გასული წელი და 2017 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2017 წლის გამოწვევები

ერთი წლის წინ წერდი,რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები იქნებოდა: ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ინფლაციის დონის შემცირება და ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება. სამწუხაროდ, ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წელს მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. შარშან ლარმა გაუფასურება განაგრძო და დაახლოებით 12%-იანი (30-თეთრიანი) გაუფასურება განიცადა. ვერც მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 3%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ. წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 2.7%-ით გაიზარდა, როცა 2015 წელს ზრდა 2.9% იყო.

საერთო ჯამში, 2016 ეკონომიკურად რთული წელი იყო. დადებითი ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ ის, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა.

2016 წელმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინში ჩაიარა. 2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზას 2016 წლის ზაფხულიდან გაუუქმებდა, მაგრამ 2017 წლის იანვარია და ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ევროპაში უვიზოდ წასვლა. თუმცა დღეს უფრო ახლოს ვართ ამ მიზანთან, ვიდრე ერთი წლის წინ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რამდენიმე თვეში შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის გადაწყვეტილება ძალაში შევა.

ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია

2016 წლის შემოდგომამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 3% იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.7%-მდე შემცირდა და წინასწარი მონაცემებით, ის შესრულდება.

2.7% განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია – ასეთი ტემპით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 25 წელიწადში გაორმაგდება. მთავრობა ზრდის დაბალი მაჩვენებლის ობიექტურ მიზეზად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას ასახელებდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა 2016 წელს 0.6%-ით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანის 2.4%- მდე, რაც საქართველოზე ნეგატიურად აისახა. ასევე შენელდა ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპებიც, სომხეთის ეკონომიკა 2.4%-ით გაიზარდა, თურქეთის – 3.3%-ით. გასულ წელს ზრდა დაიწყო უკრაინის ეკონომიკამ და 1.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აღწევს უამრავი პოლიტიკური პრობლემისა და გახშირებული ტერორისტული აქტების პირობებში.

საქართველოს ეკონომიკის 2.7%-მდე ზრდა შემდეგმა დარგებმა განაპირობეს: სამთომომპოვებელი მრეწველობა (ზრდა 25%), მშენებლობა (ზრდა 18%), საფინანსო საქმიანობა (ზრდა 9%), სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 11%). ხოლო შემცირდა ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. ეკონომიკური ზრდა ასევე შეაფერხა საქონლის ექსპორტის შემცირებამ.

ინფლაციის დონე იანვარ-ნოემბერში 0.2% –ს შეადგენდა, თუმცა წლის ბოლო თვეებში ფასების მატების ტემპი დაჩქარდა, რაც, ძირითადად, მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 10.5%-ით – გაძვირდა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები. 1.5%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, რაც ძირითადად იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის მატებამ და ჯანდაცვაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. 3.9%-ით გაძვირდა კავშირგაბმულობის მომსახურების ფასი. შემცირებით კი 5.6%-ით შემცირდა ტანსაცმლის ფასი, 3.4%-ით შემცირდა საოჯახო ნივთების ფასი და 3.7%-ით შემცირდა ტრანსპორტის ფასი (ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების 12%-ით გაიაფების გამო).

საგარეო ვაჭრობა

საქართველოს საქონლის ექსპორტმა შემცირება 2014 წელს დაიწყო (2%-ით შემცირდა). ეს ტენდენცია გაღრმავდა 2015 წელს, ექსპორტი 23%-ით შემცირდა. 2016 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) ექსპორტი 5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი

29%-ით გაიზარდა (თუმცა, „C ჰეპატიტის“ წამლების გამოკლებით, რომლებიც გრანტის სახით მოგვეწოდება, იმპორტი არ გაზრდილა).

ექსპორტი იმდენად შემცირდა, რომ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ის არა მარტო 2015 წელს ჩამორჩება, არამედ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი 7%-ით არის შემცირებული. 2016 წელს ექსპორტის შემცირება დსთ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის შემცირებამ განაპირობა. დსთ-ის მიმართულებით ექსპორტი 11 თვეში 133 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ყველაზე მეტად აზერბაიჯანში შემცირდა – 108 მლნ დოლარით. სომხეთში ექსპორტი 29 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო უზბეკეთში – 74 მლნ დოლარით. ექსპორტი გაიზარდა რუსეთის და უკრაინის მიმართულებით, შესაბამისად – 27 და 7 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ქვეყნებს რაც შეეხება, ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ბულგარეთის (44 მლნ დოლარით), პოლონეთისა (19 მლნ დოლარით) და ბელგიის (8 მლნ დოლარით) მიმართულებით. გაიზარდა რუმინეთის (9.5 მლნ დოლარით), გერმანიისა (4.2 მლნ დოლარით) და საფრანგეთის (3.7 მლნ დოლარით) მიმართულებით.

49 მლნ დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტი. ასევე, 48 მლნ დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის შვეიცარიაში ექსპორტი.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმის განვითარება, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ვიზიტორების ზრდასთან. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5.9 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს რჩებიან) კი 19%-ით გაიზარდა და ჯამში 2.5 მლნ ტურისტი ჩამოვიდა. ტურიზმის ზრდა საქართველოში შემოსვლის ვიზების გამარტივებამ და სარეკლამო კამპანიის გააქტიურებამ განაპირობა.

ლარის კურსი

2016 წელს არამარტო ეკონომიკაში, ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, არჩევნებთან ერთად ყველაზე აქტუალური თემა ლარის გაცვლითი კურსი იყო. ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს რეკორდულად გაუფასურდა. 2016 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.40 იყო. იანვრის ბოლოს 2.50-ს მიაღწია, შემდეგ გაზაფხულ-ზაფხულში მყარდებოდა და აგვისტოს ბოლოდან ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა. შემოდგომაზე ეროვნულმა ბანკმა 180 მლნ დოლარი გაყიდა კურსის ვარდნის შესაჩერებლად, თუმცა ლარის კურსის გაუფასურება არ შეჩერდა და 2.7-საც კი გადასცდა.

ლარის გაუფასურება ძირითადად ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ბოლოს ფულადი გზავნილების ზრდა დაიწყო, ის ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება 2014 წლის მაჩვენებელს. ექსპორტს თან ახლდა იმპორტის შემცირება, მაგრამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო კვლავ მნიშვნელოვანი სიდიდის რჩება. ჯერ უცნობია უცხოური ინვესტიციებისა და სასესხო კაპიტალის წლიური სტატისტიკა, მაგრამ 3 კვარტალის შედეგად, ვიცით რომ პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა (დაახლოებით 100 მლნ დოლარით), ხოლო მე-2 და მე-3 კვარტალში შემცირდა (დაახლოებით 40 მლნ დოლარით). წლის პირველ ნახევარში გაიზარდა სასესხო კაპიტალის შემოსვლაც. შესაბამისად, მარტ-ივლისში ლარი მყარდებოდა. როგორც ჩანს, წლის ბოლოს უცხოური ინვესტიციებისა და სესხების შემომავალი ნაკადები შემცირდა.

ლარის კურსზე უცხოური ვალუტის ნაკადების გარდა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმას, თუ რამდენი ლარი იქნება მიმოქცევაში. მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით არეგულირებს. წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, რეფინანსირების სესხის განაკვეთი 8% იყო. აპრილის ბოლოდან პოლიტიკის შერბილება დაიწყო და სექტემბრამდე განაკვეთი 6.5%-მდე შემცირდა, რომელიც წლის ბოლომდე აღარ შეცვლილა. განაკვეთის შემცირება ინფლაციის დონის კლებამ განაპირობა, თუმცა ამას შედეგად მოჰყვა მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდა დაახლოებით მილიარდი ლარით (M2 აგრეგატი). მიუხედავად იმისა, რომ ფულის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, ეროვნული ბანკისგან ეს ნაბიჯი გამართლებული იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში შევიდოდა და შემოსავლები და სამუშაო ადგილები შემცირდებოდა.

იანვარ-ნოემბერში ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვები 263 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი

2016 სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულდა ისე, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. რამდენიმე უწყებამ გეგმაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ესენია: ჯანდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო, რომლებსაც ჯამში 200 მლნ ლარით მეტი დასჭირდათ, ვიდრე თავიდან იყო გამოყოფილი.

მთავრობამ დეკემბრამდე თითქმის ვერ აითვისა ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები და სესხები, დანაკლისს კი დაგეგმილზე მეტი შიდა ვალის აღებითა და ნაშთის გამოყენებით ავსებდა. წლის ბოლოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი შეიცვალა და მთავრობამ თავდაპირველად დაგეგმილ 200 მლნ ლარის ნაცვლად 380 მლნ ლარი ისესხა. ეს იმ ფონზე, როდესაც ერთი წლის წინ თავად ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნაკლები შიდა ვალის აღება ლარის კურსს დაეხმარებოდა.

წლის განმავლობაში პრობლემა იყო ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა. იყო თვეები (აპრილი, ივნისი, ოქტომბერი), როდესაც ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა 100 მლნ ლარსაც კი სცდებოდა. სხვა თანაბარ პირობებში, ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალმა 14.4 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. 11 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 330 მლნ ლარით, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალი 831 მლნ ლარით გაიზარდა. საგარეო ვალს თუ დოლარებში ვნახავთ, 96 მლნ დოლარით არის გაზრდილი. სახელმწიფო ვალის სიდიდემ მშპ-ის მიმართ 44%-ს მიაღწია.

2017 წლის გამოწვევები

2017 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი, ე.წ. ლარიზაციის გეგმა და მთავრობის მიერ პროგნოზირებული 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა, რომელმაც, მთავრობის აზრით, ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს და ლარის გაუფასურების ნეგატიური შედეგების შერბილება უნდა მოახდინოს.

აღნიშნულ გეგმაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიმართულია მოგების გადასახადის რეფორმა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ინფრასტრუქტურის ხარჯების ზრდა. მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1.7 მილიარდ ლარამდე დახარჯოს, რაც 500 მლნ ლარით მეტია 2016 წელს გაწეულ ხარჯზე.

იმავე გეგმით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსებისთვის მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა სიგარეტზე, საწვავსა და ავტომობილებზე, რაც ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგო ნაბიჯია და ასევე აამაღლებს ინფლაციის დონეს. „ლარიზაციის“ ხელშეწყობა ანუ დოლარში სესხების გაცემის შეზღუდვა, სხვა თანაბარ პირობებში, სესხებზე პროცენტს გაზრდის, რაც ეკონომიკის დაკრედიტებას შეამცირებს და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. თუმცა ეს ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ მომავალში ლარის გაუფასურებამ ნაკლებად დააზარალოს მსესხებლები და ბანკები.

ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2016 წლის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას. სამწუხაროდ, ვადებმა ისევ გადაიწია. გასულ წელს, როგორც იქნა, ტენდერი დასრულდა და პორტის მომავალი მფლობელი გამოვლინდა, თუმცა მსხვილი სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობამ 96 მლნ ლარი გამოყო ანაკლიის პორტისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის მშენებლობის მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. 2017 წელს მთავრობა დაახლოებით 400 მლნ ლარით მეტ ვალს აიღებს, ვიდრე 2016 წელს. იზრდება ბიუჯეტის დეფიციტიც. ეს კი ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საზიანოა და თუკი ვერ მიიღწევა დაგეგმილი 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *