აპლიკაციების ჯადოქარი

აპლიკაციების ჯადოქარი

ყველაზე მოთხოვნადი აქციების მქონე კომპანია ამერიკაში TWILIO-ა. არადა, ალბათ ეს სახელი არც კი გაგიგიათ. ის cloud-ის მეშვეობით ნებისმიერ ადგილას საკომუნიკაციო ქსელს ქმნის.

2011 წლის ოქტომბერში Uber-ი ჯერ კიდევ პატარა კომპანია იყო, რომელიც სან-ფრანცისკოს მიღმა გაფართოებას იწყებდა. კომპანიამ მომხმარებლებს ი-მეილი გაუგზავნა, რომლითაც პრობლემის შესახებ ატყობინებდა: Uber-ის SMS პროვაიდერი, Air2Web-ი, გეგმურად გამოირთვებოდა, ანუ, Uber-ის ზოგიერთი სერვისი, მაგალითად, შეტყობინებები და SMS-მოთხოვნები, დროებით ვერ იმუშავებდა. “თუ მოგვწერთ და სწრაფ პასუხს ვერ მიიღებთ, არ იფიქროთ, რომ არ გვინდა პასუხის გაცემა. უბრალოდ, არ შეგვიძლია!” – ეწერა Uber-ის ირონიულ წერილში – Air2Web-ისადმი გაღიზიანება აშკარად იყო შენიღბული.

ი-მეილმა თავი ჯეფ ლოუსონის, ქალაქის საპირისპირო მხარეს მდებარე სტარტაპის, Twilio-ს აღმასრულებელი დირექტორის ინბოქსშიც ამოყო. Twilio cloud-ზე დაფუძნებულ ტექსტურ და ხმოვან კომუნიკაციაზე მუშაობს. დაბალი, ჩასკვნილი, მელოტი, მართკუთხა სათვალეებისა და მრგვალი სახის პატრონი ლოუსონი ჯორჯ კოსტანზას დუბლიორად გამოდგებოდა, ოღონდ ერთი კი ისაა, რომ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ლოუსონი არც მოუხერხებელია და არც ნევროზული. ის თავმდაბალი და სასიამოვნო ხასიათის კაცია და სტარტაპების დამფუძნებელთათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობისა და მანერულობის დეფიციტს ინჟინრული ჟინითა და ანტრეპრენიორული დისციპლინით ანაზღაურებს.

ლოუსონმა ზუსტად იცოდა, რა უნდა ეღონა Uber-ის ი-მეილთან დაკავშირებით. წერილი თავის მეგობარ რობ ჰეისს, იმ დროისთვის Uber-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, გაუგზავნა და მისწერა: “თუ ღმერთი სწამთ, გამოიყენონ Twilio”. ჰეისმა ლოუსონი Uber-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტრევის კალანიკს გააცნო. იმავე თვეში Twilio უკვე Uber-ის SMS-ებს გზავნიდა. “ეს ორმხრივი სიყვარული იყო”, – ამბობს ჰეისი. ნელ-ნელა მათი ურთიერთობა გაღრმავდა და Twilio ახლა უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში Uber-ის აპლიკაციის მესიჯებს, სასწრაფო შეტყობინებებსა და ხმოვან ზარებს მართავს. როცა მძღოლი და მგზავრი ერთმანეთს ურეკავენ, ისინი ამას Twilio-ს ნომრის მეშვეობით აკეთებენ, რომლის წყალობითაც მათი პირადი ნომრები კონფიდენციალური რჩება. “არ გვეგონა, რომ Uber-ი იმად იქცეოდა, რადაც იქცა, – ამბობს პატრიკ მალატაკი, Twilio-ს პროდუქციის მთავარი მენეჯერი, – მაგრამ ჯეფის ენერგიული ჭიდილის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო”.

Twilio-მ, როგორც კომპანიამ, თავისი აღმასრულებელი დირექტორის ხასიათი შეითავსა. “იყავი თავმდაბალი და ყაირათიანი”, – ამბობს 39 წლის ლოუსონი, ორი შვილის მამა. ეს თავმდაბლობის კრედო 30,000 მომხმარებლად გარდაიქმნა. Twilio-ს წლიურად დაახლოებით 75 მილიარდი კონტაქტი ჰყავს, – პატარა დეველოპერებით დაწყებული, დიდი კომპანიებით დასრულებული, – რაც, თავის მხრივ, 1 მილიარდ მოწყობილობად ითარგმნება. Twilio-ს დახმარებით, Match.com-ი პოტენციურ წყვილებს ტელეფონის ნომრების გამოაშკარავების გარეშე აკავშირებს, Airbnb-ი ქირაობასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ავრცელებს, ამერიკის წითელი ჯვარი კი მოხალისეების განთავსებას ახდენს. ევროპული ბანკების გიგანტმა, ING-მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ თავისი გლობალური ქოლ-ცენტრების 17 აპარატურულ და პროგრამულ სისტემას აუქმებდა და მას Twilio-თი ანაცვლებდა. Twilio-ს უმსხვილესი კლიენტი, WhatsApp-ი, მას მომხმარებლის ანგარიშებისა და ავტორიზაციების გადასამოწმებლად იყენებს. Twilio-ს იყენებს ასევე Lyft-ის, Expedia-ს, Netflix-ის, Coca-Cola-ს, Salesforce-ისა და New York Times-ის აპლიკაციები. “მან ფანტასტიკური ბიზნესი შექმნა, – ამბობს Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ბენიოფი. – ეს ისეთი რამაა, რაშიც ყველა კომპანია ჩვენსავით თავის აპლიკაციას ჩააშენებს”.

Twilio-ს მიერ კულისებში მიღწეული წარმატება ბოლო დროს კიდევ ერთმა ჯგუფმა შეამჩნია: Wall Street-მა. Twilio, რომელიც ჯერჯერობით არ გახლავთ მოგებიანი, უძალიანდება ფაქტს, რომ ტექნოლოგიური სერვისების ბაზარი სულს ღაფავს და ივნისში აქციების საჯაროდ გაყიდვას იწყებს, რის შედეგადაც, $1.2 მილიარდად შეფასებულ კომპანიაში, $150 მილიონს იზიდავს. Twilio-ს აქციების ფასები პირველ დღეს თითქმის გაორმაგდა (კომპანია ჩვენს სადებიუტო რეიტინგში 100 ყველაზე მოთხოვნადი Cloud-კომპანიის შესახებ საკმაოდ მაღალ პოზიციას დაიკავებდა, საჯარო ბაზარზე რომ არ გასულიყო). გაორმაგდა უკანასკნელ ორ თვეშიც, რაც ბოლო კვარტალში გაყიდვების 70%-იანი ზრდის დამსახურებაა. მისი უახლესი $4.6-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ისეთ უფრო ცნობილ ტექნოლოგიურ ბრენდებს ჯაბნის, როგორიცაა Box-ი ($1.7 მილიარდი), Fitbit-ი ($3.1 მილიარდი) და Yelp-ი ($3 მილიარდი).

Twilio-ს დებიუტი ბაზარზე მულტიმილიარდი დოლარის ოდენობის სიგნალს გვაწვდის: აპლიკაციებში საკომუნიკაციო ფუნქციების ჩამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიცაა და გაცილებით მარტივიც, ვიდრე ოდესმე, რაც, თავის მხრივ, იმის პირობას იძლევა, რომ მსოფლიოს ყველა ჭკვიანი ტელეფონი კიდევ უფრო ჭკვიანი გახდება. ლოუსონი ამ შესაძლებლობას კარგად ხედავს. თავდაპირველი საჯარო შეთავაზების აღსანიშნავად, მან თავის 650-ზე მეტ თანამშრომელს მაისურები დაურიგა, რომლებზეც ეწერა: “დღე 1”.

ლოუსონმა და მისმა ორმა მეგობარმა Twilio 2008 წელს დააარსეს. ერთი წლის შემდეგ ლოუსონი პროდუქტის წარმოსადგენად ცნობილ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – SF New Tech-ის შეკრებაზე დაპატიჟეს. რთულად აღსაწერ ტექნოლოგიაზე საუბრის მაგივრად, ლოუსონმა თავად Twilio-ს პროგრამა ალაპარაკა. მან ათასობით ადამიანის წინაშე ამბის მოყოლა და ამავე დროს, Twilio-ს აპლიკაციის კოდის – მარტივი საკონფერენციო ხაზის – წერა დაიწყო. რამდენიმე წუთში მან გახსნა ანგარიში, შეიყვანა ტელეფონის ნომერი და კოდის რამდენიმე სტრიქონის დაწერის შემდეგ (რომელიც ოთახში მსხდომთათვის სავსებით გასაგები იყო), მისი საკონფერენციო ხაზიც გამზადდა. ლოუსონმა დამსწრეებს ხაზზე დარეკვა სთხოვა და აი, ასე მარტივად, დეველოპერების ბრბო გიგანტურ საკონფერენციო ზარს შეუერთდა. ლოუსონმა კოდს კიდევ რამდენიმე სტრიქონი შემატა: მისმა აპლიკაციამ ყველა დამსწრეს დაურეკა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მთელ ოთახში ტელეფონები აზუზუნდა, ხალხი გააფთრებულმა ენთუზიაზმმა მოიცვა. “ისეთი აღმასრულებელია, რომელსაც ურჩევნია, გაჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია, – ამბობს Bessemer Venture Partners-ის ბაირონ დიტერი, Twilio-ს ერთ-ერთი პირველი დამფინანსებელი, რომელიც კომპანიის ყველაზე მეტ აქციას ფლობს. – არავითარი ყოყოჩობა, არავითარი თვითკმაყოფილება, სწორედ ეს ანიჭებს მას განსაკუთრებულ ქარიზმასა და ავთენტურობას”.

ლოუსონის საპრეზენტაციო ხრიკმა ინდუსტრიაში უფრო მეტი მოახერხა, ვიდრე აჟიოტაჟის გამოწვევა იყო. მან დეველოპერზე მიმართული ბიზნესის სტრატეგია განასახიერა, რამაც კომპანიის ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა. Twilio-ს გამოყენება საოცრად მარტივია და წინასწარ გადახდას არ ითხოვს, რის გამოც პროგრამისტები ხშირად იდეის ან პროდუქტის დასატესტად იყენებენ. საკმაოდ მალე ეს პროდუქტი მასშტაბებს შეიცვლის და ექვს ან შვიდნიშნა ანგარიშად მოგვევლინება, რომელიც გადაყიდვების ტრადიციულ პროცესს არ საჭიროებს. “დეველოპერებს ჩვენ ისე ვექცევით, როგორც მომხმარებლებს, შემდეგ კი საშუალებას ვაძლევთ, საწარმოებივით ხარჯონ”, – ამბობს ლოუსონი. იმ სხვა ფირმების მსგავსად, რომლებიც დეველოპერებზე მიმართულ მარკეტინგს იყენებენ (Amazon-ი კომპიუტერული სერვისებისთვის, Stripe-ი გადახდებისთვის, New Relic-ი ანალიტიკისთვის), Twilio-ც ხეირობს იმით, რომ კომპანიები პროგრამებს სულ უფრო და უფრო მზარდად იყენებენ საკუთარი თავის გამოსარჩევად. “როცა ასე ხდება, და კომპანიები მეტ დეველოპერს ქირაობენ, ეს დეველოპერები Twilio-თი ხელდამშვენებულები შემოდიან”, – ამბობს ლოუსონი.

ამგვარად, ყველა ახალი Twilioნი, როგორც კომპანიის თანამშრომლები საკუთარ თავს მოიხსენიებენ, “ინიციაციის რიტუალს” გადის: მათ უნდა შექმნან Twilio-ს აპლიკაცია და ის მთელ კომპანიას წარუდგინონ (გამონაკლისი არც ასისტენტები, მარკეტოლოგები და იურისტები არიან: “ახალწვეულთა ბანაკში” მოსახვედრად, Twilio-ს აპლიკაციის კოდის წერის საფუძვლების სწავლა ყველას უწევს). ერთ-ერთ ოთხშაბათ საღამოს, სან-ფრანცისკოში, South of Marketer-ის ტექნოლოგიურ ცენტრში გახსნილ კაფეტერია-სამზარეულოში, რამდენიმე ათეული თანამშრომელი ვიეტნამურ წვნიან ფოს შეექცევა და რამდენიმე ახალბედას, რომლებიც თავიანთი ნამუშევრების შესახებ ჰყვებიან, ხალისიანად ამხნევებს.

აპლიკაციების უმრავლესობა საკმაოდ სულელურია. ერთ-ერთი მათგანი ტექსტურ მოთხოვნას “სიმპსონების” GIF-ნახატით პასუხობს, ხოლო მეორე მოხმარებელს მათემატიკური ამოცანის გაგზავნის საშუალებას აძლევს, პასუხს კი სწრაფად, Wolfram Alpha-დან უგზავნის – ვებზე დაფუძნებული ცოდნის სისტემიდან, რომელიც გამოთვლებს აკეთებს. თუმცა აქ ერთი რამაა ძალიან მნიშვნელოვანი: Twilio-ს აპლიკაციის შექმნა ყველას შეუძლია. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ ჯინსში, კედებში, პერანგსა და მატყლის მუქ ჟილეტში გამოწყობილი ლოუსონი ახალბედებს Twilio-ს გუნდის ერთგვარ საპატიო ათლეტებად გადააქცევს, როგორც ეს კოლეჯებში ხდება ხოლმე: “აი, შენი სპორტული ქურთუკიც!” და მათ Kindle-ს აძლევს, რომელსაც ყოველთვიური $30-იანი კრედიტი მოჰყვება. “გვინდა, ადამიანებს საკუთარ თავში ინვესტიციისკენ ვუბიძგოთ”, – ამბობს ის.

აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ თავში ინვესტიციებს ადრეული ასაკიდანვე ახორციელებს. დეტროიტის გარეუბანში რომ იზრდებოდა, მეშვიდე-მერვე კლასში ბიზნესი წამოიწყო: ძირითადად, ე.წ. მიცვა ბარების ღონისძიებათა ვიდეოების გადაღებითა და მონტაჟით იყო დაკავებული. საშუალო სკოლის დამთავრებისას, უკვე პრესტიჟული ქორწილების გადაღებას მიჰყო ხელი, თან ისე, რომ ზოგ შაბათ-კვირას $5,000-ს შოულობდა. პროგრამირება მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დაიწყო და პირველი შეკვეთა ჯერ კიდევ პირველ კურსზე მიიღო.

მალევე მან თავისი პირველი ინტერნეტსტარტაპი, Versity.com, დააარსა. საიტზე ქვეყნდებოდა კომენტარები უნივერსიტეტის ყველაზე დიდი კურსებიდან. Versity-მ სახელი რომ მოიხვეჭა და რეკლამიდან შემოსავლის მიღება დაიწყო, ლოუსონმა უნივერსიტეტს თავი მიანება, ვენჩურული კაპიტალისტებისგან თანხები მოიზიდა, კომპანია სილიკონის ხეობაში გადაიტანა და, 200 უნივერსიტეტის დამატებით, ბიზნესი გააფართოვა.

2000 წელს, როცა დოტ-კომ ბუმი პიკს აღწევდა, Versity მეტოქე CollegeClub.com-მა შეიძინა, რომელსაც აქციების პირველად საჯარო შეთავაზებაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი. სამწუხაროდ, კომპანიამ აქციების საჯაროდ გაყიდვა საფონდო კრახამდე ვერ მოასწრო და მალევე გაკოტრდა. Versity-ს აქციები უკვე ნაყიდი იყო, ამიტომ ლოუსონი ხელცარიელი დარჩა. “მათ ხარჯვის ტემპსა და სალაროს ნაშთს არავინ შეხედა, – ამბობს ის. – ბევრი რამ ვისწავლე და ახლა ვცდილობ, ფული უფრო გონივრულად ვხარჯო”.

ანტრეპრენიორული ვირუსით “დაავადებული” ლოუსონი მეგობარს, ჯეფ ფლერს, შეუერთდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ StubHub-ი დაეფუძნებინა. როგორც კომპანიის პირველმა მთავარმა ინჟინერმა, ლოუსონმა ბილეთების გადაყიდვის საიტი სულ რაღაც ექვს თვეში შექმნა. “მან მთლიანი სისტემის სტრუქტურა შექმნა და საიტის აწყობაში რამდენიმე ადამიანი დაიხმარა”, – ამბობს ფლერი. მაგრამ სპორტი ლოუსონის გატაცება არ გახლდათ და რამდენიმე თვეში კომპანია მიატოვა, ადგილზე გაყიდვების ბიზნესში გაერია და უნივერსიტეტის დიპლომიც აიღო.

ლოუსონი, რომელსაც უნარების განსავითარებლად დიდ კომპანიაში მუშაობა უნდოდა, 2004 წელს Amazon-ში გასაუბრებაზე მივიდა. სამსახური მას ერთმა პატარა გუნდმა შესთავაზა, თუ რაში მდგომარეობდა ეს სამსახური, ვერ ეუბნებოდნენ. ეს აღმოჩნდა დასაწყისი იმისა, რასაც დღეს უკვე Amazon Web Services-ის სახელით ვიცნობთ. ერთი სიტყვით, ლოუსონმა იმ ტექნოლოგიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც Amazon-მა 2006 წელს ჩაუშვა. “მთელი ეს იდეა, რომ ინფრასტრუქტურა მომხმარებელს სერვისის სახით შეგიძლია, შესთავაზო, მეტად თავბრუდამხვევი იყო”, – ამბობს ის.

Amazon-ში გატარებულმა 15-მა თვემ მასზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. კომპიუტერული საშენი მასალის სერვისად გაყიდვა ახალი მიგნება იყო და ლოუსონი სწორედ ამ პროცესის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მოდელმა მობილური აპლიკაციების შემოსვლასთან ერთად სახელი გაითქვა, ბიზნესებმა კი კლიენტებთან ურთიერთობისთვის პროგრამებს მიმართეს. ლოუსონი დაფიქრდა იმაზე, თუ სად გამოიყენებდა Amazon-ის Web Services-ის მოდელს და კომუნიკაციების ბაზრამდე მივიდა. მართლაც, ეს ხომ მის მიერ აქამდე წამოწყებული ყველა ბიზნესს ჰაერივით სჭირდებოდა. ორ მეგობართან – ევან კუკთან (რომელიც ახლა თეთრ სახლში, ტექნოლოგიის დეპარტამენტში მუშაობს) და ჯონ ვოლთასთან (რომელიც ჯერ კიდევ Twilio-ში მუშაობს) – ერთად, პროტოტიპი შექმნა. სად უნდა განეთავსებინათ ის? ცხადია, AWS-ზე. თავიდან დეველოპერები ამ ამბავს სიხარულით შეეგებნენ და Twilio-მ პირველი კლიენტიც იშოვა – სერვისი, სახელად PhoneMyPhone.com-ი, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ვებგვერდზე საკუთარი ნომრის აკრეფით თავიანთ მობილურებზე ზარი გაეშვათ (მოსახერხებელია, ცხადია, მით უფრო, როცა თქვენი მობილური ტახტის ბალიშებშია ჩაკარგული).

სენდ-ჰილ-როუდზე Twilio-ს ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ. ბევრმა ვენჩურულმა კაპიტალისტმა ლოუსონს უთხრა, რომ უმნიშვნელო ბიუჯეტის მქონე დეველოპერების მოზიდვა ცუდი სტრატეგია იყო. არც დრო იყო ამისთვის შესაფერისი: ერთ-ერთ განთქმულ, იმ დროს ახალბედა ფირმასთან შეხვედრა იმიტომ ჩაიშალა, რომ შუა შეხვედრაზე Lehman Bros-ის კოლაფსის შესახებ შეიტყვეს. ბოლოს ლოუსონმა მხარდაჭერა და კაპიტალი ახალი მფარველებისგან მიიღო – მიჩ კაპორისგან, რომელსაც პირველი პოპულარული ელექტრონული ცხრილი შეექმნა და Lotus-ი დაეფუძნებინა, და დეივ მაკქლურისგან, რომელიც PayPal-ში დეველოპერულ პროგრამას თაოსნობდა. ინვესტიციები გაიღეს, ასევე, კრის საკამ – Google-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც Twitter-ისა და Uber-ის დაფინანსებით გამდიდრდა, და Bessemer-ის დიტერმა.

დიტერმა მოგვიანებით Bessemer-ში კომპანიის B სერიების რაუნდზე მთავარი დამფინანსებლის პოზიცია Twilio-სეული ხრიკით მოიპოვა: მან Twilio-ს პროგრამის გამოყენებით საკონფერენციო ხაზის პროგრამა დაწერა და ლოუსონს სთხოვა, დათქმულ დროს დაერეკა. კონფერენციის მაგივრად, ლოუსონს ეს მესიჯი დახვდა: “გმადლობთ, რომ დარეკეთ Bessemer Venture Partners-ის ხელშეკრულების პირობათა ქოლ-ცენტრში. ჩვენთვის თქვენი ბიზნესი მნიშვნელოვანია”. ავტომატმა ლოუსონს უთხრა, $15-მილიონიანი გარიგებისთვის “1”-ზე დაეჭირა, $20-მილიონიანისთვის – “2”-ზე და ა.შ. ყოველ ეტაპს $5 მილიონი ემატებოდა, ყველაზე მაღალი ფასი კი $30 მილიონი იყო. ლოუსონს, ასევე, კეიტი პერის სიმღერის, “პარასკევ ღამეს”, მოსმენის ან ნათელმხილველთან დაკავშირების არჩევა შეეძლო. ლოუსონმა $12 მილიონი აირჩია.

Twilio თავიდან მომხმარებელს მარტივ საკომუნიკაციო ფუნქციებს სთავაზობდა: “აკრეფა”, “მოსმენა”, “ჩაწერა”, რაც დეველოპერებს საკუთარ აპლიკაციაში უნდა განეთავსებინათ. Twilio ამ ფუნქციების ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებას უზრუნველყოფდა მრავალი ოპერატორისა და ქვეყნის გავლით. სერვისის დახმარებით, დეველოპერები ვებ- და მობილურ აპლიკაციებს ხმოვანი და ტექსტური მესიჯების გაგზავნის ფუნქციას მარტივად უმატებდნენ. მალე Twilio-ს სერვისი გაფართოების კვალდაკვალ (დღეს ის 5-ის ნაცვლად, 50-მდე სტანდარტულ ბლოკს, ანუ, API-ს, სთავაზობს მომხმარებელს), მომხმარებლებმა სულ უფრო რთული ფუნქციების შექმნა დაიწყეს, გაუჩნდათ წვდომა ანალიტიკურ და მარშრუტიზაციის მონაცემებზე, ფასებსა და სხვა ფუნქციებზე, არა მხოლოდ ხმოვან და ტექსტურ, არამედ ვიდეოკომუნიკაციებშიც.

დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ, ძვირი მოწყობილების ან საკომუნიკაციო პაკეტების ყიდვის მაგივრად, ქოლ-ცენტრი სტანდარტული ბლოკებისგან ააგონ. ის, რასაც ადრე მონაცემთა ცენტრში სპილენძის მავთულების შეყვანა და ოპერატორებთან კონტრაქტებსა და ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციების კეთება სჭირდებოდა, ახლა პროგრამისტთა პატარა ჯგუფის მეშვეობით მიიღწევა, თანაც წინასწარი გადასახადი არაა საჭირო. Twilio ფულს მხოლოდ მის მოხმარებაში იღებს.

“ის, რაც მათ რეალობაც აქციეს, სიგიჟეა, – ამბობს საკა, რომელმაც Google-ში არაერთ ტელესაკომუნიკაციო პროექტზე იმუშავა. – ის, რომ ვიღაცამ, ტელესაკომუნიკაციო ინჟინერიაში გამოცდილების გარეშე, ქოლ-ცენტრის შექმნა, ფაქტობრივად, კურსორის გადაადგილებით შეძლო, დაუჯერებელი იყო”. დღეს Twilio გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელს შვიდ რეგიონში მონაცემთა 22 ცენტრის მეშვეობით უკავშირდება და ხელშეკრულება თითქმის ყველა მსხვილ ოპერატორთან აქვს დადებული, რაც მას საშუალებას აძლევს, მესიჯი პლანეტის თითქმის ყველა ტელეფონამდე მიიტანოს. ლოუსონი ამას Twilio-ს “სუპერქსელს” უწოდებს. “ჩვენი ბიზნესის ზრდის კვალდაკვალ, სუპერქსელის რეპლიკაცია სულ უფრო რთული ხდება”, – უთხრა მან ამას წინათ ინვესტორებს. მას ბევრი ანალიტიკოსი ეთანხმება. “Twilio მეტოქეებს სინათლის წელიწადებით უსწრებს”, – ამბობს JPMorgan-ის ანალიტიკოსი მარკ მერფი.

Twilio-ს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ბოლო ფართომასშტაბიან შეკრებაზე, ლოუსონი ასობით Twilioნის (რომლებიც, ძირითადად, ცემენტის იატაკზე სხედან) წინ Minecraft-ს თამაშობს. მის უკან უზარმაზარი მონიტორებია, საიდანაც მათი კოლეგები მოჩანან მაუნთინ-ვიუს, ნიუ-იორკის, ლონდონის, დუბლინისა და ტალინის ოფისებიდან. ლოუსონი რამდენიმე ახალ თანამშრომელს წარადგენს და რომ დარწმუნდეს, რომ მათი სახელები ყველამ დაიმახსოვრა, ბანაკის ხმაურიანი წინამძღოლივით მათ გამეორების სავარჯიშოს აკეთებინებს (ზუსტად ისე აცვია, როგორც წინა ღამეს, როცა ახალი თანამშრომლების Twilio-აპლიკაციების პრეზენტაციებს ესწრებოდა). შემდეგ შეხვედრის მთავარი მოვლენის – კლიენტებთან კითხვა-პასუხის – საყურებლად ჯდება. თარგმანის სერვისის კომპანიის, Globo-ს, აღმასრულებელი დირექტორი, ჯინ შრაივერი მასთან მიდის და ისინი ერთმანეთს ეხვევიან. “იმიტომ ვეხუტები, რომ Twilio $26-ად ვიყიდე”, – ხუმრობს შრაივერი. ცხადია, მთელმა დარბაზმა იცის, რომ კომპანიის აქცია $50-ზე მეტი ღირს.

ორივენი ბარის სკამებზე სხდებიან, ლოუსონს ფეხები მოუსვენრად უთრთის, შრაივერი კი ჰყვება, როგორ დააფუძნა თავისი Globo Twilio-ზე. Globo მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მთარგმნელებთან ტელეფონით აკავშირებს. შეიძლება, ქოლ-ცენტრიდან ისეთმა მომხმარებელმა დარეკოს, რომელმაც ინგლისური არ იცის, ან კი ბანგკოკის საავადმყოფოდან შემოვიდეს ზარი, სადაც ექიმს ფრანგულად მოსაუბრე ტურისტთან დალაპარაკება სჭირდება.

Globo, რომლის მომსახურებაშიც ი-მეილების, ტექსტისა და დოკუმენტების თარგმნაც შედის, ზარებს Twilio-ს მეშვეობით ახორციელებს და შესაბამის მთარგმნელთან ამისამართებს, არა მხოლოდ ენის, არამედ სპეციალიზაციის (სამედიცინო, იურიდიული, ტექნიკური და ა.შ.) გათვალისწინებითაც. “Twilio ის თეთრი ტილო იყო, რომელზეც შეგვეძლო, ყველაფრის დაგვეხატა”, – ამბობს შრაივერი. Globo-მ, რომელსაც 40 თანამშრომელი ჰყავს, უფრო დიდი მეტოქეების დამარცხება და სახელმწიფო კონტრაქტის მოპოვება (რომელიც Medicare-ის მიმღებებისა და ObamaCare-ის ხელმომწერებისთვის სერვისის შეთავაზების უფლებას გულისხმობს) სწორედ Twilio-ს შესაძლებლობებისა და სანდოობის წყალობით მოახერხა. შრაივერის თქმით, Twilio-ს არჩევანის გაკეთება გადამწყვეტი მომენტი იყო. “ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფსონი იყო, რაც კი დაგვიდია”, – ამბობს ის.

ამდენ სიყვარულობანაში ლოუსონს ისიც აინტერესებს, რა არ მუშაობს და რისი გამოსწორება შეუძლია მის გუნდს. შრაივერი რამდენიმე ნაკლს ასახელებს: ზოგიერთი სერვისის აჩქარება და ხმის ხარისხის ანალიტიკის გაუმჯობესება შეიძლებოდა; კარგი იქნებოდა, Twilio-ს მომავალი ფუნქციებიც გაემხილა. ასეთი შეფასებები Twilio-ს პროდუქტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ცოტა ხნის წინ, პროდუქციის მენეჯმენტის ვიცე-პრეზიდენტმა, მალატაკმა, დაადგინა, რომ ორი დიდი მომხმარებელი აჩერებდა და ხმას უთიშავდა ისეთ ზარებს, რომელთა საკონფერენციო ხაზზე მიღება არ შეეძლოთ. მალატაკმა გუნდს დაავალა, ზარის ლოდინის ფუნქცია შეექმნათ. “ჩვენ ვაკვირდებით, რას აკეთებენ კლიენტები და ვცდილობთ, საქმე გავუმარტივოთ”, – ამბობს მალატაკი, რომელიც თავადაც დეველოპერია და კომპანიაში მოსვლამდე Twilio-ს გამოყენებით თავისი სიეტლის ბინის ზარი თავის მობილურთან ჰქონდა დაკავშირებული.

Twilio-ს მიდგომა რეზონანსს მრავალი ტიპის მომხმარებელში პოულობს. როცა Yelmp-მა OpenTable-ისთვის კონკურენციის გასაწევად რესტორნის დაჯავშნის სისტემა შექმნა, დადასტურების ავტომატიზაციისთვის Twilio გამოიყენა. იმის მაგივრად, რომ სტუმარს რესტორნის წარმომადგენელმა ტელეფონით დაურეკოს და შეამოწმოს, აპირებს თუ არა დაჯავშნილ დღეს მოსვლას, პროცესი ავტომატურად, SMS-ის მეშვეობით, ხორციელდება და რესტორნები დასტურს საინფორმაციო დაფაზე იღებენ. ამის მსგავსად, Zendesk-მა, მომხმარებელთა მომსახურების სერვისის პროგრამის გლობალურ ქსელზე დაფუძნებულმა პროვაიდერმა, Twilio-ს გამოყენებით პატარა და საშუალო ბიზნესებს – მაგალითად, საოჯახო ლიმუზინის დისპეტჩერს – ქოლ-ცენტრების სერვისი შესთავაზა.

Twilio, კერძოდ, მისი განშტოება, Twilio.org-ი, კომუნიკაციის სერვისებს მრავალ არაკომერციულ ორგანიზაციასაც სთავაზობს. Twilio.org-ს Salesforce-ის 1-1-1 მოდელს იყენებს (რომლის თანახმადაც, თანამშრომელთა დროის, ტექნოლოგიისა და რესურსების 1%-ი საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება) და მისმა საწყისმა დაფინანსებამ თითქმის 800,000 აქცია შეადგინა და აპირებს, “კარგი საქმისთვის” მილიარდი მესიჯი გაგზავნოს. ამ ეტაპზე მიზნის მხოლოდ 10% აქვს განხორციელებული, რისი მიზეზიც Trek Medics-ის მსგავსი ორგანიზაციებია. ეს უკანასკნელი სასწრაფოს სერვისებს ისეთ ქვეყნებს სთავაზობს, სადაც სასწრაფო დახმარების ცხელი ხაზი არ არსებობს (ჰაიტი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ტანზანია და სხვ.).

აშშ-ში Crisis Text Line-მა Twilio-ს გამოყენებით შექმნა სერვისი, რომელიც სუიციდურ ან ოჯახური ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებს 1,600 მოხალისესთან აკავშირებს. Twilio ისეთ სერვისებთანაა ინტეგრირებული, როგორიცაა, მაგალითად, Facebook Messenger-ი, რითაც Crisis Text Line-იც ხეირობს. “გვინდა, ადამიანებს ხმა მივაწვდინოთ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”, ამბობს Crisis TextLine-ის მთავარი ინჟინერი კრის ჯონსონი.

რთულია, ვთქვათ, რამხელა შესაძლებლობები აქვს Twilio-ს, რომელსაც შარშან $167-მილიონიანი საქონლის ბრუნვა ჰქონდა. ამ ტემპით თუ გააგრძელებს, 2018 წლის მეორე ნახევრისთვის Twilio $1-მილიარდიან წლიურ მაჩვენებელს მიაღწევს. ლოუსონი ტელეკომუნიკაციის სერვისს ტრილიონდოლარიან ბაზარს უწოდებს. ამ ბაზრის დიდი ნაწილი აპარატურიდან პროგრამაზე გადაინაცვლებს. Avaya-ს, Genesys-სა და სხვა მსგავსი დრომოჭმული, თუმცა ჩაუნაცვლებელი მეტოქეები დანებებას არ აპირებენ. ხოლო უფრო პატარა სტარტაპები, რომლებსაც ლოუსონების ახალი თაობა წარმოადგენს, პროგრამულ დეველოპერებზე ნადირობენ.

დღესდღეობით არც ერთ ახალ მოთამაშეს არა აქვს Twilio-ს მასშტაბი, სერვისები და სანდოობა. კომპანიისთვის კონკურენტებზე უფრო დიდი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ის ისეთ მასშტაბურ ფირმაზეა დამოკიდებული, როგორიცაა Facebook-ის WhatsApp-ი, რომელიც Twilio-ს შემოსავლის 13%-ს შეადგენს. მაგრამ კომპანიის ზრდის უდიდესი ნაწილი მაინც პატარა ანგარიშებიდან მოდის და Wall Street-იც არ ღელავს. “მეტად სავარაუდოა, რომ Twilio ზრდას მომავალ წლებშიც გააგრძელებს”, – ამბობს JPMorgan-ის მერფი.

ლოუსონისთვის, რომელმაც ჭკუა ჯერ კიდევ დოტ-კომ ბუმის დროს ისწავლა, წარმატება არა მხოლოდ ზრდაა, არამედ ფინანსური დისციპლინა. მოგებიანობამდე ცოტა აკლიათ. ეს, ძირითადად, იმის დამსახურებაა, რომ Twilio, ტექნოლოგიური სტარტაპების სტანდარტით, ძალიან ხელმომჭირნეა.

კომპანიის სათავო ოფისი მარკეტ-სტრიტის სამხრეთით, მოკრძალებულ, გარემონტებულ შენობაში მდებარეობს. მიმღების მაგივრობას პატარა, მოუხერხებელი ოთახი უწევთ. დაცვა სტუმრებს პატარა მაგიდასთან ეგებება და მიხვეულ-მოხვეული დერეფნების გავლით უზარმაზარ ლიფტთან აცილებს. Twilio მესამე სართულსა და მეორე სართულის ნაწილს იკავებს. მოდური ავეჯი და კორპორაციული შეფ-მზარეული არ ჰყავთ. უფასო ლანჩი, რაც უკვე ტექნოლოგიური კომპანიების მახასიათებელია, კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე აქვთ. ხელმომჭირნეობამ და სწრაფმა ზრდამ Twilio-ს საშუალება მისცა, აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება თავის ნებაზე წარემართა. ლოუსონის თქმით, კომპანიას საბანკო ანგარიშზე $100 მილიონი ჰქონდა დარჩენილი და საჯაროდ გაყიდვა არც სჭირდებოდა. “მინდოდა, მომხმარებელს სცოდნოდა, რომ არასაიმედო ‘ფასკუნჯი’ არ ვართ”,- ამბობს ის.

ლოუსონს, რომლის Twilio-ს წილიც $500 მილიონამდე ქონებას გულისხმობს, ფასკუნჯობამდე არაფერი უკლია. Twilio-ს აქციები თუ კიდევ გაორმაგდება, ლოუსონი მილიარდერად იქცევა. ეს სრულიად შესაძლებელია – მსოფლიო დღითი დღე უფრო მობილური ხდება და გლობალურ ქსელს უფრო და უფრო მეტად ეყრდნობა. ეს არა ორ თვეში, არამედ, ალბათ, ორ წელიწადში მოხდება. ლოუსონის სიტყვებით, “ეს მხოლოდ დასაწყისია”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *