ლარის მასა ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა კურსი მაინც მყარდება

ლარის მასა ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა კურსი მაინც მყარდება

მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო და 14 დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 14 თეთრით (5.2%-ით) გამყარდა. 15 დეკემბრის ოფიციალური კურსი 2.56 იქნება.

ლარის გამყარების მიზეზებთან დაკავშირებით ფორბსი ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა:

“12 დეკემბრის მდგომარეობით ლარის მასა ისტორიულ მაქსიმუმზეა – 7.7 მილიარდი ლარია, თუმცა ლარის გაცვლითი კურსი მაინც მყარდება. ეს მიანიშნებს, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, მოსახლეობას ლარი სჭირდება. ეს განპირობებულია წინა საახალწლო სამზადისით და ასევე, შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდა ბიუჯეტში გადასახადების გადახდას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლის ბოლოს ემიგრანტები მეტ ფულს ურიცხავებ ოჯახებს ან ჩამოდიან და ჩამოაქვთ უცხოური ვალუტა.

მეორე მხრივ ამოიწურა კურსის მიმართ უარყოფითი მოლოდინის ეფექტი. ვინც იმის შიშით ლარები დოლარში გადაცვალა, რომ მომავალში ნაკლებად დაზარალებულიყვნენ, ეხლა უხდებათ ისევ ლარები შეისყიდონ, რადგან ხარჯი რეალურად ლარში უნდა გაწიონ. მოლოდინი აყალიბებს მოკლევადიან კურსს, რამოდენიმე დღის ან კვირის, მაგრამ საბოლოოდ კურსს ეკონომიკა ადგენს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსიდან გამომდინარე. საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში კი ზოგადად გაუმჯობესება გვაქვს, გაუარესება მხოლოდ სეზონურ ჭრილშია.

კიდევ ერთი საკითხია სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა, რადგან 2017 წლის ბიუჯეტი ზრდის მიმართულებით შეიცვალა და წლის ბოლომდე მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს, ეს რისკებს აჩენს. მთავრობამ გააკეთა დათქმა, რომ გარკვეული თანხა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს და კომპანიებს წლის ბოლომდე ჩაერიცხებათ, რეალურად მომავალი წლიდან დაიხარჯება. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. ლარი 30 დეკემბერს გაუფასურდება, თუ 3 იანვარს მოსახლეობისთვის ერთნაირად არასასურველია. თუ გაჩნდება რეალური საფრთხე, რომ მთავრობის ხარჯების ზრდა ლარის გაუფასურებას იწვევს, ამ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა გაწკვეული ინტერვენციები უნდა განახორციელოს და ლარი უნდა ამოიღოს მიმოქცევიდან. მოკლევადიანი, ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული რყევის გასანეიტრალებლად, ეს გამართლებული ნაბიჯია. მითუმეტეს, როდესაც ინფლაციის დონეც მნიშვნელოვნად არის ამაღლებული. შემდეგ უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და სეზონური ფაქტორების ამოწურვის დადებითი ეფექტები ჩაირთვება.“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *