ტრაგიკული შეუსაბამობა ეკონომიკაში

ტრაგიკული შეუსაბამობა ეკონომიკაში

რამდენიმე კვირის წინ სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ და ფინანსურ დირექტორთა ასოციაციას ვესაუბრე. მეგონა, მათი მთავარი სატკივარი გადასახადები, რეგულაციები, ეკონომიკის შენელებული ზრდა ან თუნდაც 2016 წლის არჩევნები იქნებოდა. შევცდი. ეს სატკივარი კარგი მუშახელის დეფიციტს უკავშირდება.

შემდუღებლები, დურგლები, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების ხელოსნები… აშშ-ს ძალიან ცოტა ჰყავს ასეთი. ჯერ მარტო შემდუღებელთა დეფიციტი 240,000-ს ურტყამს და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება: ამერიკის შემდუღებელთა საზოგადოების (American Welding Society) პროგნოზით, 2024-სთვის, არსებულზე 340,000-ით მეტი შემდუღებელი იქნება საჭირო. შემდუღებელი, საშუალოდ, 54 წლისაა მაშინ, როცა მთელი ამერიკული სამუშაო ძალის საშუალო ასაკი დაახლოებით 40 წელია. ახალგაზრდები პროფესიად ხელოსნობას აღარ ირჩევენ. ხელოსანთა დეფიციტი ტრაგიკული შეუსაბამობის სახეს იღებს. ასეთ სამსახურებში კარგად იხდიან. ზეგანაკვეთური მუშაობის ჩათვლით, შემდუღებლებს შეუძლიათ, წელიწადში $100,000-ზე მეტი გამოიმუშაონ, შემდუღებელთა დანაკლისი კი იმას მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ბაზარზე ბლომადაა. შემდუღებელს საშუალო განათლების დიპლომი ან GED-ის (ზოგადი საგანმანათლებლო განვითარება) ეკვივალენტი სჭირდება, პლუს, სულ ცოტა, ცხრათვიანი პროფესიული ტრენინგი. შემდუღებელთა კერძო სკოლები დაახლოებით $16,000 ჯდება, თუმცა ხელობის სწავლებაზე ორიენტირებული არაერთი ორწლიანი კოლეჯი ტრენინგებში გაცილებით იაფს იღებს. ფინანსური ტერმინები რომ გამოვიყენოთ, ინვესტიციიდან გასაოცარი მოგების ნახვაა შესაძლებელი. ჰოდა, აბა, რატომ არ მიდის უფრო მეტი ახალგაზრდა ამ სფეროში?

ერთ-ერთი მიზეზი – ცნობადობის ნაკლებობაა. როგორც დევიდ ფრიდმენმა The Atlantic-ის 2016 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში დაწერა, ოცი საჯარო სკოლიდან მხოლოდ ერთი სთავაზობს მოწაფეებს ხელობის კურსებს.

მეორე მიზეზი არასწორ დასკვნებს უკავშირდება, რომლებიც კოლეჯის განათლების მქონე და ასეთი განათლების არმქონე ადამიანების ანაზღაურებათა შორის მზარდი სხვაობიდან გამომდინარეობს. ეს ტენდენცია, ზოგადად, ძალიან ახლოა სიმართლესთან, მაგრამ ხელოსნის საქმე გამონაკლისს წარმოადგენს. იურისტის საშუალო ხელფასი აშშ-ში $135,000-ია, თუმცა ხელფასების მედიანური მაჩვენებელი $110,000-ს მაინცდამაინც არ სცდება, ვინაიდან იურისტთა უმრავლესობა Skadden Arps-ის პარტნიორი ნამდვილად არ გახლავთ. ამდენად, გულმოდგინე და აქტიურ შემდუღებელს შეუძლია, იურისტის მედიანურ ანაზღაურებაზე მეტი გააკეთოს და თან ისე, რომ განათლებაში მასზე გაცილებით ცოტა დააბანდოს. შემდუღებელს შეუძლია, უკვე 18 წლის ასაკში იშოვოს ფული, იურისტი კი 25 წლამდე ვერ იშოვის.

მესამე და ერთგვარად სკანდალური მიზეზი გენდერში უნდა ვეძიოთ. მართალია, როგორც სკოლის, ისე სამაგისტრო დიპლომების 60% ქალებზე მოდის და ქალები იღებენ, აგრეთვე, იურიდიული დიპლომების 47%-ს, ხოლო სამედიცინო დიპლომების 48%-ს, კაცების რაოდენობა ხელოსნობაში მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ქალებისას. ასე რომ, კითხვა ის კი არაა, თუ რატომ არ ხდებიან ამერიკელები ხელოსნები, არამედ ის, თუ რატომ არ მიდიან ამ საქმეში ახალგაზრდა ამერიკელი კაცები.

გზააბნეული ბიჭები

დღეს ვერაფერს დაწერ გენდერზე, – ვერც ტრადიციონალისტურს და ვერც ფემინისტურს – ვნებათაღელვა რომ არ გამოიწვიო. მაგრამ თავის ახლახან განახლებულ 2007 წლის წიგნში, “გზააბნეული ბიჭები: ხუთი ფაქტორი, რომლებიც საფუძვლად უდევს უმოტივაციო ბიჭებისა და არარეალიზებული ახალგაზრდა კაცების მზარდ ეპიდემიას” (Basic Books-ი), სერტიფიცირებული ექიმი და კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი ლეონარდ საქსი მიზეზებზე ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მსჯელობს. 5 წლის ასაკში, როცა ბავშვების უმეტესობა საბავშვო ბაღში იწყებს სიარულს, ბიჭები გოგონებს ერთი ან ორი წლით ჩამორჩებიან, განსაკუთრებით ისეთ აბსტრაქტულ უნარებში, როგორიც ენისა და კითხვის დაუფლებაა (საბავშვო ბაღში ბიჭები გოგონებისნაირები, ან მათზე ოდნავ უკეთესები არიან ცოდნის გამოცდილების გზით ათვისებაში). მოკლედ, პირველივე დღიდან ბიჭებს, უფრო მეტი ალბათობით, ანტიპათია უვითარდებათ სკოლის მიმართ, რაც ბოლომდე არასდროს ქრება. იმ დროისთვის, როცა ბიჭების გონება გოგონებისას ეწევა, ანუ სადღაც 14 წლის ასაკში, არაერთი ბიჭი უკვე გასულია თამაშიდან. სისტემა მათ პრობლემას ვერ აგვარებს, დღეს კი სკოლებში ბევრად ნაკლები კაცი მენტორი მუშაობს, ეს ბიჭები რომ მოაბრუნოს.

ტომ სოიერით დაწყებული, ფერის ბიულერით დამთავრებული, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ბიჭებს ყოველთვის უფრო მეტად სძულდათ სკოლა. მაგრამ სხვა ფაქტორმაც იჩინა თავი. სიცელქით განთქმული საკულტო ლიტერატურული გმირებისგან განსხვავებით, დღეს უამრავ ბიჭს მწირი ამბიცია და ენერგია აქვს. 18-დან 30 წლამდე სულ უფრო მეტი კაცი წარუმატებლად ცდილობს, ნაყოფიერი ზრდასრული ცხოვრებით იცხოვროს. და აი, საბუთიც: დღეს უფრო მეტი მათგანი ცხოვრობს მშობლებთან, ვიდრე მეუღლესა თუ პარტნიორთან, ეს ტენდენცია კი 1930-იანების დასაწყისის შემდეგ არავის ახსოვს, არადა მაშინ ქვეყანა უფრო ღარიბი იყო და უფრო რურალურიც – ბევრი თაობის თანაცხოვრება იმხანად გონივრული იყო.

კაცების ამგვარ წარუმატებლობას, შესაძლოა, ფიზიკური საფუძველიც ჰქონდეს. როგორც დოქტორი საქსი აღნიშნავს, საშუალო ახალგაზრდა ამერიკელი მამრის სპერმატოზოიდების მაჩვენებელი გაცილებით ჩამოუვარდება მისი ბაბუის სპერმატოზოიდების მაჩვენებელს. ძვლოვანი მასაც შესუსტებულია. კარგად ნავარჯიშები სპორტსმენებისა და ჯარისკაცების მაგალითები რომ დავივიწყოთ, რიგითი ამერიკელი კაცი ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი და უფრო სუსტია, ვიდრე უწინ – პირდაპირი მნიშვნელობით. რას უნდა დავაბრალოთ ეს? – სწრაფ კვებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, ჭარბწონიანობის ზრდას თუ რაიმე სხვას? დოქტორი საქსი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.

ამერიკელ ბიჭებს ფიზიკური შრომა სჭირდებათ. მილიონობით მათგანს ხელობის სწავლა სჭირდება. ჰო, და ეს ეკონომიკასაც სჭირდება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *