ნენსკრა ჰესის პროექტი უმსხვილესი შვეიცარული კომპანიის ჩართულობით ხორციელდება

ნენსკრა ჰესის პროექტი უმსხვილესი შვეიცარული კომპანიის ჩართულობით ხორციელდება

ნენსკრა ჰესის პროექტი უმსხვილესი შვეიცარული კომპანია „შტუკის“ უშუალო ჩართულობით ხორციელდება – ის საპროექტო კომპანიასთან ტექნიკური კონსულტანტის რანგში თანამშრომლობს.

“შტუკი“ (Stucky Ltd) – მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან (1926) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. კომპანიის არსებობის განმავლობაში „შტუკის“ ინჟინრებმა და სხვა სპეციალისტებმა შვეიცარიაში და მის ფარგლებს გარეთ კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, გაფართოების და აღდგენის 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი შეიმუშავეს. კომპანიის პორტფოლიოში 150 მეტრზე მეტი სიმაღლის 20-ზე მეტი კაშხალია.

“შტუკის” საქართველოში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის პირველი პროექტი აქ 1990 წლებში ენგურჰესის რეაბილიტაცია და კაშხლის უსაფრთხოების ამაღლების უზრუნველსაყოფი სამუშაოების ჩატარება იყო.

“შტუკი” საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტია კაშხლების უსაფრთხოების დარგში. ამ მიმართულებით იგი თანამშრომლობს არა მარტო კერძო კომპანიებთან, არამედ სახელმწიფოებთანაც, მაგალითად ჩინეთთან, ალჟირთან, ვიეტნამთან და სხვებთან.

სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა „შტუკი“ ნენსკრა ჰესის პროექტის ტექნიკურ კონსულტანტად.

ნენსკრა ჰესის კაშხლის უსაფრთხოების უზრუველყოფა „შტუკის“ უმთავრესი პრიორიტეტია. სვანეთის, კერძოდ ნენსკრას ხეობის მსგავს მაღალმთიან ადგილზე, სადაც 130 მ სიმაღლისა და 870 მ სიგანის ასფალტის ეკრანის მქონე ქვანაყარი კაშხალი აშენდება, უკლებლივ ყველა ბუნებრივი მოვლენის გათვალისწინებაა საჭირო.

ამისათვის დაპროექტების ეტაპზე კომპანიის თაოსნობით არაერთი კვლევა ჩატარდა, დეტალურად იქნა შესწავლილი გარემო, შეფასდა ყველა შესაძლო რისკი. შემგომ ჰიდროენერგეტიკისა და კაშხლების უსაფრთხოების დარგებში ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართულობით პროექტში ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც თუნდაც მცირე საფრთხის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

„ნენსკრა ჰესი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით არის დაპროექტებული. იგი მსგავსია არაერთი იმ პროექტისა, რომელიც შვეიცარიის ალპებში განგვიხორციელებია. ჰესი დაპროექტებულია იმგვარად, რომ ყველანაირ შესაძლო ბუნებრივ მოვლენას გაუძლოს. თუმცა ჩვენი ჩართულობა მხოლოდ დაპროექტების ეტაპზე მუშაობით არ შემოიფარგლება: მშენებლობისას ნენსკრა ჰესის მონიტორინგი და კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც ჩვენ დაგვევალება,“ – აღნიშნავს „შტუკის“ ოპერაციების მართვის დირექტორი ბრენდან ქვიგლი.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის – ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *