7 ხერხი, თუ როგორ გავხდეთ "სქელკანიანი" სამსახურში

7 ხერხი, თუ როგორ გავხდეთ "სქელკანიანი" სამსახურში

ალბათ თქვენთვისაც ნაცნობია ის მომენტი, როდესაც სიტყვები გესმით, მაგრამ ტვინს მათ გადასახარშად ორიოდე წუთი მაინც სჭირდება. სამწუხაროდ, მერე უკვე დაგვიანებულია. თქვენი ენაჩავარდნილი მდგომარეობა მთელ სხეულს გადაეცემა. „მოიცა, – ფიქრობთ თქვენთვის. – ნუთუ მან მართლა მითხრა ეს?” – და იწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეძლო მან ასე, ერთი ხელის მოსმით თქვენი ამდენი დღის ნაშრომ-ნაოფლარის გადახაზვა. თვალებზე ცრემლი მოგადგებათ და ცდილობთ, შინაგანად დაამშვიდოთ საკუთარი თავი. „ნუ ტირი”, – ეუბნებით საკუთარ თავს, მაგრამ ამაოდ, ცრემლები მაინც თავისით მოდის.

საკუთარ მაგიდასთან შეცბუნებული ბრუნდებით. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? თქვენ მას გაუზიარეთ საკუთარი იდეები, რომლებიც, თქვენი აზრით, კრეატიული იყო და არსებულ მიზნებს მიესადაგებოდა. თქვენს უფროსს არ მოეწონა ეს იდეები და ეს ისეთი ფორმით გამოხატა, რომ თქვენ თავი დამცირებულად და უსარგებლოდ იგრძენით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, მაგრამ მაინც თავს საშინლად გრძნობთ და დარწმუნებული ხართ, რომ სასწრაფოდ ახალი სამსახურის ძებნას უნდა შეუდგეთ.

რატომ? მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანი თქვენი უფროსია, სულაც არ ნიშნავს, რომ ის პროფესიონალია ან საერთოდ იცის, როგორ გამოხატოს საკუთარი აზრები კორექტულად, როგორც ეს ზრდასრულ ადამიანს შეჰფერის. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენ მიგაჩნდეთ, რომ კარგად იმუშავეთ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. კრიტიკის ჯანსაღად მიღება განუყოფელი ნაწილია იმ პროცესისა, როდესაც თქვენ იზრდებით როგორც თანამშრომელი. თქვენი ბოსის მიერ გაკეთებული შენიშვნა, თქვენ რომ შეურაცხყოფად მიიჩნიეთ, სულაც არ იყო პირადული; კრიტიკა თქვენს ნამუშევარს ეხებოდა. მაშ, რატომ მიიღეთ ეს ასე პირადულად? იქნებ თქვენი უფროსი დღეს მარცხენა ფეხზე ადგა, ან თავად დაიტუქსა თავისი უშუალო უფროსისაგან, ან სულაც ვერ გამოიძინა და საკმარისი ყავა არ დალია. ისიც დაუშვით, რომ შეიძლება თქვენი მოფიქრებული იდეები სულაც არ იყო ის, რაც მან დაგავალათ ან თქვენგან ელოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უკმეხი სიტყვების ადრესატი არა თქვენი პიროვნება, არამედ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო იყო.

ჩვენ, ადამიანები, მიდრეკილი ვართ ყველაფერი საკუთარ თავზე მივიღოთ. ოჰ, ეს ამპარტავნობა! სამსახურში უემოციო განწყობა არის ნიჭი და საჩუქარი, რომელიც აუცილებლად უნდა მიართვათ თქვენს თავს. რაც უფრო „სქელკანიანი” იქნებით, მით უფრო ნაკლებ სტრესს მიიღებთ. სამსახურებრივი ურთიერთობები ძალზე რთული რამ არის, მაგრამ სწორედ ამ ურთიერთობებში ატარებთ თქვენი დროის უდიდეს ნაწილს. ხელმძღვანელებს უყვართ ისეთი თანამშრომლები, რომელთაც შესწევთ უნარი, სწორად მიიღონ კრიტიკა და გაიზარდონ. შეუძლებელია, იყო უშეცდომო. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მძიმე და არასასიამოვნო საუბრის ნაცვლად, სცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ტაქტიკა, რაც გააუმჯობესებს თქვენს სტატუსს და უფრო მეტ ძალას შესძენს თქვენს ხმას.

ნაბიჯი 1: ყურადღებით მოისმინეთ კრიტიკა და სიტყვას ნუ გააწყვეტინებთ თქვენს უფროსს.

ნაბიჯი 2: ნუ უპასუხებთ მის კრიტიკას თავის დაცვით. იყავით პოზიტიური და აჩვენეთ, მზად ხართ, შეიტანოთ ცვლილებები თქვენს მუშაობაში.

ნაბიჯი 3: ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონებაში გაიმეორეთ შემდეგი სიტყვები, „მე ვარ ღირსეული და საჭირო თანამშრომელი და არ დავუშვებ, რომ ამან გამტეხოს” ან, თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ, საკუთარ თავს უთხრათ, „არავისი სიცოცხლე არ არის ამაზე დამოკიდებული, თანაც პარასკევი მოახლოვდა!”

ნაბიჯი 4: მას შემდეგ, რაც უფროსი დაასრულებს თავის კრიტიკულ შენიშვნებს, სწორად შერჩეული სიტყვებით გაეცით ისეთი პასუხი, რომლითაც აგრძნობინებთ, რომ ყველაფერი გაიგეთ, იზიარებთ მის კრიტიკას და ამავდროულად მზად ხართ, სხვა ვარიანტებიც მოსინჯოთ. თქვენი ხმის ტემბრი უნდა იყოს გაწონასწორებული და მშვიდი. თქვენ ხართ სრულიად აუღელვებელი და მობილიზებული! მაგალითად: „ „შესაძლოა, მე თავდაპირველად სწორად ვერ გავიგე თქვენი დავალება, ნება მომეცით, ხელახლა ვცადო და სხვა კუთხით მივუდგე ამ საკითხს”.

ნაბიჯი 5: მადლობა გადაუხადეთ თქვენს უფროსს თქვენი ნამუშევრის შეფასებისთვის და დაპირდით, რომ კიდევ ერთხელ სცდით და მოცემულ დავალებას უკეთ შეასრულებთ.

ნაბიჯი 6: ნუ დააყოვნებთ დავალების ხელახლა შესრულებას. აჩვენეთ თქვენს უფროსს, რომ შეგიძლიათ ასეთი კრიტიკის შემდეგაც უმალ დაუბრუნდეთ ნაყოფიერ მუშაობას.

ნაბიჯი 7: როდესაც ხელახლა შესრულებულ სამუშაოს წარუდგენთ უფროსს, ეცადეთ, რბილად მიანიშნოთ ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც შეიტანეთ მისი მითითებების გათვალისწინებით. ამ გზით თქვენ მას გაუადვილებთ იმის პოვნას, რაც მას სურს. მაგალითად: „ჩვენ მიერ განხილული საკითხების შესაბამისად, გთხოვთ იხილოთ განახლებული დოკუმენტი, სადაც მითითებულია შეტანილი ცვლილებები შემდეგ პარაგრაფებში…”

საკუთარ თავში ახლად აღმოჩენილი სიმშვიდე არის „სქელკანიანობის” ერთერთი ყველაზე დადებითი მხარე. თქვენი ახლად შეძენილი ეს თვისება ნებისმიერი კრიტიკის გადატანაში დაგეხმარებათ. ნუ აღიქვამთ ნეგატიურად საქმის ხელახლა შესრულების აუცილებლობას, პირიქით, შეხედეთ ამას, როგორც შესაძლებლობას, გაზარდოთ თქვენი შემოქმედებითი არეალი და ახლებურად შეხედოთ ყველაფერს. ყველაზე სასურველი თვისება, რომელიც შეიძლება გაგაჩნდეს სამუშაო გარემოში, არის პოზიტიური განწყობა და უნარი, მოერგო ცვლილებებს.

მაგრამ ვიდრე ახალ პროექტზე მუშაობას შეუდგებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სამი რჩევა:

1. ზე-კომუნიკაცია: მოცემული მითითება არის თუ არა თქვენთვის მკაფიო და გასაგები? გაუმეორეთ უფროსს მის მიერ მოცემული დავალება, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთსა და იმავეს გულისხმობთ.

2. დაადგინეთ სამუშაოს შესრულების ვადა: ხშირად შეხვედრებიდან ისე გამოვრბივართ, რომ მთავარი გვავიწყდება. იკითხეთ, რა ვადაში უნდა იყოს სამუშაო შესრულებული!

3. თავად იყავით საკუთარი თავის საუკეთესო შემფასებელი: ვიდრე შესრულებულ სამუშაოს ჩააბარებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, მოიცავს თუ არა თქვენი ანგარიში ყველა საჭირო საკითხს. ნუ დაელოდებით თქვენი უფროსის შეფასებას, თავად შეაფასეთ საკუთარი თავი ან სთხოვეთ კოლეგას, გადახედოს თქვენს ნამუშევარს და გითხრათ, როგორ გაართვით თავი დავალებას.

უფროსისა და თანამშრომლის ურთიერთობა ძალიან დელიკატური ცეკვაა. განსაკუთრებული სიფრთხილით დააკვირდით თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. ჩაინიშნეთ და დაიმახსოვრეთ უფროსის მხრიდან გამოვლენილი განმეორებადი ცუდი საქციელი. თუ თქვენი უფროსი მუდმივად გამცირებთ და არასოდეს არის კმაყოფილი თქვენი მუშაობით, აქ შეიძლება საქმე გვქონდეს უფრო სერიოზულ პრობლემასთან. აწარმოეთ ჩანაწერები. აუცილებელია, რომ ყოველთვის იცოდეთ, სად დგახართ. გარდა ამისა, ერთია, როდესაც თქვენს ნამუშევარს ასწორებენ მიწასთან და სულ სხვაა, როდესაც უფროსი სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებთ. ძალიან დიდი განსხვავებაა შესრულებული სამუშაოს კოსტრუქციულ კრიტიკასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას შორის. მხედველობაში მიიღეთ ეს განსხვავება და ნურავის მისცემთ უფლებას, უპატივცემულოდ მოგეპყრონ.

ცხოვრება ისედაც ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი იყოთ, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს. თუ თქვენ აღმოჩნდით სწორედ ასეთ შეურაცხმყოფელ ურთიერთობაში თქვენს უფროსთან ან რომელიმე თანამშრომელთან, აუცილებლად ჩაიწერეთ კონკრეტული მაგალითები და მოახსენეთ ამის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ უპატივცემულობა ნებისმიერს შეუძლია გამოავლინოს, მაგრამ მათ არა აქვთ არანაირი უფლება, პირადად თქვენ მიმართ გამოხატონ უპატივცემულობა. გიყვარდეთ საკუთარი თავი და არ დაუშვათ, რომ სამსახურში მიღებული სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე აისახოს. საკუთარ თავზე ზრუნვა თქვენი მოვალეობაა და ამიტომ შეეცადეთ, იყოთ ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ზრდას. გახსოვდეთ, რომ თქვენი სამუშაო მუდმივად ცვალებადი პროდუქტია. ყოველთვის მზად იყავით იმისათვის, რომ დახვეწოთ თქვენი მუშაობის ხარისხი, ისწავლოთ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზის გამოყენება. იყავით ის ადამიანი, რომელიც არავის მისცემს მისი დამცირების უფლებას, რადგან თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი შედეგები. გაიხსენეთ ის სიტყვები, რომლებიც გონებაში უნდა იმეოროთ! თქვენ ეს ყველაფერი გაქვთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *