ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში

ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში

ევროკავშირის ვილნიუსის სამიტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გამოდგა, ვიდრე თუნდაც ორი თვის წინ გვეგონა. ჯერ სომხეთის, განსაკუთრებით კი უკრაინის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვათ ევროპასთან ასოცირების კურსზე და უპირატესობა რუსეთის ვექტორისთვის მიენიჭებინათ, ვითარებას სულ სხვა დრამატიზმი შესძინა. სამიტი იქცა კრიტიკულ გზაჯვარედინად, სადაც ქვეყნები ისტორიული მნიშვნელობის მქონე არჩევანის წინაშე დადგნენ.

ეს ერთგვარი შოკი აღმოჩნდა ევროპელებისთვის. პირველ რიგში, მათი თავმოყვარეობა შეილახა. სომხეთმა და უკრაინამ საკმაოდ დიდი დრო, ჯაფა და ფული დაახარჯვინეს ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს გარკვეულ კონდიციამდე მისასვლელად, ბოლო წუთს კი უთხრეს: ბოდიში, არ გვდომებია.

დიდი და მცირე რეგატა

აქამდე ევროკავშირი თამაშის სულ სხვა წესებს იყო შეჩვეული. თავისთავად ცხადი ჩანდა, რომ კომუნისტური რეჟიმებისგან განთავისუფლებულ ქვეყნებს ამ პრესტიჟულ კლუბში მოხვედრა ენდომებოდათ. ეს კლუბის წევრებს უაღრესად კომფორტულ ვითარებაში ამყოფებდა: შეეძლოთ, ჟიურის წევრების სავარძლებში მოკალათებულებს, მშვიდად გადაეწყვიტათ, მაძიებლებიდან რომელი დაეჯილდოებინათ წევრობის პრიზით. პარალელურად, ჟიურის თითქმის იგივე შემადგენლობა იმავე ქვეყნებს ნატოს წევრობისთვის მზაობაში აფასებდა. ზოგი კომენტატორი ამ პროცესს „რეგატას” ადარებდა: აბა, ვინ მიასწრებს ფინიშის სწორთან, რომელსაც ამ ორი ორგანიზაციის წევრობა ჰქვია. ამასთან, მხოლოდ და მხოლოდ ევროპის (დასავლეთის) გადასაწყვეტი იყო, სადამდე გაგრძელდებოდა რეგატა და ვის დაუშვებდნენ მასში მონაწილეობის მისაღებად.

ჯერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (2003 წლიდან), შემდგომ კი ევროპის პარტნიორობის პროგრამა (2009 წ.) არსებითად იმავე პრინციპს ეფუძნებოდა, რასაც ევროპის დიდი გაფართოება, ოღონდ პრიზი არსებითად შემცირდა: ჯერჯერობით მაინც, „მცირე რეგატის” მონაწილეებს წევრობაზე ლაპარაკიც კი აუკრძალეს, ისინი მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას უნდა დასჯერებოდნენ. მაგრამ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ესეც პრიზია და, შეთავაზების შემთხვევაში, მასზე უარს არავინ იტყოდა.

ღირებულებების გეოპოლიტიკა

სომხეთისა და უკრაინის უეცარმა „შემოტრიალებამ” ცხადი გახადა ის, რისი აღიარებაც ევროპელებს ძალიან არ სიამოვნებთ: „აღმოსავლეთ პარტნიორობა” გეოპოლიტიკური პროექტია. ობიექტურად, ევროკავშირის (ისევე როგორც ნატოს) დიდი გაფართოებაც უდიდესი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოვლენა იყო: შედეგად, ევროპის სრულიად ახალი პოლიტიკური რუკა მივიღეთ. მაგრამ მას ნაკლებად ახლდა ის, რაც ჩვეულებრივ ასოცირდება სიტყვასთან „გეოპოლიტიკა”: მეტოქეობა ძალაუფლების ალტერნატიულ ცენტრებს შორის. რუსეთს არც მაშინ სიამოვნებდა ყოფილი სატელიტების გაევროპელება, მაგრამ წინააღმდეგობის რესურსები არ გააჩნდა. ნატოს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტი კი გამოთქვა (რაც დასავლეთმა წარმატებით დააიგნორა), მაგრამ ევროკავშირზე ხმაც არ ამოუღია: აზრი არ ჰქონდა.

ამით შეიქმნა მითი: ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი სულაც არაა გეოპოლიტიკური ერთეული, აქ საქმე ეხება ეკონომიკური კონტაქტების გაადვილებას, ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, დემოკრატიის განვითარებას. შესაბამისად, რუსეთს აღიზიანებს ნატოს, მაგრამ არა ევროკავშირის გაფართოება. ზოგი დასავლელი მეგობარი ჩვენც ჩაგვჩიჩინებდა: თავი დაანებეთ ამ ნატოს, ხედავთ, რუსეთი როგორ ბრაზდება? ითანამშრომლეთ ტკბილად ევროკავშირთან; მართალია, ის წევრობის იმედსაც კი არ გაძლევთ, მაგრამ არა უშავს, ასოცირების ხელშეკრულებით დაიწყეთ და მერე ვნახოთ. როცა ბუქარესტის სამიტმა და 2008 წლის ომმა საქართველოს ნატოში წევრობა გაურკვეველი ვადით გადადო, ჩვენც სხვა გზა არ დაგვრჩა და ევროკავშირთან ურთიერთობას მივანიჭეთ პრიორიტეტი.

ვილნიუსის სამიტის წინაპერიოდმა სწორედ ეს მითი დაამსხვრია: ცხადი გახდა, რომ რუსეთი ევროკავშირს ისეთსავე მტრულ ორგანიზაციად მიიჩნევს, როგორც ნატოს. მაგრამ, „დიდი გაფართოებისგან” განსხვავებით, ევროპის პარტნიორობის პროგრამაში შევიდა ქვეყნები, სადაც რუსეთს არა მხოლოდ გავლენის სურვილი, არამედ რეალური გავლენაც აქვს. ამ პროგრამის შექმნით ევროპა უშუალო კონკურენციაში შევიდა რუსეთთან. სწორედ ამის გამო არ წყალობენ მას „ძველი ევროპელები”, განსაკუთრებით, გერმანია: მათ არ უნდათ რუსეთთან კონკურენციის რეჟიმში ყოფნა და „პარტნიორობას” ყველაზე სერიოზულ ნაკლად ამას უთვლიან.

ოღონდ, ეს სულ სხვა ტიპის გეოპოლიტიკაა: მეტოქეობის სუბიექტები არა მხოლოდ ძალაუფლების ცენტრები, არამედ, პირველ რიგში, ღირებულებები და ინსტიტუტებია. რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანი წმინდად პრაგმატული ვერ იქნება. საკითხი ეხება არა იმას, სად არის ვაჭრობის უკეთესი პირობები და ვისგან უფრო მეტ კონკრეტულ სარგებელს ელი (თუმცა ამასაც მნიშვნელობა აქვს), არამედ როგორი ქვეყანა გინდა, რომ გქონდეს. ევროპა და რუსეთი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მოდელია. აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების შიგნით ამ ორ მოდელს შორის მკაფიო არჩევანი არ გაკეთებულა: თითოეული მათგანი შინაგანად გაყოფილია. სწორედ ამას ემყარება მათზე რუსეთის გავლენაც.

ვილნიუსის სამიტმა ეს ქვეყნები არჩევანის წინაშე დააყენა. ამ ეტაპზე მივიღეთ ვითარება, როდესაც მხოლოდ მოლდოვამ და საქართველომ გაბედეს ევროპული არჩევანის გაკეთება. მაგრამ ის ჯერ საბოლოო არ არის : ასოცირების ხელშეკრულებები პარაფირებულია, ანუ წინასწარ მოწონებული და დიდია ალბათობა, რომ მომავალი წლის შემოდგომამდე საბოლოოდ გაფორმდეს. მაგრამ უკრაინის შემთხვევამ შეგვახსენა, რომ ამის გარანტია არ არსებობს და ჩაშლის საფრთხე უფრო პარტნიორობის ქვეყნებიდან მოდის, ვიდრე ევროკავშირისგან.

რა საფრთხეები უდგას საქართველოს?

მაგრამ რამ შეიძლება შეაცვლევინოს მათ პოზიცია? რაკი არავის ეპარება ეჭვი, რომ სომხეთმა და უკრაინამ კურსი რუსეთის გავლენით შეცვალეს, კითხვა ასე დგას: რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოზე გავლენის მოსახდენად?

ამ მხრივ საქართველოს სერიოზული უპირატესობა აქვს პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს გაუჭირდება სეპარატისტული კონფლიქტებით მანიპულირება: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია, მავთულხლართების დიდი ნაწილიც – გავლებული. ის ვეღარ დაგვემუქრება, როგორც მოლდოვას, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, ან როგორც სომხეთს, სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტით.

მეორე მხრივ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო ენერგეტიკულად აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე; ელექტროენერგიას თვითონ ვაწარმოებთ, გაზის ძირითად ნაწილს კი ვიღებთ აზერბაიჯანიდან, რომლის ხელისუფლება სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ჩვენი წარმატებით.

რუსეთს შეუძლია, ისევ დაგვიწესოს ემბარგო ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილ-ბოსტნეულის იმპორტზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოგვიხსნა. ეს არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ასეთი დარტყმა ერთხელ უკვე გადავიტანეთ და, წესით, გარკვეული იმუნიტეტი უნდა გამოგვემუშავებინა.

რჩება შიდა ძალებით მანიპულირება. საქართველოს ამ მხრივაც უპირატესობა აქვს: მას არა ჰყავს აშკარა პრორუსული რეგიონები (როგორც უკრაინას), ან ძლიერი ნეოკომუნისტური პარტია (როგორც მოლდოვას). საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა მაღალ ნიშნულზეა. არსებობდა ეჭვი, რამდენად გააგრძელებდა პროევროპულ კურსს „ქართული ოცნება”; თუმცა მისი რიტორიკა ხანდახან არათანმიმდევრულია, ჯერჯერობით ხელისუფლების ნაბიჯები ამ ეჭვებს ნაკლებად ამართლებს. თუ „ოცნება” გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, თითქმის იდეალური ვითარება გვექნება: პროევროპულ მთავრობას კიდევ უფრო პროევროპული ოპოზიცია უპირისპირდება. ღიად პრორუსული ნინო ბურჯანაძის მიერ ბოლო არჩევნებზე აღებული 10 პროცენტი ქვეყნის კურსს ხიფათს ვერ შეუქმნის.

ეკლესია ევროპის წინააღმდეგ?

ყველაზე სერიოზული მოკავშირე, რომელიც რუსეთს საქართველოს შიგნით ჰყავს, არის დომინანტური მართლმადიდებლური ეკლესია და მის ორბიტაზე მოტრიალე ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების ქსელი. მოკავშირეობის საფუძველი სწორედ დასავლური ღირებულებებისა და ინსტიტუტების მტრობაა, ანუ აზრი, რომ ევროპული ორიენტაცია საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურასა და თვითმყოფადობას. საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და, კონკრეტულად, ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერას ყველაზე დიდი საფრთხე შეიძლება აქედან დაემუქროს. მაგრამ რამდენად დიდია ეს საფრთხე და მისი განხორციელების რა კონკრეტული სცენარები შეიძლება წარმოვიდგინოთ?

ჯერჯერობით თვითონ ეკლესიაც შინაგანად გაყოფილია ამ საკითხში: საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. მაგრამ ძალიან ბევრი ანაფორიანი ადამიანი იყენებს ამბიონს და არა მარტო ამბიონს იმგვარი პოზიციების საქადაგებლად, რაც, ლოგიკურად, ევროპულ ორიენტაციას უნდა გამორიცხავდეს.

რამდენად რეალისტურია სცენარი, რომ საპატრიარქო პოზიციას შეიცვლის და ღიად დაუპირისპირდება ევროპასთან ასოცირებას? ან, იქნებ, ეკლესიის ღია თუ ფარული მხარდაჭერით ფართო პროპაგანდისტული კამპანია გაიშალოს ევროპის როგორც ჯოჯოხეთის მოციქულის წინააღმდეგ და ამან გავლენა მოახდინოს სამთავრობო კურსზე? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი სცენარი: ანაფორიანი ადამიანების მიერ წახალისებული რელიგიური ნაციონალიზმი უმცირესობების მხრიდან მძაფრ რეაქციას იწვევს, რაც რუსეთს წარმოქმნილი კონფლიქტებით მანიპულირების საშუალებას მისცემს.

ეკლესიის გავლენა არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ არც გავაზვიადოთ. საქართველოს ევროინტეგრაცია გაცილებით უფრო გრძლევადიანი პროექტია, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მომავალშიც პრორუსული რელიგიური ნაციონალიზმი სერიოზულ ოპონენტად დარჩება. მაგრამ თუნდაც სოფელ ჭელას ისტორია, სადაც მინარეთი ჯერ დადგეს, შემდეგ მოხსნეს, მერე კი მაინც ისევ დადგეს, გვეუბნება, რომ ეკლესიის გავლენასაც აქვს საზღვრები. მთავარი ხელისუფლების მტკიცე პოზიციაა.

რა შეიძლება შეეშალოს ხელისუფლებას?

ყოველივე ზემოთქმული შეგვიძლია ასე შევაჯამოთ: თუ სახელმწიფო ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დადგა, რუსეთს გაუჭირდება ქვეყანაზე სერიოზული ზეწოლის მოხდენა. რა გამოწვევები აქვს ხელისუფლებას?

პრობლემური სფერო რამდენიმეა. პირველია შერჩევითი სამართლის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ვილნიუსში რადეკ სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც, მის შვედ კოლეგასთან, კარლ ბილდტთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის დამფუძნებელ მამად თვლიან, საკმაოდ ნათლად (იქნებ, უხეშადაც) გვითხრა, რა იქნება ევროპის გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ: „რაც იყო, იყო, შეწყვიტეთ ეს კავკასიური ვენდეტა და გადადით რეფორმებზე”.

მეორეა კომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შენელება და საბიუჯეტო დეფიციტის საგრძნობი ზრდა ჯერ არ გადაზრდილა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში, მაგრამ შეიძლება გადაიზარდოს. კრიზისი კი არ არის კარგი კონტექსტი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად.

დაბოლოს, პრობლემურია საკითხი, სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ სათავეში მისი ყოფილი თანაშემწეები არიან. რამდენად იქნება ხელისუფლება ავტონომიური ივანიშვილის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი მასზე გავლენის მოხდენას მოინდომებს? სულაც არ ვამბობ, რომ თავის არაფორმალურ გავლენას ივანიშვილი ქვეყნის ევროპული გზიდან ასაცდენად გამოიყენებს. მაგრამ თუნდაც ის, რომ ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს, ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

ევროპის პოზიცია

რას უნდა ველოდოთ ევროპის მხრიდან? უკეთეს თუ უარეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ჯერ სომხეთის, შემდეგ კი უკრაინის უარი? შეიძლება, შექმნილ სიტუაციაში რაღაც პოზიტიურიც დავინახოთ. მომხდარმა, წესით, ევროპა ცოტა მაინც უნდა „შეაფუცხუნოს”. მან უფრო მეტად უნდა დააფასოს მოლდოვისა და საქართველოს ერთგულება ევროპული არჩევანის მიმართ. მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზება უკვე ამის გამოვლენა ჩანს: ევროპამ არა მარტო დააჯილდოვა მოლდოვა, არამედ ეხმარება მის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მან კომუნისტებთან არჩევნები არ წააგოს. რიგში შემდეგი ჩვენ უნდა ვიყოთ.

მაგრამ, თუმცა „მცირე რეგატის” ლიდერობა მოკლევადიან უპირატესობებს გვიქადის, სტრატეგიულად უკრაინის „გადახვევა” ევროპული გზიდან წაგებიანია საქართველოსთვის. უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკვანძო ქვეყანაა; მის გარეშე ევროკავშირს შეიძლება კიდევ უფრო შეუნელდეს ინტერესი ამ პროგრამისადმი, რაც საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც აისახება.

ჯერჯერობით უკრაინის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ფორმალურად, იანუკოვიჩმა პრინციპულად კი არ თქვა უარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არამედ საკითხი გადადო. „ევრომაიდანის” პროტესტმა შეიძლება არსებითი კორექტივები შეიტანოს სიტუაციაში. რუსეთმა ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომის შედეგი ჯერ არ ვიცით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ომში ევროპამ, პირველ რიგში, ევროპულმა უკრაინამ, გაიმარჯვოს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *