ტურისტული შემოსავლები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

ტურისტული შემოსავლები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2010-2015 წლებში საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საშუალოდ 25.6%-ით იზრდებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 11.9%-ით გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 15.1% შეადგინა, ხოლო 2017 წლის პირველ ცხრა თვეში მისმა ზრდამ 29% შეადგინა.

ხორვატიაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მაღალია და 2016 წელს 18.1% შეადგინა.

მონტენეგროში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ტურისტული შემოსავლების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2016 წელს 23.9%-ის ტოლი იყო. ტურისტული შემოსავლების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ასევე ისლანდიაშიც, სადაც 2015-სა და 2016 წლებში ტურისტული შემოსავლების ფარდობა მშპ-სთან, შესაბამისად, 12.7%-სა და 10.6%-ს გაუტოლდა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა შედარებით დაბალია. მიუხედავად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდისა, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში მცირდება. მაგალითად, ტურისტულ ქვეყნებს შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მშპ-სთან ფარდობა ყველაზე მაღალი – 33% – დაფიქსირდა კვიპროსში 2000 წელს, თუმცა, შემდგომ პერიოდში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 13.1% შეადგინა. კვიპროსის მსგავსად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მშპ-სთან ფარდობა მაღალი იყო მალტაში, სადაც 2000 წელს ის 29%-ის ტოლი იყო, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 15.5%-მდე შემცირდა. საბერძნეთში ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით გაიზარდა და 8.6% შეადგინა, ხოლო ჩეხეთში ეს მაჩვენებელი 6.9%-ის ტოლია. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არსებული ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ 2017 წელს საქართველოში, ხორვატიის მსგავსად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ფარდობა მშპ-სთან 18%-ს მიუახლოვდეს.

“სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ ტურისტული შემოსავლების მაღალი ზრდა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია რომ შენარჩუნდეს. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ფარდობა მშპ-სთან, მონტენეგროს მსგავსად, 25%-მდე გაიზრდება 2020 წლისთვის, ეს ნიშნავს, რომ ტურისტული შემოსავლები წლიურად საშუალოდ 20%-ით უნდა იზრდებოდეს შემდგომი სამი წლის განმავლობაში; ხოლო თუ დავუშვებთ, რომ კვიპროსის მსგავსად საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ფარდობა მშპ-სთან 35%-მდე გაიზრდება 2022 წლისთვის, ეს ნიშნავს, რომ ტურისტული შემოსავლები წლიურად საშუალოდ 23%-ით უნდა იზრდებოდეს შემდგომი 5 წლის განმავლობაში”, – განმარტავენ სებ-ში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *