მარტში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდი ლარი შეადგინა

მარტში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2017 წლის მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ერთი თვის საგადასახადო შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელია. გასული წლის მარტში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 868 მილიონი ლარი იყო.

იანვარ-მარტში, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში 2.27 მილიარდი ლარის გადასახადია მობილიზებული, რაც 318 მილიონი ლარით (16%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. 2017 წლის პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 108%-ით შესრულდა. ამავე პერიოდში, ბიუჯეტის შემოსულობები 2.69 მილიარდი ლარია, რაც 496 მილიონი ლარით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

პირველ კვარტალში ბიუჯეტის გადასახდელებმა (ხარჯებმა) 2.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 202 მილიონი ლარით (9%-ით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა, გადასახდელების კვარტალური გეგმა 91%-ით შესრულდა.

რადგან შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო გადასახდელების არ შესრულდა, შედეგად, იანვარ-მარტში ბიუჯეტის ნაშთი 225 მილიონი ლარით გაიზარდა. გეგმის მიხედვით ბიუჯეტის ნაშთის 230 მილიონი ლარით კლება იყო გათვალისწინებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *