სუპერმოდელი კარლი კლოსი - კომპიუტერული პროგრამირების ახალი სახე

სუპერმოდელი კარლი კლოსი - კომპიუტერული პროგრამირების ახალი სახე

წარმოიდგინეთ შემინული ოფისი სოჰოში. კარლი კლოსი ცენტრში ზის, მის გარშემო ხუთი ტინეიჯერი გოგონაა შეკრებილი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ვიდეოჩატით ესაუბრება. კარლი და მისი სტუდენტები ცდილობენ, ბრეინსტორმინგის საშუალებით მოიფიქრონ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ სტუდენტებს Kode With Klossy-ის სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ. ყველა იქ შეკრებილი ტინეიჯერი Kode With Klossy-ის საზაფხულო ბანაკის კურსდამთავრებულია. ბანაკის შექმნის ინიციატივა კლოსის არაკომერციულ საგანმანათლებლო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომლის მიზანია, გოგონებს კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები ასწავლოს.

188 სმ სიმაღლის სუპერმოდელი ოფისში არასამსახურებრივ ტანისამოსშია გამოწყობილი: მოკლესახელოებიანი მაისური წარწერით “დაგეგმილი ფეხმძიმობა“, შავი ფერის ჯინსის შარვალი და Gucci-ს ლოუფერები. ერთ-ერთი გოგონას მაისური წარწერით Kode With Klossy მიგვანიშნებს, რომ სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ სპეციალურ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც ისინი კომუნიკაციას ამყარებენ. კლოსი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და მეტი იდეებისაკენ მოუწოდებს. იქნებ Kode With Klossy-იმ ვიდეოგაკვეთილები დადოს თავისი კურსდამთავრებულებისათვის ან საინფორმაციო ბიულეტენი წევრებისათვის, სადაც დაგეგმილი ღონისძიებები და სტაჟირება იქნება დაანონსებული. ერთი სათვალიანი გოგონა ამბობს, რომ Snapchat-ზე დებს კოდირებასთან დაკავშირებულ თავსატეხებს და ბანაკის კურსდამთავრებულები მას პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობენ.

მათი კრება დასასრულს უახლოვდება, კლოსი ეხუტება გოგონებს და დამშვიდობებისას ყველანი ერთხმად სლოგანს ყვირიან: “Klossy Posse!” 

რთული წარმოსადგენია, რომ სუპერმოდელი, რომელიც 36-ჯერ იყო ჟურნალ Vogue-ის ყდაზე, დააარსებდა საქველმოქმედო ორგანიზაციას, სადაც 500-ზე მეტმა ახალგაზრდა ქალმა კომპიუტერული პროგრამირება, იგივე კოდირება შეისწავლა. მიუხედავად ამისა, 25 წლის კლოსმა შესძლო თავისი აურაცხელი სოციალური აუდიტორიის (დაახლოებით 12.6 მილიონი მიმდევარი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე) დახმარებით მზარდი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამული ინჟინერიის სფეროში გენდერული თანასწორობის დამყარებას. 

“როდესაც ეს საქმე დავიწყე, ჩემს გეგმებში სულაც არ შედიოდა არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნა, – განაცხადა კლოსმა ჟურნალ Forbes-თან საუბრისას მანჰეტენზე მდებარე თავის ოფისში, სადაც იგი ჟურნალისტს ვეგეტარიანული ორცხობილებითა და ნამცხვრებით გაუმასპინძლდა. – მართალი გითხრათ, მე ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა, მინდოდა, ბოლოს და ბოლოს გამეგო, თუ რას წარმოადგენდა ეს ‘კოდირება’, რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში ადამიანები დიდ ფულს შოულობენ”.

ამ სფეროში თავისი პირველი გამოცდილება კლოსმა 2014 წელს მიიღო, როდესაც მანჰეტენზე მდებარე კომპანია Flatiron School-ის კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების შემსწავლელ ორკვირიან სასწავლო ბანაკში ჩაეწერა. “გამოგიტყდებით, მე არც კი ვიცოდი, ვინ იყო ის, – ამბობს Flatiron School- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლოსის მასწავლებელი ევი ფლომბაუმი. – ის საუკეთესო სტუდენტი იყო თავის ჯგუფში და მე გაოცებული ვიყავი მისი ენთუზიაზმით”. 

კლოსმა დაასრულა ვებ-განვითარების პოპულარული პროგრამა სახელწოდებით Ruby on Rails-ი. თუმცა მან მალევე შენიშნა, რომ მის კურსზე გენდერული ბალანსი დარღვეული იყო, რაც კარგად ასახავდა ზოგადად ტექნოლოგიურ ბაზარზე გენდერული კუთხით არსებულ მდგომარეობას. “ძალიან დამაინტერესა, რატომ არ იყო ამ სფეროში მეტი ქალი?” – იხსენებს კლოსი. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველად იდეა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ თანასწორობის აღდგენა. – მე მივხვდი, რომ ჩემს ხელთ იყო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შემეძლო დავკავშირებოდი ახალგაზრდა ქალებს მთელი არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – გვიხსნის კლოსი. -რამდენიმე გოგონას დახმარებაც რომ შევძლო, ეს უკვე მნიშვნელოვანი იქნებოდა”. 

2015 წელს კარლი კლოსმა პირადი სახსრებიდან $20,000 გადაიხადა და 21 ტინეიჯერი გოგონა ჩაწერა Flatiron School-ის ორკვირიან პროგრამირების კურსებზე – ეს სწორედ ის სასწავლო პროგრამა იყო, რომელიც წინა წელს თავად გაიარა (კომპანია Flatiron School-მა იმავე რაოდენობის თანხა გაიღო საკუთარი ბიუჯეტიდან გოგონების სწავლების დასაფინანსებლად). 

კარლი კლოსს მაინც არ ასვენებდა სურვილი, უფრო მეტი გაეკეთებინა. გასულ ზაფხულს კლოსმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა და ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და თავის მშობლიურ ქალაქ სენტ-ლუისში 13-დან 18 წლამდე ტინეიჯერი გოგონებისათვის ორკვირიანი საზაფხულო სასწავლო ბანაკი გახსნა. კლოსი თავად იღებდა მონაწილეობას კანდიდატებისა და მასწავლებლების შერჩევასა და სასწავლო პროგრამის გაწერაში. კლოსის საზაფხულო პროგრამის კურსდამთავრებულები ჰაკათონის გამარჯვებულები გახდნენ და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებშიც ჩააბარეს. ივნისში კლოსის პროგრამის დაფარვა გაიზარდა და უკვე აშშ-ის 12 ქალაქი მოიცვა. კარლი სხვა ქალაქებში გაფართოებასაც გეგმავს. 

კლოსის პროგრამა ასევე ხელმისაწვდომია სრულწლოვანთათვის: გასულ ივლისს კარლი კლოსმა დააწესა სტიპენდია Flatiron School-ის ერთწლიან ონლაინ ვებ-განვითარების კურსებზე, რომლისთვისაც ყოველთვე ხდება ერთი კანდიდატი ქალის შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა ბევრად უფრო დამკვიდრებული მსგავსი არაკომერციული ორგანიზაციები: “გოგოები, რომლებიც კოდს წერენ“ და “შავკანიანი გოგონები კოდირებენ“, კლოსი თავის მრავალრიცხოვან მიმდევართა წყალობით მილიონობით ადამიანს აწვდის ხმას საკუთარი მიზნის შესახებ. 

დღემდე პროგრამა Kode With Klossy-ის დაფინანსება თავად კარლი კლოსის პირადი სახსრებითა და იმ ბრენდების მიერ ხდება, ვის სარეკლამო სახესაც წარმოადგენს სუპერმოდელი. მასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, 2015 წლიდან მოყოლებული კლოსის პირადმა შენატანმა შვიდნიშნა რიცხვს მიაღწია. კარლი კლოსმა თავისი პროგრამის მხარდასაჭერად ასევე გაიღო ნაწილი იმ თანხებისა, რომლებიც Adidas- თან, Swarovski-სა და Express-თან გაფორმებული სამოდელო კონტრაქტებიდან მიიღო. კლოსის საზაფხულო ბანაკებისათვის დამატებითი თანხები გამოყო ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Ford-მა თავისი ფილანთროპიული საქმიანობის STEAM Experience-ის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა და ხელოვნება.

ამგვარი ინიციატივების საჭიროება ძალზე დიდია. 2024 წლისათვის ნავარაუდებია, რომ კიდევ ნახევარი მილიონი კომპიუტერთან დაკავშირებული სამუშაო ადგილი გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალკლასელ გოგონათა 74% დაინტერესებულია ტექნოლოგიური მეცნიერებებით, 2015 წელს ქალების მხოლოდ 18%-მა მიიღო კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხი. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს დასაქმებაზე, განსაკუთრებით – უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის: გასულ წელს ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულ ქალთა რაოდენობამ ერთი მეოთხედი შეადგინა, აქედან აფროამერიკული წარმომავლობის ქალბატონების მხოლოდ 3% და ლათინოამერიკული წარმომავლობის 2% იყო დასაქმებული ტექნოლოგიურ სფეროში.

“უამრავი ახალგაზრდა ქალია, რომელთაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, თუკი მათ ამგვარ შესაძლებლობას მივცემთ. ეს ის გოგონები არიან, რომლებმაც ვერ გაბედეს ამ სფეროში შებიჯება, რადგან იქ ძირითადად მათგან განსხვავებული ადამიანები მოღვაწეობენ”, – ამბობს კლოსი. 

ექიმი-რეანიმატოლოგის შვილი ბავშვობიდან მათემატიკითა და მეცნიერებით იყო გატაცებული. კლოსი ამბობს, რომ აუცილებლად ექიმი ან მასწავლებელი გახდებოდა, 13 წლის ასაკში სავაჭრო ცენტრში გამართულ საქველმოქმედო ჩვენებაზე აგენტს რომ არ აღმოეჩინა იგი. ნაცვლად ამისა, 2007 წელს კლოსი უკვე თავის პირველ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა და იმავე წელს კელვინ კლაინის ჩვენებაზე პოდიუმზეც გამოვიდა. 

კლოსის კარიერა ძალზე სწრაფად ვითარდებოდა, ხოლო Instagram-ის გამოჩენის შემდეგ იგი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. კლოსი ამბობს, რომ სოციალური მედიის წყალობით მისი არა მხოლოდ დანახვა, არამედ მოსმენაც შესაძლებელი გახდა. მისი მიმდევრების რიცხვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მისი შემოსავალიც. 2014 წელს კარლი კლოსი ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა სიაში მოხვდა. მისმა შემოსავალმა იმ წელს $4 მილიონი (დაუბეგრავი) შეადგინა. წელს კი 12 თვის მანძილზე, 2017 წლის ივნისამდე, კლოსის კონტრაქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა $9 მილიონს გადააჭარბა. 

“როდესაც სოციალური მედია გაჩნდა, მოდელები კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცნენ, რადგან ახლა ყველას შეეძლო იმის დანახვა, თუ რა იმალებოდა ხავერდოვანი სცენის მიღმა, – ამბობს სამოდელო სააგენტო IMG Models-ის ვიცე-პრეზიდენტი მაჯა ჩიესი. ეს სწორედ ის სააგენტოა, რომელსაც კარლი კლოსი წარმოადგენს. – მომდევნო ევოლუცია იქნება ის, რომ ბრენდებს გაუჩნდებათ სურვილი სრული, 360-გრადუსიანი წარმოდგენა ჰქონდეთ ამ ქალების შესახებ… მათ სურთ ქალები, რომელთაც აქვთ ხმა”.

ჩაწერეთ კარლი კლოსის სახელი ინტერნეტში და თავად დარწმუნდებით, რომ მას უკვე რა ხანია, აუდიტორია მხოლოდ ლამაზი გარეგნობის გამო როდი იცნობს. 2012 წელს კლოსმა მანჰეტენზე მდებარე საკონდიტრო Momofuku Milk Bar- თან ერთად დაიწყო საქველმოქმედო ორცხობილების წარმოება სახელწოდებით Klossies. გაყიდული ორცხობილებიდან შემოსული თანხა ბავშვთა საკვებით დახმარების ფონდში ირიცხება. 2015 წელს კარლი კლოსმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა. მისი სარეკომენდაციო წერილის ავტორი კლოსის მენტორი და ფილანთროპად ქცეული ყოფილი სუპერმოდელი კრისტი ტარლინგტონია. თავისი მეტად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, კლოსი სემესტრში ერთ საგანს სწავლობს, ხოლო კრედიტები კრეატიული წერისა და ფემინიზმის სპეციალობით შეარჩია. 

კლოსი მოწადინებულია, გააფართოოს თავისი პლატფორმა YouTube არხზე, რომელიც 2015 წელს შექმნა და სადაც მისი მოგზაურობისა და საკონდიტრო მოღვაწეობის გაშუქება ხდება. დეკემბერში დისნეის სატელევიზიო არხ Freeform-ზე გავა ტოქშოუ სახელწოდებით Movie Night with Karlie Kloss. 

ეს ყველაფერი კი ემსახურება პროგრამა Kode With Klossy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. არაკომერციულ ორგანიზაციაში საქმიანობის პარალელურად, კლოსმა არაერთი კომერციულად მოგებიანი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა. კლოსი ამბობს, რომ ამჟამად იგი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, რომელთაც მასთან არა მხოლოდ გარეგნობის გამო უხარიათ მუშაობა, არამედ იმ იდეის გამო, რომელსაც იგი ემსახურება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ მისმა კონტრაქტებმა სილამაზისა და მოდის სფეროდან ტექნოლოგიების სფეროში გადაინაცვლა. ბოლო პერიოდში კლოსი გამოჩნდა ელექტრონული გიგანტ Samsung-ისა და ვებგვერდების შემქმნელ კომპანია Wix-ის სარეკლამო კამპანიებში. 

ამ ეტაპზე კლოსის მიზანია, რომ ფინანსური რესურსების ეფექტიანი ხარჯვის გზით, თავისი ორგანიზაციის სწრაფ ზრდას შეუწყოს ხელი. “მე ჩემს ორგანიზაციას Kode With Klossy-ის განვიხილავდი, როგორც სტარტაპს”, – ამბობს კლოსი. არაკომერციული ორგანიზაციის გუნდი ძალიან მცირერიცხოვანია და მასში შედის თავად კლოსი, მენეჯერი, ბიზნესპარტნიორი და SB პროექტების ვიცე-პრეზიდენტი პენი თოუ, ხუთი მუდმივ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, კონსულტანტები და მენეჯმენტის სამი წევრი, რომლებიც მას ეხმარებიან.. კლოსი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

“რაღაც ეტაპზე, მე დიდი ბიზნესის წამოწყებაც მაქვს გეგმაში”. 

სტარტაპებო, მიიღეთ ეს როგორც გაფრთხილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *