რატომ უგულებელვყოფთ კეთილდღეობის კარის გასაღებს?

რატომ უგულებელვყოფთ კეთილდღეობის კარის გასაღებს?

წარმოგიდგენთ წიგნს, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს. წიგნით, “ოქრო: უზენაესი სტანდარტი” (CreateSpace Publishing, $14.99), და ორი წინამორბედი ტომით, ნათან ლუიზმა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ და სწორად მოაზროვნე ეკონომიკის მწერლად დაიმკვიდრა თავი და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის, ლუდვიგ ფონ მიზესის, ჰენრი ჰეზლიტისა და სხვა, თითზე ჩამოსათვლელი ავტორების რიგებს შეუერთდა. ლუიზს ფულის საკითხი ბევრად უკეთ ესმის, ვიდრე ლამის ნებისმიერ თანამედროვე დამკვირვებელს, და მავნე მითებს ერთი მეორის მიყოლებით ამსხვრევს – მითებს, რომლებიც ეკონომიკურ პოლიტიკას აავადებს და რომლებმაც აშშ და სამყაროს უმეტესი ნაწილი ზრდის დაბალი სტანდარტის მარწუხებში მოაქცია.

დიდი კეთილდღეობის კარის გასაღები (დაბალგადასახადიან რეჟიმთან ერთად) სტაბილურ ვალუტებში უნდა ვეძიოთ. მყარი ფულის გარეშე, უფრო საშიში და უსარგებლო კრიზისებისა და თანამდევი გაჯანსაღების კოჭლი პროცესის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე 2008-2009 წლებში ვიწვნიეთ. სწორედ ეს კრიზისებია, ჩვენი ლიბერალური დემოკრატიების ლეგიტიმურობას რომ აცლის ძალას.

რატომ არის სწორი მონეტარული პოლიტიკა ასე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი? როგორც ლუიზი წერს, თანამედროვე ეკონომიკა, უპირატესად, “თანამშრომლობის ფართო ქსელია… რომელშიც, პრაქტიკულად, არაფერი იქმნება მთელი მსოფლიოდან საქონლის, სერვისების, შრომისა და კაპიტალის კომბინირების გარეშე. …თანამშრომლობის ქსელი ფულის გამოყენებით არის ორგანიზებული – ინფორმაცია ფასების, საპროცენტო განაკვეთების, მოგებისა და წაგების მეშვეობით გადაიცემა. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ფრაგმენტები ინფორმაციისა, ყოველგვარ ეკონომიკურ აქტივობას აძლევს მიმართულებას”.

არასტაბილური ვალუტები თქვენი კომპიუტერის ვირუსებივითაა: ინფორმაციის ამ “ფრაგმენტებს” ბილწავს. შედეგად, დესტრუქციული ბუშტები წარმოიქმნება, რის მაგალითსაც 2008-2009 წლების კრიზისის წინმსწრები ციებ-ცხელება წარმოადგენს, სახლის ფასების ირგვლივ რომ ატყდა. 2001-ში ბარელი ნავთობი $20-ზე ოდნავ მეტი ღირდა. შემდეგ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა და ფედერალურმა რეზერვმა განზრახ დაიწყეს დოლარის შესუსტება იმ მცდარი აზრის საფუძველზე, რომ ეს ექსპორტებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას გამოიწვევდა. ბარელი ბენზინის ფასი $100-ზე ავარდა. სხვა ფართო მოხმარების საქონელმაც იმავენაირად დაიწყო ქცევა. ფასების ასეთი მკვეთრი მომატება ბუნებრივი მოთხოვნის შედეგი კი არა, დავარდნილი დოლარის ბრალი იყო. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობამ გულთან ახლო მიიტანა გზავნილი, რომლის გადმოცემასაც თითქოს გაზრდილი ფასები ცდილობდნენ: ყველა ეს პროდუქცია უფრო ძვირფასი ხდებოდა. ფასების მიერ გადმოცემული მცდარი ინფორმაცია არასწორად – განსაკუთრებით კი სახლების მშენებლობაში – დაბანდებულ მილიარდობით დოლარად გარდაიქმნა.    

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველას გვესმის ფიქსირებული წონებისა თუ ზომების ძირითადი მნიშვნელობა, იქნება ეს სითხის ოდენობა გალონში, უნციების რიცხვი გირვანქაში თუ წუთების რაოდენობა საათში. არც ერთი ეს ოდენობა არ მერყეობს. ისინი უცვლელია.  

ზუსტად ისევე, როგორც რაიმეს წონის გასაზომად სასწორს ვიყენებთ, პროდუქტებისა და სერვისების ღირებულების გასაზომად ვიყენებთ ფულს. თუ საკუთრივ საზომი არასტაბილური ხდება, ეკონომიკის უხარვეზო ფუნქციონირებას ძირი ეთხრება ზუსტად ისევე, როგორც ჩვენს ცხოვრებას დაემართებოდა, წუთების რაოდენობა საათში წამდაუწუმ რომ იცვლებოდეს.

რა არის სტაბილური ვალუტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა? ვალუტის ოქროსთან დაკავშირება. ცხადია, ოქრო ზუსტ საზომს არ მოგვცემს, მაგრამ, როგორც ლუიზი აჩვენებს, თავისი ლაკონიური და ღრმად შესწავლილი ისტორიით, ოქრომ უფრო კარგად შეინარჩუნა შინაგანი მონეტარული ღირებულება 5,000 წლის მანძილზე, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რამემ. 1800-იანების შუა პერიოდამდე იმავეს ვერცხლიც აკეთებდა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო, ოქროს ღირებულებასთან შედარების ძალა დაკარგა და სწორედ ამიტომ გადავიდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმეტესობა მხოლოდ ოქროს სტანდარტზე.  

დღეს ოქროს ცვალებადი ფასი ამ ყვითელი ლითონის რეალურ ღირებულებას კი არა, უფრო სხვადასხვა ვალუტის ცვალებად ღირებულებას ასახავს.

ლუიზი წყალს უყენებს ოქროს სტანდარტის ირგვლივ არსებულ აუარებელ მცდარ ინფორმაციასა თუ შეხედულებას და უსაგნო ლაყბობას მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ. ვალუტა ოქროს უნდა მიაბა ფიქსირებული წონით (ათწლეულების მანძილზე აშშ დოლარი 1/35-ით ან უნციაზე $35-ით იყო ფიქსირებული). მონეტარული პოლიტიკის მისიაა, ვალუტა ამგვარი მიმართებით შეინარჩუნოს. წერტილი. (ცენტრალური ბანკი, პანიკის დროს, შესაძლოა, “უკიდურესი შემთხვევის გამსესხებლად” იქცეს მყარი ბანკებისთვის, მაგრამ სესხების დაფარვა სწრაფად იქნება შესაძლებელი).

ლუიზის მატიანეში აღწერილია, თუ როგორ პაექრობდნენ უხსოვარი დროიდან სტაბილური ფულის ადვოკატები და ის ადამიანები, ვინც, სხვადასხვა მიზეზით, ასეთ ვალუტას აგდებულად ეკიდებოდა. საუკუნეების მანძილზე არსებობდნენ მწერლები, რომლებიც ვალუტის ღირებულებასთან თამაშის სიკეთეებს ქომაგობდნენ, როგორც ქვეყნისთვის მეტი კეთილდღეობისა და ძალაუფლების სტიმულირების საშუალებას. ადამ სმიტმა და სხვებმა ეს აბსურდული იდეა გააცამტვერეს (ისევე, როგორც სხვა თვითდესტრუქციული იდეები, მათ შორის, საზღვრებზე ვაჭრობის გამკაცრება). შეხედულებამ, რომ ვალუტას ოქროს ფიქსირებული ღირებულება უნდა ჰქონოდა (ორ საუკუნეზე მეტ ხანს, გირვანქის/ოქროს მიმართება უნციასთან £3.89 იყო), ფართო მხარდაჭერა ჯერ ბრიტანეთის გაშმაგებული ეკონომიკური წარმატების კვალდაკვალ პოვა, რომელიც 1700-იანებში დაიწყო, მერე კი აშშ-ისა, როცა ჯორჯ ვაშინგტონის დროს ალექსანდერ ჰამილტონის მყარი ფულის რეფორმები გატარდა.  

პირველი მსოფლიო ომის პერიოდისთვის ლამის ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელ ქვეყანას ოქროს სტანდარტი ჰქონდა… ან იცოდა, რომ უნდა ჰქონოდა. დიდწილად იმის წყალობით, რომ ფული სტაბილური და, შესაბამისად, არაძირგამომთხრელი ინსტრუმენტი იყო, მსოფლიო ეკონომიკა არნახული მასშტაბებით ფართოვდებოდა.

ისე ჩანდა, რომ ფულთან დაკავშირებული სულელური იდეების დისკრედიტირება უკვე ძირფესვიანად მომხდარიყო, რაც აშშ-ში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, უილიამ ჯენინგს ბრაიანის რამდენიმე მარცხმა გამოავლინა, რომელსაც თავისი საპრეზიდენტო კამპანია პროინფლაციასა და ანტიოქროზე დაეუფუძნებინა. 

მერე პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო და მთავრობის უშველებელი ზრდაც, რითაც მთავრობა იმაში ჩაერთო, რასაც ქვეყნები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად აღიქვამდნენ. მაგრამ, როგორც ლუიზი გამჭრიახად აღნიშნავს, ამ კონფლიქტამდეც კი ხალხს, მათ რიცხვში, ბრიტანელებსაც, უკვე ნელ-ნელა ავიწყდებოდა, რამ განაპირობა ოქროს სტანდარტის მუშაობა. დაბნეულობის მარცვლები დათესილი იყო.     

ომის შემდეგ, რაღაც მომენტში, ოქროს სტანდარტი კვლავ აღზევდა (რაც, როგორც ლუიზი არაჩვეულებრივ კვლევა-ძიებაზე დაყრდნობით აჩვენებს, საოცრად ჰგავდა ომამდელ ვერსიას), მაგრამ დიდმა დეპრესიამ მას კვლავ გამოუთხარა ძირი. ლუიზი აღწერს, რეალურად რა მოხდა ამ რთულ წლებში და პარალელურად, რამდენიმე გავრცელებული მოსაზრების სიმცდარეს გვისაბუთებს; მათ შორის არის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ოქროს სტანდარტი საშინელი გლობალური დაღმასვლის მიზეზი იყო, მაშინ როცა, სინამდვილეში, ის ამ დაღმასვლის მსხვერპლი გახდა, და რომ კრიზისზე ან მის გაღვივებაზე ფედერალური რეზერვი იყო პასუხისმგებელი.   

დეპრესიას მარტივი მიზეზები ჰქონდა: აშშ-მა  კატასტროფული გლობალური სავაჭრო ომი წამოიწყო Smoot-Hawley Tariff Act-ით, რომელიც უზარმაზარ გადასახადებს აწესებდა აუარებელ იმპორტზე, რამაც საპასუხო დესტრუქციული შურისძიებები აღმოაცენა სხვა სახელმწიფოების მხრიდან. დაუჯერებელია, მაგრამ შედეგად დამდგარ ეკონომიკურ დაღმასვლაზე მთავრობების რეაქცია გადასახადების საგრძნობი  გაზრდა იყო (აშშ-მა ჩეკების გამოწერაზეც კი დააწესა გადასახადი), რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პრობლემა. შემდეგ, ბრიტანეთის თაოსნობით, ქვეყნებმა დევალვაციაში დაიწყეს შეჯიბრი, რამაც ფეხზე წამოდგომის პროცესი სასტიკად შეაფერხა და საერთაშორისო ურთიერთობები მოწამლა.      

ლუიზი საოცრად გამჭოლად გვაჩვენებს, როგორი სქელია ის ფარდა, რომელიც ეკონომისტებს დღემდე უშლით ხელს მოვლენების დანახვაში. სამყაროს ისინი PIM-ის – ფასების, საპროცენტო განაკვეთებისა და ფულის – სათვალით ხედავენ. და – რაც ძალიან უცნაურია – როცა ეკონომიკურ მოვლენეთა ანალიზს ცდილობენ, სხვა კრიტიკული ფაქტორები, როგორიცაა გადასახადები, რეგულაციები და კულტურა, მათი ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ რეალობისადმი ეს სიბრმავეა, რომ, ეკონომიკის გამოცოცხლებაზე როცა მიდგება საქმე, ამდენი მთავრობა დღემდე ცენტრალური ბანკების იმედადაა. დეპრესიამ ახალი სიცოცხლე მისცა და თანამედროვე ტანსაცმელში (დიდწილად, უსარგებლო, ტვინის საღრძობ, თუმცა შთამბეჭდავი გარეგნობის მათემატიკურ ფორმულებში) გამოაწყო ანტიკური იდეა, რომელიც მთავრობების მიერ, ზრდის ხელოვნური სტიმულირების მიზნით, ვალუტათა ღირებულებების ცვლილებაში მდგომარეობს. ჯონ მეინარდ კეინზმა დამატებითი ინსტრუმენტებიც შემოიღო, რომლებითაც, ეკონომიკის რელსებზე შესანარჩუნებლად, საპროცენტო განაკვეთების, სამთავრობო ხარჯების, გადასახადების, ტარიფებისა და ე.წ. კაპიტალური კონტროლების რეგულირება უნდა მომხდარიყო.     

1944 წელს, ბრეტონ-ვუდსში (ნიუ-ჰემპშირი) მოკავშირე ერების მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც ომის შემდგომი მონეტარული და სავაჭრო სისტემის შექმნას ისახავდა მიზნად, კეინზის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, წევრებმა, აშშ-ის რეკომენდაციისამებრ, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ახალ ოქროს სტანდარტთან მიბრუნება არჩიეს. ყველა ვალუტა, ფიქსირებული სახით, დოლართან გახდებოდა მიბმული, დოლარი კი, თავის მხრივ, ოქროს მიებმებოდა: $35 უნციაზე.

შორსმჭვრეტელი ლუიზი საქმეში ჩართული ერთი ფატალური წინააღმდეგობრიობის იდენტიფიცირებას ახდენს, რაც, საბოლოოდ, ბრეტონ ვუდსის ოქროს სტანდარტს გამოუთხრის ძირს, მერე კი მსოფლიოს სუბსტანდარტული ეკონომიკური ზრდის სახით დააწვება ტვირთად. დეპრესიის შემზარავი და ქაოსური წლების შემდეგ ქვეყნები ფიქსირებული ღირებულების მქონე ვალუტებს ნატრობდნენ, რის უზრუნველყოფასაც სწორედ ბრეტონ ვუდსი ემსახურებოდა. მაგრამ მთავრობათა უმეტესობას, ასევე, კეინზიანური ვალუტა და ეკონომიკური მართვა (ან კი, უფრო ზუსტად, უმართაობა) სურდა. ეს, როგორც წესი, “მოშვებულ” მონეტარულ პოლიტიკას გულისხმობდა დამატებითი ფულის შექმნის მიზნით და საფუძვლად რწმენა ედო, რომ ეს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას მოიტანდა, განსაკუთრებით – არჩევნების წინ. ცხადია, იოლი ფული იმას მოასწავებდა, რომ ქვეყნის ვალუტა რყევას დაიწყებდა დოლარისა და ოქროს მიმართ. ვალუტის ოფიციალური ღირებულების შესანარჩუნებლად, სახელმწიფოებმა ათასგვარ ექიმბაშობას მიმართეს (მაგალითად, შეზღუდვები დააწესეს მოქალაქის მიერ ქვეყნიდან ფულის გატანის ოდენობაზე,  მერე კი გაუფასურებული ვალუტების ამარა დარჩენილებს, დანებება უწევდათ.     

გასაოცარია, მაგრამ კანონმდებლებს არ ესმოდათ, – და დღემდე არ ესმით, – რომ სტაბილური ვალუტა მონეტარული პოლიტიკის მხოლოდ და მხოლოდ ამის კეთებაზე ფოკუსირებას ნიშნავდა და სხვას არაფერს.

1970-იანებამდე, აშშ-ს სურდა, დოლარის ოქროზე ბმა შეენარჩუნებინა, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ეს ადვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა, მონეტარულ პოლიტიკას სწორად თუ წარმართავდი: თუ დოლარი ოქროს მიმართ გაუფასურდებოდა, ფულის ძირითადი მარაგი უნდა შეგემცირებინა, ხოლო, თუ დოლარის ღირებულება ოქროს მიმართ გაიზრდებოდა, პირიქით უნდა მოქცეულიყავი. ამის მაგივრად, კაპიტალურ კონტროლებს მივყავით ხელი და გერმანელებს ქედმაღლურად ვაიძულებდით, გერმანიაში განთავსებული აშშ-ის ჯარების მოვლა-პატრონობაში ფული ეხადათ, და სხვა ნაბიჯებსაც ვდგამდით ჩვენი საგადამხდელო ბალანსის “წასაშველებლად”.  

1970-იანებში, რეალური განზრახვის გარეშე, უაზრობითა და დაუდევრობით, აშშ-მა ნაგავში მოისროლა ოქროს სტანდარტი. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრეტონ ვუდსის ეპოქაში ამერიკული სამრეწველო პროდუქციის ზრდის ტემპი, ფაქტობრივად, საუკეთესო იყო აშშ-ის ისტორიაში. ამან, შედეგად, გაცოფებული ინფლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია და პოლიტიკური უთანხმოება გამოიღო. 1980-იანებში რონალდ რეიგანმა საშუალება მისცა ფედერალურ რეზერვს, საზიზღარი ინფლაციისთვის წერტილი დაესვა, მაგრამ მისი სურვილი, ოქროს სტანდარტი აღედგინა, მილტონ ფრიდმენისა და სხვა სახელგანთქმული ხალხის მიერ იქნა დაბლოკილი.

1980-იანებსა და 1990-იანების უმეტეს წლებში, ამერიკა ნახევრად გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას მისდევდა. ამან, რეიგანის მიერ გადასახადების შემცირებასა და ცივ ომში გამარჯვების მომტან პოლიტიკასთან ერთად, აშშ-სა და მსოფლიოს საშუალება მისცა, ეკონომიკური კეთილდღეობით ეჯერებინათ გული. მაგრამ ვაი, რომ ეკონომისტებმა და მთავრობის ჩინოსნებმა სავალალო უმეცრება გამოიჩინეს –  არად ჩააგდეს მყარი დოლარის სასიცოცხლო მნიშვნელობა და 2000-იანების დასაწყისში აშშ იაფ დოლარზე ტკბილ გალობას მიენდო. 2008-2009 წლების კრიზისის შემდგომ პერიოდში ფედერალურმა ჩინოსნებმა ამ დანაშაულს ათასი ჯურის დესტრუქციული, მახინჯი ქმედებები დაურთეს, რამაც სუსტი ეკონომიკის ათწლეულში ამოგვაყოფინა თავი.

პოლიტიკოსები, აქაც და ყველგან, კვლავ ებღაუჭებიან მცდარ წარმოდგენას, რომ ცენტრალურ ბანკებს გამძლე კეთილდღეობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ამ წიგნის წაკითხვა მათაც განკურნავდა და ამ სიყალბესაც სამუდამოდ წერტილს დაუსვამდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *