BONJOUR MADAME MACRON!

BONJOUR MADAME MACRON!

“ბრიჟიტი რომ არა, ასეთ წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი”, – ამბობს მადლიერი (და ბედნიერი) ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის ახლად არჩეული და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. საფრანგეთის, ევროპის ან იქნებ სულაც მსოფლიო ისტორიის მომავალი ბედი გარკვეულწილად მაშინ გადაწყდა, როდესაც დიდი ხნის წინ ბრიჟიტ ტრონიემ მამის, ცნობილი ფრანგი შოკოლატიეს ბიზნესში (რომელსაც დღესაც წელიწადში 4 მილიონი ევრო მოაქვს) ჩართვაზე უარი თქვა და ამიენის კერძო სკოლა La Providence-ში ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ დროს შეუყვარდა 15 წლის ემანუელ მაკრონს თავისი მენტორი…

რამდენი წლით უფროსია საფრანგეთის პირველი ლედი დღევანდელი გამოკითხვით ქვეყნის “ყველაზე სექსუალურ მამაკაცად” აღიარებულ 39 წლის ემანუელ მაკრონზე, რამდენი შვილი და შვილიშვილი ჰყავს მას პირველი ქორწინებიდან, აქ აღარ მოვყვებით – არჩევნებამდე და მით უფრო მაკრონის გამარჯვების შემდეგ სოციალური ქსელები აფეთქდა გაოგნებულ-აღშფოთებული პოსტებით, რომელთა ავტორები არა მხოლოდ სასოწარკვეთილი დიასახლისები თუ მათი წარუმატებელი მეორე ნახევრები იყვნენ, არამედ ის ადამიანებიც, ვისაც ამ ზემოხსენებულებზე მეტად გაუღიმა ბედმა პირად ცხოვრებაში თუ სამსახურებრივ ასპარეზზე.

ერთი რამ უდავოა: მადამ მაკრონი მშვენივრად გამოიყურება, ფრანგი ქალის კვალობაზეც კი განსაკუთრებული გემოვნებით იცვამს, სპორტული აღნაგობისაა (რასაც „პარი მატჩის” ყდაზე გამოტანილი, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ბრიჟიტის ფოტოც ადასტურებს), ენერგიულია და არც გადამეტებული ამბიციები უფუჭებს იმიჯს. „მთავარია, მის გვერდით ვიყო”, – ამბობს ტრონიე და მის გულწრფელობაში ცოტას თუ ეპარება ეჭვი: ემანუელისა და მისი მასწავლებლის რომანტიკული ამბავი მთელ მათ ცხოვრებას იტევს, მსოფლიო ისტორია კი უამრავ მაგალითს გვთავაზობს როგორც ასაკით შეუფერებელი რიგითი წყვილების ბედნიერი თანაცხოვრებისა, ისე იმ ზეწარმატებული მამაკაცების, რომლებიც თავიანთ აღზევებას დიდწილად ჭკვიან და ერთგულ მეორე ნახევრებს უნდა უმადლოდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *