გიორგი რამიშვილი: ფაქტები ჩვენს მხარესაა

გიორგი რამიშვილი: ფაქტები ჩვენს მხარესაა

დღეს ასო “T” უფრო ტოქსიკურს (Toxic) აღნიშნავს, ვიდრე სიმართლეს (Truth), განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წარსულში პრეზიდენტ ტრამპთან რაიმე საქმიანი კავშირი ჰქონდა. სამართლიანად თუ უსამართლოდ, მათ როგორც ეჭვმიტანილებს უყურებენ და ამიტომაც ისინი ჟურნალისტური დაუდევრობის, ან მეტიც, მიკერძოების, მსხვერპლი ხდებიან.

ჩვენმა კომპანიამ და პირადად მე აშშ-ის მედიის მიკერძოების მთელი სიმძიმე უშუალოდ გამოვცადეთ; უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ცილი დაგვწამეს, უსამართლოდ დაგვადანაშაულეს კორუფციაში, შელახეს ჩვენი რეპუტაცია საერთაშორისო საქმიან და ფინანსურ წრეებში და შეგვარცხვინეს ჩვენი ოჯახებისა და ახლობლების წინაშე, და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ტრამპის ბრენდთან ასოცირების გამო. მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიების, რაიმე წიაღსვლების გარეშეც ყველაფერი ნათელია – სადაც ტრამპი ფიგურირებს, მედიის გაშუქება უარყოფითია.

2011 წელს გავაფორმეთ ლიცენზირების ხელშეკრულება ბათუმში ტრამპის ბრენდის საცხოვრებელი ცათამბჯენის ასაშენებლად. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ 2016 წლის დეკემბერში ორმხრივად მივიღებდით ამ ხელშეკრულების გაბათილების გადაწყვეტილებას, რათა თავიდან აგვეცილებინა აწ უკვე პრეზიდენტ ტრამპისთვის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერი მინიშნება. და მაინც, ჩვენს კომპანიას, რომელიც 2016 წლის დეკემბრამდე სრულიად უცნობი იყო ამერიკელებისთვის, “მეტად საეჭვოს” დაღი დაასვეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან ურთიერთობა უკვე შეწყვეტილი გვქონდა.

ეს “მეტად საეჭვო” კომპანია, “სილქ როუდ ჯგუფი”, წარმატებული კერძო მეწარმეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დემოკრატიულ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა საბჭოეთის დროიდან შემორჩენილი კორუფციის დასამარცხებლად. “სილქ როუდ ჯგუფს” დასაქმებული ჰყავს 6,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ეს არც ისე მცირე რიცხვია 3.7-მილიონიანი ერისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ საქართველოში საკულტო ამერიკული ბრენდების შემოტანაში.

წლების განმავლობაში, მრავალი დასავლური კომპანიის მსგავსად, ჩვენც ვისესხეთ $300 მილიონზე მეტი იმ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი ყაზახური ბანკისგან, რომელსაც ზურგს წამყვანი დასავლური საფინანსო ინსტიტუტები უმაგრებდა. ჩვენ დავასრულეთ საინვესტიციო პროექტები და დავფარეთ სესხები მიუხედავად პრობლემებისა, რომლებიც 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, საკრედიტო ბაზრის ჩამოქცევისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეგვექმნა.

“ტრამპ თაუერ ბათუმის” პროექტი შეწყდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის გამო, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის სახელი მაინც საკმარისი გამართლება აღმოჩნდა “სილქ როუდ ჯგუფის” ავად მოსახსენიებლად. მაგრამ ფაქტებს ვერ გაექცევი. ფაქტები ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს; მედიაკრიტიკოსების მიერ კნინობითში მოხსენიებული ბათუმი დღეს აყვავებული, ცოცხალი ზღვისპირა ქალაქია, სადაც მომწიფებულია ლუქს-კლასის უძრავი ქონების ბაზარი და ჩვენც მზად ვართ, ავაშენოთ ელიტური ცათამბჯენი – მართალია, სხვა ბრენდით, მაგრამ ზუსტად იმ ხედვით, რომელიც 2012 წელს “სილქ როუდ ჯგუფმა” და ტრამპის ორგანიზაციამ გავიზიარეთ.

ჩვენთვის საამაყო მომენტი დადგა 2012 წლის აპრილში, როდესაც დონალდ ტრამპი ესტუმრა ბათუმს და ქებით მოიხსენია საქართველო და “სილქ როუდ ჯგუფის” პროგრესული, გაბედული პროექტი, რომელსაც მისი სახელი უნდა დარქმეოდა. მალევე ბათუმს იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ეწვია, საქართველოზე, როგორც ერთგულ მეგობარზე და სტაბილური დემოკრატიის ქვეყანაზე, საქებარი სიტყვა მანაც თქვა. მან მოუწოდა ქართველებს სამართლიანი არჩევნებისკენ და მმართველ პარტიაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ. ასეც მოხდა, ოპოზიციამ გაიმარჯვა და ძალაუფლების გადაცემაც მშვიდობიანად მოხდა. ეს ამერიკული სტილის სტაბილური დემოკრატიის მაჩვენებელია. შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ ბათუმში სტუმრობისას ქალბატონი კლინტონიც და ბატონი ტრამპიც “სილქ როუდ ჯგუფის” აშენებულ ზღვისპირა სასტუმროში დაბინავდნენ.

უტყუარი ფაქტი – თუმცა, ამერიკული მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილი – ის არის, რომ სადღაც რუსეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე არის პატარა ქვეყანა, სახელად საქართველო – ერთი ადგილი დღევანდელ პოლარიზებულ მსოფლიოში – სადაც, შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, თანხმობა ჰპოვეს. საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ შეერთებული შტატების ერთგული მეგობარი, არამედ ნამდვილი “მეწამული” ერია, რომელიც შორსაა პოლიტიკური მიკერძოებისგან (მეწამული არის წითლისა და ლურჯის შერევით მიღებული ფერი, წითელი – რესპუბლიკელების ფერია, ლურჯი – დემოკრატების). ჩვენ, “სილქ როუდ ჯგუფი”, კი ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს და ჩვენი საქმიანობის გაშუქებისას მედია ფაქტებს დაეყრდნობა და არა ტრამპის ორგანიზაციასთან ჩვენი გარიგების გამო ატეხილ მითქმა-მოთქმას და ინსინუაციებს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *