რამდენად წარმატებულად იზიდავს საქართველო უცხოურ ინვესტიციებს?

რამდენად წარმატებულად იზიდავს საქართველო უცხოურ ინვესტიციებს?

ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ადგილი ინვესტიციების ზრდას უკავია. ინვესტიცია (საქონლისა და მომსახურების წარმოებაში კაპიტალის ჩადება) შეიძლება იყოს შიდა ან საგარეო (უცხოური). ორივე შემთხვევაში ინვესტიციას დანაზოგები ქმნის.

საქართველოში დანაზოგების დონე მაღალი არ არის, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს ისეთი შემოსავალი, რომ ფული დაზოგოს. ეს გარემოება კიდევ უფრო აუცილებელს ხდის უცხოური დანაზოგების, იმავე ინვესტიციების საქართველოში მოზიდვას. ამასთან უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტით შემოდის და ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს. ხშირ შემთხვევაში უცხოურ ინვესტიციას ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგიები და ცნობადობა მოჰყვება.

დღეს ბევრი ქვეყანა ეჯიბრება ერთმანეთს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. შეჯიბრი ინვესტირებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შეთავაზებაში გამოიხატება. ინვესტიციებს იზიდავს: სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, დაბალი გადასახადები და რეგულაციები, იაფი ან კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობა, კორუფციისგან თავისუფლება და სხვა.

სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (პუი), რადგან სწორედ ის არის მიჩნეული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მთავარ ფაქტორად. დღევანდელი მეთოდოლოგიით (რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც იყენებს) პირდაპირ ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს ინვესტიცია, თუ მისი წილი საწარმოს კაპიტალში 10%-ზე მეტია. საწარმოს საკონტროლო პაკეტის ფლობა აუცილებელი არ არის. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ითვლება სესხებიც, თუ ვალდებულებით საწარმოს აქტივები იტვირთება. ძირითადად, პირდაპირი ინვესტიცია ახალი ბიზნესის დაწყებას ან არსებულის გაფართოებას უკავშირდება, რაც  პროდუქციის წარმოებისა და დასაქმების ზრდას იწვევს. ეკონომიკის ზრდა კი სწორედ პროდუქციის წარმოების ზრდას ნიშნავს.

ქვეყნის შიდა ბიზნესგარემოს გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა მსოფლიოში, ინვესტიციების განმახორციელებელ ქვეყნებში. მაგალითად, 2007 წლამდე მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სწრაფად იზრდებოდა და 2007 წელს 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა (გრაფიკი 1). 2009 წლის მსოფლიო კრიზისის დროს 56%-ით შემცირდა. 2010-2011 წლებში იზრდებოდა, მაგრამ 2012 წლიდან მცირედი შემცირების ტენდენცია აქვს.

2007 წელს მსოფლიო ინვესტიციების ტრენდს საქართველოც არ ჩამორჩა და ქვეყანაში ინვესტიციების რეკორდული მოცულობა – 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა (გრაფიკი 2). რუსეთთან ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, 2008 წლის ბოლოდან ინვესტიციებმა იკლო და 2009 წელს 658 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2010 წლიდან ინვესტიციებს ზრდის ტენდენცია აქვს და 2008-2016 წლების მაქსიმალურ მაჩვენებელს – 1.8 მილიარდ დოლარს – 2014 წელს მიაღწია. 2014 წლიდან ინვესტიციების ზრდა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბუნებრივი აირის ახალი მილსადენის „შაჰდენიზ 2“-ის მშენებლობას, რომლის ფარგლებში საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი პუი შემოვიდა.

ცალკე, ნომინალურ რიცხვებში გამოხატული ინვესტიციების მოცულობა არაფერს გვეუბნება იმაზე, ბევრია, თუ ცოტა. მაგალითად, საქართველოსთვის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ბევრია, აშშ-სთვის კი – თითქმის არაფერი. ამიტომ, ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ უნდა ვნახოთ. 2007 წელი ამ მხრივადაც ყველაზე წარმატებული იყო. ინვესტიციებმა მშპ-ის 19.8% შეადგინა (გრაფიკი 2). ბოლო 10 წელიწადში ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2012-2013 წლებში გვქონდა, როდესაც ინვესტიციებმა მშპ-ის 5.8% შეადგინა. 2014 წლიდან ინვესტიციები მშპ-ის მიმართაც იზრდება და წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მაღალ ნიშნულს – 11.4%-ს 2016 წელს მიაღწია. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, ლარის გაუფასურების გამო, 2015-2016 წლებში დოლარში გამოსახული მშპ შემცირდა და ამან ხელი შეუწყო ინვესტიციებთან ფარდობის ზრდას.

საქართველოში შემოსული პუი-ების სტატისტიკა 1997 წლიდან მოიპოვება, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო 20 წელიწადში (1997-2016 წლებში) საქართველოში სულ 16.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა –  წელიწადში საშუალოდ 823 მლნ დოლარი. ბოლო 20 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია – 2.2 მილიარდი დოლარით. შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) 1.8 მილიარდი დოლარით. მესამეზე ნიდერლანდებია 1.6 მილიარდი დოლარით (გრაფიკი 3). აზერბაიჯანული და ბრიტანული (უმეტესი „ბრიტიშ პეტროლეუმის“) ინვესტიციები ძირითადად საქართველოზე გამავალ ნავთობისა და გაზის მილსადენებს უკავშირდება, რომლებიც აზერბაიჯანულ ნავთობსა და გაზს თურქეთთან აკავშირებს.

ბოლო, 2016 წლის მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტი პუი აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 578 მლნ დოლარი. მეორე ადგილზე თურქეთია 272 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 121 მლნ დოლარით (გრაფიკი 4). ჯამში, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით პუი-ების მოცულობა 5%-ით გაიზარდა.

საინტერესოა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავენ  ყველაზე მეტად. თუ ისევ ბოლო 20 წლის სტატისტიკას ვნახავთ (გრაფიკი 5), ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა – 3.2 მილიარდი დოლარი. ეს სექტორი პირველ ადგილს მილსადენ ტრანსპორტში ჩადებული ინვესტიციების გამო იკავებს. მეორე ადგილზე ენერგეტიკაა 1.8 მილიარდი დოლარით. ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციები ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას უკავშირდება. 1997-2016 წლებში ყველაზე ცოტა პუი სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა – 134 მლნ დოლარი (წლიურად საშუალოდ 6.7 მლნ დოლარი). 

2016 წლის მონაცემებით, სექტორების მხრივ ლიდერობას ისევ ტრანსპორტი ინარჩუნებს. გასულ წელს განხორციელებული პუი-ების 40% (658 მლნ დოლარი) სწორედ ტრანსპორტის სექტორზე მოდის. მეორე ადგილზე მშენებლობაა 163.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 136 მლნ დოლარით. ჩამონათვალს ისევ სოფლის მეურნეობა ასრულებს 10 მლნ დოლარით.

2016 წელი გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ ჯამური პუი-ების 32% რეინვესტირებული მოგებაა. 2012-2015 წლებში რეინვესტიციის წილი საშუალოდ 17% იყო და 32%-ს არც ერთ წელს არ მიუღწევია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა სხვა ქვეყნებზე მეტად მიმზიდველი ბიზნესგარემო  გქონდეს. ქვეყნების ბიზნესგარემოს რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია იკვლევს და, ინდექსებზე დაყრდნობით, შესაბამის რეიტინგებს აქვეყნებს. თუმცა აღნიშნულ რეიტინგებს შორის გამოვყოფ ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing business)  და ეკონომიკური თავისუფლების (ჰერიტაჯის ინდექსი) რეიტინგებს. პირველ რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზე (რეგიონში მე-3), ხოლო მეორეში მე-13 ადგილზეა (რეგიონში მე-5). ტოპ-20-ში შესვლა საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ ეს რეიტინგები არ ასახავს პოლიტიკური სტაბილურობისა და ომის საფრთხეებს. მათში ასახული არ არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, 9 წლის წინ ქვეყანას ომი ჰქონდა რუსეთთან და ფაქტობრივად უწყვეტი აგრესიის ქვეშაა. სწორედ რუსეთის ფაქტორია საქართველოს ბიზნესგარემოსთვის ყველაზე დიდი ზიანის მიმყენებელი.

შემდეგ შეიძლება განვიხილოთ დემოკრატიის მხრივ არსებული პრობლემები. ჟურნალ The Economist-ის დემოკრატიის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდულ რეჟიმად არის მიჩნეული. ინდექსის შეფასების კრიტერიუმებიდან საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ფუნქციონირებასა და პოლიტიკურ კულტურაში აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა, ამ ინდექსის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმით – საკუთრების უფლების დაცვით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. ყველაზე დაბალი ქულაც (100-დან 55) აღნიშნულ კრიტერიუმში გვაქვს. საიმედოდ დაცული საკუთრება კი კარგი ბიზნესგარემოს საძირკველია.

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ასევე ამცირებს ის, რომ ქვეყანა ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. თუმცა, ამავე დროს, ინვესტიციებს იზიდავს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. ამ გარემოების დამსახურებაა ის, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტის სექტორში შემოდის.

კიდევ ერთი გარემოება, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად მოქმედებს, არის განათლების დაბალი დონე, რაც კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტში აისახება. არაკვალიფიციური სამუშაო ძალა კი იმდენი არ არის, რომ ხელით შრომაზე დამოკიდებულ სექტორებში მრავალმილიონიან აზიის ქვეყნებს ვაჯობოთ. ამას ემატება ინგლისური ენის არცოდნა.

საქართველოს საინვესტიციო უპირატესობას სძენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმი (განსაკუთრებით, ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) და უცხოური კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის არარსებობა. ასევე, საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმი (90-მდე ქვეყნის მოქალაქეს უვიზოდ შემოსვლა შეუძლია).

საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამისთვის კი ყოველწლიურად უფრო მეტი პუი უნდა შემოვიდეს, ვიდრე ბოლო წლებში შემოდის. ბოლო წლებში შემოსული პუი-ს მოცულობა საშუალო მოცულობად შეიძლება მივიჩნიოთ. მართალია, დღეს მსოფლიოში საინვესტიციო ბუმი არ არის (რომელიც იყო 2006-2008 წლებში), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეტი ინვესტიციის მოზიდვა არ შეგვიძლია, თუკი უკეთესი ბიზნესგარემო გვექნება.

სხვა თანაბარ პირობებში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის საქართველოში წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის პუი უნდა შემოვიდეს. ამისათვის კი საჭიროა იმ გარემოებების გამოსწორება, რაც ჩვენს ბიზნესგარემოს  აზიანებს. რთულად მოსაგვარებელია რუსეთის ფაქტორი, მაგრამ ისეთი ნაკლოვანებები, როგორებიც გვაქვს საკუთრების დაცვაში, დემოკრატიის დონესა და განათლებაში, გამოსწორებადია, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

  1. მე ვნახე და ვცადე სხვადასხვა სტრატეგია და მეთოდი, ბევრი ფულიც კი დავკარგე, როდესაც ვცდილობდი. სანამ ამ ახალ სტრატეგიას არ გავეცნობოდი, რამაც სიმღერა დამიბრუნა და დაკარგული ფულის აღდგენა მოვახერხე და ვაჭრობაში თანმიმდევრული ზრდა შემეძლო. ქალბატონი ანტონია ფერნანდესი წარმოუდგენელი მოვაჭრეა, დიდი გამოცდილებით და ღრმა ცოდნით ორობითი ვაჭრობის შესახებ, ის მუდმივად მაშორებს ფინანსურ სირთულეებს.

    ჩადეთ 500 აშშ დოლარი და მიიღეთ 3500 აშშ დოლარი კვირაში (7 დღე),

    ინვესტიცია $ 1000 და მიიღეთ $ 6500 კვირაში (7 დღე)
    ,
    ინვესტიცია $ 2000 და მიიღეთ $ 10,500 კვირაში (7 დღე).

    ინვესტიცია $ 3000 და მიიღეთ $ 15,500 კვირაში (7 დღე).

    ინვესტიცია $ 5000 და მიიღეთ $ 20,500 კვირაში (7 დღე).

    ინვესტიცია $ 10,000 და მიიღეთ $ 40,500 კვირაში (7 დღე).

    ყოველკვირეული მოგებით და 100% გარანტირებული. (გარანტირებული გადახდა). შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ელ.ფოსტით antoniafernanda308@gmail.com ან მეშვეობით
    WhatsApp: +1 (520) 428 7231.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *