ზოგჯერ სულ მცირე ბიძგიც საკმარისია...

ზოგჯერ სულ მცირე ბიძგიც საკმარისია...

“ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება ჩვენივე მენტალური წარმოსახვის პოზიტივით იწყება. როგორც ვხედავთ საკუთარ თავს შიგნიდან, ასეთივე ვართ გარეთაც”, – ბრაიან ტრეისი.

მოტივაცია აფხიზლებს ჩვენს შინაგან ძალას, გვაძლევს ბიძგს გამბედაობისკენ და რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენთ რისი მიღწევა გვსურს, მით უფრო ძლიერდება მოტივირების უნარი. ეს მიესადაგება ნებისმიერ ქმედებას, მარტივი სურვილიდან დაწყებული ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებლის გაკეთების ჩათვლით. მოტივაციის შედეგად ნებისმიერი მიზანი მიღწევადია. არა აქვს მნიშვნელობა სხვები გვიბიძგებენ “საგმირო საქმეებისკენ”, თავად შემოვუძახებთ საკუთარ თავს თუ ორივე ერთად, მთავარი ის არის, რომ გვემატება სიძლიერე დასახული შედეგის მისაღებად. კიდევ ერთი ნიუანსი, რაც ასევე გასათვალისწინებელია – დროული რეაგირება, როცა გვჯერა “რატომ!”   

თვითონ სიტყვა “მოტივაციის” ძირი ლათინური წარმოშობისაა, ზმნა  movere-სგან (to move) არის წარმოებული, რაც მოძრაობას ნიშნავს და შესაბამისად, იწვევს რაიმე ქმედებას, მუშაობისკენ სწრაფვას, კონკრეტული ამოცანის შესრულებას. ის ერთგვარად ენერგიის მიმცემია, როგორც საწვავი მანქანისთვის, რომელიც ძრავას ამუშავებს, ელექტრო მუხტია, რომელიც შთაგონების ცეცხლს აგუზგუზებს.     

იცით რაში მდგომარეობს მოტივაციური “შემოძახების” ძალა?! ამასთან დაკავშირებით საინტერესო კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული ჟურნალ “ფორბსის” ერთერთი ავტორის, დევიდ დი სალვოს პუბლიკაციაში, რომლის ბესტსელერი “რა აბედნიერებს ტვინს და რატომ იქცევით თქვენ საპირისპიროდ” უკვე 10 ენაზე გამოიცა. სამეცნიერო ხასიათის მისი ნაშრომები “ფორბსის” გარდა იბეჭდება უამრავ ცნობილ ჟურნალში, მათ შორის, “თაიმში”, “ფსიქოლოგია დღეს”, “უოლსტრიტ ჯორნალში” და სხვა. ის ძირითადად  მიმოიხილავს  როგორ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ცხოვრება ჩვენსავე ტვინზე ზემოქმედებით.

რაც შეეხება უშუალოდ კვლევას ანუ “საკუთარ თავთან საუბრის” არსს, ეს არის უპრეცედენტო, ფართომასშტაბური შესწავლა, რომელშიც 44000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დაყოფილი იყვნენ 12 ჯგუფად, იყო კიდევ ერთ ე.წ. საკონტროლო გუნდი. საკვლევ ობიექტებს მიეცათ დავალება არჩეული ამოცანის შესასრულებლად ესარგებლათ სამი პოპულარული ტექნიკიდან ერთერთით: 1. საკუთარი თავის გამხნევება, რომლის მაგალითია, როცა გასაუბრებაზე ვინმე “ჩაფლავდება” და თავისთავს ეუბნება: “შემდგომში უფრო თავდაჯერებით წარვდგები” ან შეჯიბრის წინ მტკიცედ რომ ამბობს: “მზად ვარ გამარჯვებისთვის.” 2. “გამოსახულებითი აღწერა” ანუ წარმოსახვა, მაგალითად, წინასწარ წარმოვიდგინოთ, რომ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, ვთქვათ, გავიმარჯვეთ კონკურსში, მოვიგეთ გრანტი, მივიღეთ დაფინანსება და ა.შ. 3. მეთოდი “თუ ასეა… მაშინ დავგეგმავ” შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი მაგალითის სახით: როცა დიეტაზე მყოფი ადამიანი ამბობს “თუ საღამოს სალათით მსუბუქად ვივახშმებ, მაშინ კმაყოფილი დავრჩები საკუთარი არჩევანით”.  

შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც იყენებდა “საკუთარ თავთან საუბრის” მეთოდს, გაცილებით უკეთ გაართვეს თავი ამოცანის შესრულებას, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა, რომელმაც უპირატესობა “წარმოსახვის” მეთოდს მიანიჭა.  მესამე მეთოდი ნაკლებ ეფექტური გამოდგა.  როგორც ჩანს “საკუთარ თავთან საუბარი” და წარმოსახვით “დანახვა” მჭიდრო კავშირშია, რადგან როცა წარმოვიდგენთ, როგორ დავიხვეწოთ, სავარაუდოდ, ვესაუბრებით კიდევაც საკუთარ თავს – რას გავაკეთებთ საუკეთესოდ. ამდენად, მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა მესამე მეთოდთან შედარებით. და მაინც, “საკუთარ თავთან საუბარი” ყველაზე უკეთ გაითავისა მონაწილეთა უმეტესობამ. პროცესებსა და შედეგებზე მკვლევართა დაკვირებით, პირველ მეთოდს დამატებითი უპირატესობა აქვს: მონაწილეებს სჯეროდათ, რომ გამოსაყენებლად ეს აზრობრივი მომზადების ეფექტური სტრატეგია იყო. ორივე მეთოდით ადამიანები ბუნებრივად სარგებლობენ, ფორმალური ტრეინინგის გარეშე, მაგრამ საკუთარ თავთან საუბარი კიდევ უფრო პრაქტიკულია, რადგან მარტივია სასწავლად და შესასრულებლად, მითუმეტეს. 

ბოლო ხანს ჩემს პროფესიულ წინსვლასა თუ პიროვნულ განვითარებაში მიმდინარე სასიკეთო ძვრები სწორედ იმ ფსიქოლოგიური მიდგომის შედეგია, რამაც პოზიტიურ აზროვნებასა და თვითმოტივაციას მიმაჩვია. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით ადვილად მიმდინარეობს, როცა მიზანზე ორიენტირებისას გონების კონცენტრირებას თან ახლავს  გამამხნევებელი სიტყვები, ომახიანი მტკიცებულება – “შენ ეს შეგიძლია!”, გარშემო მყოფთა პოზიტიური დამოკიდებულებით შემართების “გაათმაგება.”

მეტი თავდაჯერებულობისთვის თავადვე შეგვიძლია შევქმნათ ან/და ვისწავლოთ მზა სახით არსებული დადებითი ფრაზები, რაც მხნეობასა და რწმენას გვმატებს. ასე მაგალითად,

“იოლად ვახერხებ საკუთარი თავისა თუ სხვების დამუხტვას პოზიტიური ენერგიით”. 

“ მზად ვარ გამოწვევებისთვის. გონივრულად ვმოქმედებ და ყოველთვის ვიმარჯვებ”.

“სავსე ვარ დადებითი ენერგიით და სიამოვნებით ვუნაწილებ გარშემო მყოფებს.” 

ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესოა გავიგოთ, როგორ მოვიზიდოთ კლიენტები, ინვესტორები თუ სპონსორები, როგორ შეიძლება კოლეგებს, ოჯახის წევრებს ან/და ნაცნობ-მეგობრებს სამოქმედო სტიმული მივცეთ. ერთერთი ყველაზე თვალსაჩინოდ განსახორციელებელი საშუალებაა დავარწმუნოთ ისინი “რატომ” ქმედებაში ანუ კონკრეტული მოქმედების სარგებლიანობაში. რასაკვირველია, შედეგებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვნად აუცილებელია მიღებული სასიკეთო ცვლილებების გამო მადლიერების გამოხატვა. ამის დასტურად ჟურნალ “ფორბსის” ერთერთ ავტორს ვანესა ლოდერს ასეთი არაორდინარული კვლევის შედეგები მოყავს – მიჩიგანის უნივერსტეტში დოქტორ ადამ გრანტი და მისი კოლეგები მუშაობდნენ “ქოლცენტრის” თანამშრომლებთან და ექსპერიმენტის სახით უცნაური დავალება მისცეს შესასრულებლად. მათ წინასწარ უნდა დაერეკათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან და ეთხოვათ ერთერთი პოტენციური სტიპენდიანტისთვის თანხით დახმარება. ამის შემდეგ საკვლევი ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელი პირადად შეხვდა სტიპენდიის მიმღებ პირს, რომელმაც აღტაცებით უამბო, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო “ქოლ ცენტრის” მიერ გაწეული თავდაუზოგავი მუშაობა და მადლობა გადაუხადა ამისთვის. როდესაც დანარჩენმა თანამშრომლებმა გაიგეს, რა სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა მათმა შრომამ აღნიშნულ სიტუაციაში, ისინი გაცილებით თავდაჯერებულები გახდნენ და კიდევ უფრო მოტივირებულად განაგრძეს მუშაობა. ფოკუს-ჯგუფის შრომის ნაყოფიერება გასაოცრად ამაღლდა, ხოლო ყოველკვირეული შემოსავალი 400 %-ით გაიზარდა.    

სხვათაშორის, აქვე უნდა ითქვას, რომ მოტივაცია გარკეულწილად დაკავშირებულია ემოციურ განწყობასთან. როდესაც ვართ შინაგანად მოტივირებული, ბედნიერებისა და სიხარულის განცდა გვეუფლება, სახის გამომეტყველებაც კი გვეცვლება, თვალები უფრო გასხივოსნებულია და ცხოვრებას კიდევ უფრო დადებითი რაკურსით ვუყურებთ. პირველი შესაბამისი რეაგირება ასეთი პოზიტიური ცვლილებების გამოსახატად არის ღიმილი სახეზე,  რაც ბუნებრივია გარშემო მყოფებზეც გადამდებია. ამიტომ რაც უფრო მოტივირებულ ადამიანთა გარემოცვაში ვიმყოფებით, მით მეტად ქმედითუნარიანები ვართ, გადაწყვეტილებასაც ადვილად ვიღებთ და სათანადო ნაბიჯებსაც თამამად ვდგამთ. ასეთ გარემოში ყოველთვის მაღალია ობიექტური თვითშეფასება და მუშაობის ხალისიც გაცილებით გვემატება. 

გუნდში ურთიერთმოტივაციასთან დაკავშირებით ერთ პირად მაგალითსაც გიამბობთ. ახლახან ჩემ პიარაკადემიელ კოლეგებთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერად შედგა ტრენინგი საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისთვის. გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და პროფესიული უნარების დახვეწის გარდა საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა შემაჯამებელ შეხვედრაზე ერთობლივად შესრულებული სავარჯიშო, რომელიც “რეფრეიმინგის” სახელითაა ცნობილი. ტესტის შინაარსი ასეთია: ყოველი მონაწილე აღწერს საკუთარ ნაკლს (შეუზღუდავად) “მე ვარ…” და ფურცელს გადასცემს გვერდით მჯდომს, რომელიც  საპასუხოდ ჩამოწერს მის დადებით მხარეებს – “სამაგიეროდ შენ ხარ…”  (რასაც ხედავს მასში და რაც მოწონს). ყველა მონაწილის მიერ შევსებული ფურცლები წრეზე ტრიალებს და ბოლოს ავტორს უბრუნდება. სავარჯიშოს დანიშნულებაა დაგვანახოს გარშემო მყოფებისგან მიღებული საუკეთესო  დახასიათება როგორ გადაწონის პირად ნაკლოვანებას. ხმამაღლა მოსმენისას  ერთმანეთს დავეთანხმეთ, რომ ასეთი “შეფასების ფურცელი” ყველა დიპლომზე უფრო ძვირფასია. საკუთარი გამოცდილებით დავამატებ, რომ ნამდვილად დიდი ძალა აქვს თუნდაც ახალ გაცნობილი ადამიანების ან უკვე კარგად ნაცნობების თვალით დანახულ  სიძლიერეზე ხაზგასმას. განა რა უნდა ინატრო იმაზე მეტი, ვიდრე სიტყვები: “შენ ხარ მეგობარი, რომელზეც შეიძლება იოცნებო და კოლეგა, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო!” “პოზიტიური, საკუთარი საქმის მცოდნე, უაღრესად დადებითი, ამავე დროს თავმდაბალი, საინტერესო ადამიანი,” “სულ დადებითი, გაუჩერებლად შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და ჩემი ძალიან კარგი მეგობარი!!” დიახ, სწორედ ეს აღმოჩნდა ბიძგი, რომ კიდევ უფრო ყურადღებიანი, პოზიტივით აღსავსე, ორგანიზებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ვიყო. მოტივაციისადმი ჩემი დამოკიდებულება თუ აღმატებული გეჩვენათ, დატესტეთ ზემოთ მოყვანილი სავარჯიშო სამეგობროში და/ან თანამშრომელთა შორის. თავად დარწმუნდით გუნება-განწყობის სასიკეთო ცვლილებებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *