რაც არ გკლავს - გაძლიერებს

რაც არ გკლავს - გაძლიერებს

სანამ დიდი და მრავალშესასვლელიანი შენობის შესაბამის კარს მივაგნებდი, ალბათ ყველა კარში შევედი და ბოლოს, როგორც იქნა, სადეგუსტაციო დარბაზს მივაღწიე. ამასობაში დამაგვიანდა. პირველი შემთხვევაა, როცა ჩემივე ინტერვიუზე ჩემ გარდა ყველა ადგილზეა და მხოლოდ მე მელოდებიან. სადეგუსტაციო დარბაზში ღვინის კასრების სასიამოვნო სუნი ტრიალებს, მარნისათვის დამახასიათებელი სიგრილეა და კედელზე მიდგმულ თაროზე ღვინოების ფართო ასორტიმენტია გამოფენილი. ჩემი რესპონდენტები, ძმები გაგა და ზურა მარგველაშვილები, „თბილღვინოს” პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, გარეგნულად საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც შემდეგ გაირკვა – ხასიათითაც. ვუბოდიშებ დაგვიანების გამო და მზადყოფნას გამოვთქვამ ინტერვიუს დასაწყებად, თუმცა ამასობაში ზურა მარგველაშვილი დარბაზიდან გამავალი ერთ-ერთი კარის უკან უჩინარდება და ერთი ბოთლი „წინანდლით” ხელში ბრუნდება. „რა თქმა უნდა, ამის გარეშე აბა, როგორ”, – გავიფიქრე ჩემთვის, სანამ დიდი ოვალური მაგიდის ცენტრში ვიკავებდი ადგილს. ღვინო დასხმულია, რესპონდენტები ინტერვიუსთვის მზად არიან, შეგვიძლია დავიწყოთ. „პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტერვიუზე ვარ, ვასრულებ პროფესიულ მოვალეობას და თან ალკოჰოლურ სასმელს ვსვამ”, – გავიფიქრე. არადა, გარედან შემოყოლილი ქალაქის ხვატის შემდეგ მარნის სიგრილე და შეცივებული „წინანდლის” არომატული ყლუპი ინტერვიუსთვის არაჩვეულებრივი აპერიტივი აღმოჩნდა.

„თბილღვინოს” მენეჯმენტამდე

1998 წელს, როდესაც გაგა მარგველაშვილი კვიპროსიდან დაბრუნდა, სადაც მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით მიიღო განათლება, მუშაობა მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ პროექტში დაიწყო. პროექტის მიზანი პოსტსაბჭოთა წარმოების მხარდაჭერა იყო, რაც საწარმოებისათვის კონსულტაციების გაწევაში გამოიხატებოდა, რათა მართული ეკონომიკის პრინციპებიდან ნაკლებმტკივნეულად გადასულიყვნენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ამ პერიოდისათვის საქართველოში უკვე დაბრუნებულია ზურა მარგველაშვილიც, რომელმაც მეღვინეობის განხრით აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, Wente Vineyards-ში, კალიფორნიის ერთ-ერთ მოწინავე ღვინის საწარმოში გაიარა პრაქტიკა და საქართველოში დაბრუნებულმა თავისი პროფესიული საქმიანობის „თბილღვინოში” გაგრძელება გადაწყვიტა.

„ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვიზრდებოდით და დღესასწაულები ყოველთვის ღვინის თანხლებით აღინიშნებოდა, თუმცა ჩვენს ოჯახში პირველი ზურა იყო, ვინც ღვინის წარმოებით პროფესიულად დაინტერესდა”, – ამბობს გაგა მარგველაშვილი.

„ამას გარკვეული მიზეზი ჰქონდა, ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, მამას მეგობარი ნოდარ ღვთისიაშვილი, მეღვინე იყო, მამა კი – მშენებელი და მეც მინდოდა მშენებელი გავმხდარიყავი, მაგრამ მან მითხრა, რამე სხვა პროფესია აირჩიეო და გადავწყვიტე, რომ მამას მეგობრის პროფესიას გავყოლოდი”, – განმარტავს ზურა მარგველაშვილი.

სწორედ ზურას ინიციატივით, 1998 წელს, ძმებმა გადაწყვიტეს საკუთარი ცოდნა და ძალები გაეერთიანებინათ, რომ „თბილღვინო” მსოფლიო ბანკის პროექტში ჩაბმულიყო. გაგა და ზურა იხსენებენ, რომ იმ დროისათვის უკვე დაწყებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების პრივატიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ აუქციონზე „თბილღვინოს” აქციების ნაწილიც გამოიტანა.

„ჩვენმა ოჯახმა აუქციონზე აქციების დაახლოებით ათი პროცენტი შეიძინა და ჩვენ კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერები გავხდით, რადგან აქციები 300 ადამიანზე იყო გადანაწილებული. 1995 წელია და მე, როგორც მსხვილი აქციონერი, მაგრამ ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანი, მოვედი კომპანიაში. ეს ის დროა, როდესაც მეღვინეობა ჯერ კიდევ ორად იყოფა: პირველად მეღვინეობად – სადაც ხდებოდა ყურძნის მიღება და გადამუშავება და მეორად მეღვინეობად (რომელსაც „თბილღვინო” მაშინ განეკუთვნებოდა) – სადაც მიღებული ღვინომასალისგან ღვინის ჩამოსხმა ხდებოდა. რესტრუქტურიზაცია რომ დაიწყო, მსოფლიო ბანკის პროექტში ჩართულმა უცხოელმა კონსულტანტებმა გვირჩიეს, რომ თუ გვინდოდა წარმატებისთვის მიგვეღწია, ვენახების გაშენება თუ არა, ყურძნის შეძენა მაინც უნდა დაგვეწყო. ჩვენთვის ეს იოლი მოსასმენი იყო, რადგან არ გვქონდა ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ეს ქარხანა მხოლოდ ღვინოს ასხამს და ყურძენს არ ყიდულობს, მაგრამ ამაზე საუბარი რომ დავიწყეთ, კომპანიის შიგნით გვითხრეს, რომ ეს არის სიგიჟე და ეს არასოდეს გაუკეთებიათ”, – იხსენებს ზურა მარგველაშვილი.

„მსოფლიო ბანკის” პროექტის ექსპერტების რჩევით პირველი, რაც მარგველაშვილებმა გააკეთეს, იყო ის, რომ ყურძნის ხარისხის კონტროლი დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ „თბილღვინოს” არსებობის ისტორია 1962 წლიდან იწყებს ათვლას, საწარმომ რთველში პირველად მონაწილეობა 1999 წელს მიიღო. ზურა მარგველაშვილი ამბობს, რომ ყურძენს სინჯავდნენ მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, პირველ რიგში ვენახშივე რწმუნდებოდნენ, რომ ყურძენი საღია, მერე გამყიდველს ფასზე უთანხმდებოდნენ,ხოლო თუ ფასი ორივე მხარეს აწყობდა, შემდეგ უკვე იწყებდნენ შაქრიანობის დადგენას და მევენახეს ეუბნებოდნენ, რომ თუკი ასეთ ყურძენს მოიტანდა, შეთანხმებულ ფასს მიიღებდა.

„საწყის ეტაპზე ბევრს მოჰქონდა ნაწილი კარგი, ნაწილი ცუდი და ჩვენ უარს ვეუბნებოდით, გარკვეულწილად იმითაც გამოვირჩეოდით, რომ ურჩები ვიყავით და ცუდი ხარისხის ყურძენს არ ვყიდულობდით. რა თქმა უნდა, ეს ცოდნა და გამოცდილებაც პირველსავე წელს არ მოსულა. ამას გარდა, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდებოდა გარკვეული ცვლილებები კომპანიის შიგნით, გვჭირდებოდა ხალხი, რომლებსაც ექნებოდათ არა მხოლოდ კარგი განათლება და გამოცდილება, არამედ იქნებოდნენ მოწესრიგებულები, სწორი ღირებულებების მქონე”, – დასძენს ზურა.

ცვლილებები მენეჯმენტში და კადრების გადახალისება, ასევე მტკივნეულად წარიმართა. გარკვეული დრო დასჭირდა გაბნეული აქციების კონსოლიდირებასაც. ცხადია, „თბილღვინოს” რესტრუქტურიზაციის პროცესში აუცილებელი იყო მიდგომების შეცვლა ღვინის წარმოების თვალსაზრისითაც. ძმებისათვის მთავარი ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში ხარისხიანი ღვინის წარმოება გახლდათ, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხარისხიანი ყურძნისა და ვინიფიკაციის ყველა ეტაპზე ხარისხის მაღალტექნოლოგიური მართვის გარშე.

„ჩვენი პროდუქციის გასაღების ბაზარი, როდესაც კომპანიის ნაწილი გავხდით, სამწუხაროდ, ნულის ტოლი იყო. ჩვენი პირველი ბაზარი, საიდანაც დავიწყეთ, იყო საქართველო, რადგან მიგვაჩნდა, რომ თუ აქ არ ვიქნებოდით აღიარებული, სხვა ბაზარზე წარმატების მიღწევა ძნელი იქნებოდა. ამიტომ, ეს ამოცანაც დავისახეთ და პრინციპში რეალიზაციის პირველი ნაბიჯები საქართველოდან დავიწყეთ. 2000 წლის ზაფხულში გამოვუშვით პირველი ასორტიმენტი: ახალი ღვინო ახალი ბოთლით, ახალი ეტიკეტით, ახალი სულისკვეთებით და 2001 წლის დასაწყისიდან დაიწყო პირველი ექსპორტი. პირველი საექსპორტო ბაზარი იყო ლატვია. თუმცა პირველივე წელს რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარიც ავითვისეთ, მათ შორის – რუსეთისაც. დღეს ექსპორტს უკვე 30 ქვეყანაში ვახორციელებთ”, – ამბობს ზურა მარგველაშვილი.

გაგა, რომელიც იშვიათად ერთვება საუბარში, რადგან ზურა უფრო ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა, ამჯერად ჩაერთო. მისი კომენტარები, ჩვეულებრივ, უფრო საქმიანი, საგნობრივია.

„შარშან ჩვენ მიერ იქნა რეალიზებული 3 მილიონ 100 ათას ბოთლამდე. მთლიანად ექსპორტირებული იყო დაახლოებით 23 მილიონი ბოთლი საქართველოდან, ჩვენმა წილმა ამ ექსპორტში დაახლოებით 13 პროცენტი შეადგინა და ეს არის ყველაზე დიდი წილი, ანუ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვართ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 2009 წლიდან დაწყებული. წელს ჩვენი გეგმაა, ექსპორტი დაახლოებით 3 მილიონ 800 ბოთლამდე გავზარდოთ და იმედია, ლიდერის პოზიციას ისევ შევინარჩუნებთ”, – ამბობს გაგა მარგველაშვილი.

„ღვინოს უნდა გრძნობდე”… კაბინეტშიც

ღვინო და მისი წარმოება, მით უმეტეს ისეთი დიდი ღვინის ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დაკავშირებულია რაღაც ამაღლებულ შეგრძნებასთან, აი იმასთან, ღვინოს რომ უნდა გრძნობდე… საინტერესოა, რამდენად განიცდიან ასეთ გრძნობას ძმები, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორივე მენეჯერია და ორივე დატვირთული გრაფიკით მუშაობს.

გაგა ამბობს, რომ გონებით შექმნილ ღვინის ბიზნესს შესაძლოა ჰქონდეს ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ თუ ამ გონებრიობას გულიდან მომავალი დამოკიდებულება თან არ ახლავს, მომხმარებელი მწარმოებლის განწყობას ასე თუ ისე მაინც იგრძნობს.
ვინტერესდები, რა ადგილს იკავებს ღვინო ძმების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„სადილზე ღვინის დალევა მაინც არ გამოდის, რადგან თავად სადილი იშვიათად მაქვს, – სიცილით მპასუხობს ზურა . – ყოველდღე ნამდვილად არ ვსვამთ, რადგან საკმაოდ დატვირთულები ვართ. ორ თვეში ერთხელ გვაქვს საწარმოო დეგუსტაცია, სადაც მეღვინეებთან ერთად ვახდენთ ხუთი-ექვსი სახეობის დეგუსტაციას. სამსახურში მხოლოდ ამ შემთხვევაში მიწევს სასმელთან შეხება, ან როდესაც სტუმრები გვყავს – პარტნიორები ან პოტენციური პარტნიორები”.

„ზოგადად, ღვინით თრობა არც ისე გონივრული რამ არის, სიამოვნების მიღება უფრო გონივრულია”, – დასძენს გაგა.
კითხვაზე, რომელი ღვინის დაგემოვნება ჯობს „სიამოვნების მისაღებად”, ძმებს კონკრეტული სახეობის გამოყოფა უჭირთ.
„აი, მაგალითად, სამი წლის წინ დავიწყეთ ქვევრის ღვინის წარმოება ტრადიციული კახური მეთოდით, ანუ თუკი რაღაც პერიოდის წინ ძირითადად ვსვამდი და სხვებსაც ვთავაზობდი „წინანდალს”, რადგან ქართველი ადამიანი უფრო მეტად მაინც თეთრ ღვინოს მოიხმარს, ბოლო დროს სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც ქვევრის ღვინის აქტიურად შეთავაზება დავიწყე. ასევე, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ „საფერავი როზეს” წარმოება, რომელიც ძირითადად ასორტიმენტის გასამრავალფეროვნებლად გავაკეთეთ. ამას იმიტომ ვყვები, რომ ჩემთვის ერთი და ორი ღვინო არ არის, ყველა ღვინო მიყვარს, მაგრამ უფრო ხშირად ვსვამ თეთრ მშრალ ღვინოს და ამ ბოლო დროს, ზაფხულის პერიოდში, „საფერავ როზესაც”, – განმარტავს ზურა მარგველაშვილი.

გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა ყველაზე კარგად იციან ღვინის დაყენება და ცოტა თუ ვინმე შეედრებათ, მარგველაშვილები ფიქრობენ, რომ, ცხადია, საქართველო ღვინის წარმოების უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა, თუმცა არის მთელი რიგი საკითხისა, რომლებიც დასავლეთისგანაც უნდა ვისწავლოთ.

„მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს საუკეთესო კლიმატი და გეოგრაფიული მოცემულობები ღვინის საწარმოებლად და გვაქვს საუკეთესო ყურძნის ჯიშები, რაც დიდი უპირატესობაა. ანუ, პოტენციალი რომ შევქმნათ, ამისთვის კარგი ღვინოც გვაქვს და ღვინის წარმოების 8000-წლიანი უწყვეტი ჯაჭვიც, ეს ენერგია არსად არ იკარგება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვაწარმოოთ მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ღვინოები, თუმცა ბევრი რამ გვაქვს სასწავლი დასავლური ღვინის კულტურისაგან. ჯერ ერთი, რაც უნდა კარგ ღვინოს აწარმოებდე, ღვინის სტილს გკარნახობს ღვინის მოყვარული, რომელთა უმრავლესობა საქართველოს გარეთ ცხოვრობს. რა დახელოვნებით არგებენ დასავლეთში ღვინის მეწარმეები თავიანთი ღვინის სტილს მომხმარებელთა გემოვნებას, აი ეს გვაქვს სასწავლი”, – ამბობს გაგა მარგველაშვილი.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა შეცვალა დასავლელი მომხმარებლის გემოვნებამ მათს ღვინოებში, ძმები მარგველაშვილები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესაბამისად „თბილღვინოს” ღვინოები უფრო ახალგაზრდა, ხალისიანი, მაქსიმალურად ხილის ტონებით დატვირთული გახდა.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მომხმარებელს რაც შეიძლება ახალგაზრდა მოსავლის თეთრი ღვინოები შევთავაზოთ, განვავითაროთ მასში ხილის ტონები, დაბოლოება, რასაც პატივს სცემენ, გემოს ხანგრძლივობა. თანამედროვე მომხმარებელი საზღვარგარეთ არჩევნით საკმაოდ განებივრებულია. დღეს, როდესაც მომხმარებელს ღვინის დაგემოვნება უნდა, მისთვის არ არის საკმარისი, რომ შენ ხარ ძირძველი ღვინის წარმოების ქვეყანა, არც ის არის საკმარისი, რომ უნიკალური ჯიშები გაქვს. როდესაც საცობს ამოაძრობ, ჭიქაში ღვინოს დაუსხამ და ის აღიქვამს იმ სურნელს, არომატებსა და გემოს, რომელიც არც ერთ სხვა ჯიშს, არც ერთ სხვა ქვეყანაში არა აქვს, მერე ხდები შენ მისთვის სუპერსაინტერესო, გინდ ღვინის ექსპერტი იყოს და გინდ ჩვეულებრივი მომხმარებელი. ადრე, როდესაც ხარისხიანი ღვინოს არ აწარმოებდნენ,ეს მხოლოდ ისტორია იყო. დღეს ეს ისტორია არის ცოცხალი. მაგალითად, ადრე რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, რუსეთის ბაზარი არ გექნება და მაინც სამჯერ მეტ ღვინოს გაყიდიო, არ დავიჯერებდი”, – ამბობს ზურა მარგველაშვილი.

რუსული ემბარგო, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორი

მარგველაშვილები იხსენებენ, რომ მათი ღვინო რუსეთის ემბარგომდეც მაღალი ხარისხის იყო, თუმცა ემბარგო კომპანიისათვის მაპროვოცირებელი, დამაჩქარებელი ფაქტორი აღმოჩნდა, უფრო მეტი ფულადი და ადამიანისეული რესურსი, მეტი ენერგია დაეხარჯათ განვითარებისათვის.

„მოდი, ასე ვთქვათ, 2001 წლიდან ხარისხის გაუმჯობესების მზარდი დინამიკა ისედაც შეინიშნებოდა. რუსეთის ბაზრის დროს იყვნენ მაღალხარისხიანი და არც ისე მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლები. რუსეთის ბაზარი რომ დაიხურა, ეს არც ისე მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლები გაქრნენ და დარჩნენ „მაღალხარისხიანები”, რომლებმაც განაგრძეს. რუსეთის ბაზარი რომ ღია დარჩენილიყო, არა მგონია, ჩვენი ხარისხი იმაზე დაბალი ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის. რუსეთის ბაზრის დახურვამ ჩვენი კრიზისის მენეჯმენტის უნარები უფრო გააძლიერა, რადგან ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა, ჩვენ დავკარგეთ რეალიზაციის დაახლოებით 50 პროცენტი ერთ დღეში, გვქონდა წამოკიდებული ზურგზე ვალდებულებები ბანკების, მომწოდებლების წინაშე და ზუსტად ამ კრიზისმა მოგვცა შესაძლებლობა, დაგვენახა ჩვენ გარშემო ის ოქრო, ვერცხლი და მარგალიტები, რომლებსაც მანამდე ქვად აღვიქვამდით”, – განმარტავს გაგა მარგველაშვილი.

სწორედ ასეთ განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის დამსახურებით, 2008 წლის ბოლოს „თბილღვინომ” შეძლო იმავე მაჩვენებლებს დაჰბრუნებოდა, რომელებიც 2005 წელს ჰქონდა, ხოლო გასულ წელს კომპანიამ 2,5-ჯერ მეტი ღვინო გაყიდა რუსეთის ბაზრის გარეშე, ვიდრე თავის დროზე რუსეთის ბაზრის არსებობისას ყიდდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „თბილღვინოს” საექსპორტო ბაზრებს შორის სიდიდით ყაზახეთი ლიდერობს.

რთველი და სახელმწიფო პოლიტიკა

ძმები მარგველაშვილები ამბობენ, რომ არ მოსწონდათ ის მიდგომები, რაც ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფოს ჰქონდა და ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას, შესაძლოა საჯაროდ არა, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებთან აჟღერებდნენ საკუთარ არგუმენტაციას, თუ რატომ იყო არასწორი არსებული მიდგომა.

„ხელისუფლების მიდგომა ხშირად აისახებოდა იმაში, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიები იხდიდნენ არაადეკვატურ ფასს, არა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრნობით. იყო ერთგვარი შეზღუდვა, სახელმწიფო იძლეოდა მკაცრ რეკომენდაციას, რომ მევენახისაგან, ვინც 10 ჰექტარზე მეტს ფლობდა, არ გვეყიდა ყურძენი. ამის მიზეზი იყო ის, რომ მეტ მცირე მიწის მფლობელ გლეხს ჩაებარებინა ყურძენი. სახელმწიფო რატომ ზრუნავს გლეხზე? იმიტომ რომ ელექტორატის დიდი ნაწილი წვრილ ფერმერებზე მოდის”, – ამბობს გაგა მარგველაშვილი.
ზურა ძმის საუბარში ერთვება და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს რთველი მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო.

„პრაქტიკულად ვიხდიდით ხარკს, თუმცა ჩვენ ამ ვალდებულების თავიდან აცილებას იმის დამსახურებით ვახერხებდით, რომ ვართ კომპანია, რომლის პროდუქციის 90 პროცენტზე მეტი მიდის ექსპორტზე და არ არის მთლიანად ქართულ ბაზარზე დამოკიდებული, ანუ…” – ზურას საუბარში გაგა ერთვება: „შეიძლება ვუპასუხო?” – „რატომ, ცუდად ვპასუხობ?” – უკვირს ზურას და აგრძელებს: „გვეუბნებოდნენ, თქვენ არავინ გეკითხებათ, როდის დაიწყებთ ყურძნის მოკრეფასო და იწყებოდა რთველი მკვახე ყურნის მოკრეფით, რათა გლეხი კმაყოფილი ყოფილიყო სახელმწიფო ასევე აწესებდა ფასებს, გლეხს ეუბნებოდა, ამაზე ნაკლებად არ ჩააბარო, თუ შენ არ გადაგიხდიან, მოიტან ამა და ამ ქარხანაში და ჩვენ ვიყიდითო. ამ შემსყიდველს, ზოგადად, ერქვა ‘გრუზვინპრომი'” – განმარტავს ზურა მარგველაშვილი.

გაგას მიეცა საშუალება თქვას ის, რისი თქმაც უნდოდა. იგი განაგრძობს: „ჩვენ გვესმოდა, რომ სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, გლეხს ყურძენი გაუყიდველი არ დარჩეს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, მომეცი საშუალება ვიყიდო, რაც მჭირდება, ვისგანაც მინდა და რაც დარჩება ჭარბი, მერე აითვისე, ამას არავინ ანგარიშს არ უწევდა. თვითონ ეს ‘გრუზვინპრომი’ ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიქცა კონკურენტად, რომელიც არა მარტო შეისყიდდა ყურძენს, არამედ ღვინის ჩამოსხმაც დაიწყო. მისი მეშვეობით მონაწილეობდა სახელმწიფო რთველში”.

გაგას და ზურას ერთმანეთის გარდა სხვა დედმამიშვილი არ ჰყავთ. „გაგა ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა”, – ხუმრობს ზურა. კითხვაზე, ის ფაქტი, რომ არიან ძმები და ამავდროულად პროფესიონალები სხვადასხვა სფეროში, განაპირობებს თუ არა მათი კომპანიის წარმატებას, ამბობენ, რომ შედეგით თუ ვიმსჯელებთ – კი, თუმცა ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუმცა ორივე ძმა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჰყავთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც მართავენ კომპანიას.

დღეისათვის კომპანიაში სულ 100 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, „თბილღვინო” ყურძენს ყოველწლიურად დაახლოებით 500 ოჯახისაგან ყიდულობს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.

მილიონი თვითმიზანი არ არის

მოულოდნელ კითხვაზე: „მილიონერები ხართ?”, გაგა გაკვირვებული კითხვითვე პასუხობს: „რას გულისხმობთ?” და თავადვე აგრძელებს: „კომპანია კი, ჩვენ – არა, და არც გვაქვს ეგ მიზანი”. ფიქრობს, რომ 20 წლის შემდეგ ალბათ უფრო გააზრებული ყოფა ექნება და უფრო მეტად იქნება ორიენტირებული იმ ღირებულ ჭეშმარიტებებზე, რომლებთან მიმართებითაც მის ყურადღებას დღეს ყოველდღიურობა ადუნებს.

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელობით. დღევანდელობა არის დაფუძნებული იმ წვალებაზე, ნგრევებზე, რაც მოცემულ მომენტში შესაძლოა შეცდომად აღიქმებოდეს, მაგრამ სინამდვილეში არ არის შეცდომა, აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ დღევანდელობა დადგეს. თუკი დღევანდელობით კმაყოფილი ხარ, ე.ი. არაფერს არ შეცვლიდი. 20 წლის შემდეგ მე ვხედავ ჩემს თავს პიროვნულად უფრო მაღალი განვითარების საფეხურზე. რაც შეეხება შემოსავლის წყაროს, ის იქნება, ამას არც ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას”, – დასძენს გაგა.

ძმები დაოჯახებულები არიან, ზურა მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე და შვილები, გაგას – შვილები.

გაგა უფრო სიტყვაძუნწი და თავშეკავებული მოსაუბრეა, ზურა უფრო გახსნილი და ენაწყლიანი. იმდენად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკონ საკუთარ თავზე, რომ უკვე ისეთ კითხვებს ვუსვამ, როგორიცაა: „თქვენი საყვარელი წიგნი?”, „საყვარელი ფილმი რომელია?” და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ზურა ბოლო დროს მხოლოდ მეღვინეობასთან დაკავშირებული ლიტერატურის კითხვისათვის იცლის, გაგამ კი ბოლოს „თამაში ჭვავის ყანაში” გადაიკითხა და სულ სხვანაირად აღიქვა. გაგა კინემატოგრაფით ძალიან გატაცებულია, ზურას უდროობის გამო ბოლო ხანს თავიდან ბოლომდე ფილმი არც კი უნახავს… ამასობაში, ფოტოგრაფი ვეღარ ითმენს, უკვე რამდენიმე საათია ჩვენს საუბარს უსმენს, „წინანდლის” ბოთლიც ბოლომდე გამოვცალეთ. ასპარეზს ვთმობ და შორიახლოდან ვაკვირდები ფოტოების გადაღების პროცესს – გაგა და ზურა მარგველაშვილები წითელი ღვინით შევსებული ბოკალებით ხელში მარანში კასრებს შორის, ღვინის ცისტერნებთან, ღვინის ასორტიმენტის სადემონსტრაციო თაროსთან… საბოლოოდ ვასკვნი, რომ „თბილღვინოს” პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს და ალბათ სწორედ ამ განსხვავებულობის დამსახურებაა, რომ ძმები კომპანიას ასე წარმატებულად მართავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *