პრობლემების მომგვარებელი

7 წლის წინ ექვსი თანამშრომლით, რამდენიმე ათასი ლარითა და თბილისში 20 - კვადრატულმეტრიანი ფართის ოფისით დაწყებულ სტარტაპს ახლა ოფისები ოთხ ქვეყანაში აქვს, 10-მდე მსხვილი კლიენტი ჰყავს და მუდმივად იზრდება. სულ ახლახან Singular-ის დამფუძნებლებმა უცხოელ ინვესტორს უარი უთხრეს კომპანიის 20 მილიონ ევროდ მიყიდვაზე იმის გამო, რომ მათთვის წინსვლის არეალი ჯერ კიდევ ძალიან დიდია.

ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს Singular-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი შამუგია 29 წლის გახდა.

9 წლის წინ, 20 წლის ასაკში, აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტში (UEL) კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობდა და მეგობართან, აკაკი მელაძესთან ერთად, რომელიც მოგვიანებით მისი პარტნიორი გახდა, შემთხვევით Vodafone-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ განცხადებას წააწყდა, სადაც ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე აპლიკაციის შექმნას ითხოვდნენ. მეგობრებმა აპლიკაცია ორ თვეში შექმნეს და კონკურსში პირველი ადგილიც მოიპოვეს, რისთვისაც ჯილდოდ 6 ათასი ევრო მიიღეს. ამავდროულად, Vodafone-მა მათი აპლიკაცია საკუთარ app store-ში პირველ გვერდზე განათავსა. დაინტერესებამ, რომელიც ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილმა აპლიკაციამ დაიმსახურა, მეგობრებს გადააწყვეტინა, პირველი თანამშრომლობისთვის ბიზნესის სახე მიეცათ.

6 ათასი ევრო მთლიანად სტარტაპში დააბანდეს და შემდეგი სამი წლის განმავლობაში სხვა, მათ შორის Nokia-ს, Sony Ericsson-ისა და კვლავაც Vodafone-ის კონკურსებშიც მოიპოვეს გამარჯვება. უნივერსიტეტის დასრულებამდე აპლიკაციების შექმნა სახალისო იყო და გარკვეული მოგებაც მოჰქონდა, თუმცა სწავლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრისთვის უფრო სერიოზული სახე უნდა მიეცათ, რადგან მიღებული შემოსავალი სტუდენტებისთვის თუ საკმარისი იყო, კომპანიის ზრდას და ხალხის დასაქმებას არ ეყოფოდა, მით უმეტეს ინგლისში, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია - სამუშაო ძალით დაწყებული, საოფისე ფართით დამთავრებული. გადაწყვიტეს, საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და აქ გაეგრძელებინათ. თბილისში პირველი ოფისი 20 კვადრატულ მეტრში განთავსდა, საწყისი კაპიტალის სახით ნაწილობრივ საკუთარი თანხა დააბანდეს, ნაწილი მესამე დამფუძნებლისგან ისესხეს. ჯამში, პირველ წელს 90 ათასი ლარი დახარჯეს, თუმცა “ის წელი საკმაოდ რთული გამოდგა”.

მისი აზრით, ბევრი რამ, რისი შექმნაც პირველი ორი წლის განმავლობაში მოახერხეს, დღემდე მოჰყვება Singular-ს. მიიჩნევს, რომ გუნდურობა, მისიაზე ორიენტირება, საერთო ღირებულებებისა და ხედვის გაზიარება გადამწყვეტია ნებისმიერი სტარტაპისთვის.

“ის გუნდი ძალიან პატარა იყო, მაგრამ ეფექტიანი. მაშინ შექმნილი ბევრი რამ დღესაც მუშაობს. პირველმა ორმა თანამშრომელმა ჩვენი ხედვა მაშინვე გაიზიარა, მათ სამსახურები მიატოვეს და უფრო დაბალი ხელფასის პირობებში შემოგვიერთდნენ გუნდში. მათი წვლილი მომავალი წარმატებების კარგი საფუძველი გახდა”.

გეგმაში თავიდანვე ორი მიმართულება ჰქონდათ - სათამაშო ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფა და ონლაინგადახდების სისტემები.

“ამ მხრივ მოთხოვნა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იყო და დღესაც იგივე მდგომარეობაა, არაფერი შეცვლილა”, - მიხსნის გიორგი შამუგია.

Singular-ის ოფისში ვსხედვართ, სპორტის სასახლესთან მიწისქვეშა გადასასვლელის სივრცეში განთავსებულ ოფისში, სადაც ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი კომპანია თუ დამხვდებოდა. გარშემო ყველა მუშაობს, შავკედლებიანი სივრცე წიგნის კარადებით არის დაყოფილი, ჩვენ უკან მდებარე მაგიდიდან კომპანიის ერთ- ერთი თანამშრომელი ინგლისურენოვან კლიენტს Skype call-ით ესაუბრება, რაც ასე დამახასიათებელია IT- სერვისის მიმწოდებელი კომპანიისთვის, რომელსაც ოფისები, კლიენტები და პარტნიორები ძირითადად ქვეყნის გარეთ ჰყავს.

Singular-ს საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ “აჭარაბეთთან” აქვს, რომელიც კომპანიის კლიენტი “სრულიად შემთხვევით გახდა”.

“თვითონ მოვიდნენ. ონლაინკაზინოსთვის სჭირდებოდათ პროექტი. ნარდი გავუკეთეთ და რადგანაც მოეწონათ ის დრო და ხარისხი, რაც შევთავაზეთ, გრძელვადიანი თანამშრომლობით დაინტერესდნენ”, - იხსენებს გიორგი შამუგია.

ამჟამად ყველა სერვისი თუ პროგრამული უზრუნველყოფა, რაზეც “სინგულარი” მუშაობს, Cloud-ზე თავსდება, საიდანაც კლიენტებს მათი ქირაობა შეუძლიათ.

“როცა ახალ სერვისს ან პროდუქტს ვქმნით, კლიენტებს ვატყობინებთ, რომ, თუ აინტერესებთ, შეუძლიათ ისარგებლონ. პირდაპირ მიყიდვას, თანამშრომლობის ეს მოდელი ბევრად სჯობს, რადგან revenue share-ზეა მიბმული, ანუ ჩვენი პროდუქტი თუ თანხას გამოიმუშავებს, ამ თანხის გარკვეული პროცენტი ჩვენია”, - მიხსნის “სინგულარის” CEO.

გიორგი შამუგიას წარსულიდან და პროფესიიდან გამომდინარე, სულაც არ მიკვირს, საუბრისას ამდენ ინგლისურ ტერმინს რომ იყენებს. თუმცა ყურში მაინც განსაკუთრებულად მხვდება “დღის ბოლოს”, რასაც ძალიან ხშირად ამბობს და რაც “at the end of the day” იდიომის პირდაპირი თარგმანია.

საკუთარი პროდუქტების Cloud-იდან გაქირავება მისი ერთადერთი ჭკვიანური მიგნება არ არის. ვუსმენ და ვხვდები, რომ ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალში შეუძლია დაინახოს შესაძლებლობა და გამოიყენოს ის. მაგალითად, რამდენ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს იდეა, ნიგერიაში სწრაფი გადახდის აპარატებით, ხოლო სამხრეთ აფრიკის ბაზარზე ონლაინგადახდის სისტემებით შევიდეს? ეჭვი მაქვს, რომ არც ისე ბევრს. ნებისმიერ შემთხვევაში, გიორგი შამუგია ერთ-ერთი მათგანია.

სწრაფი გადახდის აპარატებთან პირველი შეხება Singular-ს მაშინ ჰქონდა, როცა კომპანიაში ასეთი აპარატების სისტემურ უზრუნველყოფაზე მუშაობდნენ. პარტნიორებმა ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოაჩინეს და მიხვდნენ, რომ ამ პრობლემებს თუ გადაჭრიდნენ, მიმართულება საინტერესო იქნებოდა.

როდესაც Singular-ი ნიგერიის ბაზარზე შევიდა და იქაურ კაზინო- ოპერატორს პროგრამული უზრუნველყოფა მიაწოდა, აღმოჩნდა, რომ კლიენტს მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდა: იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ნაღდ ფულს იყენებს, კაზინოს მომხმარებლისგან ფულის მიღება უჭირ და. ნიგერიაში ინტერნეტგადახდები პრობლემატურია. ქვეყანა დიდია, ხოლო სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესისთვის - დიდი მასშტაბები. თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენებას ერთი ფაქტორი აბრკოლებდა - აპარატების ფასი.

“ყველაზე იაფი $1000 ჯდება, რასაც ემატება ტრანსპორტირების, განბაჟების ხარჯები და კიდევ უფრო ძვირი გამოდის. შესაბამისად, ბაზარზე ასეთი ძვირად ღირებული პროდუქტით თუ შეხვალ, ბიზნესი მოგებიანი აღარ იქნება”, - მიხსნის გიორგი შამუგია, რომელმაც ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო.

“ნახევარი წელი ვიმუშავეთ პროექტზე და ბოლოს მივედით იქამდე, რომ უკვე გვაქვს საკუთარი დანადგარები, რომლებიც $500 ჯდება”, - ამბობს გიორგი შამუგია და იქვე ოფისის ერთ-ერთ კუთხეში განთავსებულ რამდენიმე სწრაფი გადახდის აპარატზე მიმანიშნებს, რომლებზეც Singular-ის წითელ ფერში გადაწყვეტილი ლოგო მხვდება თვალში.

როგორ მოახერხა Singular-მა აპარატის ფასის განახევრება? ნაწილები ჩინეთში შეუკვეთეს, რომლებიც ყველა საჭირო ფუნქციის მქონე მომცრო მექანიზმს იაფად ამზადებს. ნიგერიაში მეტალზე მუშაობის გამოცდილების მქონე რამდენიმე კომპანია დაიქირავეს, დიზაინი ერთად დახვეწეს და საბოლოო შედეგამდე მივიდნენ. ახლა წარმოება ლოკალურია და თუ აპარატს რამე გაუფუჭდა, ნაწილების გამოცვლაც ადვილია, შესაბამისად, ბიზნესის კეთება რეალური და მარტივი გახდა.

ჰქონდეს ყველანაირი მხარდაჭერის შესაძლებლობა იმ ადგილზევე, სადაც ბიზნესოპერაციები აქვს - Singular-ის ბიზნესმოდელისთვის დამახასიათებელი მიდგომაა. სწორედ ამიტომ გადავიდა კომპანიის სათავო ოფისი მალტაში და გაჩნდა სხვა ოფისებიც ლონდონსა და მაკედონიაში, ხოლო უახლოეს მომავალში მათ რიცხვს კიევი და სან-ფრანცისკო დაემატება.

საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილი იყო, რადგან კომპანიის რეგისტრირება იაფი ჯდება და კარგი ბაზარია “პროდუქციის გასატესტად, რადგან აქაური მომხმარებლის ქცევის განზოგადება შეიძლება სხვა ქვეყნის მომხარებელზეც”, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე Singular-ისთვის ბიზნესოპერაციები გართულდა, პირველ რიგში კადრების ნაკლებობის გამო.

“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოფისი მაკედონიაში გავხსენით, იყო ის, რომ საჭირო კადრები მარტივად იშოვებოდა და საქართველოსთან შედარებით იაფადაც”, - იხსენებს გიორგი შამუგია და ამბობს, რომ მართალია, საქართველოში ამ მხრივ ვითარება მკვეთრად არ იცვლება, მაგრამ კომპანიის ზრდასთან ერთად შესაძლებელი ხდება სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულების გადამზადება 6-8 თვის განმავლობაში, რომლებიც შემდეგ კომპანიაში საქმდებიან. დღეისთვის Singular-ში 100-მდე ადამიანი მუშაობს.

მალტაში სათავო ოფისის გადატანა კიდევ ერთმა პრობლემამ განაპირობა, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს სპეციფიკიდან მომდინარეობს. სათამაშო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიას აუცილებლად სჭირდება ლიცენზირება, “წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ კლიენტს ვერ აიყვან, მით უმეტეს, ვერ შეხვალ კარგად რეგულირებად ბაზრებზე”. ასეთ ლიცენზიებს პროგრამული უზრუნველყოფისთვის სპეციალური ინსტიტუტები გასცემენ, ოღონდ არა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რადგან “აქაური კანონმდებლობა თანხვდენაში არაა სხვა ბაზრებთან და რამე რომ მოხდეს, კლიენტი კომპანიები ვერ გიჩივლებენ, რადგან აქ ბაზარი განსხვავებულად რეგულირდება. სწორედ ამიტომ გადავიტანეთ ოფისი მალტაზე”.

იყო სხვა მიზეზებიც. გიორგი შამუგია მიიჩნევს, რომ საქართველოში ოპერირება საკმაოდ რთულია, რადგან თუკი მალტაში სათამაშო ბიზნესი 5%-ით იბეგრება, საქართველოში დაახლოებით 38% უწევს.

“საქართველოში გარემო ფინანსური კანონმდებლობის კუთხით დასახვეწია, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა დამწყები კომპანიებისთვის. სტარტაპისთვის თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს, რომ სწრაფად გაიზარდოს, ამ დროს კი ერთბაშად 38% ძალიან პრობლემურია. ჩვენც საკმაოდ მძიმედ გავიარეთ ეს ეტაპი”, - ამბობს გიორგი შამუგია.

თუმცა “დღის ბოლოს” ყველაფერი გლობალიზაციისკენ მიდის და Singular-ის დამფუძნებელსაც სჯერა, რომ გარკვეული ეტაპის მიღწევის შემდეგ ყველა ბიზნესი მზად უნდა იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის განსახილველად. “სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა” და სწორედ ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ მის კომპანიას აშშ- შიც დასჭირდა ოფისის გახსნა. იქაურ კლიენტებს მალტა არ აწყობდათ, ისევე როგორც სხვა კლიენტებს არ აწყობდათ საქართველო ანგარიშსწორებისას მეტი ხარჯების გამო.

დამწყები კომპანიებისთვის კიდევ რამდენიმე რჩევა აქვს. პირველი - არჩეული მიმართულება გარკვეული პრობლემის გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს, რადგან “თუ პრობლემა არ არსებობს და იდეა ამ პრობლემას არ აგვარებს, კლიენტები არ გამოჩნდებიან”; მეორე - დამწყებმა ბიზნესმენებმა ის საქმიანობა უნდა აირჩიონ, რაც მოსწონთ, რისი კეთებაც სიამოვნებთ და ეს მათთვის “უბრალოდ ყოველდღიური სამსახური” არ უნდა იყოს; მესამე - აუცილებელია თავდადება.

“ბევრ ადამიანს აქვს კარგი იდეა, თუმცა უკვე სადღაც მუშაობს და ეშინია მისი განხორციელების, ვაითუ არაფერი გამოვიდეს. სტარტაპის ყველაზე დიდი მტერიც ესაა. თუ 100%-ით არ გჯერა შენი იდეის და არ ხარ მზად, თავი მიუძღვნა, წარუმატებლობა გარანტირებულია. თუმცა ზუსტად ასევეა წარმატება გარანტირებული, როცა ბოლომდე გჯერა იდეის, ყველაფერს მიატოვებ და ამისთვის თავს გადადებ. რაც მთავარია, საქართველოში ქართული პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქრო და არა, მაგალითად, ამერიკულის. თუ ქართული პრობლემის მოგვარებას დაისახავ მიზნად და შეძლებ მის მოგვარებას, ძალიან მალე განვითარების დონით ჩვენზე ნაკლებგანვითარებული ბევრი ქვეყანაც დადგება იმავე პრობლემის წინაშე და ეს შენი ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობას შექმნის”, - მეუბნება წარმატებული კომპანიის წარმატებული CEO, რომელსაც საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი გეგმა აქვს.

ზედიზედ მეორე წელია, Singular-ი ლონდონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრეიდშოუზე, ICE Totally Gaming-ზე წარადგენს საკუთარი საქმიანობის პორტფელს, რაც სათამაშო პლატფორმებსა და 5000-ზე მეტ ონლაინთამაშს მოიცავს. ინტერესი კომპანიის მიმართ ყოველთვის დიდია, მაგალითად, შარშან 15-მდე კონტრაქტის შეთავაზება მიიღეს, საიდანაც მხოლოდ ორის დაკმაყოფილება შეძლეს, რადგან ადამიანური რესურსებისა და მასშტაბის პრობლემას წააწყდნენ. შესაბამისად, ახლა კომპანიის დამფუძნებლების უპირველესი მიზანი მეტი გლობალიზაცია და მასშტაბების ზრდაა.

“პირადი მიზნები და ის, რომ, მაგალითად, მარკ ცუკერბერგივით ცნობილი გავხდე, ნაკლებად მაწუხებს. ჩვენი შრომის დაფასება ჩემთვის კომპანიის სახელის ცნობადობის ზრდა იქნება, ამისთვის ყველანი ბევრს ვმუშაობთ”, - ამბობს გიორგი შამუგია.

მალე Singular-ი სამხრეთ აფრიკის ბაზარზე ფინანსურ ტექნოლოგიებს შეიტანს, ხოლო სან-ფრანცისკოსა და კიევში ახალ ოფისებს დაიმატებს. კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ გეგმა და იციან, საით მიდიან, გზად კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება. სანამ მსოფლიოში არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება ინოვაციური გადაწყვეტილებებით შეიძლება, Singular-ისთვის მეტ განვითარებას წინ არაფერი უდგას. 

წინა სტატია

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 14 პროცენტით გაიზარდა
15 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.3 პროცენტით გაძვირდა
15 ნოემბერი, 2016
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker