რუს მილიარდერს მონაკოში ბრალი წაუყენეს

რუს მილიარდერს მონაკოში ბრალი წაუყენეს

მონაკოს ხელისუფლებამ რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი დანაშაულის თანამონაწილედ დაასახელა და მას ბრალი ოფიციალურად წაუყენა. საქმე ბიზნესმენსა და შვეიცარელ სამხატვრო დილერს შორის დავას ეხება. 

AS Monaco-ს საფეხბურთო კლუბის მფლობელმა ბრალის წაყენებაზე განცხადება თავადაც გაავრცელა. 

გამოძიება შვეიცარელი დილერის ასისტენტის ტანია რაპოს მოთხოვნით მიმდინარეობს, რომელიც ამბობს, რომ  გამოძიების პროცესში მისი კონფიდენციალურობა დაირღვა.  მისი თქმით, რიბოლოვლევის ადვოკატი არალეგალურად აწარმოებდა მასთან სატელეფონო საუბრების ჩაწერას. 

“მე არალეგალური არაფერი ჩამიდენია, ყველა ჩემს ქმედებას ამ საქმეში მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა: ხელოვნების ბაზარზე მასიური გაყალბებების აღმოჩენა”, – განაცხადა რიბოლოვლევმა. 

რუსმა მილიარდერმა შვეიცარელს დილერს ლეონარდო და ვინჩის ქრისტეს ტილოში $127.5  მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა დილერს ტილო $80 მილიონად ჰქონდა შეძენილი. ჯამში რუსმა მილიარდერმა დილერისგან 37 ნახატი შეიძინა საერთო ღირებულებით $2 მილიარდი.  საქმეზე სასამართლო დავა უკვე მესამე წელია გრძელდება, თუმცა დილერის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სახელოვნებო თაღლითობაში ბრალს უსაფუძვლოდ დებენ.

რუს ბიზნესმენთან მონაკოს იუსტიციის მინისტრის შესაძლო კავშირების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გასულ თვეს მინისტრმა ფილიპ ნარმინომ თანამდებობა დატოვა. სტატია Le Monde-მა გამოაქვეყნა. 

შვეიცარელი დილერი საქმეზე 2015 წლის სექტემბერში დააკავეს. მოგვიანებით კი $10 მილონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

რიბოლოვლევმა ქონება რუსეთში დააგროვა. მონაკოს საფეხბურთო კლუბი მან 2011 წელს შეიძინა. 

ბიზნესმენის ქონება Forbes-ს $7,4 მილიარდად აქვს შეფასებული. 2014 წელს განქორწინების შემდეგ მას ყოფილი მეუღლისთვის $4,5 მილიარდის გადახდა დაევალა, თუმცა მოგვიანებით თანხა $605 მილიონამდე შემცირდა.   

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 190-ე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *