Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებს ასახელებს

Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებს ასახელებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა. 

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკამ და ინსტიტუტებმა 2014 წელს დაწყებული რეგიონალური ეკონომიკური შოკების პარალელურად მდგრადობა აჩვენეს. ამასთან, Moody’s ელოდება, რომ ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც IMF უჭერს მხარს, შეამსუბუქებს იმ საკრედიტო სისუსტეებს, რომელიც ქვეყანას აქვს.

Moody’s რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებად საბანკო სექტორსა და საგარეო რისკებს ასახელებს. 

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ 2014-2016 წლებში, როდესაც რეგიონი მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ფინანსურ და სავალუტო შოკებს განიცდიდა, საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი 3,4%-ის ფარგლებში იყო, – საქართველოს მეზობელი ბევრი ქვეყანა კი რეცესიაში იყო ან ახლოს იდგა მასთან.

“ამ წლებში საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობაზე გავლენა იქონია ეფექტურმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ძლიერმა საბანკო ზედამხედველობამ, რამაც ბანკებს საშუალება მისცათ ეკონომიკის დაფინანსება გაეგრძელებინათ. სამომავლოდ, ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაძლიერებას განაგრძობს”, – აღნიშნავს Moody’s და დასძენს, რომ ამ პროცესში საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით. 

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ DCFTA-ის შეთანხმება ერთის მხრივ საშუალებას მისცემს საქართველოს გაზარდოს კონკურენტუნარიანობა, მეორეს მხრივ კი გააუმჯობესოს პროდუქციის ხარისხი, განათლების სისტემა და შრომის კოდექსი. გარდა ამისა, თავის შეფასებაში Moody’s ჩინეთთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის დადებით მხარეებსაც უსვამს ხაზს.

“ეს ქმედებები დაეხმარება ქვეყანას FDI GDP-ის 10%-თან მიაახლოვოს, ამასთან გაზარდოს ექსპორტი და ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში”, – განმარტავს Moody’s.

მიუხედავად ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ მთავარი საკრედიტო სისუსტეები – საბანკო სექტორი და საგარეო რისკი კვლავ დარჩება. Moody’s დადებითად აფასებს საქართველოში IMF-ის ახალი პროგრამის დაწყებას და აღნიშნავს, რომ ის ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გატარებას და ინკლუზიურ ზრდას. 

Moody’s აღნიშნავს, რომ ფისკალური და საპენსიო რეფორმა საქართველოში დანაზოგების შექმნას შეუწყობს ხელს და ასევე შეამცირებს გარე დაფინანსების საჭიროებას გრძელვადიან პერიოდში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორად დარჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. 

საკრედიტო სისუსტედ დარჩება საბანკო სექტორის რისკი, რაზეც გავლენას ახდენს მაღალი დოლარიზაცია. 

“მიუხედავად ლარიზაციის შედეგად მიღწეული პროგრესისა, მომავალ გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება”, – აღნიშნავს Moody’s. სააგენტო როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში სტაბილურობას ელოდება, რაც ეკონომიკურ და ფისკალურ რეფორმებს შეუწობს ხელს. 

რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებად სახელდება გაურკვევლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადახდისუუნარობის შესახებ კანონი, მიწის რეგისტრაცია და პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, რომელმაც  კვალიფიციური მუშახელის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ბაზარზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *