დამალული ციფრები

დამალული ციფრები

ქალი ანტრეპრენიორები სილიკონის ხეობის ვენჩურ-კაპიტალისტი გიგანტებისგან ნამდვილად არ არიან განებივრებულნი. ჯენი ებრამსონის RETHINK IMPACT-ისთვის ეს მოგების ნახვის შესაძლებლობაა.

ვენჩურ-კაპიტალისტი ჯენი ებრამსონი თავის ყოველთვიურ ღია კარის დღეს მართავს Hera Hub-ში – ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) მდებარე ქალების საერთო სამუშაო სივრცეში. გრძელი, სწორი, შავი თმა მარჯვენა მხარეს აქვს გადაწეული და სტილუსის საშუალებით მარდად აკეთებს iPad-ში ჩანაწერებს, თუმცა არც თვალებით კონტაქტის დამყარება ავიწყდება კიმბერლი ლინსონთან, როცა ეს უკანასკნელი თავის Leaderally-ს შესახებ ჰყვება – მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ახალი პროფესიული სასწავლო საიტის შესახებ.

46 წლის ლინსონს ხელში Dream/Believe/Achieve-ის ბლოკნოტი უჭირავს და, ბუნებრივია, მცირედი ნერვიულობაც ემჩნევა: მისი საიტის ბეტა-ვერსია, გეგმის თანახმად, იანვარში უნდა ჩაეშვას. მან და კიდევ ორმა თანადამფუძნებელმა ქალმა რეპეტიტორულ კომპანიაში სტაჟიანი მენეჯმენტ-თანამდებობები მიატოვეს და ანტრეპრენიორთა რიგებში განიზრახეს გადანაცვლება.

ებრამსონი ლინსონს კითხვებს აყრის, პასუხების მოსმენის შემდეგ კი აცხადებს, რომ “მოხიბლულია” Leaderally-ს კონცეფციით, თუმცა ქალებს ურჩევს, სამიზნედ, პირველ ყოვლისა, მთავრობის მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი სკოლების – ე.წ. ჩარტერული სკოლების – მასწავლებლები აქციოს, რომლებსაც, როგორც წესი, ნაკლები გამოცდილება აქვთ და მეტად მოქნილები არიან, როცა ახალი მეთოდების ათვისებაზე მიდგება საქმე, ვიდრე მათი კოლეგები საჯარო სკოლებიდან. ებრამსონისთვის ეს სფერო უცხო არაა: ის მეტად ნაყოფიერი ადგილობრივი ჩარტერული სკოლის, D.C. Prep-ის, საბჭოს წევრია და Teach for America-ს პროგრამის სტრატეგიაშიც უმუშავია; ეს London School of Economics-სა და Harvard-ში სწავლის შუალედში ხდებოდა: პირველში, Fullbright-ის სტიპენდიატის რანგში, გენომიკა ისწავლა, მეორეში კი ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის (M.B.A.) ხარისხი აიღო.

“ორაკულის რჩევაა!” – აცხადებს მადლიერი ლინსონი და გზას ახალ შეგირდს უთმობს.

40 წლის ებრამსონი Rethink Impact-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია, ფირმისა, რომელმაც მარტში ოფიციალურად განიზრახა, $122-მილიონიანი ფონდით ქალების მიერ მართულ, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ, სოციალური მნიშვნელობის სტარტაპებში დააბანდოს ფული. თანხა, შესაძლოა, სოლიდურად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ Rethink Impact-ი აშშ-ში ვენჩურული კაპიტალის ყველაზე დიდი ყულაბაა, რომელიც ქალ დამფუძნებლებს აფინანსებს. CrunchBase-ის ანგარიშების თანახმად, აშშ-ის 100 უმსხვილესი ვენჩურული ფირმის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენენ ქალები, 58 ფირმას კი საერთოდ არ ჰყავს ქალი პარტნიორი. ამასთან, Pitchbook-ის მიერ მოგროვებული მონაცემების მიხედვით, 2016-ის დასაწყისიდან, ექსკლუზიურად ქალების მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა ვენჩურ-კაპიტალის ხელშეკრულებათა მხოლოდ 4.4% მოიპოვა (და ვენჩურ-კაპიტალის დოლარების 2%-ზე ნაკლები).

Rethink Impact-ისთვის კაპიტალდაბანდება მეტად მომხიბლავი პერსპექტივაა: თუ ქალების მიერ მართულ კარგ სტარტაპებს უჭირთ დაფინანსების მოპოვება, მაშინ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან, მათში ფული ჩადონ, შეუძლიათ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ამოირჩიონ და დამატებითი მოგებები მოიხვეჭონ. მართლაც, როცა First Round Capital-მა მის მიერ 2005-დან 2015 წლამდე განხორციელებული საწყისი ეტაპის ინვესტიციები მიმოიხილა, აღმოაჩინა, რომ ის კომპანიები, რომელთაც, სულ მცირე, ერთი დამფუძნებელი ქალი ჰყავდათ, 63%-ით უფრო ეფექტიანები იყვნენ, ვიდრე მთლიანად კაცებით დაკომპლექტებული მმართველი რგოლის მქონენი. ცხადია, ეს მხოლოდ ერთი ვენჩურ-კაპიტალის ფირმის შედეგებია, მაგრამ სხვა კვლევებიც მიუთითებს, რომ ქალების დაფინანსებით კარგი ფულის გაკეთებაა შესაძლებელი.

ებრამსონს ნაკლებად მერკანტილური მიზანიც აქვს: ქალი ანტრეპრენიორებისთვის “ეკოსისტემის შექმნა”.

გასულ ზაფხულს, როცა სექსუალური შევიწროებების ბრალდებებმა სილიკონის ხეობა შეატორტმანა, ებრამსონმა და მისმა დასავლეთსანაპიროელმა პარტნიორმა, ჰეიდი პატელმა, ქალებისთვის მრავალმნიშვნელოვანი მოსაწვევი გამოსცეს, რომელშიც მათ რჩევის მისაღებად ეპატიჟებოდნენ: “გყავს შვილები ან სხვა მრავალი პასუხისმგებლობის ზიდვა გიწევს? ჩვენ ამას დადებით მოვლენად აღვიქვამთ. შენ ერთდროულად მილიონ რამეს შორის შეგიძლია ბალანსის დაცვა. შენს ოფისში პინგ-პონგის მაგიდა არ არის? არა უშავს, არც ჩვენთანაა. ღელავ, რომ შებმას დაგიწყებთ? ტყუილად. ჩვენ ორივენი ვყოფილვართ შენს ტყავში. ჩვენ ვიცით. შენი სამუშაო ისედაც საკმარისად რთულია, ჩვენ კი შენი დახმარება გვინდა”.

ორი პარტნიორი და მათი თანაშემწეები უკვე 700 ქალ დამფუძნებელს შეხვდნენ, ესაუბრნენ ტელეფონით ან ი-მეილით. ფონდის არსებობის განმავლობაში, 2,500-3,000 კომპანიასთან დაკავშირება აქვთ გამიზნული, მიუხედავად იმისა, რომ Rethink Impact-ი მხოლოდ 25-30 კომპანიაში თუ განახორციელებს ინვესტიციას.

“ვცდილობთ, ახალი ჯიშის ვენჩურ-კაპიტალის ფირმა შევქმნათ, – ამბობს Stanford-ის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, 42 წლის პატელი, რომელსაც კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ სოციალურ ინვესტირებაში აქვს გატარებული. – ჩვენი ინდუსტრია, ბოლო დროს, სულ არასწორი რამეების გამო ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ასპარეზი ისე დავაბალანსოთ, როგორც ამას დღეს არავინ აკეთებს”.

ებრამსონი ერთადერთი როდია, ვისაც შესაძლებლობის სუნი სცემს. ოქტომბერში Wharton Social Impact Initiative-მა განაცხადა, რომ აშშ-ის 47-მა ფონდმა, რომლებიც “გენდერული ლინზით” ახორციელებენ ინვესტიციებს, $1.1 მილიარდი მოიზიდა – თანხის უმეტესობა კი ბოლო რამდენიმე წელიწადში.

ექსკლუზიურად ქალებზე ფოკუსირებულ ახალ ფონდებს შორის Rethink Impact-ს ყველაზე კარგი კავშირები აქვს. ორი ინვესტორი – Black Entertainment Television-ის თანადამფუძნებელი შეილა ჯონსონი და მედიკამენტების ორი კომპანიის თანადამფუძნებელი საჩიკო კუნო – Forbes-ის “50 უმდიდრესი თვითნაბადი ქალის” რეიტინგში არიან შესულები.

კიდევ ერთი განთქმული ინვესტორი ტენესის მილიარდერი ოჯახის, ფრისტების, წევრი ჯენიფერ ფრისტია. ებრამსონი მან ნეშვილში, 30 პოტენციური ინვესტორისთვის გამართულ ლანჩზე გაიცნო; ამ ინიციატივის სპონსორი UBS Wealth Management-ი გახლდათ, რომელმაც არჩევანი Rethink Impact-ზე შეაჩერა, როგორც მის მიერ აშშ-ის კლიენტებისთვის შეთავაზებულ პირველ კერძო სოციალურ ფონდზე. ეს ალბათ არც არის გასაკვირი: ჯონ ამორი, რომელიც UBS-ის სოციალური ინვესტირების სტრატეგიებს თაოსნობს აშშ-სთვის, აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, ქალები, ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებთან ერთად, თავიანთი ინვესტიციებისგან უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე მხოლოდ ფულია.

“მომწონს, ქალებს როცა ვეხმარები და მომწონს ბიზნესები, რომელთაც რაიმეს შეცვლა შეუძლიათ”, – ამბობს ფრისტი, რომელმაც Vanderbilt-ში კომპიუტერული ინჟინერია ისწავლა და $1 მილიონი Rethink Impact-ში დააბანდა, აქედან ნახევარი – თავისი ორი, 12 და 15 წლის, ქალიშვილის სახელზე.

კავშირებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ფრისტმა UBS-ის ლანჩზე სტუმარი წაიყვანა: ჯესიკა ჰართქოკი, Utilize Health-ის 31 წლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – კომპანიისა, რომელიც ინსულტითა და სხვა ნევროლოგიური ტრავმებით დაზარებულებისთვის სარეაბილიტაციო მზრუნველობის კოორდინირებას ახდენს. თავად ჰართქოკსაც აქვს ხერხემლის მწვავე დაზიანება მიღებული 17 წლის ასაკში, ყვინთვაში შეჯიბრისთვის მზადებისას. ფრისტი მის წამყვან ანგელოზ-ინვესტორად იქცა. ეს მას მერე მოხდა, რაც ის ნეშვილში სტივ კეიზის კონკურს Rise of the Rest-ში ჟიურის წევრი იყო, სადაც ჰართქოკიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ვერ გაიმარჯვა. დღეს ჰართქოკი და ებრამსონი ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთობენ, მართალია, Rethink Impact-ი მრჩევლად ე.წ. ანგელოზურ და საწყის ეტაპზე გვევლინება, ინვესტირებას, როგორც წესი, Series A ან შემდგომ რაუნდებზე ახორციელებს.

ამ მომენტისთვის, Rethink Impact-ს 14 კომპანიაში აქვს კაპიტალი დაბანდებული; მათ შორისაა Neurotrack-ი, რომელიც შემეცნებითი უნარების ონლაინსკრინინგს სთავაზობს შეშფოთებულ ბეიბი-ბუმერებს; Change.org-ი – ელ-პეტიციების საიტი; Werk-ი – მოქნილი პროფესიული და მენეჯმენტ-სამუშაოების საძიებო პლატფორმა; Aclima, რომელიც ქმნის და ექსპლუატაციაში უშვებს ჰაერის ხარისხის სენსორულ ქსელებს; და Angaza – სან-ფრანცისკოსა და ნაირობიში დაფუძნებული მზის ენერგიის კომპანია. Angaza-ს ბოლოდროინდელ Series B-ს მილიარდერ ლორენ პაუელ ჯობსის Emerson Collective-ი გაუძღვა.

აგვისტოში Rethink Impact-ი $34.6-მილიონიან რაუნდს თაოსნობდა Ellevest-ისთვის, ებრამსონი კი ქალებისთვის განკუთვნილ ამ რობო-ინვესტირების საბჭოს შეუერთდა. რაუნდის მონაწილეთა რიცხვში იყვნენ მილიარდერ პენი პრიცკერის PSP Growth-ი, ჩიკაგოელი ფულის მენეჯერი მელოდი ჰობსონი, Salesforce Ventures-ი და Khosla Ventures-ი.

ებრამსონის ძალისხმევებს ტკბილ-მწარე მომენტი ახლავს. ოციოდე წლის წინ, დედამისმა, პეტი ებრამსონმა $50 მილიონი მოიზიდა ვაშინგტონში დაფუძნებული ვენჩურ-კაპიტალის ფირმისთვის, რომელიც ქალების დაფინანსებაზე იყო ფოკუსირებული. ადგილობრივი ტექნოლოგიური ჟურნალის გარეკანზეც კი გამოჩნდა სიგარით ხელში და წარწერით: “კეთილი იყოს თქვენი ფეხი კლუბში”. მაგრამ 2000-ის დოტ-კომ ბუშტის გახეთქვის შემდეგ, პატი ებრამსონმა ინვესტორებს ფული დაუბრუნა და საქმიდან ყოველგვარი წაგებისა თუ მოგების გარეშე გამოვიდა.

მის ქალიშვილ ჯენის კარიერა იმ განზრახვით როდი დაუწყია, დედის მანტია უნდა მოვისხაო. M.B.A.-ის მიღების შემდეგ რვა წელიწადი Washington Post Co.-ში აღმასრულებლად იმუშავა. მხოლოდ 2013-ში, როცა სტარტაპ LiveSafe-ში (რომელიც მობილური ტელეფონის მომხმარებელთა უსაფრთხოების ინფორმაციის კრაუდსორსინგის მიზნით აპლიკაციას ყიდის) დაიწყო მუშაობა, გააცნობიერა, რომ დედამისის წარუმატებელი ფონდის შემდეგ, ქალებს მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო პროგრესი თუ განეცადათ დაფინანსების მიმართულებით. ჰოდა, გადაწყვიტა, თავად გამხდარიყო ვენჩურ-კაპიტალისტი.

2015 წელს, Rethink Impact-ის წამოსაწყებად, ებრამსონმა Seavest Group-თან დაიწყო თანამშრომლობა, მერე კი ისეთი პარტნიორის ძიებას შეუდგა, რომელსაც სოციალური ინვესტირების უნარ-ჩვევები ექნებოდა. თავისი სტენფორდული კავშირების (ებრამსონს ამ უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხიც აქვს მოპოვებული და მაგისტრისაც) წყალობით, პატელს დაუკავშირდა, რომელსაც ეს საქმე ინდოეთში, ველზე, Acumen Fund-ის სტიპენდიატის რანგში, ესწავლა. მისი დახმარებით, ასევე, არცთუ დიდი ხნის წინ, 34-კაციანი სოციალური ინვესტირების გუნდი შეიქმნა და 130-სოციალურინვესტირებიანი პორტფოლიო ერთი მდიდარი ოჯახისთვის. პარალელურად, ის სოციალურ ინვესტირებას Stanford-ის ბიზნესსკოლაში ასწავლის.

“პროცესს უკვე ტემპი აქვს აკრეფილი”, – ამბობს ებრამსონი და მხედველობაში აქვს ქალი ანტრეპრენიორების დასაფინანსებლად განკუთვნილი წყაროების მზარდი რაოდენობა. მერე ყოყმანობს და, დედის გამოცდილების გათვალისწინებით, ამატებს: “ზოგ ადამიანს ეგონა, პროცესს 20 წლის წინაც ჰქონდა ტემპი აკრეფილი. ამ შემთხვევაში, სიხარულის მიზეზს ჩვენი ზომა იძლევა. ეს, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ [ამჯერად] ცვლილება ახლოა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *