ბიზნესში გონიერება არ გულისხმობს ინტელექტის კოეფიციენტს

ბიზნესში გონიერება არ გულისხმობს ინტელექტის კოეფიციენტს

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

როდესაც მეცნიერები იყენებენ სიტყვა „გონიერს“, ისინი, როგორც წესი, გულისხმობენ ინტელექტის განვითარების ზოგად დონეს, ანუ, მოკლედ – „g“-ს. ეს არის შესწავლის, გააზრებისა და გამოყენების უნარი. ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ g-ს გაზომვას IQ-სა და მსგავსი კოგნიტიური ტესტების მეშვეობით.

მაგრამ რეალურ სამყაროში გონიერება სულ სხვა რამაა. ის განისაზღვრება არა 800-ქულიანი მათემატიკური SAT-ებით (SAT – აკადემიური შესაძლებლობების შეფასების ტესტი), არამედ ძირითადად ბეჯითი მუშაობით, შეუპოვრობითა და გამძლეობით. დაარქვით ამას ნებისყოფა. დაარქვით ამას სიმამაცე. დაარქვით ამას სიმტკიცე. იმის გამო, რომ ეს ცნებები ძველმოდურად ითვლება, მათ მარტივად უვლიან გვერდს.

როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, საკითხი დგება შემდეგნაირად: ვის შეუძლია საქმის გაკეთება? ვის შეუძლია მიზნის მიღწევა, სირთულეებთან გამკლავება და წარმატების მოპოვება? ჩრდილოდაკოტელი ნავთობით მოვაჭრე ან კანზასსიტელი დაზღვევის გამყიდველი შესაძლოა არ იყვნენ ისეთი მათემატიკური გენიოსები, როგორიცაა Google-ის სერგეი ბრინი, მაგრამ ისინი ჭკვიანი, გამჭრიახი და ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ აქვთ თავის გატანისა და გადარჩენის უნარი ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც კარგ, ისე ცუდ დროში. ისინი ახერხებენ ადაპტირებას ცვალებად ბაზრებთან და იღებენ მეტს, ვიდრე კარგავენ.

გონიერი ადამიანების შესახებ საუბრისას, NetApp-ის (მონაცემთა შენახვის სერვისის $6,3 მილიარდად შეფასებული კომპანიის) გენერალურმა აღმასრულებელმა ტომ ჯორჯენსმა ძალიან საინტერესო დაკვირვება გაგვიზიარა: „ვიცი, რომ ეს ბევრს აღიზიანებს, მაგრამ როდესაც ადამიანი თავისი კარიერის გარკვეულ ეტაპს მიაღწევს – და ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა, შესაძლოა, ხუთი წლის შემდეგ – მთელი ეს ხარისხები და დიპლომები საერთოდ აღარაფერს ნიშნავს. ამ ეტაპის შემდეგ ყველაფერი წარმატებულ რეალიზაციასთანაა დაკავშირებული“. საკუთარი თანამშრომლების შესახებ ჯორჯენსი აცხადებს: „მე არც კი ვიცი, რომელი კოლეჯი დაამთავრა ჩემი პერსონალის ამა თუ იმ წევრმა, ან რას სწავლობდა“. მისთვის და სხვა ხელმძღვანელებისათვის გარკვეულ ეტაპზე ეს, უბრალოდ, აღარ არის მნიშვნელოვანი.

ამ იდეის უფრო სამეწარმეო მიმართულებით განხილვისას, Silicon Valley Bank-ის გენერალურმა აღმასრულებელმა, გრეგ ბეკერმა, მითხრა: „ვენჩურული კაპიტალის ჩემთვის ცნობილ რამდენიმე კარგ კომპანიას სჭირდება მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც განსაცდელი და გასაჭირი გამოიარეს. ასეთი ადამიანები გამოძებნიან გზას, როგორ უნდა გაუძღვენ საქმეს ნებისმიერ სიტუაციაში“.

მეინარდ უები, Yahoo-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და Salesforce.com-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ამატებს: „მე ვეძებ ნიჭს. მაგრამ ნიჭი არ გამოიხატება მხოლოდ ინტელექტით. ის გამოიხატება იმითაც, რაც გაგიკეთებია. თუ ხარ მეწარმე, რომელიც წარმატების მიღწევას ცდილობს, ეს მძიმე სამუშაოა. უნდა იყო მტკიცე, მზად უნდა იყო ბევრი დარტყმის მისაღებად. ამიტომ მე ვეძებ ამ სიმტკიცის ფაქტორს“.

უმეტესი ჩვენგანისათვის ეს ალბათ სასიამოვნო ამბავია. ჩვენ არ ვიზღუდებით და არ განვისაზღვრებით თანდაყოლილი ინტელექტის კოეფიციენტით. რეალურ სამყაროში ჩვენი გონიერების დიდი წილი მოდის იქიდან, რაც ვისწავლეთ და გამოვცადეთ ძირითადად საკუთარ ტყავზე. მეცნიერები იტყვიან, რომ ასეთი რამ ტექნიკურად ვერ განსაზღვრავს გონიერებას. ეს გასაგებია. ძალისხმევა და შეუპოვრობა უშუალოდ არ შეესატყვისება ინტელექტის მეცნიერულ განმარტებას. მაგრამ სანამ უარს ვიტყოდეთ გონიერების ამ სვეტში მოცემულ გაგებაზე, უფლება მომეცით გიჩვენოთ, როგორ მივყავართ სიმტკიცეს პირდაპირ გონიერებისაკენ. ეს ხდება იმის გამო, რომ სიმტკიცე ზრდის უფრო მეტის შესწავლისა და უფრო სწრაფი ადაპტირების უნარს.

სიმტკიცე ქმნის გონიერებას

მუცლადყოფნის პერიოდიდან სიცოცხლის ბოლომდე, გამოცდილება აყალიბებს ნერვულ ჯაჭვებს, რომლებიც ჩვენს ქცევებს უდევს საფუძვლად. ეს შესაძლოა მოიცავდეს ისეთ არაკონტროლირებად გავლენებს, როგორიცაა, მაგალითად, არახელსაყრელი გარემოებები და ისეთ კონტროლირებად გავლენებს, როგორიცაა, მაგალითად, სწავლა და პრაქტიკა. ადამიანის ტვინი ავლენს არაჩვეულებრივ მოქნილობას – ნეირონების ტოპოლოგიისა და ფუნქციის მოდიფიცირების უნარს – მაშინაც კი, როდესაც 70 წელს გადავცდებით.

ბიზნესში ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან არა ისინი, ვისაც ყველაზე მაღალი ზოგადი ინტელექტი აქვთ, არამედ ისინი, ვინც რეგულარულად აყენებენ საკუთარ თავს სიტუაციებში, რომლებიც სიმტკიცეს მოითხოვს. ეს სიმამაცის აქტები აჩქარებს სწავლებას ადაპტაციის მეშვეობით.

მაგალითად, ის გამყიდველი, რომელიც ახორციელებს უფრო მეტ ზარს, თითქმის ყოველთვის უკეთეს შედეგებს აღწევს, ვიდრე ის, ვინც ნაკლებ ზარს ახორციელებს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ აი, საკვანძო მომენტი: ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ზარი მათემატიკურად ზრდის წარმატების შანსს. ამაში გაცილებით მეტი აზრია: ზარის განხორციელების ამოცანისთვის მზადყოფნით, ის, ვინც ხშირად რეკავს, საკუთარ თავს უფრო სწრაფი შესწავლის პირობებში აყენებს – ის უფრო სწრაფად იგებს, რა მუშაობს და რა – არა, უფრო სწრაფად სწავლობს უარის დაძლევის ტექნიკას. ამიტომ მისი წარმატების შედეგები უმჯობესდება – ანუ, თუ ზარების რაოდენობა ორმაგდება, გაყიდვების რაოდენობა სამმაგდება. ბევრი ზარი აგრეთვე ეხმარება ადამიანს თვითდისციპლინის გამომუშავებაში და გადავადებული ანაზღაურების სიკეთის გააზრებაში.

რეალურ სამყაროში სწორედ სიმტკიცე გვაქცევს ჭკვიან ადამიანებად.

 

რიჩ კარლგაარდი არის Forbes-ის გამომცემელი. მისი უკანასკნელი სტატიებისა და ბლოგების სანახავად ეწვიეთ გვერდს www.forbes.com/karlgaard.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *