შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშების მილიარდერი კოლექციონერები

შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშების მილიარდერი კოლექციონერები

რაში შეიძლება დააბანდო აუარებელი სიმდიდრე, როცა ყველაფერი გაქვს? ალბათ რამე ღირებულში, რომელსაც დრო ფასს მხოლოდ და მხოლოდ შემატებს.

ბევრ ცნობილ, მდიდარ და რაციონალურობით გამორჩეულ ადამიანს უჩნდება განსაკუთრებული ლტოლვა ხელოვნების ნიმუშების მიმართ და მზად არის, თუნდაც არარაციონალურად ბევრი ფული დახარჯოს ამა თუ იმ ცნობილი ფერმწერის ტილოს შესაძენად.

მაგალითად, სტივენ კოენი. 2016 წლის სექტემბრისთვის ჰეჯ-ფონდების ამერიკელი მენეჯერის ქონება $13 მილიარდს აღწევს და ის ცნობილი კოლექციონერია, რომელმაც გამორჩეული ტილოების შეგროვება 2000 წელს დაიწყო და მას შემდეგ 300-მდე ხელოვნების ნიმუში შეიძინა. მათი ჯამური ღირებულება $1 მილიარდს აღწევს და კოლექცია არაერთი ცნობილი ტილოთი დაიკვეხნის, მათ შორისაა ვინსენტ ვან გოგის „გლეხი გოგონა ჩალის ქუდით“ (1890).

„როცა საქმე ხელოვნების ნიმუშის ყიდვას ეხება და ნახატის სანახავად მივდივარ, თუ ის გონებაში ჩამრჩა და თავში მუდმივად მიტრიალებს, ვიცი, ეს ის არის, რაც მჭირდება. თუ დამავიწყდა, ესე იგი ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციო“, – ასე განუმარტა კოენმა საკუთარი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ Fortune-ს.

და მაინც, როგორც ამბობენ, ვან გოგის ყველაზე გამორჩეული ტილოები ბერძენი მილარდერის, ფილიპ ნიარქოსის კოლექციას ამშვენებს. საზღვაო გადაზიდვების ბერძენი მაგნატის უფროსი შვილის ქონება კოენისას ერთიორად ჩამორჩება და სულ რაღაც $2.3 მილიარდია, თუმცა სამაგიეროდ, მემკვიდრეობით მიღებული მისი კოლექციის ღირებულება აჭარბებს $2 მილიარდს. ნიარქოსმა მამის მიერ დატოვებულ კოლექციას ღირებული ნიმუშებიც შემატა, მათ შორის ვან გოგის ყურის მოჭრის შემდგომ შესრულებული ავტოპორტრეტი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, $71,5 მილიონად სწორედ მან შეისყიდა ანონიმურად Christie’s-ის აუქციონზე 1998 წლის ნოემბერში.

ხელოვნებით გატაცებულ მილიარდერებს განსხვავებული გემოვნება აქვთ. ზოგს თუ ვან გოგი და პოსტიმპრესიონისტები მოსწონს, არიან ისეთებიც, ვისაც აბსტრაქციონიზმი უფრო იზიდავს. განსაკუთრებით კი გეომეტრიული აბსტრაქციონიზმი, ანუ სწორედ ისეთი, როგორიც პიტ მონდრიანს ახასიათებს. სწორედ ამ მხატვრის ნამუშევრების მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა ბონდების ტრეიდერი, ე.წ. Bond King-ი ჯეფრი გუნდლაქი $1.66-მილიარდიანი ქონებით. მისი სახლი სანტა-მონიკაში 2012 წლის სექტემბერში ქურდების სამიზნე გახდა, რომლებმაც სხვა ძვირფასეულობასთან ერთად რამდენიმე ნახატიც წაიღეს. ქურდობიდან რამდენიმე დღეში, გუნდლაქმა დაკარგული ქონების მპოვნელისთვის თავდაპირველად დაწესებულ $200-ათასიან ჯილდოს $1 მილიონი დაამატა მხოლოდ მისთვის, ვინც პიტ მონდრიანის ნახატს დაუბრუნებდა. დღეს კომპოზიცია (A) „წითელსა და თეთრში“ (1936) ისევ მისი კოლექციის ნაწილია.

მილიარდერების სია, ვისაც ხელოვნება განსაკუთრებულად იზიდავს, საკმაოდ ვრცელია, თუმცა არიან გამორჩეულები და მათგან ერთ-ერთი უდავოდ არის Alexander McQueen-ის, Balenciaga-ს, Gucci-სა და Saint Laurent Paris-ის მფლობელი კომპანიის, Kering-ის, მეწილე, ფრანგი ბიზნესმენი ფრანსუა პინო $1.4-მილიარდიანი კოლექციით. პინოს პირველი შენაძენი პიტ მონდრიანის Tableau Losangique II იყო, რომელიც $8.8 მილიონი დაუჯდა და, როგორც ჩანს, მილიარდერი ჰოლანდიელი მხატვრის შედევრის ყურებამ იმდენად მოხიბლა, რომ ახლა მისი პირადი კოლექცია 2000-მდე გამორჩეულად ძვირფას ხელოვნების ნიმუშს ითვლის. მილიარდერმა საკუთარი კოლექციის გამორჩეული ნიმუშები არაერთხელ გამოამზეურა ფართო საზოგადოებისთვის ვენეციაში, საგამოფენო სივრცისთვის განკუთვნილ ისტორიულ ნაგებობა Palazzo Grassi-ში, რომლის საკონტროლო პაკეტი 2005 წელს $37 მილიონად შეისყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *