიანი სახლის კომფორტულად მოწყობილი სხვენის აივანზე გამავალი ფართო კარიდან მთელი თბილისის ხედი იშლება. „ახლა აივანზე ყოფნისთვის, ცოტა არ იყოს, ცხელა”, – ამბობს ჩემი რესპონდენტი. დილის მზე მართლაც ძლიერად აცხუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ გველოდა, შინაურულად არის ჩაცმული და მოთმინებით შეჰყურებს ჩვენი მზადების პროცესს ფოტოსესიისა და ინტერვიუსათვის. ამავდროულად მორჩილად ცდილობს შეასრულოს ყველა ჩვენი თხოვნა, მათ შორის, ტანისამოსის გამოცვლისა და რაიმე „უფრო შესაფერისის” ჩაცმის შესახებ. რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება თითქმის იმავე სამოსით, რომლითაც დაგვტოვა (მხოლოდ მაისური და ფეხსაცმელი გამოიცვალა) და თან იბოდიშებს, რომ მეტად ოფიციალური სამოსი თან არა აქვს. „სად გირჩევნიათ მოთავსდეთ ინტერვიუს ჩასაწერად?” – „ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სადაც ინებებთ”, – მპასუხობს დინჯად, მშვიდი ხმით და უაქცენტო რუსულით. კომფორტული და ამავდროულად მდიდრული მოკრემისფრო სამეულის წინ, ბუხარზე მის მიერ ერთ-ერთი რბოლისას მოპოვებული თასი დევს, რომელიც აივნიდან უხვად შემოჭრილ მზის სხივებს ირეკლავს. სწორედ მის პირდაპირ განვთავსდით ინტერვიუს ჩასაწერად.

შოთა აფხაზავა – დიპლომირებული ინჟინერი და სარბოლო მანქანების კონსტრუქტორი, ავტომრბოლელი, სხვადასხვა ტურნირისა და მსოფლიო თასების არაერთგზის პრიზიორი, ბიზნესმენი, რუსთავისა და მოსკოვის მიაჩკოვოს ავტოდრომების მფლობელი, უბრალოდ თავგადასავლების მოყვარული, რომელმაც მეგობართან ერთად იახტით ატლანტის ოკეანე გადაცურა, ბავშვობის ოცნება რომ აეხდინა – არც კი ვიცი, რომელი ერთით დავიწყო. არჩევანს მაინც ბიზნესის სასარგებლოდ ვაკეთებ და ვთხოვ მიამბოს მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ რუსეთში, რადგან მისი საქმიანობა, გარდა ავტოსპორტისა, საქართველოს საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.

„სინამდვილეში რუსეთში მე არცთუ ფართომასშტაბიანი ბიზნესით ვარ დაკავებული. მაქვს ერთი ძირითადი ბიზნესი ყაზახეთში, რამდენიმე მიმართულება რუსეთში და რამდენიმე – გერმანიაში. რუსეთში მაქვს ერთი მეტალურგიული პროექტი, ავაშენე და ვფლობ ერთ-ერთ პირველ სარბოლო გზას, მაქვს საკონსტრუქტორო ბიურო – Art Line Engineering-ი, რომელიც სარბოლო ავტომობილებს აწარმოებს და დაკავებული ვარ სარბოლო შეჯიბრებების გამართვით. ყაზახეთში, შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბურ დონეზე ვარ დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ბიზნესით – გადაზიდვების მხრივ ჩემი კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესია ყაზახეთში. რაც შეეხება გერმანიას, ეს ბიზნესიც ძირითადად ავტომობილებთან არის დაკავშირებული”, – მეუბნება შოთა აფხაზავა.

იხსენებს, რომ ავტომობილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა, რის შედეგადაც სრულიად გააზრებულად ჩააბარა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში (МАДИ), მიუხედავად იმისა, რომ მამისათვის, მერაბ აფხაზავასთვის, რომელიც რუსეთის დამსახურებული მშენებელია, უფროსი შვილის მიერ სამშენებლო სფეროს უგულებელყოფა დიდი დანაკარგი იყო.

„პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვობიდანვე მქონდა განვითარებული, ძალიან მიყვარდა მამაჩემი და ჩემთვის გამოწვევა იყო, ვყოფილიყავი მამაჩემის, ჩემი ნათესავების შესაფერისი. ეს, ერთი მხრივ, ყოველთვის მძიმე ტვირთი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მოტივაციას მაძლევდა. რაც უფრო ღირსეული მშობელი გყავს, მით მეტად ღირსეული უნდა იყო შენც. მამამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და მე ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი პროექტების მეშვეობით დაბრუნდა საქართველოში. სწორედ მამამ ააშენა რუსთავის ავტოდრომი, ჩვენი სხვა ობიექტები და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ რამეს ააშენებს საქართველოში, რადგან ჩვენთვის ეს განსაკუთრებული ემოციაა – როგორც იქნა ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში ვაშენებთ. მერე რა, თუ აქ იმდენ მოგებას ვერ ვნახავთ, რამდენსაც სხვა ქვეყნებში – როდესაც ასეთი კმაყოფილებით აკეთებ საქმეს, ყოველი დოლარი თუ ლარი უდრის ათასს, მიღებულს სხვა ქვეყანაში”, – მეუბნება აფხაზავა.

საქართველოში ინვესტირება 2006 წლიდან დაიწყო და მიაჩნია, რომ ეს მისი მოქალაქეობრივი არჩევანი იყო. ისტორიული გარდატეხის მომენტში, როდესაც ქვეყანა თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა, ცვლილებების მონაწილედ ყოფნა არჩია და არა უბრალოდ მოწმედ. პირველი ინვესტიცია ქვეყანაში სავაჭრო ბიზნესს უკავშირდებოდა, რომელიც ახლახან შეწყვიტა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ეკონომიკური სიტუაცია აღარ აძლევს მისი გაგრძელების საშუალებას. თუმცა უარი არ უთქვამს ავტოსპორტის განვითარებაზე, რადგან 2009 წელს შეისყიდა და 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა რუსთავის ავტოდრომის რეკონსტრუქციაში, რომელიც 2012 წელს დასრულდა.

„რუსთავის ავტოდრომი ინფრასტრუქტურული ობიექტია. ზოგადად ავტოდრომი არც ერთ ქვეყანაში არ წარმოადგენს შემოსავლიან ბიზნესს. როდესაც ავტოდრომს ვაშენებდით, ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყანაში მეტი ინვესტიციისა და ტურისტის მოზიდვა იყო ბევრი საერთაშორისო დონის ღონისძიების გამართვის გზით. თუ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებას მოვინდომებთ, მაგალითად, GT3-ის კლასში მსოფლიო ჩემპიონატის, შეუძლებელია ეს მოვლენა ისე გაშუქდეს, რომ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე ეთერში ასჯერ მაინც არ იყოს ნახსენები სიტყვა „საქართველო”. გამოდის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას აჩვენებენ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე და ქვეყნის იმიჯი ამგვარი ღონისძიების წყალობით პრინციპულად შეიცვლება. შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც აქამდე არ ჩამოვიდოდა საქართველოში, ამის შემდეგ ჩამოვა. ჩვენ გვინდოდა ქვეყნის იმიჯი შეგვეცვალა მსოფლიო მასშტაბით და ამ საქმეში, პრინციპში, ხელისუფლების მხარდაჭერითაც ვსარგებლობით, თუმცა ამას ვაკეთებდით დამოუკიდებლად, სახელმწიფო პრივილეგიებისა და ფინანსების გამოყენების გარეშე. ეს ჩვენი კერძო ინვესტიცია იყო”, – მეუბნება შოთა აფხაზავა.

დიდი ენთუზიაზმით საუბრობს საქართველოზე, აქ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ქვეყნის განვითარების გზებზე. ყველაფერს მიყვება ისე მწყობრად, თითქოს წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმეორებს ყველა თანმხლები ემოციური ნიუანსით, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, მიმიკით თითქმის არ გადმოსცემს ემოციას. როგორი მრავლისმთქმელი შინაარსის ტექსტსაც არ უნდა წარმოთქვამდეს, სახეზე ემოცია თითქმის არ ეცვლება – ისევ ისეთი მშვიდი, აუღელვებელი ტონით განაგრძობს, როგორითაც საუბარი დაიწყო, თუმცა დიდი ენთუზიაზმითა და დამაჯერებლად მიყვება მისი ინტერესის კიდევ ერთი სფეროს – ტურიზმის შესახებ. Batumi Tennis Club-ი და Caucasus Adventure Tours-ი – შოთა აფხაზავას ეს ორი პროექტი – საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.

Caucasus Adventure Tours-ი 100%-ით იმ უცხოელებზეა ორიენტირებული, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და გადაადგილების სხვადასხვა საშუალებით – კვადროციკლებით, მოტოციკლებით, ვერტმფრენებით – იმოგზაურონ საქართველოში. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე ელიტური ტურისტული ბაზის გამართვას, სადაც ვიზიტორები ჩამოვლენ სპეციალური ვერტმფრენებით და რამდენიმე დღით განსაკუთრებულად კომფორტულ პირობებში დაისვენებენ. ჩვენ ხუთი განსხვავებული კლიმატური ზონა გვაქვს და სწორედ ექვსდღიან ტურზე ვაკეთებთ პოზიციონირებას, რომ ყოველ დღეს ადამიანმა ახალი კლიმატური ზონა ნახოს. ეს ჩვენთვის ღვთის მიერ მონიჭებული საჩუქარია და უნდა გამოვიყენოთ, რადგან ცოტა ქვეყანას თუ შეუძლია დაიკვეხნოს ტურისტებისათვის ერთ ტერიტორიაზე ხუთი განსხვავებული კლიმატური ზონის შეთავაზებით”, – ამბობს შოთა აფხაზავა.

2006 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 40 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, აქედან 25 მილიონი დოლარი მხოლოდ რუსთავის ავტოდრომზე მოდის. მიაჩნია, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე შეიძლებოდა ჩაედო ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ ამბობს, რომ უბრალოდ უყვარს ეს ქვეყანა. თუმცა აქვს შენიშვნები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ გარკვეული ხნის წინ კარგად ესმოდა ის პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მათი მონაწილე გამხდარიყო, თუმცა აღიარებს, რომ ახლა სავსებით ცხადად ვერ აღიქვამს ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ იდეას.

„მას შემდეგ, რაც ეს იდეა ფორმულირდება, შესაძლებელი გახდება მისი შეფასება, კორექტირება, გაკრიტიკება ან უარყოფა, მაგრამ ახლა, ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად დადასტურებულ უარყოფით რეზულტატს ქვეყნის ეკონომიკაში. 3 პროცენტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თუ – 3 პროცენტი, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, დავუშვათ, 0-ის ირგვლივ ვტრიალებდეთ. ერთადერთი, რაც ჩვენს ეკონომიკას გადაარჩენს, ეს სტაბილური ეკონომიკური ზრდაა, ჩემი აზრით, არანაკლებ 7 პროცენტისა. ვერავინ დაარწმუნებს ინვესტორს, ჩადოს ფული საშუალო დონის ზრდის ეკონომიკაში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი სუპერმნიშვნელოვანი მომენტი – ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებშიც მშობლებმა ინვესტიცია განახორციელეს. სად არის მიზეზი იმისთვის, რომ ისინი დარჩნენ ქვეყანაში და გააგრძელონ ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა? მათ კარგი განათლება აქვთ და ხვდებიან, რომ აქ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ეკონომიკა 3 პროცენტით იზრდება. უნდა იყოს ისე, რომ ადამიანებს მოსწონდეთ აქ ცხოვრება, ისეთი კლიმატი უნდა იყოს, რომელიც ხელს შეუწყობს დიდი, შემდგარი ბიზნესმენების ჩამოყალიბებას”, – მიაჩნია შოთა აფხაზავას.

თავად სამი შვილი ჰყავს – მერაბი, ნატაშა და ალექსანდრე. მერაბი უფროსი ვაჟია, მასზე საუბრისას ისეთივე სიამაყეშერეული ტონი აქვს, როგორიც მაშინ, როცა მამაზე საუბრობს, მერაბი სწორედ ბაბუის მოსახელეა.

„მერაბი 19 წლისაა, ახლა უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ვართ, არ უნდა შევცდეთ და სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მე მაინც ვემხრობი აზრს, რომ განათლება აშშ-ში მიიღოს. მან თავად აირჩია სფერო, რომელიც, პრინციპში, საქართველოსთან აკავშირებს. მე მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ სურს სოფლის მეურნეობის დარგში გააგრძელოს განათლების მიღება, რამაც მის სასწავლებელში დიდი გაკვირვება გამოიწვია. ის, მისი თანატოლებისგან განსხვავებით, ერთადერთია, ვინც ამ სფეროში წასვლა არჩია. მისი არჩევანი მეტყველებს იმაზე, რომ ის საქართველოსთან მჭიდრო კავშირში იქნება, რადგან ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა დიდი შესაძლებლობებით გამოირჩევა. მე მჯერა, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც თავის ბიზნესს შექმნის. ეს ყოველთვის დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც საკუთარ თავს აყენებ”, – ამბობს შოთა აფხაზავა.

სიტყვა „გამოწვევა” მის ლექსიკაში ძალიან ხშირია. საუბრისას არაერთხელ ახსენებს გამოწვევების თემას და მას მუდმივად უბრუნდება. საკუთარი თავის შეჯიბრებაში გამოწვევად მიიჩნევს თავისი ცხოვრების ყველა ეტაპს და ყველა ქმედებას ბიზნესსა თუ სპორტში. მისთვის გამოწვევაა რბოლაც და ოკეანის გადაცურვაც – ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ეჯიბრება.

„ყოველთვის, როდესაც ავტოდრომზე გადიხარ, ეს შეჯიბრებაა, შენ პირველ რიგში ეჯიბრები არა მოწინააღმდეგეს, არამედ საკუთარ თავს, ეს გამოწვევაა – შეძლებ, თუ ვერა? ამგვარი ქმედება განსაკუთრებით რთული ხდება, თუ შენ მოგებული გაქვს რბოლა, ან უფრო მეტიც, უკვე გახდი ჩემპიონი. საკუთარ თავთან ისევ გაჯიბრება, როდესაც შენ ეს-ესაა ახვედი მწვერვალზე, კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ასევე დიდი გამოწვევა იყო, როდესაც ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად ატლანტის ოკეანე გადავცურე. ჩვენ ძალიან ხიფათიანი თავგადასავალი გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, როდესაც ნაპირს ვშორდებოდით, რადგან გვესმოდა, რომ ეს გამოწვევა იყო, რომელიც მივიღეთ. დანარჩენს კი მნიშვნელობა აღარა აქვს, უნდა იბრძოლო ბოლო ტყვიამდე, სისხლის ბოლო წვეთამდე და შენ ეს უნდა შეძლო”, – მეუბნება შოთა აფხაზავა და კითხვაზე, იმავე პრინციპებით მოქმედებს თუ არა ბიზნესში, მიპასუხებს, რომ ბიზნესში, საბედნიეროდ, მის ქმედებებს ადრენალინი და აგრესია არ განაპირობებს, თუმცა აქაც ხშირად აყენებს საკუთარ თავს გამოწვევების წინაშე.

„შემოვსულიყავი საქართველოში – ეს ჩემი უდიდესი სურვილი იყო. არჩევანი კი, თუ რით დავკავებულიყავი კონკრეტულად, სწორედ რომ გამოწვევაა, რომელიც მივიღე და დავიწყე იმ პროექტების კეთება, რომლებსაც ჩემთვის, როგორც ინვესტორისათვის, დიდი შემოსავლის მოტანა არ შეეძლო, მაგრამ ქვეყნისათვის წარმატებული ბიზნესის შექმნის შემთხვევაში უამრავ ადამიანს დაასაქმებდა. მე მგონი, აქ არც აგრესიაა და არც ადრენალინი, უფრო შევძლებ თუ ვერ შევძლებ – კითხვაა საკუთარ თავთან”, – დასძენს შოთა აფხაზავა.

რა იყო ყველაზე დიდი სიჩქარე, რომლის განვითარებაც შეძლო ავტომრბოლელმა და სარბოლო მანქანების კონსტრუქტორმა? ამბობს, რომ ერთია ყველაზე დიდი სიჩქარე, ხოლო მეორე, რამდენად განიჭებს სიამოვნებას ეს სიჩქარე გარემოებებიდან გამომდინარე.

„ყველაზე დიდი სიჩქარით, 310-320 კმ/სთ, Nissan GT-R-ით გერმანულ ავტობანზე ვიარე, მაგრამ ამან ჩემზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. სამაგიეროდ, უზარმაზარი შთაბეჭდილებები მივიღე, როდესაც სულ რაღაც 260 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობდი Formula Indy Car-ით ამერიკულ ავტოდრომ Las Vegas Motor Speedway-ზე. ეს იყო ენით აღუწერელი შეგრძნება. ბევრად ჩქარა მიმოძრავია სხვა ავტოდრომებზე, მაგრამ აქ ვმოძრაობდი ოვალურ ტრაექტორიაზე, რომლის დახრა დაახლოებით 46%-მდეა. ეს ძალიან დიდი განივი დახრაა, მასზე შეიძლება, უბრალოდ, გადმობრუნდე. ოვალურ ავტოდრომზე 260 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილება ყველაზე გრანდიოზული იყო ჩემს ცხოვრებაში”, – იხსენებს შოთა აფხაზავა.

ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ასეთ მკვეთრ შეგრძნებებს იღებს რბოლისაგან, მორიგ ჰიპოთეტურ კითხვაზე, რომელ ავტომობილს აირჩევდა, სულ ერთის ქონის უფლება რომ ჰქონოდა, პასუხობს, რომ „ფორმულას”, რადგან მისი მეშვეობით შეეძლება სარბოლო გზაზე იასპარეზოს, ქალაქში გადასაადგილებლად კი სხვა საშუალებებიც არსებობს.

„ისე, მთელი ბავშვობა მეშინოდა, რომ მხოლოდ ერთი მანქანა მექნებოდა. ახლა ძალიან ბევრი მაქვს, თუმცა საყვარელი მანქანა მაინც 1991 წელს გამოშვებული „მერსედესია”, რომელიც 1995 წლიდან მაქვს და დღემდე ვინახავ. ეს იყო ჩემი პირველი უცხოური მარკის მანქანა და ალბათ ამიტომ არის ყველაზე საყვარელი. ჩემი სულ პირველი მანქანა „მოსკვიჩი 401″ იყო. ახლა, მაგალითად, მაქვს Dodge Challenger-ი, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მომწონს, ჩვენი გზებისათვის ოპტიმალურია. მანამდე მქონდა „ლამბორჯინი”, მაგრამ მივხვდი, რომ „ლამბორჯინი” საქართველოსთვის შესაფერისი მანქანა არ არის”, – მეუბნება შოთა აფხაზავა.

ჩვენი საუბრის განმავლობაში უკვე მერამდენედ რეკავს მისი ორი იდენტური, შავი iPhone-დან ერთ-ერთი. საქართველო ინტერვიუს დასრულებიდან რამდენიმე საათში უნდა დატოვოს და ზარებიც ძირითადად ამის გამო არ წყდება მის ტელეფონებზე. მეც ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კითხვის დასმა მოვასწრო, სანამ დრო სრულიად ამოიწურება. საქართველოში ავტოსპორტის განვითარების რა პერსპექტივას ხედავს ქვეყნის ერთადერთი ავტოდრომის მფლობელი? როგორც მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ახლაც ბევრი ფიქრის გარეშე მპასუხობს, თითქოს იცოდა, რომ შევეკითხებოდი და პასუხიც წინასწარ მოიფიქრა: „ამ საკითხს მე პრინციპულად ორ კატეგორიად ვყოფ. ერთი მხრივ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ჩვენს მრბოლელებს აქვთ ტალანტი. სულ რაღაც ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ავტოდრომი ავამუშავეთ, ბევრმა ჩვენმა პილოტმა პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს მიაღწია. ამ თვალსაზრისით, ერს ნამდვილად აქვს პერსპექტივა. თუმცა არის მეორე ნაწილიც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასთან და პოლიტიკურ მდგომარეობასთან უფრო არის დაკავშირებული. ბოლო დროს, სამწუხაროდ, ბევრი კომპანია იძულებულია უარი თქვას თანამშრომლობაზე ძირითადად იმიტომ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შეიცვალა. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს განვითარებისადმი ინტერესი შემცირდა და ჩვენც ერთი ნაბიჯით უკან დავიხიეთ, მაგრამ მიუხედავად დაბრკოლებებისა, ჩვენ მაინც ვაშენებთ ქართულ ავტოსპორტს, მე ეს სფერო ძალიან პერსპექტიულად მიმაჩნია”, – ამბობს შოთა აფხაზავა და ამით ჩვენი ისედაც ხანგრძლივი საუბრის დრო იწურება. რეპლიკაზე, რომ მასთან საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, ამბობს, რომ საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, რომ არა თვითმფრინავი, რომელიც რამდენიმე საათში მიფრინავს და ისევე დინჯად გვემშვიდობება, როგორც შეგვხვდა. მისი სიდინჯის შემხედვარე, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, რომ შენ წინაშე რისკიანი ავტომრბოლელი და გამოწვევების მოყვარული ბიზნესმენი დგას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *