როგორ შევიძინოთ ავტომობილი საქართველოში?

როგორ შევიძინოთ ავტომობილი საქართველოში?

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში საავტომობილო ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. მიუხედავად ომის შემდგომი კრიზისისა და ამ ფონზე გაყიდვების შემცირებისა, საავტომობილო ბაზარი სტაბილურად მიიწევს წინ და მას ახალი მოთამაშეებიც ემატებიან, რომლებიც მომხმარებლებს მანქანის შესაძენად კიდევ უფრო მეტად ინოვაციურ პირობებს სთავაზობენ. ამავდროულად, იხვეწება მომსახურების ხარისხიც: თუ ადრე განვადებისა და შემდგომ დაზღვევისთვის ცალ-ცალკე უნდა მიემართა მყიდველს ბანკისა თუ სადაზღვევო კომპანიისთვის, ახლა ყველას შეუძლია სრული სერვისი უშუალოდ მანქანის შეძენის ადგილას მიიღოს.

მიუხედავად ამისა, ხშირია მოსაზრება, რომ მომხმარებელი მაინც არ არის კარგად ინფორმირებული, ამისათვის კი შევეცადე სწორედ მომხმარებლის პოზიციიდან დამენახა, თუ რას სთავაზობენ დილერები, ბანკები თუ სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს და რამდენად მოსახერხებელია მათი შეთავაზებები მყიდველისათვის.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნილ და პოპულარულ ავტობრენდს Toyota წარმოადგენს, რომლის ოფიციალური დილერი „ტოიოტა ცენტრი თბილისია”. კომპანია 1998 წლის 1 ნოემბრიდან „ტოიოტა მოტორ კორპორაციის” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას ბრენდის ახალ მანქანებს, ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე სრულ სერვისს. ამჟამად ავტოცენტრში ტოიოტას მარკის 13-ზე მეტი მოდელია წარმოდგენილი. ავტომობილების მინიმალური ღირებულება 17000 აშშ დოლარიდან იწყება, აღნიშნულ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ Toyota Yaris-ი, ხოლო ცენტრში წარმოდგენილი ყველაზე ძვირად ღირებული მოდელის Toyota Land Cruiser 200-ის შესყიდვა 78 000 დოლარად არის შესაძლებელი. კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირად მოთხოვნილი პროდუქტი ტოიოტას მოდელებში: Prado და Land cruiser-ია.
მომხმარებელი, რომელიც არჩევანს ტოიოტას რომელიმე მოდელზე შეაჩერებს, მიიღებს სამწლიან გარანტიას ან 100 000 კმ-იანი გარბენი – რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
თუ თქვენ საკმარისი თანხა არ გაქვთ და აპირებთ მანქანის ავტოგანვადებით შეძენას, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ავტოსალონშივე შემოგთავაზებენ განსხვავებულ და მრავალფეროვან პირობებს. შეგახსენებთ რომ განვადებით ავტომობილის შეძენისას დაზღვევა სავალდებულოა.

ტოიოტა რავ 4-ზე ბანკ „რესპუბლიკას” აქვს საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური განვადების პირობები, ტოიოტას სათავო ოფისთან ერთად შეთანხმებული კობრენდირებული აქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ავტომობილის განვადებით შეძენისთვის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს შეიძინოს RAV 4, რომლის ღირებულებაც $28 500-ია, ბანკი „რესპუბლიკა” სთავაზობს შემდეგ პირობებს: 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში 5-წლიანი განვადებით სარგებლობისას ყოველთვიური შენატანი იქნება $438, ამასთან ერთად კი საჩუქრად მიიღებთ 6-თვიან დაზღვევას და საწვავით სავსე ავზს. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკ „რესპუბლიკის” მოხელფასე კლიენტებისთვის 0%-იანი თანამონაწილეობაც დასაშვებია; სხვა ბანკის კლიენტებისთვის კი – 20%. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლები სტატისტიკურად აღნიშნული ტიპის გამოთვლას ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას.

რაც შეეხება სადაზღვევო პირობებს, „ჯიპიაი ჰოლდინგი” ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაზღვევის ორ პაკეტს სთავაზობს. ესენია: პოლისი „ავტო კლასიკი ნაწილობრივი” (ეკონომიური პაკეტი), სადაც მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევა ფინანსდება და პოლისი „ავტო კლასიკი სრული”, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევასთან ერთად ითვალისწინებს ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, მინების, სარკეების ცალკეული დაზიანების, საგნების ვარდნის, ვანდალიზმის (სხვა პირის მიერ ბოროტგანზრახული დაზიანების), სტიქიური მოვლენების (გარდა მიწისძვრისა და სეტყვისა) დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. პოლის „ავტო კლასიკის” ყველა მფლობელისთვის გათვალისწინებულია უფასო სერვისები მთელი წლის განმავლობაში: სითი პარკის ერთწლიანი უფასო პარკირება; მანქანის ადგილზე რეცხვა Smart Wash-ი; მომსახურების პაკეტი თეგეტა მოტორსში; ავტოასისტანს პლუსი – ნასვამი მძღოლის მომსახურება.

ახალი ავტომობილების გაყიდვების სეგმენტში, 1998 წელს ჰიუნდაის ოფიციალურ პარტნიორად წარმოდგენილი “Hyundai Auto Georgia”, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს საავტომობილო ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს, ამჟამად სულ 21-ზე მეტი ავტომოდელია წარმოდგენილი. ფასები 11 500 დოლარიდან 75 000 დოლარამდე მერყეობს. ყველაზე იაფად ჰიუნდაი i10-ის შეძენა შეგიძლიათ (11500 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული ეგრეთ წოდებული Luxury ხაზის მოდელებია – Centennial/EQUUS (75 000 აშშ დოლარი) და GENESIS (72 000 აშშ დოლარი). კომპანიაშივე ავტომობილის შეძენის გარდა შეგიძლიათ მანქანის ნაწილების, აქსესუარების შეძენა და ტექნიკური მომსახურების მიღება.

ჰიუნდაის წარმომადგენლობა ქართველ მომხმარებელს სხვა კომპანიებისადან განსხვავებულ და საკმაოდ საინტერესო საგარანტიო პირობებს სთავაზობს. ავტომობილი გარანტიას ექვემდებარება გაყიდვის დღიდან 5 წლის განმავლობაში ულიმიტო გარბენით. (ძრავა, კოლოფი, ხიდები, ელექტრობა – 5 წელი ულიმიტო გარბენით, აუდიოსისტემა 3 წლის გარანტიით ან 100 000კმ., აკუმულატორი: 2 წ. ან 40 000 კმ, სავალი ნაწილი: 1 წ. ან 30 000 კმ, ძარის გამჭოლი კოროზია 5 წ.)

თუმცა ჰიუნდაის მანქანების საგარანტიო პირობებში არის გამონაკლისი შემთხვევებიც, რა დროსაც მანქანაზე გარანტია არ ვრცელდება, ასეთად შეგვიძლია დავასახელოთ ბუნებრივი მოვლენით, უხეში მოპყრობით ან უხარისხო საწვავით გამოწვეული დაზიანებები, ასევე სხვა წვრილმანი ტექნიკური დეტალები, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ხუნდების ან საქარე მინის საწმენდების შეცვლა და სხვა.
კომპანია ავტომფლობელებს ავალდებულებს, რომ ნებისმიერი სახის მომსახურება უნდა ჩატარდეს ჰიუნდაის სერვისცენტრში ან ჰიუნდაის სადილერო მომსახურების ცენტრში. ასევე სავალდებულოა სერვისის ჩანაწერების შენახვა და საჭიროებისას წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილს გარანტია მოეხსნება.

ზაფხულის განმავლობაში ჰიუნდაისა და ბანკ „რესპუბლიკას” აქვთ ერთობლივი აქცია, რაც გულისხმობს ნებისმიერი ავტომობილის შეძენისას ღირებულების ნაწილის საჩუქრად გადაცემას ანუ cash back-ს. აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ ბანკ „რესპუბლიკის” ავტოგანვადებით სარგებლობისას. მაგალითად: HYUNDAI i 10-ის შეძენისას, რომლის ღირებულებაც არის $11 550, მომხმარებელი ბანკისგან საჩუქრად მიიღებს $577-ს და დახარჯავს სურვილისამებრ. ასევე დამატებით საჩუქრად მას ჯი-პი-აის 6-თვიანი ავტოდაზღვევა გადაეცემა (რაც ამ ღირებულების ავტომობილის შემთხვევაში თანხობრივად $202-ს შეადგენს); აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაზღვევის პაკეტი მომხმარებლისთვის ძალიან მიმზიდველია (გათვალისწინებულია სეტყვაც და სხვა მრავალი შემთხვევა, რომელსაც სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს ხოლმე).

რაც შეეხება ყოველთვიურ შენატანებს, 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, 60-თვიანი განვადებით სარგებლობისას მომხმარებელი ყოველ თვეს ს $194-ს შეიტანს.
მომხმარებლებისათვის საინტერესო შეთავაზებები აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აის”. კომპანიას ავტოდაზღვევაში სამი ტიპის პროდუქტი აქვს წარმოდგენილი. ესენია: „ავტო კლასიკი”, „ავტო ლეიდი” და „ავტო დელუქსი”. „ავტო ლეიდისა” და „ავტო კლასიკს”, თითქმის განსხვავებული დაფარვები აქვთ, გამონაკლისია 24-საათიანი „ავტო ასისტანსი”, რომელსაც კომპანია მხოლოდ ქალბატონებს სთავაზობს, რაც შეეხება დანარჩენ დაფარვებს, ორივე პროდუქტი ფარავს სრულ დაზიანებას ავტოსაგზაო ხანძრის, აფეთქებისა და ვანდალიზმის, სტიქიური უბედურებების, ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის შემთხვევებისას, ავტოსაგზაო შემთხვევისას ნაწილობრივ დაზიანებისას და ლაფეტის უფასო მომსახურებას.

„ავტო დელუქსი” „ალდაგი ბისიაის” ექსკლუზიური პროდუქტია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს ზარალის დროს ავტომობილის დროებით ჩანაცვლებას იმავე კლასის ავტომობილით. და რაც მომხმარებლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა შეუზღუდავი უფლებამოსილება მძღოლებისათვის, რაც გულისხმობს, რომ ბრალეულობის მიუხედავად კომპანია მაინც ანაზღაურებს ზარალს. შეგიძლიათ აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად დამატებით შეიძინოთ მინებისა და სარკეების, ასევე ყველა რისკის დაზღვევა ნულოვანი ფრანშიზით და მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა.

საქართველოს საავტომობილო ბაზრის 45,5 % „იბერია ბიზნეს ჯგუფს” (IBG) უკავია, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგს. კომპანია მოიცავს როგორც ავტომობილების გაყიდვას, ასევე ავტოსერვისს, ავტოსათადარიგო ნაწილებს, ზეთებსა და საბურავებს. საქართველოში IBG შემდეგი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია: Volkswagen-ი, Audi, Skoda Auto, Kia Motors-ი, Renault, Mitsubishi Motors-ი, Peugeot. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მოთხოვნილი ბრედი კი Kia Motors-ია, რომლის ოფიციალური დილერად ჰოლდინგი 2007 წლის ნოემბერში იქცა. „კია” კორეული საავტომობილო ბრენდია, რომლის წარმატებასაც ქართულ საავტომობილო ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასი, შთამბეჭდავი საგარანტიო პირობები, ხარისხი და მიმზიდველი დიზაინი განაპირობებს. „კია მოტორსი” მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი მოდელების ფართო არჩევანს, სალონში მუდმივად არის წარმოდგენილი თითქმის მთელი სამოდელო რიგი – დაწყებული ეკონომ-კლასით, დამთავრებული წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილებით. ამჟამად „კია მოტორსში” წარმოდგენილია 11 მოდელი. ყველაზე დაბალი ფასით A კლასის მანქანა Kia Picanto გამოირჩევა, მისი ღირებულება 10 700 აშშ. დოლარია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული 50 000 აშშ. დოლარად შეფასებული Kia Quoris-ი გახლავთ. ქარხნული საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს, “Kia Motors Georgia” გარანტიას იძლევა ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობაზე მათთვის განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში აღმოჩენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საგარანტიო ვადის პერიოდში. შესაძლებელია უპროცენტო განვადების გაფორმება და მეორეული ავტომობილის ჩანაცვლება ახლით.

კომპანიას მომხმარებლების მიმართ გააჩნია გარკვეული საგარანტიო ვალდებულებები: ავტომობილის ექსპლუატაციისას რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე მომხმარებელმა უნდა მიმართოს „კიას” ავტორიზებულ სერვისცენტრს; ავტომობილმა უნდა გაიაროს გეგმიური ტექნიკური მომსახურება ყოველ 8 000 კმ გარბენზე, თუ ორიგინალი სათადარიგო ნაწილის შეცვლა მოხდა საგარანტიო ვადის პერიოდში, მაშინ მისი საგარანტიო ვადა იწურება ავტომობილის გარანტიასთან ერთად.

თუ ავტოგანვადების გაკეთებას „ვითიბი ბანკში” გადაწყვეტთ, ავტოსესხით სარგებლობის ზოგადი პირობები შემდეგია: პირველადი შენატანი – მინ. 15%; საპროცენტო განაკვეთი 0% -დან 15% -მდე; ვადა – მინიმუმ 3 თვე, ხოლო მაქსიმუმ 5 წელი.
„ვითიბი ბანკი” ერთადერთი ბანკია საქართველოში, სადაც ნებისმიერი ავტოსესხი მტკიცდება 20 წუთში, ანუ 20 წუთში კლიენტს უმტკიცდება კრედიტი და დაახლოებით 1 სააათში შეუძლია სალონიდან ახალი მანქანით წავიდეს.

საბუთებიდან კლიენტს მხოლოდ პირადობის მოწმობა სჭირდება. „ვითიბიბანკში” ავტოსესხით სარგებლობის შემთხვევაში, ბანკი კლიენტს საჩუქრად ავტომობილის 6 თვის დაზღვევას გადასცემს. 28 მაისიდან კი „ვითიბი ბანკი”, „კია მოტორსთან” ერთად, სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს: „კიას” ავტოსალონებში, Kia Cerato-ს, Kia Soul-ისა და Kia Cee’d-ის ყველა მყიდველი საჩუქრად მიიღებს უნიკალურ პაკეტს: 3-წლიან უფასო სერვისს ავტომობილზე (აქციით სარგებლობა შესაძლებელია 28 მაისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით და მხოლოდ „ვითიბი ბანკის” განვადების შემთხვევაში).

1 წლამდე ვადით განვადების შემთხვევაში შესაძლებელია 0%-იანი განვადება, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადის შემთხვევაში გადასახადი თვეში 270 აშშ დოლარიდან იწყება. განვადების მაქსიმალური ვადა 5 წელია. ამასთან ერთად ყველა მყიდველი დასაჩუქრდება ავტომობილის უფასო დაზღვევით 6 თვის მანძილზე.
Kia Cerato, Kia Soul-ი და Kia Cee’d-ი 2013 წლის უახლესი მოდელებია. ავტომობილების ფასი შესაბამისად 16 500, 19 300 და 19 200 აშშ დოლარიდან იწყება.

სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი” ახალი ბრენდია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ისტორია 2010 წლიდან იწყება. კომპანიამ, დღემდე განხორციელებული ინოვაციური აქტივობებით, შეიძინა ყველაზე სწრაფად განვითარებადი სადაზღვევო კომპანიის სტატუსი. სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა ავტომზღვეველებს შორის. „არდი ჯგუფი” მომხმარებელს სთავაზობს 4 პაკეტს: კასკო „ოპტიმისტი” – 3,9%, კასკო „სტანდარტი” – 4,2%; კასკო „ექსტრა” – 5,5%; კასკო „აბსოლუტი” – 6,5%; თითოეულ პაკეტში ტარიფის ზრდასთან ერთად იზრდება როგორც დაფარული რისკების რაოდენობა, ასევე დამატებითი მომსახურება.

თუ თქვენ ყურადღებას kia Quoris-ზე შეაჩერებთ, რომელიც 50 000 აშშ. დოლარი ღირს, ამ შემთხვევაში „არდი ჯგუფი” შემოგთავაზებთ ყველაზე პოპულარულ და ხშირად მოთხოვნილ პაკეტ „აბსოლუტს”, რომელიც კვარტალურად 2900 დოლარი (6,5% ის ნაცვლად 5,8%) ღირს, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში 2800 დოლარი (6,5% ის ნაცვლად 5,6%), რომელსაც, გარდა იმისა, რომ მოიცავს ყველა სადაზღვევო რისკს, ემატება ისეთი რისკები, როგორიცაა უხეში გაუფრთხილებლობა, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, არასწორი პარკირება და სხვა რისკები, რომლებიც სხვა კომპანიებში, როგორც წესი, გამონაკლისად ითვლება. ამასთანავე მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა 2000 აშშ დოლარის ლიმიტით და მანქანაში მსხდომი მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა 8000 აშშ დოლარის ლიმიტით ( აქ, რა თქმა უნდა, შეიძლება დამატებითი გადასახადით ლიმიტების გაზრდა მაგ: 10 000, 25000, 50 000 და მეტი) ასევე ისეთი დამატებითი მომსახურებები, როგორიც არის: თბილისსა და თბილისის შემოგარენში 25 კილომეტრის რადიუსით ტექდახმარება (საბურავის გამოცვლა, მანქანის დაქოქვა, საწვავის მიწოდება).

„არდი ჯგუფის” „ნოუჰაუ” სადაზღვევო შემთხვევის დროს 250-ლარიანი საპატრულო პოლიციის ჯარიმის ანაზღაურებაა.
ერთიანად გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 12 თვის პრემია და აგრეთვე „არდი ქარდი”, რომლითაც კლიენტი მიიღებს 50-ზემეტ სხვადასხვა სფეროსა და სექტორის კომპანიაში ფასდაკლებებსა და ბონუსებს, მაგ: ფოლკსვაგენის ცენტრში უფასო დიაგნოსტიკა წელიწადში ორჯერ, ფასდაკლება ზეთებზე, საბურავებზე, ფასდაკლება კლუბებში, რესტორნებში, კაფეებში, სამრეცხაოებში, აუზებზე, ფიტნეს-ცენტრებში, და აშ. ამასთანავე „არდი ქარდის” მფლობელები მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ მინუს 4-თეთრიანი ფასდაკლებით ლუკოილის ყველა საწვავზე ( გარდა რეგულარისა) იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიცვლება ფასი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ავტოსალონებსა და ავტოჰაუსებს, შეთანხმების მიხედვით კონკრეტულ სალონთან „არდი ჯგუფს” აქვს ექსკლუზიური რა თქმა უნდა, შედარებით იაფი ტარიფი.
2010 წლიდან საქართველოს საავტომობილო ბაზარზე „თეგეტა მოტორსის” შვილობილმა კომპანიამ „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა” PORSCHE-სა და MAZDA-ს ოფიციალური იმპორტირება დაიწყო.
„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსში” მიმდინარე გაყიდვების ლიდერი სედანის ტიპის ავტომობილი Mazda 6-ია. სექტემბრიდან საქართველოს წარმომადგენლობა შეუერთდება მსოფლიო სიახლეებს და გასაყიდად გამოიტანს ახალ Mazda 6-ს. , რომლის ფასიც 22 000 აშშ დოლარიდან დაიწყება და Mazda CX5-ს, რომლის ფასიც 26 000 აშშ დოლარიდან დაიწყება. მიმდინარე მონაცემებით „მაზდას” მოდელებში ყველაზე იაფი მანქანა 19 900-დოლარიანი Mazda 3-ია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული 36 200 აშშ დოლარად შეფასებული Mazda CX-9. „მაზდას” ნებისმიერ მოდელზე ვრცელდება თითქმის ყველა ბანკის განვადება.

განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობენ კომპანიის წარმომადგენლები PORSCHE-ს მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომას იყენებენ, რადგან „პორშე” პრემიუმ-კლასის მანქანაა და ინდივიდუალურ გაყიდვებზეა გათვლილი. „პორშეს” The best seller ავტომობილებს შორის, ლიდერობს Cayenne, რომლის ღირებულებაც 49 000 ევროა (კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ევროში ადგენს „პორშეს” ფასებს და სწორედ ევროს ეკვივალენტში ყიდის), ხოლო მეორე ადგილს 65 000 ევროდ შეფასებული Panamera იკავებს. „პორშეს” ავტოცენტრში ამ მარკის ყველა მოდელია წარმოდგენილი. ესენია: Boxster-ი, Cayman-ი, 911, Panamera, Cayenne.

ავტომობილის შეძენის შემთხევაში „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი” მომხმარებელს სთავაზობს 2-წლიან გარანტიას, 9-წლიანი გარანტიის გაგრძელების პერსპექტივით.

„პორშეს” კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დღემდე მხოლოდ ერთეული პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც „პორშეს” მოდელი განვადებით გაყიდულა. რაც შეეხება დაზღვევას, წამყვან სადაზღვევო კომპანიებს აქვთ ექსკლუზიური შეთავაზება „პორშეს” დაზღვევაზე, ამიტომ კლიენტი თავად აკეთებს არჩევანს, რომელ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას ანდობს თავის მანქანას.

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *