უძრავი ქონების ბაზარი

უძრავი ქონების ბაზარი

დაბალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. ამ ფონზე ფასების შემცირების ტენდენცია მხოლოდ ერთი ფაქტორით – მიწოდების მკვეთრი ზრდით თუ აიხსნება.

ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამ თავისი გავლენა ეკონომიკის თითქმის ყველა სეგმენტზე იქონია. ამ ფონზე საინტერესოა, რა ტენდენციები იკვეთება უძრავის ქონების ბაზარზე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ- ერთი წამყვანი დარგის სტატუსს ინარჩუნებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის მესამე კვარტალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17. 5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 470844 ერთეული შეადგინა. მათგან 22% პირველად რეგისტრაციაზე, ხოლო 78% მეორეულ რეგისტრაციაზე მოდის. ტრადიციულად, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით თბილისი წამყვან ადგილს იკავებს. სექტემბერში დედაქალაქზე ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების ჯამურმა რაოდენობამ 37% შეადგინა.

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ საინტერესო ანალიზს უძრავი ქონების ინდექსი (REI) – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და „თიბისი ბანკის” ერთობლივი პროდუქტი – გვთავაზობს, რომლის ფარგლებში თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ და კომერციულ ფართებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გროვდება და მუშავდება.

REI-ს ბოლო ანგარიში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებს. მეტიც, 2016 წლის სექტემბერში რეკორდული მაჩვენებელი – 3331 ერთეული საცხოვრებელი და კომერციული ფართის ყიდვა- გაყიდვა დაფიქსირდა, რაც 47 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა წლის სექტემბრის მაჩვენებელი. 2016 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა თვეში საშუალოდ 2642 ერთეული შეადგინა. თბილისის უბნებში პოპულარობის კუთხით ტრადიციულად ვაკე დომინირებს, რომლის წილი სექტემბრის გაყიდვებში 24 პროცენტი იყო. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *