Angel Investing – ლადო გურგენიძის ახალი გატაცება

Angel Investing – ლადო გურგენიძის ახალი გატაცება

როდესაც გადაწყდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი რესპონდენტი, სავარაუდო კითხვებზე ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ იმ კითხვების უმრავლესობა, რაც მის პერსონასთან მიმართებით თავში მომდიოდა, თითქოს უკვე პასუხგაცემული და ამოწურული იყო და ამავდროულად, პასუხგაუცემელიც. ამ აღმოჩენამ ჩემი მისია უფრო საინტერესო გახადა.

პრემიერმინისტრობის პერიოდთან შედარებით წონაში საკმაოდ დაკლებული და უფრო შეჭაღარავებული მეჩვენა, თუმცა – ძველებურად სერიოზული და ძალიან საქმიანი. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად „ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარესა და „ლიბერთი კაპიტალის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს, ლადო გურგენიძეს, „ლიბერთი ბანკის” მრავალსართულიანი სათავო ოფისის ერთ-ერთ სართულზე შევხვდი.

როცა თბილისშია, დილაობით 3-4 საათს ელექტრონული ფოსტის, რეპორტებისა და დოკუმენტების კითხვა-კომენტირებას და საქმიან ზარებს ანდომებს. 1-1,5 საათს ატარებს სპორტულ დარბაზში, 14:00 საათიდან საღამოს 10 საათამდე კი საქმიანი შეხვედრებითაა დაკავებული. „მერე ისევ ელექტრონული ფოსტა, დოკუმენტები”, – მაცნობს ლადო გურგენიძე დღის განრიგს.

დღეში დაახლოებით 14 საათს მუშაობს, შაბათ-კვირას – 8-9 საათს. თავისუფალ დროს კი ბავშვებთან და ოჯახთან ერთად ატარებს.

„სამწუხაროდ, აქამდე ეს ნაკლებად გამომდიოდა”, – დასძენს გურგენიძე.

„აქამდე” იყო ბევრი რამ, რაც ოჯახთან და ბავშვებთან ყოფნის საშუალებას ნაკლებად აძლევდა – „საქართველოს ბანკის” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაყვანა და მისი კაპიტალიზაციის 30 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, პრემიერ-მინისტრის პოსტი, „სახალხო ბანკის” უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა და რებრენდინგი.

დიდი ხანი არ არის, რაც „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის თანამდებობა გიორგი არველაძეს გადაულოცა და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ დარჩა. ამ ცვლილებამ, რომლისთვისაც ბანკი წელიწადზე მეტხანს ემზადებოდა, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

„სახალხო ბანკს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გააჩნდა და რებრენდინგი აუცილებელი იყო. ყველა ძირითადი რეფორმა ბანკში განხორციელებულია და ახლა, როცა მისი ე.წ. turnaround-ი პრაქტიკულად დასრულებულია, მენეჯერების ნიჭიერმა გუნდმა კი აუცილებელი გამოცდილება შეიძინა, აღარ არის იმის საჭიროება, რომ მე „ლიბერთი ბანკს” ჩემი დროის 20%-30%-ზე მეტს ვუთმობდე. ზოგადად, რომელიმე ერთ კონკრეტულ საინვესტიციო თუ „turnaround” პროექტში 3-4 წლის აქტიური მუშაობა საკმარისად მიმაჩნია გარკვეული შედეგის მისაღწევად”, – ამბობს გურგენიძე და დასძენს, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი საინტერესო და განვითარებადი ბაზარია. მაგალითად, რუანდა, სადაც პირველი პროექტი საქართველოს ფარგლებს გარეთ საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა.

„დღეს Bank of Kigali-ს ბაზრის წილი 30%-ს აღემატება და ის რუანდის საბანკო სექტორის უპირობო ლიდერია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია, 2011 წელს წარმატებით განხორციელებული IPO-ს შედეგად, $200 მილიონია, დაახლოებით 4-5-ჯერ მეტი, ვიდრე ის 2009 წელს ღირდა, წმინდა მოგება $22 მილიონ დოლარს აღემატება და მოგების 50%-ს დივიდენდების სახით გასცემს, მას ინვესტორები სიამოვნებით და მარტივად აძლევენ 10-წლიან საკრედიტო ხაზებს 4-5%-ად”, – განმარტავს გურგენიძე და დასძენს, რომ რამდენიმე ახალ საბანკო პროექტში შესვლის მიზანშეწონილობას განიხილავს აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ამავდროულად, „ლიბერთი კაპიტალი”, რომლის 96,52%-ს ლადო გურგენიძე ფლობს, აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ელექტრონული კომერციის განხრით მომუშავე სტარტაპებშიც. ამ ეტაპზე, ქართულ ბაზარზე პირველი სტარტაპ- ინკუბატორის, „სმარტექსის” განვითარებას ლადო გურგენიძე ინტელექტუალურად უფრო დიდ გამოწვევად თვლის, ვიდრე საკუთარი ძალების მთლიანად საბანკო სექტორისაკენ მიმართვას, რადგან მიიჩნევს, რომ რამდენადაც საბანკო სექტორი განვითარებულია საქართველოში, იმდენად განუვითარებელი და ჩანასახოვანია ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული გადახდების ეკოსისტემა.

„სმარტექსი” დღეისათვის ფლობს წილებს 10-ზე მეტ ქართულ სტარტაპში და ისინი ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობენ: ელექტრონული გადახდები, ელექტრონული კომერცია, ტელეკომუნიკაციები. 77,74-პროცენტიანი წილი „სმარტექსში” „ლიბერთი კაპიტალს” ეკუთვნის, 21,26% – „ლიბერთი ბანკს”, ხოლო 1% – UGT-ს.

„ჯამში ინვესტირებული მაქვს მილიონ-ნახევარ ლარამდე. ყველა კომპანია მოგებიანია, პრინციპში, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის მოგება მოაქვთ. ფაქტობრივად, არაფრისაგან ბოლო ორ წელიწადში „სმარტექსი” საქართველოში ერთადერთ ვენჩურულ ჰაბად, სტარტაპ-ინკუბატორად იქცა. პრაქტიკულად ყველა ეს ჩვენი ქართული სტარტაპი ამავე შენობაშია განთავსებული, მეთორმეტე სართული მთლიანად გვაქვს დათმობილი და მართლა სტარტაპ-ინკუბატორივით გამოიყურება”, – ამბობს გურგენიძე.

გარდა ქართული სტარტაპებისა, აქტიურად აკვირდება მსგავსი ტიპის უცხოურ სტარტაპებსაც და ზოგიერთ მათგანში ინვესტიციაც განახორციელა. მათ შორის, ესტონურ-ბრიტანულ TransferWise-ში, რომელიც P2P ფულის გადარიცხვის მყისიერ და საბანკო გადარიცხვაზე ბევრად უფრო იაფ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს (ეს სერვისი „ლიბერთი ბანკმა” თავის ქსელში უკვე დანერგა); ამერიკულ Coinbase-ში, რომელიც ელექტრონული საფულის პრინციპით მუშაობს და ითვლება ახალი ვირტუალური ვალუტის, BitCoin-ის ეკოსისტემის ერთ-ერთ ლიდერად; გერმანულ Saving Global-ში, რომელიც წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას საბანკო დეპოზიტების განსათავსებლად ეგზოტიკურ ქვეყნებში და უკრაინულ სტარტაპში – BeFriendly.Me, რომელიც Social Gifting-ის სფეროში მუშაობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბაზარზე. ლადო გურგენიძის თქმით, Social Gifting-ზე მსოფლიოში სულ ორი-სამი სტარტაპი მუშაობს და მას შემდეგ, რაც უკრაინულ კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა, გეგმავსეს სერვისი საქართველოშიც დანერგოს და „სმარტექსში” შემავალ ერთ-ერთ სტარტაპს, Swoop-ს „მიაბას”.

რაც შეეხება ქართულ სტარტაპებს, eMoney, Money Movers, eLoan.ge, Swoop და მის ქვეშ გაერთიანებული The.ge, Pinpoint, Freeshop, PAYStore,Lunchmenu.ge, Taxi24.ge, place2b, MyPhone, და მინორიტარული წილები Place.ge-სა, და Lit.ge-ში, – ეს ის სტარტაპებია, რომლებიც „ლიბერთი ბანკის” მეთორმეტე სართულზე, ლადო გურგენიძის „სმარტექსის” ინკუბატორში იყრის თავს.

„აი ეს თემა მაინტერესებს – ჩემთვის ახალი ნიშაა, განვითარება სჭირდება და, თუ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები მივიღეთ, მე მგონი, ფულის შოვნაც შეიძლება”, – მიიჩნევს გურგენიძე, თუმცა მის ძირითად ინტერესად მაინც საბანკო სექტორი რჩება. თვლის, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის (მათ შორის ბალტიის ქვეყნებსაც გულისხმობს) ყველაზე განვითარებული, ყველაზე პროგრესული და ყველაზე სტაბილური საბანკო სექტორი საქართველოს აქვს. „ეს შედეგი სექტორის 2004 წლიდან დღემდე სწრაფმა განვითარებამ განაპირობა, რაშიც წვლილი რამდენიმე ადამიანს მიუძღვის, მათ შორის – მეც”, – ამბობს ყოფილი პრემიერი.

მიიჩნევს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ობიექტურად იდგა ტექნოკრატი მთავრობის ხელმძღვანელის საჭიროება ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების ტემპის შესანარჩუნებლად, რითაც ხსნის კიდეც მის პრემიერად დანიშვნას.

„მიშას 1993 წლიდან ვიცნობ, იმ დროს ნიუ-იორკში და ამერიკის სხვა დიდ ქალაქებში სულ რამდენიმე ქართველი პროფესიონალი ვმუშაობდით ან ვსწავლობდით – მიშა, დათო ონოფრიშვილი, ამირან ყანჩაველი, სანდრო კვიტაშვილი, მე, ატლანტაში ლევან ვასაძე, ვაშინგტონში ნიკა ენუქიძე და ირაკლი მანაგაძე და კიდევ რამდენიმე კაცი”, – იხსენებს გურგენიძე და დასძენს, რომ არასოდეს უნანია პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება.

„თუ ოდესმე ეს უნდა მომხდარიყო, კარგია, რომ მოხდა სწორედ 2008 წელს, იმიტომ რომ იმ წელს იქ რომ სხვა ადამიანი ყოფილიყო, შეიძლება აგვისტოს შემდეგ ეკონომიკა დაშლილიყო. ჩვენ ეს არ დავუშვით, მე ეს გამომივიდა და ცხადია მეამაყება”, – ამბობს გურგენიძე. ასევე ეამაყება ის საფინანსო სექტორის რეფორმები, რომელიც 2008 წელს მოასწრო, სუვერენული ევროობლიგაციების სადებიუტო ემისია, იმ წელს, მიუხედავად სირთულეებისა, და ეკონომიკაში მოზიდული პირდაპირი თუ პორტფელური ინვესტიციების მოცულობა ($1,7 მილიარდი), მათ შორის მსხვილი საპრივატიზაციო გარიგებების შედეგად.
რაც შეეხება გადადგომას, მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან $750 მილიონიან კრედიტზე შეთანხმებისა და ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე 4,5 მლრდ დოლარის შეგროვების შემდეგ, რამაც საქართველოს ეკონომიკას 2009 და შემდგომი წლები შედარებით უმტკივნეულოდ გადაატანინა, ჩათვალა, რომ საკმარისი გააკეთა და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში დაბრუნების შესახებ. მით უმეტეს, რომ იცოდა – მსოფლიო კრიზისის ფონზე შემდგომი რადიკალური რეფორმები უფრო ნელი ტემპით განვითარდებოდა, ხოლო საქართველოს, როგორც საფინანსო ჰაბის აქტიური რეკლამირება, რაც 2008 წლის შემოდგომიდან იგეგმებოდა, დღის წესრიგში აღარ იდგა. „ამიტომ ჩავთვალე, რომ საკმარისი გავაკეთე და მივიღე გადაწყვეტილება კერძო სექტორში დაბრუნების შესახებ”, – იხსენებს გურგენიძე და როგორც ბიზნესმენი და ამავდროულად ლიბერტარიანელი, პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს.

ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ეკონომიკური შენელება მხოლოდ მოკლევადიანი ციკლურობითაა გამოწვეული, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი არ არის. მისი აზრით, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.

„ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ემპირიული არითმეტიკული დამოკიდებულება არსებობს – ყოველი $1 მილიარდი უცხოური ინვესტიცია უდრის 4-5 პროცენტ ეკონომიკურ ზრდას. როგორ მოვიქცეთ ისე, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ $2 მილიარდამდე დოლარი სტაბილურად, ყოველწლიურად შემოდიოდეს ეკონომიკაში გარედან, მიუხედავად იმისა, თუ რა ელექტორალური ციკლია საქართველოში – აი ამას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განმარტავს ლადო გურგენიძე და დასძენს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პარამეტრების უცვლელობის გარანტიების საკონსტიტუციო დონეზე შექმნა, რის მცდელობასაც თავისუფლების აქტი წარმოადგენდა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამისათვის.

რამდენადაც ადვილად საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების მოსაზიდად, იმდენად უჭირს მკაფიო ფორმულირება, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ისე სწრაფად გაიზარდოს პროფესიულად, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა: 22 წლისამ მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ემორის უნივერსიტეტში და შვიდ წელიწადში უკვე ABN AMRO-ის კორპორაციული ფინანსების ტექნოლოგიების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა ლონდონში. დღეს, 42 წლის ასაკში, ამბობს, რომ, უბრალოდ, უნდა აკეთებდე შესაძლებლობების მაქსიმუმს, მიუხედავად იმისა, შენი საკუთარი ბიზნესია, დაქირავებული მენეჯერი ხარ თუ საჯარო სექტორში მუშაობ. თუმცა საკუთარი წარმატების მნიშვნელოვან კონტრიბუტორად იმ ფაქტსაც მიიჩნევს, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, ანუ გაუმართლა.

„გლობალური მასშტაბით თუ შევხედავთ, კი, ვარ self-made ბიზნესმენი, რადგან ამერიკაში მოვხვდი 19 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით და ჯიბეში სამასი დოლარით. თუმცა, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს მასშტაბით, მქონდა ყველა პირობა, რომ მიმეღო კარგი განათლება და არამარტო. ვთქვათ ისიც, რომ იმდროინდელ საქართველოში არ იყო მერიტოკრატია იმ გაგებით, რომ ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლო ყველაფრისთვის მიეღწია. ახლა ამ მხრივ ბევრად უფრო კარგი სიტუაციაა. ანუ, საქართველოს მასშტაბით ჩემზე self-made-ს ალბათ ვერ ვიტყვით – კარგი სასტარტო პირობები მქონდა 1980იანებში”, – მიიჩნევს ლადო გურგენიძე.

კითხვით, თუ როგორი მენეჯერია, საკუთარ კოლეგებთან მამისამართებს. თუმცა მაინც დასძენს, რომ მისი კოლეგები მის შესახებ ამ კითხვაზე ალბათ შემდეგს მეტყოდნენ: მომთხოვნია, სამართლიანი, კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული. „იმედია, გეტყოდნენ კიდევ ერთ რამეს – რომ არასოდეს ვავალებ ისეთ რაღაცას, რისი გაკეთებაც მე თვითონ არ შემიძლია ან მეთაკილება”.

მომთხოვნი, სამართლიანი, კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული მენეჯერის ქონება რვანიშნა რიცხვით გამოიხატება, დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. თუმცა არასერიოზულად მიიჩნევს გეგმებს ამ რიცხვის ცხრანიშნად გადაქცევის შესახებ.

„ჩემი უფროსი შვილები უკვე 10 წლისანი არიან, კოლეჯამდე სულ რაღაც 7 წელი დარჩა. შეიძლება მქონდეს გეგმები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვაწყო ჩემი ცხოვრება ისე, რომ იმაზე აქტიურად შევძლო მათ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება კოლეჯში წასვლამდე, ვიდრე ეს, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ათი წლის განმავლობაში ხდებოდა. ეს ცხადია, ჩვენ დანარჩენ შვილებსაც ეხება. ამ მიმართულებით უფრო მაქვს გეგმები, ვიდრე ქონების გაზრდასთან დაკავშირებით”, – ამბობს გურგენიძე.

ოჯახთან, ფლორიდაში, ოთხ ვაჟიშვილთან, სამი თვის ქალიშვილთან და ამერიკელ მეუღლესთან, წელიწადის მხოლოდ სამ-ოთხ თვეს ატარებს, დანარჩენს – საქართველოში ან მოგზაურობაში. ამბობს, რომ მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მაინც საქართველოა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროექტი განახორციელა, რომელი იყო ყველაზე წარმატებული ან წარუმატებელი, ვერ ასახელებს – „მოდი, ამაზე ათ წელიწადში გაგცემთ პასუხს, როდესაც, სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების აქტიურ პროფესიულ ეტაპს დავასრულებ”, – ამბობს და შემხვედრ კითხვაზე – რას შეცვლიდა, თავიდან რომ იწყებდეს კარიერას – ისევ ათწლიანი ვადის შემდეგ მიპირებს პასუხის გაცემას.

იმას თუ გავითვალისწინებთ, რასაც გასული ათი წლის განმავლობაში მიაღწია, მომავალი ათი წლის გასვლის შემდეგ, მისგან ინტერვიუს აღება ალბათ ორმაგად საინტერესო იქნება. ამ პირობით, ათი წლის ვადით ვემშვიდობები.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *