თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 141 მილიონით გაიზარდა

თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 141 მილიონით გაიზარდა

2018 წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 141 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 15 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 98 მლნ ლარით შემცირდა. ორივე ვალუტაში ერთად, პირველი მარტის მდგომარეობით 22 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.9 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 297 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.7%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63.6% იყო.

იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 14 მლნ ლარით შემცირდა და 381 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.7%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ მარტს 2.3% იყო.

2018 წლის თებერვალში, დეკემბერთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 17.3% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი იანვარში განაკვეთი 0.04% პუნქტით გაიზარდა და 8.2% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *