საუკუნის იუბილე

საუკუნის იუბილე

15 სექტემბერს Forbes-ს 100 წელი შეუსრულდა. მთელი საუკუნეა, რაც გლობალური მედიის მძიმეწონოსანი ბიზნესის, ინვესტირების, ტექნოლოგიებისა და ანტრეპრენიორობის შესახებ ღრმა და ამავდროულად ფართოდ აღქმად ანალიზს სთავაზობს მსოფლიოს. არც იმას ივიწყებს, რომ ამ ცოდნით გამდიდრებულ ადამიანებს მიანიშნოს, როგორ დაატანონ გემო თავიანთი შრომის ტკბილ ნაყოფს.

Forbes-ი არ არის უბრალოდ ბიზნესჟურნალი, იგი მედიაბრენდია, რომელიც აღრიცხავს და ავრცელებს ინოვაციას პლატფორმებისა თუ ინდუსტრიების უდიდეს დიაპაზონში. იგი გამოიცემა 20-ზე მეტ ენაზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში – მათ შორის, საქართველოში.

ჩვენს ქვეყანაში Forbes Georgia 2011 წლის დეკემბრიდან ამოვქოქეთ. გაშვებიდან ცოტა ხანში ჟურნალიცა და ვებსაიტიც (forbes.ge) ქართველ ბიზნესლიდერებს შორის ყველაზე სანდო საინფორმაციო რესურსად იქცა – უკომპრომისო კომენტარებით, პრაქტიკული მეთოდებითა და ბასრი ანალიზით, რომელიც მათ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად ესაჭიროებათ. დაწყება ადვილი არ იყო. დარგში პიონერობა არასოდესაა ადვილი, მაგრამ ყველაზე რთულ და სკეფსისის საფუძვლის მომცემ მომენტებში გვამოძრავებდა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საკმარისი პოტენციალი, იყოს წარმატებული – ძლიერი ეკონომიკით, ნოვატორი ბიზნესმენებით, ღირებული იდეებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ასე ფასეულია Forbes-ისთვის და თუ ეს რწმენა ადგილზე იყო, Forbes-იც ადგილზე უნდა ყოფილიყო.

აგერ უკვე 5 წელია, ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ და მკითხველს მოვუთხროთ ადამიანებზე, იდეებსა და ტექნოლოგიებზე, რომელთაც ძალუძს შეცვალონ ქვეყანა და საუკეთესო შემთხვევაში – სამყაროც. ჩვენ ქართველ მკითხველს ვაწვდით საუკეთესოს, რაც Forbes-ის ამერიკულ და სხვა საერთაშორისო გამოცემებში იქმნება და ფასეულია წარმატებასა და წინსვლაზე ორიენტირებული ყველა ქვეყნის, კომპანიის, ბიზნესმენისა თუ ცალკეული ადამიანისთვის.

ორ ათეულ წელზე ცოტა მეტი იყო გასული, რაც საქართველომ საბაზრო ეკონომიკაში ფეხი აიდგა და ვიფიქრეთ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ „მშვენიერ ახალ სამყაროში“ მეგზურის როლის შესრულება. Forbes-ის სლოგანი ხომ საუკუნეა, უცვლელია: “კაპიტალისტის ხელსაწყო”.

ვინმეს შეიძლება გაზვიადებულად ეჩვენოს ეს რენომე. ბოლო-ბოლო, რას ვაკეთებთ ისეთს? ვყვებით ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის მიღწევების, ცალკეული მეწარმეების, ბიზნესმენებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენელთა წარმატების შესახებ. მაგრამ თხრობას დიდი ძალა აქვს. სიტყვები შთააგონებენ, შთაგონება მოქმედებისკენ გვიბიძგებს, მოქმედება კი წინ გვექაჩება.

დიახ, ჩვენ გვწამს თავისუფალი ბაზრის და იმის, რომ იდეებისა და კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა დაგვეხმარება, ჩამოვყალიბდეთ უკეთეს ქვეყნად და ამგვარად, უკეთესი მსოფლიოს ნაწილად. მოდი, კიდევ ერთი 100 წელი ერთად ვიაროთ ამ გზაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *