200 000 ამონაწერის შესახებ ინფორმაცია უკვე ბლოკჩეინშია

200 000 ამონაწერის შესახებ ინფორმაცია უკვე ბლოკჩეინშია

20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ამ დროისთვის ბლოკჩეინში უკვე 200 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.  ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა, შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

აღნიშნული სიახლე საჯარო რეესტრის მხრიდან ამონაწერის ჰეშირებას ითვალისწინებს.  ჰეში სიმბოლოების წყობაა, რომელიც თითოეული დოკუმენტისთვის უნიკალურია. ამონაწერის უტყუარობას ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული ჰეშების იდენტურობა მოწმობს. შესაბამისად, ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა და გამჭვირვალეს გახდის.  

ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com შეუძლია. 

ძველი, ანუ 2017 წლის 20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების  ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. განახლებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია, ავტომატურ რეჟიმში, ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში აისახება. მოქალაქეებს ამონაწერის განახლება შეუძლიათ ინტერნეტით, ასევე საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში,  იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *