საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაშია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაშია

ბრიუსელში მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი დღის წესრიგი უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. 

ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განმახორციელებელი ინსტრუმენტია და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა სფეროში.

“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ასოცირების დღის წესრიგის პირველი ფაზის, 2014-2016 წწ. პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ქვეყნის მიერ ამ პერიოდში გატარებული ძირეული რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ევროკავშირთან, აღიარებული და პოზიტიურადაა შეფასებული ახალ დღის წესრიგში. 

ამჟამად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების აქტიურ ფაზაში იმყოფება – მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, ინტენსიურად ინერგება ევროპული სტანდარტები სხვადასხვა სფეროში, ვითარდება და ღრმავდება დარგობრივი თანამშრომლობა, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება და ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის გზით და ა.შ.. შესაბამისად, ასოცირების ახალი დღის წესრიგი ამ მისწრაფებასაც ასახავს. 

აღსანიშნავია, რომ განახლებული დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და ინტენსიური თანამშრომლობით შემუშავდა და ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ისეთ სფეროებში როგორიცაა: 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება; 2) საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; 3) მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; 4) ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; 5) ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; 6) კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა; 7) მობილობა და ხალხთა შორის კავშირები. 

პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ევროკავშირი მზად არის სოლიდური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამ მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი მრავალწლიანი ჩარჩო (2017-2020) – Single Support Framework, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის საექსპერტო დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებით, საქართველოში შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებით და შესაძლებლობათა განვითარებით. ევროკავშირი ასევე მზად არის შექმნას დახმარების ახალი ინსტრუმენტები ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად. 

უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად,  ასოცირების ახალ დღის წესრიგში ცალკე პრიორიტეტად იქნა გამოყოფილი ეს მიმართულება. ასოცირების დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უცვლელი პრიორიტეტია”, – განმარტავენ საგარეო უწყებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *