"საბჭოთა კავშირი და ხოშტარია"

"საბჭოთა კავშირი და ხოშტარია"

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს ისტორიიდან მრავალი საინტერესო ბიზნესპერსონა არის ცნობილი: მიტროფანე ლაღიძე, დავით სარაჯიშვილი თუ ისეთი უცხოელები, როგორებიც არიან ძმები სიმენსები და ნობელები. მათ სიაშია შესაყვანი აკაკი ხოშტარიაც, რომლის მოღვაწეობის არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა არამედ ირანსა და თურქეთსაც მოიცავდა. 

აკაკი ხოშტარია 1873 წელს აზნაურების ოჯახში, აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში დაიბადა. აკაკიმ პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია დაამთავრა. ახალგაზრდობაშივე ის ანალიტიკური აზროვნებით, მათემატიკური ნიჭით, კომერციული გათვლითა და ხელოვნების ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რომელიც, როგორც დავინახავთ, მან მთელი მომდევნო ცხოვრების განმავლობაში გამოიყენა.

მისი ბიზნესკარიერა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ფოთში დაიწყო, სადაც ვინმე ვაჭარ ზოდელავას დაუმეგობრდა. მათ ერთად დაგეგმეს, სავაჭრო გემით შავი ზღვის ყველაზე დიდ პორტში, ოდესაში გადაეტანათ ნავთობი, თუმცა საბოლოოდ მისი განაღდება მაღალ ფასად თურქეთში მოახერხეს.

ნავთობის თურქეთში წარმატებით ჩატანამ და ასე ნაშოვნმა დიდმა ფულმა აკაკი ახალ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობსარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო. აზერბაიჯანში ყოფნისას მისი თვალსაწიერი უფრო მეტად გაიშალა და ირანი მოიცვა.

ირანი პირველ მსოფლიო ომამდე საკმაოდ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქვეყნის შიგნით ვითარება არასტაბილური იყო. ყაჯართა დინასტიის ბოლო წარმომადგენლების პერიოდში მმართველობა უკიდურესად დეცენტრალიზებული გახდა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა დიდ ტერიტორიაზე გაშლილ გეოგრაფიულად განსხვავებული ლანდშაფტის მქონე ქვეყნის გაკონტოლებას. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიებს შორის 1907 წელს დადებული ხელშეკრულებით ქვეყნებმა არსებული გეოპოლიტიკური უთანხმოებები მეორე პლანზე გადაიტანეს. შეთანხმების ერთ-ერთ ქვაკუთხედს ირანზე გავლენების გავრცელება წარმოადგენდა. რუსეთს ჩრდილოეთი ნაწილი ერგო, ბრიტანეთს – სამხრეთი. ამასთან ერთად, პოლიტიკური გავლენის გარდა, რუსეთს ასევე ეძლეობა უზარმაზარი კონცესიები ირანის ჩრდილოეთში. აკაკი ხოშტარია სწორედ ამ შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს, როდესაც ბიზნესის გასაგრძელებლად ირანში გადადის.

თავისი სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით აკაკი ხოშტარიამ ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. მის მიერ ირანის მთავრობისგან მიღებული კონცესია 25 წელიწადზე იყო გაწერილი და რეალურად საშუალებას აძლევდა, მთელ ჩრდილოეთ ირანში (ხუთ პროვინციაში) ემოქმედა. ომის დაწყებამდე აკაკიმ ბაქოში მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა. თუმცა მის სახელთან ყველაზე მეტად ასოციირდება კომერციული ორგანიზაცია სანავთობე ამხანაგობა „რუპენტო“ და თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“. ამას უნდა დაემატოს აკაკის მფლობელობაში არსებული სხვა საწარმოები: მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და ა.შ. მან თავის ქარხანასთან ირანში პირველი რკინიგზა გაიყვანა. აკაკიმ პირველმა შეიყვანა ავტომობილები ირანში და ნავთობზე არსებული მონოპოლიის გარდა, ასევე ფლობდა მონოპოლიას საპნის წარმოებასა და თევზის სარეწებზე.

პარადოქსია ის, რომ აკაკიმ, რომელმაც თავისი მოღვაწეობა ირანში ყაჯართა დინასტიის პერიოდში დაიწყო და შესაბამისად კარგი ურთიერთობა ჰქონდა კიდევაც მმართველ წრესთან, 1925 წელს ირანში მომხდარი გადატრიალების შემდეგაც მოახერხა ახალ მმართველთან, უკვე რეზა ხანთან, შთამბეჭდავი ურთიერთობის დაჭერა. რეზა-ხანის გამეფების ცერემონიალის დროს აკაკი ხოშტარიას ეძლევა საშუალება, ახალ გვირგვინოსანს იტალიიდან ჩამოტანილი ძვირფასი საჩუქარი მიართვას. აკაკი ხოშტარიას ცხოვრების ეს მონაკვეთი კარგად მიანიშნებს პოლიტიკური ლავირების ნიჭზე, რომლის წყალობითაც, მიუხედავად პოლიტიკური სისტემების შეცვლისა, ის ყველა მმართველთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ახერხებდა.

იმავეს თქმა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკაკის ურთიერთობებზე ახლადშექმნილ საბჭოთა კავშირის მთავრობასთან. მაგალითად, 1920-იან წლებში, როდესაც სამოქალაქო ომის შედეგად, საბჭოთა კავშირში პურის მწვავე დეფიციტი გაჩნდა, კომუნისტებმა აკაკის სთხოვეს დახმარება. ასე შეიქმნა კომპანია „საბჭოთა კავშირი და ხოშტარია“, რომელიც ითვალისწინებდა საკუთარი სახსრებით ირანში პურის ყიდვასა და ბაქოში გაგზავნას. საბოლოოდ, კომუნისტებსა და ხოშტარიას შორის თანამშრომლობა ხანგრძლივი ვერ გამოდგა, რადგან საბჭოელებმა მას უარი უთხრეს დახარჯული სახსრების დაბრუნებაზე. ამის შემდეგ ბიზნესმენს ქვეყნიდან წასვლა მოუწია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა 

ირანში ფულის შოვნის პარალელურად, აკაკი მასშტაბურ მეცენატობას ეწეოდა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარის გაშენება. მან ასევე დააფინანსა მახინჯაურის ბოტანიკური ბაღის, ახალი ათონის ცენტრალური პარკისა და იალტის მთავარი ბაღის შენება-კეთილმოწყობა. ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით აკაკი ხოშტარიამ ფოთიდან მშობლიურ აბაშაში რკინიგზის ხაზი გაიყვანა.

თუმცა მისი ყველაზე ცნობილი საჩუქარი იყო საჯარო აუქციონზე შეძენილი ცნობილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი. სხვადასხვა მონაცემებით, როდესაც 1918 წელს სახლი იყიდებოდა, თბილისელებმა მისი შეძენის თხოვნით აკაკის მიმართეს. აკაკი ერთი პერიოდი ამ სახლში თვითონ ცხოვრობდა და მის კეთილმოსაწყობად იტალიიდან ლომის ფიგურები და სხვა ანტიკვარული ნივთები ჩამოიტანა, მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები. ეს სახლი აკაკიმ, ემიგრირების შემდეგ, სხვა ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. სწორედ ამ შენობაში განთავსდა შემდგომში მწერალთა სახლი.

ცნობილია, რომ აკაკი ხოშტარია არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ საზღვარგარეთ სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებსაც უწევდა მატერიალურ დახმარებას. მაგალითად, ბერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებში ბევრი ქართველი სტუდენტი დააფინანსა. კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ-სპარსულ ბანკში საქართველოდან ჩასული ქართველები დაასაქმა.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ 1907 წელს აკაკიმ თბილისში საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8,000 მანეთი გამოუგზავნა. საფრანგეთში ლადო გუდიაშვილისა და ანდრე ლოტის სურათები შეიძინა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადმოსცა. ხოლო თავისი დედის სახელზე, აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნის ცენტრში აშენებული ულამაზესი ნაგებობა 1915 წელს სოფელს უბოძა საგანმანათლებლო ცენტრის შესაქმნელად. აკაკიმ ასევე მნიშვნელოვანი თანხები გაიღო ქართული უნივერსიტეტის (თსუ) და თეატრისთვის (50 000 მანეთი).

ცხოვრების მომდევნო პერიოდშიც, როდესაც პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა მის ბიზნესსაქმიანობას ირანში ძირი გამოუთხარა, აკაკი არ წყვეტდა სამშობლოსთვის დახმარების გაწევას. მაგალითად, მან 1920 წელს აშშ-სა და იტალიაში შეიძინა ოთხი მცირე ზომის სამხედრო გემი: „პრეზიდენტი ჟორდანია“, „საქართველო“, „თამარ მეფე“, „რუსთაველი“ და ისინი საჩუქრად გადასცა მაშინდელ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ხოლო მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიას მთავრობა საფრანგეთში გადავიდა, აკაკის იქაც არ შეუწყვეტია ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერა.

აკაკის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი იყო 1921 წელს საქართველოში მისი უძრავი ქონების კონფისკაცია. ამასთან ერთად, საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის 1921 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის მიერ მეფის რუსეთის აქტივებსა და ვალებზე უარის თქმის შემდეგ, ირანში რუსეთის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა კონცესიის, ბანკებისა და სხვა ქონების ჩამორთმევა მოხდა.

1924 წელს გარდაიცვალა აკაკის მეუღლე მინადორა (1881-1924 წწ.), რომელიც თეირანის დულაბის რუსულ სასაფლაოზე არის დასაფლავებული. მისი აკლდამა ირანის ტერიტორიაზე ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. მინადორას შემდეგ აკაკის ცოლად ირანის პრემიერ-მინისტრის და ჰყავდა. თვითონ აკაკი 1932 წელს პარიზში, ემიგრაციაში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *