მომხმარებელთა ნდობის ინდექსი მცირდება

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი მცირდება

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი კლებულობს, – ISET-ის CCI (მომხმარებელთა ნდობის ინდექსი) სექტემბერში 2,6 პუნქტით შემცირდა და -19 შეადგინა.

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ორი კომპონენტისგან შედგება, – მიმდინარე სიტუაციის ინდექსი – რომელიც 3.4 პუნქტით დაეცა და მოლოდინების ინდექსი, რომელიც 1,9 პუნქტით შემცირდა.

თბილისში მომხმარებელთა განწყობა პოზიტიურისკენ შეიცვალა, თუმცა საქართველოს ყველა სხვა რეგიონში ინდექსი -24.8 პუნქტამდე შემცირდა.
ინდექსის შემცირებას ISET ერთის მხრივ საარჩევნო პერიოდს უკავშირებს, მეორე მხრივ კი რეგიონებში აზიური ფაროსანას გავრცელებას, რომელმაც თხილის მოსავალი დააზიანა. ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის 9 თვეში შემცირდა სოციალური დახმარებების გაცემა (-5,4%), რამაც ასევე გავლენა იქონია მომხმარებელთა განწყობაზე.

მაგალითად, თუკი 2017 წლის აგვისტოში სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 12,4% იღებდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12,8% იყო. წლის დასაწყისში დახმარებას მოსახლეობის 12,6% იღებდა და მაისამდე მათი რაოდენობა 11,7%-მდე შემცირდა, აპრილიდან კი კვლავ ზრდა დაიწყო.

ამასთან, განწყობა 35 წლამდე მოსახლეობაში მეტად პოზიტიურია, ვიდრე 35 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. კერძოდ, 35 წლამდე მოსახლეობის ნდობის ინდექსი 1.7 პუნქტით გაიზარდა ხოლო 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის კი 5,1 პუნქტით შემცირდა. განწყობა შემცირდა როგორც უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობაში, ასევე მოსახლეობის იმ ნაწილში ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს, თუმცა უმაღლესი განათლების მქონე პირების განწყობა 10 პუნქტით უფრო პოზიტიურია, ვიდრე ეს მოსახლეობის დარჩენილ ნაწილშია.

კითხვაზე, რამდენად შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში, რესპოდენტების უმრავლესობა – 51% ამბობს, რომ სიტუაცია არ შეცვლილა, 29,9% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მცირედით გაუარესდა, ხოლო 11,9% მიიჩნევს რომ მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება მომდევნო 12 თვის მოლოდინს, გამოკითხული რესპოდენტების 43% ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ელოდება. 22,2% ელის რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება მცირედით, ხოლო 15,5% ფინანსური მდგომარეობის მცირედით გაუარესებას ელის.

კითხვაზე როგორც შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში, რესპოდენტების 41% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უცვლელია, ხოლო 34,1% ამბობს რომ მდგომარეობა მცირედით გაუარესდა. რესპოდენტების 21,6% ამბობს რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
რესპოდენტების უმრავლესობა – 30% მომდევნო 12 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას არ ელის. რესპოდენტების 23,8% ამბობს, რომ მომდევნო 12 თვეში ქვეყნის ეკონომიკა გაუარესდება მცირედით, ხოლო ასევე მცირედით გაუმჯობესებას რესპოდენტების 18,6% ელის.

მოსახლეობის უმრავლესობა – 97% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში პროდუქციებზე ფასები გაზრდილია. მომდევნო 12 თვეში ფასების შემცირებას მოსახლეობის მხოლოდ 19,9% ელის. 33% კი მიიჩნევს, რომ ფასები კვლავ მცირედით გაიზრდება.

მოსახლეობის უმრავლესობა – 43% თვლის, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში სხვადასხვა შენაძენის გასაკეთებლად ხელსაყრელი დრო არაა. ამასთან რესპოდენტები 41% მომდევნო 12 თვეში უფრო ნაკლები თანხის დახარჯვას გეგმავს, ვიდრე ეს გასული 1 წლის განმავლობაში იყო.

„დაგროვებისთვის კარგი დრო არ არის“, – ასე აფასებს რესპოდენტების 37% არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. 26% კი თვლის, რომ დანაზოგის გასაკეთებლად ხელსაყრელი დროა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *