IMF: სტრუქტურული რეფორმების კუთხით პროგრესს ვხედავთ

IMF: სტრუქტურული რეფორმების კუთხით პროგრესს ვხედავთ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ფონდი აღნიშნავს, რომ 2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო. ზრდამ, სავარაუდოდ, 4.8 პროცენტი შეადგინა, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.IMF-ის მისია საქართველოს “მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ და სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად მაისში ეწვევა. მიმდინარე პროგრამის დეტალებსა და ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი ფრანსუა პეშო საუბრობს.

ნახევარ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც სავალუტო ფონდმა საქართველოს ახალი პროგრამა დაუმტკიცა, დღეს რა ეტაპზეა მისი მიმდინარეობა და რა იყო ის ძირითადი საკითხები, რომელიც ფონდის მისიამ თბილისში ვიზიტისას ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილა?

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ პროგრამის პირველი მიმოხილვა ნოემბერში დაასრულა. ამჯერად მისიამ განიხილა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება. როგორც ვხედავთ პროგრამა კარგად მიმდინარეობს, ასევე კარგად ვითარდება ეკონომიკა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი გასულ წელს 4,8% იყო. ინფლაცია გასულ წელს სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იყო, რისი მიზეზიც უმეტესად ერთჯერადი ფაქტორები, მათ შორის საგადასახადო ცვლილება იყო. თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი უკვე შემცირდა. ვხედავთ რომ ფისკალური დეფიციტი არის უფრო დაბალი ვიდრე ნავარაუდები იყო. ასევე ვხედავთ პროგრესს სტრუქტურული რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით. მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირების და ფინანსური უსაფრთხოების ქსელის გაძლიერების კუთხით. ასევე მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ და საპენსიო რეფორმა.

თქვენ ახსენეთ ფისკალური პოლიტიკა, ერთ-ერთი საკითხი რომელსაც ყოველთვის კრიტიკულად უყურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფისკალური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯებია. დღეს როგორ აფასებთ ამ კუთხით ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მუშაობას?

ფისკალური დეფიციტი 2017 წელს დაახლოებით მშპ-ს 3% იქნება, რაც ნახევარი პროცენტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, ვიდრე ველოდით. ეს ერთის მხრივ ასახავს კარგ შემოსავლებს და მეორეს მხრივ ხარჯების პარამეტრის დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს მიმდინარე ხარჯები, რათა შესაძლებელი გახდეს კაპიტალური ხარჯების ზრდა. შედეგად, მომავალში მეტ ინკლუზიურ ზრდას დავინახავთ. 2017 წელს ინფლაცია ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იყო, წლის ბოლოს 6,7% შეადგინა, რამაც წლის დასაწყისში დაიწყო კლება და იანვარში 4,3% შეადგინა. ეს მოსალოდნელიც იყო.

დიახ მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ესტონური მოდელის ამოქმედების პარალელურად, გარკვეულ პროდუქტებზე გადასახადების ზრდა იყო, რაც ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევით მოხდა…

ეს იყო ერთ-ერთი გავლენა ინფლაციაზე. როდესაც ეს ერთი გავლენა შემცირდა ინფლაციის მაჩვენებელმა კლება დაიწყო. ველით რომ 2018 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. ასევე ინფლაციის მოლოდინების პარალელურად ჩვენ ვნახეთ რომ ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი გაზარდა ადეკვატურად.

თქვენ პროგრამაში ასევე აღნიშნული იყო რომ მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ხელფასებს, დააკვირდეს სოციალური პროგრამებისა და სუბსიდიების მიზნობრივობას. კონკრეტულად რას გულისხმობდით ხელფასებზე საუბრისას?

მთავრობის ხედვა ბიუჯეტთან დაკავშირებით უკავშირდება მიმდინარე ხარჯების შეზღუდვას, იმისთვის რომ დაიტოვოს ფისკალური სივრცე მსხვილი ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის. მიმდინარე ხარჯების ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ნაწილი კი სწორედ ხელფასებია. 2017 წელს მთავრობამ შეძლო ხარჯების შემცირება. ამ კუთხით მთავრობას აქვს პროგრესი. ვნახეთ კანონი საჯარო უწყების რეფორმის შესახებ. მსგავსი ხარჯების შემცირება საჯარო ინვესტიციებისთვის მეტ სივრცეს გააჩენს, რაც ვთვლით, რომ ინკლუზიური ზრდისთვისაა საჭირო.

საქართველოში კვლავ მიდის მსჯელობა მიწის შესახებ კანონზე. პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის პარალელურად მთავრობამ უნდა გამონახოს ალტერნატიული გზები, იმისთვის რომ დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემცირდეს. რა არის ეს ალტერნატიული გზები, თუ გავითვალისწნებთ რომ სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია?

საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც აქვთ მსგავსი შეზღუდვები მიწის ფლობასთან დაკავშირებით. თუ როგორი პოლიტიკაა უმჯობესი, – ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ ახსენეთ რომ სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციებია საჭირო. რა თქმა უნდა თუ შეზღუდავთ უცხოელების მიერ სასოფლო სამეურნეო მიწების ფლობას, აღარ გექნებათ იმდენი ინვესტიცია ამ დარგში. კანონის ხარჯი და სარგებელი თავად ქართველებმა უნდა შეაფასოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იფიქროთ გრძელვადიან ლიზინგზე, გამონაკლისებზე ბანკებისთვის, ან დაუშვათ უცხოელისთვის მიწის ფლობა განსაკუთრებულ მსხვილ ინვესტიციაზე.

ბანკები ახსენეთ და შემდეგი კითხვაც საბანკო სექტორზეა. სავალუტო ფონდს არაერთხელ აღუნიშნავს რომ ქართული საბანკო სექტორი საკმაოდ ძლიერია. თუმცა პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდა გარკვეული ახალი ცვლილებების დაწესება სექტორისთვის. დღეს საბანკო სექტორის ზედამხედველობას როგორ უყურებთ?

იდეა არის შემდეგი: სახლის სახურავი მაშინ უნდა შეაკეთო, როდესაც მზე ანათებს. საქართველოში საბანკო სექტორი კარგად ვითარდება, არის ლიკვიდური და ძლიერი. ამჯერად დროა რომ სექტორი გახდეს კიდევ უფრო მდგრადი.

საბანკო კონცენტრაციაზე გვესმის ხშირად რომ ეს ეკონომიკისთვის კარგი არაა და რომ ბაზარზე დომინანტური პოზიცია რამოდენიმე მსხვილ ბანკს არ უნდა ეკავოს…

ბაზარზე არსებული კონცენტრაციები არის ბაზრის რეაქცია. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თუკი ქართული საბანკო სექტორის ეფექტურობას შევადარებთ სხვა ქვეყნებისას, ის საკმაოდ ეფექტურია.

თუმცა, კერძო სექტორი ყოველთვის აღნიშნავს, რომ გამოწვევად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა…

დაკრედიტების ზრდა გასულ წელს თუ სწორად მახსოვს იყო 17%. სესხები იზრდება ეკონომიკაში. თქვენ თუ კითხულობთ არის თუ არა სწორად ეს თანხები მიმართული, გეტყვით, რომ – გადაწყვეტილებას, თუ რომელ მხარეს უნდა წავიდეს სესხი, ბანკები თავად იღებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა რომელსაც საქართველო წელს იღებს საპენსიო რეფორმაა. ითქვა, რომ ის საბიუჯეტო ხარჯებსაც ზრდის. მთავარი სარგებელი რა იქნება რეფორმის?

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საპენსიო რეფორმას. მისი ხარჯი და სარგებელი უკვე ასახულია ქვეყნის ბიუჯეტში. ჩვენ ვხედავთ ბევრ სარგებელს საპენსიო რეფორმისგან. საქართველოში მაღალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც ნიშნავს იმას რომ ინახავთ ნაკლებს, ვიდრე ინვესტორებას ახდენს. ამიტომ დანაზოგების და სახსრების მოზიდვა საზღვარგარეთიდან ხდება. საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით დანაზოგების გაჩენას, რაც შეამცირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეს არის მაკროეკონომიკური მხარე. თუმცა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია რომ ის ხელს შეუწყობს საპენსიო ასაკში ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, დანაზოგების დივერსიფიკაციას და სამომავლოდ ფისკალური რისკების შემცირებას.

ძირითადი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ საპენსიო ფონდს მართავს მთავრობა და ხშირად ადამიანები არ ენდობიან მთავრობას…

ყველა ინდივიდი თავად ფლობს საკუთარ დანაზოგს. ის იქნება მართული საპენსიო სააგენტოს მიერ, თუმცა ადამიანებს ექნებათ საკუთარ ანგარიშებზე საკუთარი თანხა. ეს არ იქნება მთავრობის ხელში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *