გული და ნება

გული და ნება

შეიძლება თუ არა, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იყოს იმდენივე შემოსავალი, რამდენიც არის ლიხტენშტაინში, ლუქსემბურგში ან თუნდაც სინგაპურში? შეიძლება თუ არა, საქართველო და, კერძოდ, თბილისი იყოს კავკასიის რეგიონის ფინანსური ცენტრი? შეიძლება თუ არა, საქართველოში იყოს ისეთივე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, როგორიც არის სინგაპურში, ჰონკონგში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში?

შეიძლება თუ არა, საქართველოში მოღვაწეობდნენ ისეთი კომპანიები, როგორიც არის “ამაზონი”, “ვოლმარტი” ან თუნდაც “ალიბაბა”? იმედი მაქვს, მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია და უმრავლესობა იტყვის, რომ ეს შესაძლებელია. მე, ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფიქრი, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. ჯონ მაქსველი ამ ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფს და მეც ვეთანხმები:

პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან პესიმისტები;

მეორე კატეგორიას – ოპტიმისტები;

ხოლო ვინც ფიქრობს, თუ როგორ განახორციელოს ეს, ლიდერები არიან.

რამეთუ წვიმისა და ქარიშხლის დროს პესიმისტი წუწუნებს, ოპტიმისტი ამბობს, რომ ამინდი შეიცვლება, ნამდვილი ლიდერი კი ამზადებს აფრებს, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს.

წარმოვიდგინოთ, რომ თუ ეს ყველაფერი მოხდა, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მოთამაშე იქნება, არა რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბის. ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ პატარა ქვეყნებს, დიდი ზეგავლენა მოახდინონ ეკონომიკაზე და, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი სიტყვა თქვან.

მე სულ ვფიქრობდი, რა გვჭირს ქართველებს ასეთი, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში სულ ერთსა და იმავე წრეზე მივდიოდით. ამ წრეს მახსენებს წინასაარჩევნო კამპანიები, როდესაც გვესმის პროპაგანდა, რომ ვიღაც 50 ლარით გაზრდის პენსიას და ა.შ. არავინ საუბრობს ქვეყანაში იმდენი დოვლათის შექმნაზე, რომ ასეთი დაპირებები საჭირო აღარ იყოს. ცნობილი ქართველი მეცნიერის, დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი გამონათქვამის ციტირებას მოვახდენ და იქ გამოთქმულ მოსაზრებას დღევანდელ რეალობას შევადარებ.

“ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებით ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.

მე არ მინდა ვისაუბრო დამარცხებაზე, არამედ ვისაუბრებ გამარჯვებაზე, რამეთუ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. სულ ვფიქრობ, როგორ მოახერხა ჩვენმა ჯგუფმა იმის საწინააღმდეგოდ სვლა, რასაც ბატონი დიმიტრი უზნაძე ძალიან კორექტულად და სწორად ამბობდა. რისგან შედგება წარმატება? წარმატება იწყება ფიქრისგან. განდის აქვს ნათქვამი – ადამიანი ხდება ის, რასაც ფიქრობს. თუ ეს ფიქრები არის სერიოზული და თუ შენ ამ ფიქრების ნაწილი ხარ, მაშინ მათ აუცილებლად აქცევ რეალობად. მე მინდა მოგიყვეთ ის მაგალითები, რაც ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში შევქმენით. სამ მაგალითს მოვიყვან:

პირველი არის ბორჯომი: როდესაც ბორჯომის ქარხანაში შევედით, წარმოება იყო 5 მილიონი ბოთლი, ეს იყო 1993-94 წელი, მაშინ როცა კომუნისტების დროს მისი წარმოება წელიწადში 400 მილიონი ბოთლი იყო. 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობაა, ეკონომიკა არ მუშაობს, ექსპორტი არ მუშაობს და ამავდროულად, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები სავსეა ფალსიფიცირებული “ბორჯომით”. მაშინ ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე, შემექმნა ბორჯომის კომპანიის ისეთი მოდელი, რომელიც ვერასდროს დაბრუნდებოდა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ჩავიბარეთ, ვერავინ გამოდევნიდა მას ვერც ერთი ბაზრიდან, და მის დამარცხებას კონკურენციის თვალსაზრისითაც კი შეუძლებელს გახდიდა. ეს იყო სვლა ტრანსნაციონალური კომპანიისკენ – 17-წლიანი დაუღალავი შრომისა და ბევრი წინააღმდეგობის დაძლევის შედეგად. კომპანიას გაკოტრების საფრთხე ორჯერ დაემუქრა: 1998 წელს, როცა აზიის ფინანსური კრიზისი მოხდა და მეორედ, 2006 წელს, როცა რუსეთმა “ბორჯომის” ექსპორტი აკრძალა. დღეს კომპანია უკრაინასა და რუსეთში 15-ზე მეტ ცნობილ ბრენდს ფლობს, ექსპორტს აკეთებს 40 ქვეყანაში და მთლიანად “ბორჯომის” მიერ წელიწადში წარმოებული ბოთლების რაოდენობა არის მილიარდ- ნახევარი.

მეორე მაგალითი – შეიძლება თუ არა, საქართველო იყოს განათლების ცენტრი, სამედიცინო ცენტრი? გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ ასეულობით ადამიანი – ჩვენი მეგობარი, ნაცნობი თუ ოჯახის წევრი – რიგში დგას, რომ სამედიცინო მომსახურება მიიღოს თურქეთში, ავსტრიაში ან სხვა ქვეყანაში. იგივე ხდება განათლების სფეროშიც, უამრავმა ადამიანმა საკუთარი შვილი უცხოეთში გაგზავნა სასწავლებლად და დღესაც გზავნის. 90-იან წლებში, გივი ზალდასტანიშვილის იდეით და ჩემი და ჩემი მეგობრების მხარდაჭერით, თბილისში დავაარსეთ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია. 15 წელია, ეს სკოლა არსებობს და ის უკვე 540-მა სტუდენტმა დაამთავრა, შემდეგ კი უცხოეთში, აშშ- ის ან ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელა სწავლა. მივაღწიეთ იმას, რომ ამ სკოლის დიპლომი არის ყველაზე მაგარი ლიდერი სკოლების დიპლომებს შორის მსოფლიოში. ამერიკული აკადემიის დიპლომს ცნობენ აშშ- ის საგანმანათლებლო სისტემაში და 540-მა კურსდამთავრებულმა მოზარდმა ჯამში 68 მილიონი დოლარის სტიპენდია მოიპოვა.

შემდეგი მაგალითია თიბისი ბანკი. როცა თიბისი ბანკს ვაარსებდით, ეს იყო ერთ-ერთი ბანკი, რომელიც 500 დოლარად დაფუძნდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და მას საკუთარი საბანკო სისტემა სჭირდებოდა. 300 ბანკი დარეგისტრირდა იმ პერიოდში და ნულიდან დაწყებული ამ 300 ბანკიდან დღეს მხოლოდ “თიბისი” არსებობს. რატომ არის “თიბისი” წარმატებული? იმიტომ რომ მას არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. მე გუნდის წევრებად ვარჩევ ჩემზე ძლიერ ადამიანებს, რომლებსაც ვარწმუნებ, რომ ისინი უნდა შემოუერთდნენ ამა თუ იმ იდეას. ჭადრაკის ერთ- -ერთი ყველაზე საფუძვლიანი განმარტება, თუ როგორ უნდა გახდე ძლიერი მოთამაშე, არის ის, რომ ეთამაშო შენზე ძლიერებს – მხოლოდ მაშინ იზრდები.

რა მქონდა მიზნად? მე არ ვარ ბანკირი და არც ახლა მივიჩნევ თავს ბანკირად. იმ რთულ პერიოდში, 90-იანებში, როცა ბანკი დავაფუძნეთ, მინდოდა დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის და გარე სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ცუდი ქვეყანა, აქ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი რთული ინსტიტუტის შექმნა, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში, რომელიც მოიცავს ყველაფერს – საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაწყებული, დამთავრებული მარკეტინგით და ა.შ. მაშინ მინდოდა, რომ ბანკი აეშენებინათ მხოლოდ ქართველებს. მაგრამ, ამავდროულად, როდესაც ბორჯომს ვაშენებდი, ცხრა ეროვნების სხვადასხვა ექსპერტი მყავდა ჩამოყვანილი. ამით იმას ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ თანამშრომლობაზე და სხვებისგან რაღაცის სწავლაზე, მაგრამ ბანკის შემთხვევაში სპორტული ინტერესი მქონდა, რომ მხოლოდ ქართველებს გაეკეთებინათ. დღეს თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ის შესულია FTSE 250-ის ინდექსში. მასში მუშაობს 7,000 მაღალანაზღაურებადი ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი, როცა დავიწყეთ, იყო 23 წელი და ახლა არის 27 წელი, ანუ 25 წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ხუთი წლით დავბერდით. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლების 70% ქალბატონები არიან.

დაბოლოს, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპია ანაკლია.

ანაკლიაში პორტის აშენების პროექტი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს იყო დამტკიცებული. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო მცდელობა, რომ საქართველოს ამ ადგილას ჰქონოდა პორტი. რა რეალობის წინაშე ვართ დღეს? დღეს საქართველო არის ტრანზიტისთვის გამოუსადეგარი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიღებთ ისეთ ტვირთებს, რომლებიც გადააქვთ დიდი წყალწყვის გემებს, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის გემებს. მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი გემები, რომლებიც იტევს 10,000 კონტეინერს და მეტს, საქართველოს წყლებში ვერ შემოდის, ჩვენს პორტებს მაქსიმუმ 1,200-1,300 კონტეინერის ტევადობის გემების მიღება შეუძლიათ.

თანამედროვე ეკონომიკა და ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის ეფუძნება მსხვილ გადაზიდვებს. თუ გინდა, რომ ეკონომიკაში დიდი მასშტაბი შექმნა, დიდი გემები და დიდი გადაზიდვები გჭირდება. სამი წლის წინ ჩემს ამერიკელ მეგობართან ერთად ამ მართლაც საუკუნის პროექტს შევეჭიდეთ და საფუძვლიანად მომზადება დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, რომ ეს იყოს ბოლო და წარმატებული მცდელობა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის და მასთან ერთად თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა. რას ეფუძნება ჩვენი ხედვა? ჩვენ გვინდა, რეალურად გავხსნათ კარიბჭე აღმოსავლეთსა და ევროპას შორის. დღეს გემი შანხაიდან როტერდამში 45 დღის განმავლობაში ჩადის, კონტეინერებით დატვირთული მატარებლები კი ჩინეთიდან საქართველოში რვა დღის განმავლობაში ჩამოდიან. თუ მათ აქ დახვდებათ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ცენტრიდან საქართველოში ჩამოსულ ტვირთს უკვე შავი ზღვიდან ევროპის ნებისმიერ ქალაქში ორი კვირის განმავლობაში მოვახვედრებთ. წარმოიდგინეთ, როგორ მცირდება ტრანსპორტირების ვადები და როგორ შეიძლება აისახოს ეს პროდუქციის მიწოდებაზე. თითოეული დღის შემცირება უზარმაზარი კაპიტალის გამოთავისუფლებას იწვევს და, რაც მთავარია, მწარმოებლიდან ევროპის ქვეყნების დახლებამდე პროდუქციის ძალიან სწრაფად მიტანას განაპირობებს.

ჩინეთი ევროპაში ყოველწლიურად 340 მილიონი ტონა ტვირთის ექპორტს ახორციელებს. ამ გადაზიდვების რამდენიმე პროცენტიც რომ განხორციელდეს ანაკლიის გავლით, ეს საქართველოს ძალიან სერიოზულ სატრანსპორტო ჰაბად აქცევს. ჩვენ უკვე შევკარით კაპიტალი $190 მილიონის ოდენობით და ექვს თვეში მოვაწერთ ხელს დანარჩენ თანხას საკრედიტო რესურსების გამოყოფის შესახებ. დეკემბერში მშენებლობას ვიწყებთ.

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ძალიან დიდ კომპანიებთან, რათა ანაკლიაში შევქმნათ არა მარტო თავისუფალი ეკონომიკური ზონა, არამედ ქალაქი ანაკლია, რომელშიც სპეციალური კანონმდებლობა იქნება. კონსტიტუციაში უკვე ჩაწერილია პარაგრაფი ანაკლიის შესახებ და მის ქვემოთ შეიქმნება ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს ისეთ სისტემას, რომლის საფუძველზეც მულტინაციონალური კომპანიებისთვის მუდმივად საინტერესო იქნება ანაკლიაში ოფისების გახსნა.

ჩვენი მაგალითი, ჩემი აზრით, არის იმის საწინააღმდეგო, რაც დიმიტრი უზნაძემ დაწერა, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი წამით არ შეგვშინებია წინააღმდეგობების, არც ერთი წამით არ გაგვნელებია ის შემართება, რითაც შევეჭიდეთ სხვადასხვა საქმეს 17, 20, 25 წლის წინ. არც ერთი წამით არ გავმხდარვართ ბიუროკრატები ჩვენს კომპანიებში, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა გუნდური წარმატების. მე მომწონს ფრაზა, რომელიც ჩერჩილმა თქვა – “წარმატება არის წარუმატებლობების სერია ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე”. წარმატებას გისურვებთ! 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *