ქალების მიერ შექმნილი რვა საუკეთესო სილამაზის ბრენდი

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ყოველთვის კარგი აზრია – მაშინაც კი, როდესაც მცირე ბიზნესის საშაბათო ფასდაკლებამ უკვე ჩაიარა. სილამაზის ინდუსტრია ამჟამად სავსეა ექსკლუზიური ბრენდებით, რომლებიც მინიმალისტურ შეფუთვას და Instagram-ზე განთავსებულ თვალისმომჭრელ ექაუნთებს გვთავაზობენ. ამავდროულად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოცენდა ქალების მიერ შექმნილი ბრენდები, რომლებიც თავიანთი უნიკალური სახის გამწმენდებით, სამკურნალო მინერალებით გაჯერებული შესასხურებლებით, ალპური მცენარეებისაგან შექმნილი ტანის მოვლის პროდუქტებითა და პერსონალიზებული, თქვენი საკუთარი სისხლის გამოყენებით დამზადებული კრემებით დიდი გავლენა მოახდინეს სილამაზის ინდუსტრიაზე. გთავაზობთ იმ ბრენდების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც შეგიძლიათ მიმართოთ, როდესაც ჩვეული კოსმეტიკური საშუალებებით თავის მოვლა მოსაბეზრებელ რუტინად გექცევათ და გსურთ, რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული გამოსცადოთ. ვინ იტყვის უარს ქალების მიერ სპეციალურად ქალებისათვის შექმნილ სილამაზის პროდუქციაზე?

SUSANNE KAUFMAN: ეს ავსტრიული სპა-ბრენდი თავისი პროდუქციის დასამზადებლად ინგრედიენტებად ალპებში მდებარე ბრეგენზერის ტყეში მოპოვებულ მასალას იყენებს. სცადეთ აბაზანის ზეთი Oil Bath for the Senses-ი, რომელიც შეგიძლიათ ჩაასხათ აბაზანაში ან პირდაპირ კანზე შეიზილოთ როგორც ულტრადამატენიანებელი გამწმენდი გელი. ზეთს სადღესასწაულო, სეზონის შესაფერისი როზმარინის სურნელი აქვს.

JOELLE CIOCCO: სწორედ მის სანდო და უნარიან ხელებს ანდობენ თავიანთი კანის მოვლას სოფია კოპოლა, კარინ როიტფელდი და მათ გარდა უამრავი წარმატებული ფრანგი ქალბატონი. მისი ცნობილი „ბუკალის მასაჟის” ტექნიკა ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა სილამაზის მოყვარულთა წრეებში. მასაჟი გვთავაზობს ორმაგი გაწმენდის რეჟიმს, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის არ არის განკუთვნილი. ამ ბრენდის გამწმენდი რძე Sensitive Cleansing Milk-ი კი ნამდვილი საოცრებაა. მისი ყიდვა ჯერ მარტო განუმეორებელი ფორთოხლის არომატის გამო ღირს.

ELETHEA: ბრიტანული Vogue-ის განცხადებით, Elethea პროფესიონალია სილამაზის დარგში და ის აუცილებლად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. პროფესიით ბიოქიმიკოს ნაუშინ ქურეშის ლაბორატორიებში მხოლოდ ქალი მეცნიერები მუშაობენ. თავისი პროდუქციის შესაქმნელად ეს ქალბატონი მხოლოდ აფრიკული წარმოშობის ინგრედიენტებს იყენებს. აუცილებლად გამოსცადეთ უნიკალური წყალმცენარეების კომპლექსის ბაზაზე შექმნილი შრატი Youth Capture Serum-ი, რომელიც მდიდარია პროტეინებით, მათ შორის რვა ამინომჟავათი, B ჯგუფის ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავებით, ბეტა-კაროტინით, ბიოაქტიური ფერმენტებითა და მინერალებით.

DR. BARBARA STURM: ყველა მოდური გამომცემლობის რედაქტორს აქვს ექიმ შტურმის პროდუქცია თავის სილამაზის არსენალში და მათ შორის ყველაზე იღბლიანები ფლობენ მათი საკუთარი სისხლისაგან დამზადებულ Dr. Sturm-ის MC1კრემს. ამ უაღრესად ინდივიდუალურად მორგებული ფორმულის შესაქმნელად ექიმი შტურმი იღებს თავისი კლიენტების სისხლს, რომელიც დამუშავების შედეგად 40-ჯერ მეტ სამკურნალო თვისებებს იძენს, ვიდრე დაუმუშავებელი სისხლი. სისხლის პლაზმურ კომპონენტს იგი ურევს დანდურით გაჯერებულ ანტიასაკობრივ კრემში. საბოლოო შედეგი არის სასწაულმოქმედი ტონიკი, რომელიც კურნავს კანის ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის ნაოჭებს, ანთებით პროცესებსა და აკნეს.

IN FIORE: ჯული ელიოტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამომგონებელი, იგი ჭეშმარიტი ალქიმიკოსია. მისი სახის ზეთებს – რომლებიც ნარინჯისფერია, რადგან არც ერთი გაზავებული არ არის – კანი ადვილად იწოვს და მომენტალურად იწყებს ბზინვას. განსაკუთრებულად გამორჩეულია ჯული ელიოტის კანის დამამშვიდებელი Calm Face Oil Concentre, რომელიც დამზადებულია ვარდის, ილანგ-ილანგის, გვირილის, ყურძნის წიპწის, ასკილისა და მზესუმზირის ზეთებისაგან.

MARIE VERONIQUE: მისი სიწითლის საწინააღმდეგო შრატი შეიცავს პრობიოტიკების მთელ კომპლექსს, რომელიც აბალანსებს კანის მიკრობიომებს და ძალზე პოპულარულია როზაცეათი დაავადებულთა შორის. ამ ბრენდის არატოქსიკური ფორმულა მეცნიერების მიერაა შემუშავებული. ქიმიკოსი მარი და მისი ბიოსამედიცინო ინჟინერიის სპეციალისტი ქალიშვილი ჯეი ყველა ფორმულის შექმნაზე ერთად მუშაობენ.

HANNES DOTTIR: ყველა კანის მოვლის ბრენდს აქვს სახეზე შესასხურებელი, მაგრამ ჰანეს დოტირის Mineral Mist-ი ნამდვილად ამართლებს დანაპირებს. იგი შეიცავს სილიციუმს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ბორის ციტრატს ფორების შესამცირებლად და პიტნის ზეთს სიწითლის გასაქრობად. მაკიაჟის ზემოდან გამოყენებისას, მინერალური შესასხურებელი შესანიშნავ ბზინვარებას ანიჭებს კანს.

IMMUNICOLOGIE: თავისი უაღრესად ეფექტიანი დაბერების საწინააღმდეგო კომპლექსის Vital Oligo Science-ის შესაქმნელად აღნიშნული ბრენდი იყენებს ოთხი სხვადასხვა სახის თიხას: ფრანგულს, მწვანეს, კაოლინს და კანადურ კოლოიდურს. აღნიშნული კომპლექსი ყველა მის პროდუქტშია გამოყენებული. Oxygen Treatment Creme-ი წარმოადგენს ძილის წინ სახეზე წასასმელ იდეალურ პროდუქტს. გამოიყენეთ კრემი 2-3-ჯერ კვირაში და დილით ნაკლები ნაოჭებითა და გაახალგაზრდავებული სახის კანით გაიღვიძებთ.

წინა სტატია

შრომის ფასი
13 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

უწყვეტი ბლოკების ჯაჭვი
14 მარტი, 2017
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker