Geocell-ის შეძენა ყაზახებს სურთ

Geocell-ის ახალი მფლობელები, სავარაუდოდ, ყაზახური სახელმწიფო კომპანია Kazakh Telecom და საინვესტიციო ჯგუფი Visor Group იქნებიან. შვედური მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახურ მხარეს TeliaSonera-ს ევრაზიული აქტივების სრულად შეძენა სურს, სადაც მოაზრებულია ქართული და მოლდოვური კომპანიებიც. Kazakh Telecom-იც და Visor Group-იც  მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის პრეზიდენტთან და მის ოჯახთან. შვედური Svenska Dagbladet წერს, რომ აქტივების ახალ მფლობელებად მოიაზრება როგორც თავად ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი შვილიშვილი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოვებული პოლიტიკურად აქტიური პირები. 

Teliasonera-ში  "ჯეოსელი"-ს შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. კითხვაზე, გაიმართა თუ არა 24 ოქტომბერს "ჯეოსელის" გასხვისებაზე ტენდერი და როგორი იყო მისი შედეგები - კომპანიაში გვიპასუხეს, რომ „ჭორებსა და სპეკულაციებზე“ კომენტარს არ აკეთებენ და თუკი რაიმე სიახლე ექნებათ მას თავად გაავრცელებენ.

ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება Telia-მ 2015 წელს მიიღო, ერთ-ერთ მიზეზად კი რეგიონის ქვეყნებში კორუფციის არსებობა სახელდებოდა.

ევრაზიის ბაზარზე კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში. ბაზრის დატოვების სირთულეებზე კომპანიამ არაერთხელ ისაუბრა. 

კომპანია საკუთარ კვარტლურ ანგარიშში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიულად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.

ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხად სახელდება ის ფაქტი, რომ პოტენციური მყიდველი ევრაზიის ბაზარზე ბევრი არაა, რადგან პროცესს ხელს უშლის მთავრობების მხრიდან პოტენციური ინტერვენციები, რეპუტაციასთან დაკავშირებული საკითხები და ის ფაქტი, რომ კომპანიის ოპერატორების ნაწილი Telia-ს სრულ მფლობელობაში არაა.

"პოლიტიკური სიტუაცია აღნიშნულ ბაზრებზე შესაძლოა გახდეს საკმაოდ არაპროგნოზირებადი, იმდენადაც, რომ Telia იძულებული გახდეს დატოვოს ქვეყანა ან კონკრეტული ოპერატორი რომელიმე ქვეყანაში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ და არაპროგნოზირებად ცვლილებებს საგადასახადო ან სამოქალაქო კანონმდებლობაში. კიდევ ერთი რისკი უკავშირდება მოსალოდნელ შეზღუდვებს უცხოელების მხრიდან საკუთრების არსებობაზე ან სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ შესაძლო ქმედებებს უცხოური მფლობელების მქონე სუბიექტების მიმართ. აღნიშნული ბაზრები გამოირჩევა გაურკვევლობით და სირთულეებით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გაყიდვის პროცესზე როგორც დროის ასევე მოსალოდნელი შედეგის მიღების კუთხით", - განმარტავენ კომპანიაში.

Geocell TeliaSonera Kazakh Telecom

წინა სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება
19 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Fitch ქართულ ბანკებს აფასებს
19 დეკემბერი, 2017
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker